ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში პოლონეთის ელჩის, ტომაშ შატკოვსკის, თქმით, გერმანიის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოში არსებობს შეთანხმებები უკრაინაში მძიმე ტექნიკას ან ტანკებს არგაგზავნის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
პოლონელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უკრაინაში „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გაგზავნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მთლიანად გერმანიაზეა დამოკიდებული და არა ნატოზე.
„საუბარია ორმხრივ შეთანხმებებზე, ამ შემთხვევაში, ძირითადად, ბერლინსა და კიევს შორის მიღწეულ შეთანხმებებზე, რომლებშიც გარკვეულწილად ვარშავაც არის ჩართული“, – განაცხადა შატკოვსკიმ ერთ-ერთი პოლონური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ბოლო თვეებში არაერთხელ მოვისმინეთ ბერლინში გაჟღერებული სიტყვები, თითქოს ნატოში შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მძიმე ტექნიკის ან ტანკების გაგზავნა დაუშვებელია, და მხოლოდ იმ ტანკების გაგზავნა შეიძლება, რომლებიც დასავლეთში არ არის დამზადებული. ეს აბსოლუტურად სიცრუეა, ასეთი შეთანხმებები უბრალოდ არ არსებობს, თუ, რა თქმა უნდა, ზოგიერთმა მოკავშირემ ჩუმად არ მოილაპარაკა ერთმანეთში. ამის შესახებაც ვერაფერს მოგახსენებთ“, – აღნიშნა შატკოვსკიმ.
ელჩის თქმით, უკრაინისთვის დამხარების გაწევის შესაძლო საშუალებებზე დისკუსია მიმდინარეობს, საჰაერო თავდაცვა კი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ნატოსადმი ანტიპათიურად არის გაწყობილი, რომელიც უკრაინაში იარაღს აგზავნის.
შატკოვსკის განცხადებით, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის დამოკიდებულება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მკვეთრად გაუმჯობესდა. მაგალითად, საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანაა პოლონეთის გარდა, რომელმაც უკრაინას მთელი საარტილერიო სისტემები მიაწოდა, სამხედრო აღჭურვილობისა და ცეცხლის მართვის სისტემების ჩათვლით.
კითხვაზე, თუ რა სახის ნაბიჯების გადადგმა შეუძლია რუსეთს უკრაინის დასამარცხებლად, შატკოვსკიმ უპასუხა, რომ უახლოეს მომავალში დედაქალაქ კიევზე მორიგი თავდასხმის საფრთხე არ არსებობს. მისივე თქმით, უახლოეს თვეებში მოსკოვი თავისი საბრძოლო შესაძლებლობების ასეთ გაძლიერებას ვერ შეძლებს.
შატკოვსკი ბელორუსიაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. განსაკუთრებით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ მაკეის, მოულოდნელი გარდაცვალების ფაქტი. მისი შეფასებით, ამ ქვეყანას ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი.