პოლიტიკასხვადასხვა

მულტიპოლარულობის კონკურენტი თეორიები: ალექსანდრე დუგინი და ჯიან შიგონგი (II ნაწილი)

0
ჯიან შიგონგი – ჩინეთის გლობალურობა

გთავაზობთ გამოცემა The European Conservatives-ში გამოქვეყნებულ სტატიას. ვრცელი ანალიტიკური წერილი მომზადებულია რუსი და ჩინელი პოლიტიკური თეორიტიკოსების ნაშრომებზე დაყრდნობით. სტატიის ავტორია მწერალი და დამოუკიდებელი მკვლევარი ჯონათან კალბრეთი, რომელიც კალიფორნიის შტატში ცხოვრობს. იგი ვებ-გვერდის The Josias-ს რედაქტორის ასისტენტია.

გასული საუკუნის 80-იანი წლების გარიჟრაჟზე დაიწყო ჩინეთის მარკეტიზაცია, საფუძველი ჩაეყარა რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკას, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთზე, რომელიც სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. იმ დროს, როცა რუსეთმა ეკონომიკური „შოკური თერაპიით“ მიყენებული ტკივილი დღემდე ვერ მოირჩინა, ჩინეთის მარკეტიზაციამ, რომელმაც წარმოების მკვეთრ ზრდას შეუწყო ხელი, ბოლო რამდენიმე ათწლეულში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩსრ) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნად გადააქცია. დასავლური ნარატივის თანახმად, დენ სიაოპინმა რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკით ჩინური სოციალიზმის შესახებ ძველ მაოისტურ მსოფლმხედველობას ზურგი აქცია. თუმცა ჩინეთის ისტორიის ამ ეპოქის შესახებ სხვაგვარი განმარტებაც არსებობს. მიიჩნევენ, რომ ეს ეპოქა მარქსიზ-ლენინიზმის მეცნიერულ მიდგომას დაუბრუნდა, რომელსაც თავად მაო ძედუნი ემხრობოდა. ამ განმარტების თანახმად, კაპიტალიზმი თავად ახორციელებს კონკრეტულ მიზანს ისტორიულ თანმიმდევრობაში, რომელიც სოციალიზმისა და კომუნიზმისკენ არის მიმართული. მართლაც, ვლადიმირ ლენინის ნაშრომები სავსეა ამ ძირითადი გამეორებებით: კაპიტალისტური განვითარების კანონების თანახმად, რომლებსაც კარლ მარქსმა მოჰფინა ნათელი, საწარმოო საშუალებების განსავითარებლად სოციალიზმი კაპიტალიზმზეა დამოკიდებული.

ცნობილია, რომ მაოს ძალისხმევამ, რომელიც ამგვარ განვითარებას უკავშირდებოდა, მარცხი განიცადა. ამ ფაქტს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალ წრეებშიც კი აღიარებენ. ‘დიდმა ნახტომმა’ ქვეყანას სავალალო ეკონომიკური შედეგები მოუტანა, ჩინეთი საყოველთაო შიმშილმა მოიცვა, მაშინ, როცა დენ სიაოპინის რეფორმებისა და გახსნილობის ამბიციური პროგრამა უპრეცედენტოდ წარმატებული აღმოჩნდა. რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკით იმ შედეგებს მიაღწიეს, რის მიღწევასაც ‘დიდი ნახტომით’ აპირებდნენ.

