გთავაზობთ გამოცემა The European Conservatives-ში გამოქვეყნებულ სტატიას. ვრცელი ანალიტიკური წერილი მომზადებულია რუსი და ჩინელი პოლიტიკური თეორიტიკოსების ნაშრომებზე დაყრდნობით. სტატიის ავტორია მწერალი და დამოუკიდებელი მკვლევარი ჯონათან კალბრეთი, რომელიც კალიფორნიის შტატში ცხოვრობს. იგი ვებ-გვერდის The Josias-ს რედაქტორის ასისტენტია.
სტატია საკმაოდ მოცულობითია, ამიტომ მკითხველს სამ ნაწილად შევთავაზებთ.
პირველი ნაწილი:
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკა საკუთარი წარმოდგენით შეუდგა სამყაროს გადაკეთებას. ბერლინი-რომი-ტოკიოს ღერძზე ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვებამ მსოფლიო ისტორიაში ახალ ეტაპს დაუდო სათავე: თავისუფალმა სამყარომ ავტორიტარიზმსა და ტოტალურ ბატონობას ბოლო მოუღო. შემდეგი დიდი მტერი, რომელიც დამორჩილებას დაექვემდებარება, ნაციზმის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ყოფილი მოკავშირე – საბჭოთა კავშირი გახდება. ცივ ომში წითელი იმპერიის დამარცხებამ ახალი ეტაპის დაწყება და მსოფლიოს რესტრუქტურიზაცია განაპირობა, რომელიც ამერიკას უნდა განეხორციელებინა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ლიბერალურმა დემოკრატიამ მთელ მსოფლიოში მოიკიდა ფეხი. ამერიკის იდეოლოგია და პოლიტიკური მმართველობის ფორმა, ისევე როგორც ეკონომიკური სისტემა, რომელიც ბრიტანეთისგან მემკვიდრეობით მიიღო, ნამდვილად გლობალური ხასიათის გახლდათ. ეს იყო უნიპოლარულობის ეპოქა.
მთელი მსოფლიო, ეკონომიკური თვალსაზრისით, უნიპოლარული სამყაროს პარამეტრებით ვითარდებოდა. ამ სამყაროს კი, თავის მხრივ, ახალი ჰეგემონი მართავდა ისეთი სავაჭრო პირობებით, რომლებიც აშშ-ის შექმნილმა საერთაშორისო მმართველობის ინსტიტუტებმა დააწესეს. ისეთ დიდ ქვეყნებსაც კი, როგორიც რუსეთი და ჩინეთია, ამერიკული წესებით უნდა ეთამაშათ. ჩინეთი ამერიკული მულტინაციონალური კაპიტალიზმის სამუშაო ძალის მთავარი ადგილი გახდა. მსოფლიო ბაზარზე ყველა ასპექტში ამერიკული გლობალიზმის შტრიხები იკვეთებოდა. არაერთი ადამიანის აზრით, ეს ამერიკული „კოლონიალიზმის“ (ეს არის კაპიტალიზმი გლობალური მასშტაბით, სადაც თავად აშშ გლობალური კაპიტალის აკვანია) ერთგვარი ინსტრუმენტი იყო.
ჩინეთმა კარგად ისარგებლა მსოფლიო ბაზარზე შესვლით და ეს მდგომარეობა რიგით მეორე უდიდესი ზესახლემწიფოსა და აშშ-ის შემდეგ უძლიერესი ეკონომიკის ასაშენებლად გამოიყენა. დასავლეთი იმედოვნებდა, რომ მარკეტიზაცია და მსოფლიოსთვის კარის გაღება ჩინეთში იდეოლოგიური ლიბერალიზაციის გავრცელებას შეუწყობდა ხელს, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა. სამაგიეროდ, ჩინეთი ამერიკული ლიბერალური ჰეგემონის ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგედ იქცა. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ეკონომიკური მიღწევები ისე შთამბეჭდავად არ გამოიყურებოდა როგორც ჩინეთისა, რუსეთმა დასავლური სამყაროს დიდი ნაწილისთვის ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების ფასეული წყაროს ფუნქცია შეიძინა, რამაც საბჭოთა კავშირის მთავარ მემკვიდრეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ბერკეტი მისცა (ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამის ნათელი მაგალითია). რუსეთის სამხედრო და რბილი ძალა საკმაოდ შთამბეჭდავად მოქმედებს, რათა ამერიკულ უნიპოლარულობას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს.
