რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

ნეო-ლიბერალების ბრძოლა კონსერვატიულ ამერიკასთან

0

დავით ქართველიშვილი – ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი, რეზიდენტი ავტორი
პორტალზე – “საქართველო უპირველეს ყოვლისა”

მაშ ასე, აშშ-მ თავის უახლოეს ისტორიაში მორიგი სამარცხვინო არჩევნები ჩაატარა, რომლის დარღვევების ჩამონათვალი სცდება ამქვეყნიურობას და „ზეციურ“ ამერიკასაც აღწევს, რამაც ამ დღეებში ამ ოდესღაც მისაბაძ ქვეყანას და ზოგადად, მსოფლიოსაც – აშშ-ს მე-40 პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი შეახსენა.

ამ ადამიანმა-მოვლენამ ღრმა კვალი დაუტოვა თავისი ქვეყნის ისტორიას, მისი მართველობის ხანას დღემდე უძღვნიან უამრავ კვლევებს, ამიტომ ჩვენც მივუძღვნათ მის ხსოვნას რამოდენიმე შტრიხი. მით უმეტეს, რომ დღევანდელ საქართველოში შეიძლება არა მხოლოდ ამოვიკითხოთ ზოგიერთი საინტერესო პარალელები, არამედ გავითვალისწინოთ კიდეც ისინი.

გასული საუკუნის 80-იანების დასაწყისისთვის ამერიკულ საზოგადოებაში კონსერვატიული მიმდინარეობები დაქსაქსულ ჯგუფებს წარმოადგენდნენ და სწორედ რეიგანმა გამოავლინა იმ ძლიერი კონსერვატორი-ლიდერის თვისებები, რომელმაც შეძლო მათი გაერთიანება ისეთი გზავნილების გარშემო, როგორიც იყო: „ტრადიციული ფასეულობები“, „ნაკლები მთავრობა ჩვენს ცხოვრებაში“ და „ძლიერი თავდაცვა“. ამერიკულ საზოგადოებასთან მისი საუბარი იმართებოდა მეტად გასაგები და მიმზიდველი თემების გარშემო: „ოჯახი, სამსახური, გარემოცვა, მშვიდობა, თავისუფლება“ – რომელთა დეკლარირებით, როგორც ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ახლებური კურსის, რონალდ რეიგანმა კონსერვატიული ერის დადგომით, ლიბერალური „ახალი კურსის“ ჩანაცვლება გამოაცხადა და ამით ქვეყნის საზოგადოებაში „მემარჯვენე“ ბიძგებს ჩაუყარა საფუძველი, არა მხოლოდ ქვეყნის ელიტებში, არამედ ზოგადად ელექტორატის დონეზე.

რონალდ რეიგანის ამერიკის პოლიტიკურ ჰორიზონტზე გამოჩენა დაემთხვა მილიონობით ამერიკელისთვის „ლიბერალიზმის“ რაღაც სამარცხვინო და დამაკნინებელ მცნებად აღქმის პერიოდს. რონალდ რეიგანმა შეძლო ქრისტიან-ფუნდამენტალისტების ელექტორალური გულების მოგებაც, თავისი წუხილით თანამედროვე „ეთიკურ საფუძვლებს მოკლებული“ განათლების სისტემის, ნარკომანიისა და საბავშვო დანაშაულის დონის მატების გამო, აკრიტიკებდა „მორალურად ნეიტრალურ მთავრობას“ და მის მიერ წარმოებულ რასობრივი და გენდერული კვოტების პოლიტიკას. რეიგანის ღრმა რწმენით – სამყაროს შექმნის ბიბლიური ისტორია სახელმწიფო სკოლების სწავლების საგანს უნდა წარმოადგენდეს, ხოლო სპეციალიზებული კერძო რელიგიური სასწავლებლები უნდა სარგებლობდნენ საგადასახადო შეღავათებით.

