კონსერვატიული პორტალი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გთავაზობთ The New York Times – ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც 1997 წლით არის დათარიღებული და NATO-ს გაფართოების შესახებ, ჯორჯ კენანის შეფასებას გადმოსცემს. აღსანიშნავია, რომ 25 წლის შემდეგაც, სტატია არ კარგავს აქტუალობას და სრულ შესაბამისობაშია დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან.
ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ფროსტ კენანი გასული საუკუნის 60-70-იან წლებში საბჭოთა კავშირსა და იუგოსლავიაში, შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩად მსახურობდა. „ცივი ომის არქიტექტორი“ საბჭოთა ექსპანსიის შეკავების პოლიტიკას უჭერდა მხარს. კენანმა საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების ურთიერთობას არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა. “გრძელი ტელეგრამის” სახელით არის ცნობილი მის მიერ შტატებში გაგზავნილი მოხსენება, სადაც კენანი საბჭოთა კავშირის მიდგომებსა და პოზიციებს აღწერდა და განმარტავდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს ურთიერთობისა, მხოლოდ – “ძალა” წარმოადგენდა. სწორედ აღნიშნული ტელეგრამის გამო უწოდეს მას – “ცივი ომის არქიტექტორი”, რადგან მის მიერ გაგზავნილმა დოკუმენტმა უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიო ისტორიის შემდგომ დინებაზე.
ცნობილმა დიპლომატმა მარშალის გეგმის შემუშავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. იგი, „ბრძენკაცების“ სახელით ცნობილი იმ ჯგუფის წევრიც გახლდათ, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენდა.
ჯორჯ ფ. კენანი 2005 წელს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1996 წლის მიწურულს, ფართოდ გავრცელდა აღქმა, რომ სადღაც და როგორღაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება – რუსეთის საზღვრების მიმართულებით NATO-ს გაფართოების შესახებ. აღნიშნული მოსაზრება ვრცელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის მომდევნო სამიტამდე, რომელიც ივნისში უნდა გამართულიყო, ოფიციალური გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდებოდა. ამ ამბის გამომჟღავნების დრო, შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებსა და ვაშინგტონში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს დაემთხვა, მაგრამ ამ ყველაფერს არ გაუმარტივებია შეფასების გაკეთება, ჯერ კიდევ გარუკვეველი ჩანდა, იყო თუ არა ეს საბოლოო და შეუქცევადი გადაწყვეტილება.
ფაქტია, რომ სასწორზე რაღაც მნიშვნელოვანი დაიდო. ალბათ, გვიანი არ არის გამოვთქვათ მოსაზრება, რომელსაც არა მხოლოდ მე, არამედ რუსეთის საკითხებზე მომუშავე არაერთი გამოცდილი ადამიანიც იზიარებს. ამ მოსაზრების თანახმად, ნატოს გაფართოება ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკული პოლიტიკის ყველაზე საბედისწერო შეცდომა იქნება.
მოსალოდნელია, რომ ამგვარმა გადაწყვეტილებამ რუსებში ნაციონალისტური, ანტიდასავლური და მილიტარისტული მისწრაფებები გააღვივოს; უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსული დემოკრატიის განვითარებაზე; ასევე აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში ცივი ომის დროინდელი ატმოსფერო შექმნას და რუსეთის საგარეო პოლიტიკა იმ მიმართულებით წარმართოს, რომელიც ჩვენს მიმართ სიმპათიებს ნამდვილად არ გულისხმობს. და ბოლოს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება გაართულოს ან სულაც შეუძლებელი გახადოს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ „სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების (START II)“ დამტკიცება და ბირთვული იარაღის შემცირებასთან დაკავშირებით შეთანხმების აღსრულება.
რუსეთისთვის იქნება სავალალო, ასეთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს იმ დროს, როდესაც მისი აღმასრულებელი ხელისუფლება ძალიან გაურკვეველ და თითქმის პარალიზებულ მდგომარეობაში იმყოფება და ორმაგად სავალალოა თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. აღმოსავლეთი და დასავლეთი რატომ უნდა უტრიალებდნენ ისეთ საკითხს, თუ ვინ ვისი მოკავშირე ან მოწინააღმდეგე იქნება მომავლის არარეალურ, სრულიად არაპროგნოზირებად და ნაკლებად სავარაუდო სამხედრო კონფლიქტში? მაშინ, როცა ცივი ომის დასრულების შემდეგ მათ შორის იმედის მომცემი პერსპექტივები გაჩნდა.
რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილია, რომ ნატო რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედოვნებს, რომ გაფართოების იდეას მოსკოვისთვის მისაღებს გახდის. იმედია, მათი მცდელობები წარმატებით დასრულდება. თუმცა ვინც რუსულ პრესას ყურადღებით ეცნობა აუცილებლად შეამჩნევდა, რომ არც საზოგადოება და არც მთავრობა არ ელოდება რომ გაფართოება მათი რეაქციის გარეშე მოხდება.
ამერიკული გარანტიები, რომლის თანახმადაც ვაშინგტონს მოსკოვისადმი მტრული მიზნები არ ამოძრავებს, რუსებზე დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. ისინი აცნობიერებენ, რომ მათი პრესტიჟი (რუსებისთვის ყველაზე მთავარი) და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგება. რა თქმა უნდა, რუსებს სხვა არჩევანი არ ექნებათ და ნატოს ექსპანსიას მიიჩნევენ, როგორც მომხდარ სამხედრო ფაქტს. ისინი ჩათვლინ, რომ ეს არის დასავლეთის მიერ ზურგის შექცევა და უსაფრთოების გარანტიებისა და უკეთესი მომავლის ძიებას სხვა მიმართულებით დაიწყებენ.
ცხადია, ალიანსის 16 წევრი ქვეყნის მიერ მიღებული ან მათ მიერ ავტომატურად გაზიარებული გადაწყვეტილების შეცვლა ადვილი არ იქნება. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვე დარჩა. უკვე ჩანს, რომ NATO-ს ამგვარი გაფართოება ნეგატიურად იმოქმედებს რუსეთის პოლიტიკაზე, ამიტომ არასასურველი ეფექტის შემცირებისთვის, ეს დრო გაფართოების პოლიტიკის შესაცვლელად უნდა გამოვიყენოთ.