მიუნხენის კონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს გზა ნულოვანი რისკებით, მაგრამ ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს პუტინის შესაძლო გამარჯვება.
“ზოგიერთს აღელვებს, რომ ჩვენს მიერ უკრაინისთვის გაწეულმა დახმარებამ შესაძლოა კონფლიქტის ესკალაციას შეუწყოს ხელი. მკაფიოდ რომ განვმარტო – არ არსებობს გზა ნულოვანი რისკებით, მაგრამ ყველაზე დიდი რისკი იქნება ამ ომში პუტინის გამარჯვება – თქვა სტოლტენბერგმა.
მან განმარტა, რომ პუტინის გამარჯვება სხვა “ავტორიტარულ” ქვეყნებსაც უბიძგებს საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალა გამოიყენონ, რაც მსოფლიოს კიდევ უფრო სახიფათოს, ხოლო ალიანსის წევრ ქვეყნებს კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის.
“ასე რომ, უკრაინის დახმარება არ არის მხოლოდ ჩვენი მორალური ვალდებულება, ეს არის მომავალში ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებში” – დასძინა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინს სურს მიიღოს განსხვავებული ევროპა, რომელშიც ის იქნება დომინანტი, მან უკრაინის ომის კონტექსტში ასევე ისაუბრა ჩინეთზე.
“პროცესებს ახლოდან აკვირდება პეკინიც, რადგან პუტინის გამარჯვება ჩინეთის გათვლებსა და გადაწყვეტილებეზეც იქონიებს გავლენას. როდესაც “ავტორიტარული რეჟიმები” გვიახლოვდებიან, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ერთიანობა, ვისაც დემოკრატიის და თავისუფლების გვწამს” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
©️ მომზადებულია geo-first.com-ის მიერ