განსხვავებულმა გარემოებებმა და მსოფლიო ბაზარზე ინტეგრაციის ხარისხმა რუს და ჩინელ ინტელექტუალებს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ უნიპოლარულობას ეწინააღმდეგებიან, მულტიპოლარული სამყარო სხვაგვარად წარმოადგენინა.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში ორივე ქვეყანას ამცირებდა, რეალური მატერიალური მდგომარეობა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორივე ქვეყანა დააზარალა, რადიკალურად განსხვავებულია. მარქსისტული თეორია ვარაუდობდა, რომ ეს განსხვავებული მატერიალური მდგომარეობა გავლენას მოახდენდა იდეოლოგიებზე, რომლებიც რუსეთსა და ჩინეთში ჩამოყალიბდებოდა. მართლაც, ასე მოხდა. ამ განსხვავებულ იდეოლოგიებს განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოაჩენენ ცნობილი მოაზროვნეები რუსი ალექსანდრე დუგინი და ჩინელი ჯან შიგანი. თანამედროვე რუსეთისა და ჩინეთის განსხვავებული იდეოლოგიური ფორმაციების გასაგებად მათი ჩამოყალიბებული თეორიები, რომლებიც მულტიპოლარულობას უკავშირდება, უფრო დეტალურად უნდა შევისწავლოთ.
ალექსანდრე დუგინი და ახალი რუსული იდეოლოგია
1991 წლის 31 დეკემბერის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა, რუსეთი პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ქაოსმა მოიცვა. ეკონომიკური „შოკური თერაპიის“ ავტორი ნეოლიბერალი თეორეტიკოსების აზრით, რომელთა მეთოდებიც ბორის ელცინის პრეზიდენტობისას უხეშად განახორციელეს, ყოფილი საბჭოთა საზოგადოება გეგმიური სოციალისტური ეკონომიკიდან ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყანაში თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე ერთ ღამეში უნდა გადასულიყო. დიდი დასავლური კაპიტალისტური ქვეყნების მოდელის თანახმად, ფასების მოულოდნელ ლიბერალიზაციასა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას რუსეთი თავისუფალ ქვეყნად უნდა გადაექცია. ამის ნაცვლად, ქვეყანა სიღარიბისა და სიდუხჭირის ახალ ფაზაში გადავიდა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთი მეექვსედით შემცირდა, განაწილების სისტემა მთლიანად მოიშალა და არც მისი შემცვლელი ეფექტური საბაზრო მექანიზმი გამოჩნდა. ქვეყანა დეფიციტმა და ინფლაციამ მოიცვა, დაიწყო დეინდუსტრიალიზაციის სწრაფი პროცესი.
ამავდროულად, თუმცა ჩინეთის ეკონომიკის მარკეტიზაციისგან (ამის შესახებ დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ) განსხვავებით, რუსეთის ეკონომიკურ ტრანსფორმაციას, გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, თან ახლდა მტკივნეული დეზინტეგრაცია, რაც მასშტაბური გლობალური კონტექსტიდან გამომდინარეობდა. საბჭოთა ეკონომიკაში მკაცრად იკრძალებოდა უცხოური ინვესტიციები, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მართალიცაა. სინამდვილეში მთელ საბჭოთა ბლოკში, რომელიც არაერთი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებისგან შედგებოდა, შიდა ეკონომიკური ინტეგრაციის მაღალი დონე იყო, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სსრკ-ში კაპიტალის დინებაში. 1991 წლის შემდეგ მთელი ამ ბლოკის დანგრევამ და არაერთი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს დასავლეთისკენ სწრაფვამ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების უზარმაზარი ქსელი გაანადგურა, რომელიც ოდესღაც რუსეთის ძლიერებას განაპირობებდა. ამრიგად, საბჭოთა სოციალიზმის აბოლიცია არა მხოლოდ გაღატაკებას, არამედ რუსეთის დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციას ნიშნავდა.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობისას რუსეთმა, მსოფლიო ბაზარზე რეინტეგრაციის შთამბეჭდავ ნიშნულს მიაღწია, რასაც პირველ რიგში მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების მასშტაბური მიწოდება განაპირობებს. ექსპორტმა რუსეთის ეკონომიკა გამოაცოცხლა, თუმცა რუსეთის სიმდიდრე საბჭოთა კავშირის დროინდელ ეკონომიკურ მონაპოვარს ვერც კი მიუახლოვდება.
