იერუსალიმი (როიტერსი) – სამშაბათს ღამით ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, კომენტარებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც გადაწყვეტილებებს უცხოეთიდან ზეწოლის შედეგად არ იღებს.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმედოვნებდა, რომ ნეთანიაჰუ უარს იტყოდა სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რამაც ისრაელში პროტესტი და მის მთავრობაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
„ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც გადაწყვეტილებებს თავისი ხალხის სურვილის მიხედვით იღებს და არა უცხოეთის, მათ შორის საუკეთესო მეგობრების, ზეწოლით“.
ისრაელის პრემიერის თქმით, მისი მთავრობა „ფართო კონსენსუსის მეშვეობით“ ცდილობს რეფორმების გატარებას.
ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა.
„იმედია, რომ [ნეთანიაჰუ] ამ რეფორმაზე უარს იტყვის. მე, ისევე, როგორც ისრაელის სხვა არაერთი მტკიცე მხარდამჭერი, ძალიან შეშფოთებული ვარ… ამ მიმართულებით სიარული მიუღებელია, ეს ნათლად დავაფიქსირე“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
სადავო სასამართლო რეფორმა, რომელსაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებას აფართოებს.