მან სასტიკად გააკრიტიკა ლიბერალური უზენაესი სასამართლო, რომელმაც „სკოლიდან – ღმერთი განდევნა“. ყველას ახსოვს მისი ცნობილი გამონათქვამი, რომ „კატასტროფის შედეგად უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრის შემთხვევაში, ერთადერთი საგანი, რომელსაც ის მანდ ინატრებდა – ბიბლიაა, რომელშიც თავმოყრილია ყველა ურთულეს შეკითხვაზე გაცემული პასუხები“. ამერიკელ ქრისტიანთა ერთ-ერთმა ლიდერმა პატ რობერტსონმა ბრძანა მაშინ: „რესპუბლიკელთა მოსვლა ხელისუფლებაში და ქვეყნის განვითარების მიმართულების შემოტრიალება შემთხვევითობა არ იყო – ეს იყო უფლის გამიზნული ქმედება“.

სამწუხაროდ, რონალდ რეიგანის მთავარ სისუსტეს, ჭეშმარიტი კონსერვატიული ფასეულობების მიღმა მყოფი, მისი უახლოესი პოლიტიკური გარემოცვა წარმოადგენდა ჯეიმს ბეიკერის მეთაურობით, რომელიც მას კულტურასთან, მორალთან და ტრადიციულ ფასეულობებთან დაკავშირებული საკითხების – „მეორეხარისხოვან ამოცანათა“ გადაწყვეტის ნუსხაში გადატანას ურჩევდა. რონალდ რეიგანის აპელირებას „ოჯახური ფასეულობების“ განმტკიცების თემებთან, ეს გარემოცვა დროის ფუჭ ხარჯვად აღიქვამდა და სწორედ ამან განაპირობა რეიგანის პოპულარობის თავდაპირველი 60%-იანი რეიტინგის ვარდნა 42%-იან ნიშნულამდე უკვე 1982 წლის ოქტომბრისთვის.

სამწუხაროდ ეს კონფლიქტი, კონსერვატორებსა და „ზომიერ“ რესპუბლიკელებს შორის, საბოლოო ჯამში ამ უკანასკნელთა (ჯორჯ ბუშ-უფროსი, ჯეიმს ბეიკერი) გამარჯვებით დასრულდა, თუმცა რეიგანი ბოლო დღემდე ცდილობდა განათლების სფეროს გაუმჯობესებას, იქ ტრადიციული ფასეულობების დამკვიდრების გზით. სწორედ მას ეკუთვნის საკონსტიტუციო შესწორების გატანის მცდელობა, რომელიც საგანმანათებლო სისტემაში – სწავლის დაწყებამდე „სკოლის ლოცვას“ დააბრუნებდა, კრიტიკულ ჭრილში განიხილავდა სამყაროს შექმნის დარვინისტულ თეორიებს, თუმცა 1984 წელს მისი ეს ძალისხმევა არ იქნა მხარდაჭერილი.

ასევე არ გავიდა კონგრესში მისი ინიციატივა – სკოლებში რელიგიური ჯგუფების შექმნის, სკოლის მოსწავლე მშობლებისთვის საგადასახადო შეღავათების, მშობლებისთვის – სახელმწიფო და კერძო სკოლებს შორის (მათ შორის-რელიგიური) არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის კანონპროექტების სახით. მისი მრავალწლიანი ბრძოლის ველი იყო – აბორტების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ამისთვის სამედიცინო ჩვენების გარდა. მართალია – ამ საკონსტიტუციო შესწორებების გასატანად მან კონგრესის ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თუმცა 40 წელიწადში ეს მაინც განახორციელა „რეიგანისტი“ რესპუბლიკელებით დაკომპლექტებულმა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, რომელმაც ერთი ხმის უპირატესობით შეაჩერა ამერიკაში „აბორტის ლეგალიზაციის კანონის“ მოქმედება.