საკმაოდ შთამბეჭდავი ეკონომიკური გამოცოცხლების მიუხედავად, რუსეთი მაინც ჩამორჩება მსოფლიოს არაერთ განვითარებულ სახელმწიფოს და კვლავ რჩება დასავლეთის ზიზღის ობიექტად (ცივი ომის ეპოქის გადმონაშთი). რუსეთს დღემდე აშფოთებს მის მიმართ დასავლეთის ქედმაღლური დამოკიდებულება და ის ფაქტი, რომ დასავლეთი მისგან იზოლაციას ცდილობს. ამგვარმა იზოლაციამ რუსეთისთვის უნიკალურ იდეოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. რუსეთს, რომელიც დასავლეთის და განსაკუთრებით ამერიკის მიმართ გულისწყრომას გამოხატავს, ახალი ამბიცია გაუჩნდა კვლავ გახდეს ძლიერი და დამოუკიდებელი ცივილიზაცია. ეს მის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული უნიკალურობის განახლებულ ცნობიერებაშია ფესვგადგმული – რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დასავლეთის დახმარების გარეშე უნდა მიღწიოს.
ალექსანდრე დუგინმა ამ ახალ რუსულ იდეოლოგიას, რომელსაც „მულტიპოლარულობის“ ტერმინებით აყალიბებს, განსაკუთრებით მკაფიო თეორიული ფორმულირება მისცა. რუსეთის მთავარი პოლიტიკური ფილოსოფოსი და გეოპოლიტიკის ანალიტიკოსი თავის წიგნში – ‘მეოთხე პოლიტიკური თეორია’ – ნათელს ჰფენს გლობალური მომავლის მულტიპოლარულ ხედვას და უპირისპირდება ამერიკის ოცდაათწლიან უნიპოლარულობას. დუგინი მიიჩნევს, რომ მჩაგვრელი უნიპოლარული სისტემის შემდეგ, რომელიც ერებს ამერიკის იმპერიის პერიფერიაში გარიყულ სახელმწიფოებად და იაფი მუშახელის უბრალო წყაროებად განიხილავს, დედამიწა მრავალ ‘დიდ სივრცეებად’ დაიშლება, რომლებიც შიგნიდან გაერთიანდებიან თავიანთი უნიკალური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემებით, რაც გარდაუვალი ეტაპია გლობალური წესრიგის ევოლუციაში. აქ დუგინი აშკარად იზიარებს კარლ შმიტის თეორიას ‘დიდი სივრცის’ შესახებ, რომელიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო ურთიერთობების „რეალისტურ“ თეორიებს და რომლებსაც, თავის მხრივ, ჯონ მერშაიმერი და სხვა მეცნიერები უჭერენ მხარს.
დუგინი თავის კიდევ ერთ წიგნში – „მულტიპოლარული სამყაროს თეორია” – ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწე პოლიტოლოგის, სამუელ ჰანტინგტონის, წინაშე თავს ვალდებულად მიიჩნევს. ამ უკანასკნელის კალამს ეკუთვნის ცნობილი ისტორიულ-ფილოსოფიური ტრაქტატი „ცივილიზაციათა შეჯახება“, რომელმაც ფრენსის ფუკუიამას ტრიუმფალური თეზისი ‘ისტორიის დასასრული’ კონტრ-მტკიცებულებებით გააბათილა. ჰანტინგტონის მტკიცებით, ცივი ომის დასასრული არც ისტორიის დასასრულს ნიშნავდა და არც ლიბერალური დემოკრატიული მმართველობის ამერიკული მოდელისა და მისი თანმხლები ეკონომიკური თუ კულტურული ფორმების დანარჩენ მსოფლიოზე გამარჯვებას. მოხდა პირიქით. აშშ-საბჭოთა კავშირს შორის მრავალწლიანი „ბიპოლარული“ სისტემის კოლაფსმა გზა გაუხსნა მულტიპოლარული სამყაროს წარმოქმნას, რომელშიც დამოუკიდებელი ცივილიზაციები მსოფლიო ისტორიის ახალი წარმომადგენლები გახდებოდნენ და უფრო პესიმისტურად რომ შევხედოთ, წარმომადგენლები ნებისმიერი ახალი დიდი კონფლიქტისა, რომელმაც შესაძლოა მომავალში იფეთქოს. იმ დროს, როცა ფუკუიამას ოპტიმისტური თეზისი პოლიტიკისა და პოლიტიკური კონფლიქტის დასასრულს პოსტულატად აღიარებდა, ჰანტინგტონი ფიქრობდა, რომ კონფლიქტის შესაძლებლობა რჩებოდა, სადაც ცივილიზაციები კონფლიქტის მთავარი მონაწილეები იქნებოდნენ. აქედან იღებს სათავეს ‘ცივილიზაციათა შეჯახება’. ამ მოდელის მიხედვით, ისეთი დიდი ცივილიზაციები, როგორიც რუსეთი და ჩინეთია, პოლიტიკურ ან სულ მცირე, კულტურულ ავტონომიას ინარჩუნებენ და მათი დაძაბული ურთიერთობა დასავლურ ბლოკთან, რომელშიც ამერიკა დომინირებს, დიდ ცივილიზაციებს შორის დაპირისპირებად უნდა აღვიქვათ.
დუგინი მეტ-ნაკლებად ეთანხმება ჰანტინგტონის კონცეფციის ძირითად სტრუქტურას, მაგრამ იმ კრიტიკული შესწორებით, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, როდესაც ჰანტინგტონმა და ფუკუიამამ თავიანთი ინოვაციური თეზისები დაწერეს, სამყარო ფუკუიამას აღწერილ უნიპოლარულ წესრიგს ემორჩილებოდა. უნიპოლარული სამყაროს შემდეგ იკვეთება მულტიპოლარულობის ან ცივილიზაციათა შეჯახების ნიშნები. მსოფლიო უარს ეტყვის ამერიკის უნიპოლარულ სისტემას. საბოლოოდ უნიპოლარული სამყარო დაიშლება მსხვილ ცივილიზაციურ სახელმწიფოებად, რომელთა შორის საერთაშორისო დონზე დამყარდება ძალთა გარკვეული ბალანსი და თითოეული მათგანი შიდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ საკითხებს დამოუკიდებლად გადაწყვეტს.
