პოლიტიკასხვადასხვა

ნავთობსადენის აფეთქებასთან დაკავშირებით უკრაინის გეგმებმა უნგრეთის აღშფოთება გამოიწვია

0

16 მაისი, 2023 წ.

გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, რომელიც „ვაშინგტონ პოსტმა“ (The Washington Post) მოიპოვა, უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის (Druzhba pipeline) აფეთქებას გეგმავდა. ხსენებული ნავთობსადენის მეშვეობით რუსეთიდან უნგრეთში ნედლი ნავთობი მიედინება.
გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თებერვალში ვიცე-პრემიერ იულია სვირიდენკოსთან შეხვედრისას დრუჟბას ნავთობსადენის აფეთქების წინადადება წამოაყენა, რათა ნაწილობრივ მწყობრიდან გამოეყვანა უნგრეთის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული.
გავრცელებულ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესმდივანი ზოლტან კოვაჩი ‘ტვიტერში’ (Twitter) მოკლე პოსტით გამოეხმაურა: „როგორ შეიძლება, რომ უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდეს?“
ანალიტიკოსმა უსაფრთხოების საკითხებში პიტერ ტარიანიმ ‘ფეისბუქში’ განაცხადა, რომ ეს „ძალიან არამეგობრული, მცდარი და სულელური ნაბიჯი“ იქნებოდა.
„მესმის, რომ უკრაინას არ მოსწონს უნგრეთის მთავრობის ბევრი ქმედება თუ კომუნიკაცია, თუმცა ეს ასეთ გეგმას ან მოსაზრებას არ ამართლებს“, – დასძინა უნგრელმა ანალიტიკოსმა.
„აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ბოლო 15 თვის განმავლობაში უნგრეთი ასიათასობით უკრაინელ ლტოლვილს დაეხმარა. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაგზავნა წამლები, დახმარებაზე უარი არ უთქვამს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას მხარი დაუჭირა. გარდა ამისა, ეს უმნიშვნელო ფაქტი არ არის, რადგან უნგრეთი ნატოს წევრია, ამიტომ ასეთ გეგმას აზრი არ აქვს. უკრაინისთვის ეს ძალიან დიდი თავისმოტყუებაა და კიევმა ამას ძალიან სწრაფად უნდა მოჰფინოს ნათელი. მთავარი კითხვა შემდეგია: რატომ ფიქრობდა უკრაინის პრეზიდენტი, რომ ასეთი გეგმა შეიძლება გაემართლებინათ???? რატომ ფიქრობდა, რომ ასეთი თავდასხმით შეიძლებოდა ნატოს მხარდაჭერის გარისკვა? ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ველი“, – აღნიშნა ტარიანიმ.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, ‘იუროსტატის’ (Eurostat) მონაცემებით, გასულ წელს უნგრეთმა რუსეთიდან 4,8 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის იმპორტი განახორციელა, რაც 2021 წელთან შედარებით 1,4 მილიონი ტონით მეტია.
ეს გაჟონილი ინფორმაცია იმ სამხედრო სადაზვერვო დოკუმენტების ნაწილია, რომელიც Discord-ზე მასაჩუსეტსის საჰაერო ეროვნული გვარდიის ჯარისკაცმა, 21 წლის ჯეკ ტეიშეირამ, გამოაქვეყნა. ეს უკანასკნელი საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ამერიკელ ჯარისკაცს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

წყარო: https://rmx.news/hungary/hungary-outraged-by-leaked-ukrainian-plans-to-blow-up-vital-oil-pipeline/