ეკონომიკასხვადასხვა

ნიდერლანდებში გაკოტრებული კომპანიების რიცხვი 54%-ით გაიზარდა, მიზეზი კი ენერგიაზე გაზრდილი და ზოგადი ინფლაციის მაღალი დონეა

0

ავტორი რობერტ სემენსენი, 13 აპრილი, 2023 წ.
ნიდერლანდებში ინფლაციის მკვეთრი ზრდისა და მაღალი ენერგოხარჯების გამო 2023 წლის პირველ კვარტალში გაკოტრებული კომპანიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს იმ კომპანიის მონაცემებია, რომელიც მთელ ქვეყანაში თვალს ადევნებს გაკოტრების პროცესებს.
Faillissements Dossier-ის შედგენილი მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვრიდან მარტამდე ნიდერლანდებში 781 კომპანია და დაწესებულება გაკოტრდა, გასული წლის პირველ კვარტალში მათი რიცხვი 506-ს აღწევდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაკოტრებული კომპანიების რიცხვი 54,3 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ჰოლანდიური ონლაინგაზეთი De Limburger-ი იუწყება.
ამავე პერიოდში გაკოტრებული კაფეებისა და რესტორნების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა და 54-ს მიაღწია.
Faillissement Dossier-ი ნიდერლანდებში, რომელიც ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკების ხუთეულში შედის, კომპანიებისა თუ დაწესებულებების გაკოტრების მკვეთრ ზრდას განსაკუთრებით გაზრდილ ენერგოფასებსა და ინფლაციის მაღალ დონეს მიაწერს.
მარტში სტატისტიკის ცენტრალურმა ბიურომ (CBS), რომელიც ნიდერლანდების შესახებ აგროვებს და აქვეყნებს სტატისტიკურ ინფორმაციას, განაცხადა, რომ გაკოტრებულთა რიცხვი კვლავ იზრდება მას შემდეგ, რაც კოვიდპანდემიის წლებში მხოლოდ რამდენიმე კომპანია გაკოტრდა. სტატისტიკის ცენტრალური ბიურო, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაა, მიუთითებს, რომ გადახდისუუნაროთა რაოდენობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეზღუდული იყო, რადგან მთავრობამ კოვიდპანდემიისას ბიზნესის გადასარჩენად ფინანსური დახმარება გაიღო.
გასულ თვეს CBS-მა განაცხადა, რომ ინფლაციის შეფასების გასაუმჯობესებლად სამომხმარებლო ენერგოფასების კრიტერიუმების შესაძლებლობას შეცვლიდა.
სადაზღვეო კომპანია Atradius-ის პროგნოზით, 2023 წელს ნიდერლანდებში შეიძლება დაახლოებით 4,400 კომპანია გაკოტრდეს, რაც თითქმის 80-პროცენტიანი ზრდაა, ამის გამომწვევი ფაქტორები კი მაღალი ენერგოფასები, მზარდი ინფლაცია და მაღალ ხელფასზე მოთხოვნილებაა. თუმცა როგორც კომპანია პროგნოზირებს, გაკოტრებულთა რიცხვი წელს და მომავალ წელს, სავარაუდოდ, ვერ გადააჭარბებს 2013 წლის მაჩვენებელს, როდესაც ნიდერლანდებში გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგებმა პიკს მიაღწია. ამ წელს, რომელსაც „კატასტროფის წელი“ უწოდეს, 12,306 კომპანია გაკოტრდა.

წყარო: https://is.gd/9MFdgQ