გარდა ამისა, დუგინი ცდილობს განმარტოს, რომ ამერიკაზე ორიენტირებული გლობალური იმპერიის რღვევა, ავტარკიული ‘დიდი სივრცეების’ ერთობლიობაში არ არის უბრალო რეტროგრადული ან რეაქციული დაბრუნება რეგიონული იმპერიის პრემოდერნულ ფორმებთან. პოლიტიკური ერთეული, რომელიც მულტიპოლარული სამყაროს თითოეულმა ცივილიზაციურმა ‘პოლუსმა’ დააარსა, სახელმწიფოს სრულიად ახალ ტიპს წარმოადგენს, რომელშიც თანამედროვე ან პრემოდერნული სახელმწიფოების რამდენიმე დამახასიათებელი თვისება ახალი ფორმით ვლინდება. ცივილიზაციური სახელმწიფო საკუთარ საქმეებს დამოუკიდებლად განკარგავს; აქვს ძალაუფლების ლეგალური ცენტრი; თუმცა ამ ძალაუფლებას მოსახლეობის გარკვეული „ეთნოკულტურული“ და „კონფესიური“ შემადგენლობის მიხედვით განსხვავებულად იყენებს; ამგვარად, იგი სუბსიდიარულობის პრინციპით უნდა მოქმედებდეს; უნდა შეიცავდეს კოლექტიური და ინდივიდუალური თვითმყოფადობის, ასევე ადათ-წესების ფართო სპექტრს, რასაც პირობითად „სამოქალაქო საზოგადოებას“ უწოდებენ; მისი განსხვავებული საზოგადოებრივი ფენა (ეთნიკური, რელიგიური, კლასობრივი და სხვა ტიპის ჯგუფები) ლეგალურად უნდა იყოს წარმოდგენილი. ამგვარად, დუგინი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ერთეული, რომელიც განსხვავებულ ცივილიზაციას მართავს, ახალი სახელმწიფოა, თუმცა მოიცავს პრემოდერნული სახელმწიფოების განსხვავებულ დამახასიათებელ თვისებებს, რომლებიც, ცალკე აღებული, მართლაც რომ ცნობილი იქნებოდა ჰეგელიანური მოძრაობისთვის.
უპირველეს ყოვლისა, მულტიპოლარული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება იქნება სუვერენიტეტის უნივერსალური ფორმების უარყოფა, რასაც ფაქტობრივად ამტკიცებდა ამერიკის გლობალური იმპერია. უნივერსალური სუვერენიტეტის ამ უარყოფას თან ახლავს ეპისტემოლოგიური და მორალური უნივერსალიზმების კრიტიკა, რომელიც გულისხმობს განიხილოს და შეაფასოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან კულტურული ფორმირების რეგიონალური მოდელები ზოგიერთი წარმოსახვითი უნივერსალური სტანდარტით. სწორედ ასეთი უნივერსალიზმით მოქმედებს ამერიკის იმპერია, რომელიც პრეტენზიას აცხადებს არა მხოლოდ გლობალურ პოლიტიკურ სუვერენიტეტზე, არამედ იდეოლოგიურ და მორალურ ძალაუფლებაზე, რათა განაჩენი გამოუტანოს მსოფლიოს ლიბერალიზმის ტიპურ თეორიებში დაცული იდეოლოგიური სტანდარტებით. მულტიპოლარულობის თეორია უარყოფს ასეთ უნივერსალიზმს უფრო რელატივისტური ხედვის სასარგებლოდ (თუმცა, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, დუგინი ამ ტერმინს არ იყენებს), რომელშიც განსხვავებული ცივილიზაციების პოლიტიკური და კულტურული სისტემები ნორმატიულად არათანაბარზომიერია.
და მაინც, რელატივიზმის ამ გამოჩენის მიუხედავად, დუგინი უყოყმანოდ აცხადებს, რომ ამერიკული გლობალური იმპერია ბოროტებაა და „ამერიკის იმპერია უნდა განადგურდეს. და ერთ დღესაც ასე მოხდება“. რუსი ფილოსოფოსი ამ განცხადებით მსოფლიოში არსებული უამრავი საზოგადოების აზრს გამოხატავს, რომლებიც დიდი დასავლელი მბრძანებლის მმართველობით იმედგაცრუებული არიან, რადგან ამერიკა, საბოლოო ჯამში, სამყაროს თავისი ინტერესების შესაბამისად მართავს. გლობალიზმი პოლიტიკური პოზიციის – ‘ამერიკა უპირველეს ყოვლისა’ – თავდაპირველი ვერსია იყო. შესაბამისად, რუსული მულტიპოლარიზმი მიისწრაფვის, რომ აფრიკაში, ინდოეთში, ჩინეთში, სამხრეთ ამერიკასა და მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში არსებული განვითარებადი ცივილიზაციები გაათავისუფლოს ამერიკული გლობალიზმის ხელყოფისაგან და განსხვავებულ ცივილიზაციებს დამოუკიდებლობა მიანიჭოს.
წყარო: https://is.gd/AwqUXa