დენ სიაოპინის პოლიტიკური რეფორმები მკვეთრად განსხვავდებოდა რუსეთის გამანადგურებელი ‘შოკური თერაპიისგან’. ჩინეთის ხელმძღვანელობამ ფასების ლიბერალიზაცია არა ‘დიდი დარტყმით’, არამედ თანდათანობით და ცნობილი dual track-ის სისტემის პარამეტრებით გადაწყვიტა. მსუბუქი მრეწველობის მიერ დამზადებული საქონლისა და სამომხმარებლო საქონლის ფასები სტანდარტული ბაზრის ნიშნების მიხედვით იცვლებოდა, ხოლო მძიმე მრეწველობის მიერ დამზადებული საქონლისა და პირველადი მოხმარების საქონლის (როგორიცაა რკინა, ფოლადი, მარცვლეული და ა.შ.) ფასებს ცენტრალური სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებდა. მარკეტიზაციის მიმართ ეს ფრთხილი მიდგომა ცენტრალური დაგეგმვის აპარატს ხსენებული რეფორმის გაკონტროლების საშუალებას აძლევდა. ამან ხელი შეუწყო ახალი ბაზრების წარმოქმნასა და წარმოების გაფართოებას. რეფორმამ საოცარი ეფექტი მოახდინა. ჩინეთმა სიმდიდრის დაგროვება დაიწყო, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთზე, სადაც მოვლენები სრულიად საპირისპირო სცენარით განვითარდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩინეთის რეფორმაციას უცხოურმა ინვესტიციებმაც შეუწყო ხელი. რუსეთში კი პირიქით მოხდა, სავაჭრო ქსელი მთლიანად დაიშალა. ამერიკიდან უზარმაზარი კაპიტალის შემოდინება დაიწყო, რამაც მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის ‘სასწაული’ აღმასვლა განაპირობა. ქვეყანა დასავლეთის ოფშორული წარმოების მთავარი დანიშნულების ადგილი გახდა, რამაც ჩსრ მძლავ ინდუსტრიულ „მსოფლიო სახელოსნოდ“ გადააქცია. 2001 წელს ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა. იგი არა მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების სრულიად ინტეგრირებული წევრი გახდა, არამედ მსოფლიოში იაფი სამომხმარებლო საქონლის, ისევე როგორც ფოლადის მსგავსი ‘მძიმე’ საქონლის, მთავარი მწარმოებლის ფუნქციაც შეიძინა. გარკვეულწილად მთელი მსოფლიო ჩინეთზეა დამოკიდებული. გლობალიზაცია მისი თანამედროვე იდენტობის შეუქცევადი კომპონენტი გახდა.

ჩინეთის ტრანსფორმაციის სპეციფიკურმა კურსმა მსოფლიო ისტორიაში მისი როლის შესახებ განსაკუთრებული იდეოლოგიური კონცეფცია წარმოშვა. ამ იდეოლოგიას თავის მმართველობის ფილოსოფიაში, რომელმაც მთელ მსოფლიოში მეცნიერებისა და ანალიტიკოსების დიდი ყურადღება მიიპყრო, პრეზიდენტი სი ძინპინი  განასახიერებს. მისი მსოფლმხედველობის ძირითად პრინციპებს იცავს და ყველაზე ავტორიტეტულ ახსნას უძებნის პეკინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის უაღრესად პატივცემული მკვლევარი ჯან შიგანი. ამ უკანასკნელის ზოგიერთი სტატია ინგლისურენოვან ვებგვერდ Reading the China Dream-ზეა გამოქვეყნებული. აქვე შეხვდებით თანამედროვე ჩინეთის განვითარებით დაკავებული ღირსეული მეცნიერების ესეებსა და სიტყვით გამოსვლის ტექსტებს. ჯან შიგანი ჩინეთის პრეზიდენტის მსოფლმხედველობის ძირითად პრინციპებს, უფრო ფართო გაგებით, იდეოლოგიას (‘სოციალიზმი ჩინური დამახასიათებელი თვისებებით’) ახასიათებს მარქსისტული ტერმინებით, როგორც ბუნებრივ იდეოლოგიურ ზედნაშენს, რათა შეავსოს ჩინური სოციალიზმის მატერიალური ბაზა.