რონალდ რეიგანს ჯერ კიდევ მაშინ კარგად ესმოდა, რომ ქვეყანაში კონსერვატიული იდეების ინსტიტუციონალიზაციისათვის საჭიროა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა. საჭირო იყო იმ მოსამართლეთა ახალი თაობების აღზრდა, რომლებიც გაიზიარებდნენ სოციალურ-კულტურული საკითხების გადაჭრის მის შეხედულებებს. რესპუბლიკელების იმდროინდელ საარჩევნო პლატფორმაში გაჩნდა ჩანაწერი: „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ისეთი მოსამართლეების დანიშვნაზე, რომლების პატივს სცემენ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას და მის ტრადიციულ საოჯახო ფასეულობებს“. აქედან გამომდინარე, ალბათ აქ, საქართველოშიც უკვე კარგად გვესმის, რატომ არის ჩვენი ეროვნული სასამართლო სისტემა ფსევდოლიბერალური სამყაროს მხრიდან თავდასხმების მუდმივი სამიზნე, სწორედ რომ მოსამართლეთა დანიშვნის საკითხებში ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვის მიზნით.

რონალდ რეიგანმა მაშინ შეძლო სენატის დარწმუნება – დაემტკიცებინა მის მიერ, ტრადიციული და ზომიერი კონსერვატორებისაგან შედგენილი სასამართლო კოლეგია. ვითარება მკვეთრად შეიცვალა მხოლოდ მაშინ, როდესაც 1986 წელს დემოკრატებმა დაიბრუნეს თავისი კონტროლი სენატზე და მისი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს სენატორი დელავერის შტატიდან ჯოზეფ (ჯო) ბაიდენი. უმოკლეს დროში, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით მოხდა სასამართლო კოლეგიის სრული ლიბერალიზაცია, ძალაში დატოვეს ლიბერალების მიერ წინა წლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება: აბორტებისა და რასობრივი კვოტების შესახებ, პორნოგრაფიისა და ცილისწამების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის აკრძალვის თაობაზე და ა.შ.საბოლოო ჯამში, რონალდ რეიგანმა მაინც შეძლო ამერიკის სასამართლო პრაქტიკაში იურიდიული კონსერვატიზმის დანერგვა, რამაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაზე.

მართალია, მან ვერ შეძლო ბოლომდე მიეყვანა ყველა თავისი ჩანაფიქრი, მაგრამ მან მიაყენა ამერიკის ლიბერალური ვერსიისათვის პირველი მნიშვნელოვანი დარტყმა და საფუძველი ჩაუყარა კონსერვატიული ამერიკის შემდგომი ევოლუციისათვის. რონალდ რეიგანის მართველობის შეფასებას მე დავასრულებ მისი თანამედროვეობის ერთ-ერთი მემატიანეს, ლი ედვარდსის სიტყვებით: „80-იანი წლები იყო ამერიკელი კონსერვატორების „ოქროს ხანა“, ვინაიდან წარმატებული პოლიტიკური მოძრაობისთვის საჭირო ყველა ელემენტი, ერთად იქნა თავმოყრილი – ეს იყო თანმიმდევრული ფილოსოფია, ეროვნული მახარდაჭერა, აუცილებელი დაფინანსება, სოლიდური საორგანიზაციო ბაზა, მედიასაშუალებების მხარდაჭერა, ქარიზმატული და პრინციპული ლიდერი. მან შეძლო დაქსაქსული კონსერვატიული დაჯგუფებების გაერთინება იმით, რომ მოუწოდა მათ თავისი ფსონი გაეკეთებინათ არა „უკიდურესი შიშების, არამედ – საუკეთესო იმედების სასარგებლოდ“. მან მათი დარწმუნება იმიტომ შეძლო, რომ ესაუბრებოდა ტრადიციულ ამერიკულ თემებზე – მოვალეობებზე, ღირსებაზე და სამშობლოზე. ჩვენში ეროვნული მეხსიერებისა და სიამაყის სიმბოლოების გამოცოცხლებით, მან მოგვანიჭა ეროვნული იდეა და ეროვნული სიდიადე და ამით პოლიტიკური ლიდერის ძირითადი ამოცანა შეასრულა“.