ჯან შიგანის დეტალური ხედვა, რომელიც ამერიკული გლობალიზმის შემდგომ არსებულ მსოფლიოს უკავშირდება, ეფუძნება ჩინეთის თანამედროვე ისტორიას, რომელიც განსაკუთრებით რეფორმებისა და გახსნილობის ეპოქის შემდეგ ძალიან იყო გადაჯაჭვული ამერიკულ გლობალიზმთან. სტატიაში – ‘ფილოსოფია და ისტორია’ – შიგანი მკაფიოდ განიხილავს საერთო საკითხს, რომელიც ცდილობს განსხვავება დაინახოს მაო ძედუნისა და დენ სიაოპინის ეპოქებს შორის. იგი ისტორიულ თანამიმდევრობას, რომელიც იწყება მაო ძედუნით, გრძელდება დენ სიაოპინით და სრულდება სი ძინპინით, უწყვეტ და ლოგიკურ ევოლუციად მიიჩნევს. ეს არის სამი ეტაპი და არა პროცესი, რომელიც  დიდი განხეთქილებებითა და პარადიგმის ცვლილებით ხასიათდება. მაო ძედუნის მმართველობისას ჩინეთი „ფეხზე წამოდგა“, დენ სიაოპინის მმართველობისას „გამდიდრდა“, სი ძინპინის მმართველობისას კი „გაძლიერდა“.

ალექსანდრე დუგინის მულტიპოლარულობასთან დაკავშირებული თეორიის მსგავსად, შიგანი ჩინური სოციალიზმის იდეოლოგიას ფუკუიამას ისტორიის დასასრულის რადიკალურ ალტერნატივად წარმოაჩენს. იგი ჰანტინგტონის ცივილიზაციათა შეჯახებას მსოფლიო წესრიგის ალტერნატიულ მოდელად მოიხსენიებს. შიგანი უერთდება დუგინსა და მულტიპოლარულობის მომხრე სხვა თეორეტიკოსებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან დასავლური გლობალური ბატონობისა და დასავლური კაპიტალიზმის დასასრულს. ამის მიუხედავად, დუგინსა და შიგანს გლობალიზაციის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, რადგან ამ უკანასკნელის აზრით, გლობალიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთის გაძლიერებაში, განსაკუთრებული წვლილი კი დენ სიაოპინის ჩინეთის ‘გამდიდრებაში’ შეიტანა. დენის მმართველობისას ჩინეთის მიზანი იყო ნებაყოფლობითი მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო ვაჭრობის სისტემაში, თუნდაც ხელი შეეწყო ამერიკული უნიპოლარულობის შექმნისთვის, ამავდროულად კი არაფერი ეთქვა მომავლის გეგმების შესახებ, სანამ შესაფერისი დრო არ მომწიფდებოდა.

და რისთვის მომწიფდება? შიგანს სჯერა, რომ საერთაშორისო სისტემაში ჩინეთის უნიკალური მდგომარეობა მას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს მთელი კაცობრიობის წინაშე. ჩინელი ინტელექტუალი წერს: ‘ამ საერთაშორისო კონტექსტში სოციალიზმის მშენებლობას, ჩინური სპეციფიკის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩინეთის სახელმწიფოს დიდი აღორძინების კუთხით ჩინური ცივილიზაციის ისტორიის კონტექსტში, არამედ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად კაცობრიობის ცივილიზაციის მომავალის ძიებისთვის. შეიტანს თუ არა ჩინური ცივილიზაცია კაცობრიობის განვითარებაში ახალი წვლილს, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, მოძებნის თუ არა იგი კაცობრიობის განვითარებისთვის ახალ კურსს. მას შემდეგ, რაც ჩინეთმა მსოფლიოში რიგით მეორე უდიდესი ეკონომიკა შექმნა, იგი მსოფლიო სარბიელის შუაგულში აღმოჩნდა და ვერ უგულებელყოფს თავის ვალდებულებებს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ ბედზე მოახდინოს კონცენტრირება. ჩინეთმა მსოფლიოსთან მიმართებით თავის ურთიერთობებს უნდა გადახედოს, სოციალიზმის მშენებლობა, ჩინური სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა დაუკავშიროს მთელი მსოფლიოს განვითარებას, აქტიურად უნდა ჩაერთოს მსოფლიოს მართვაში და თავის თავზე  აიღოს პასუხისმგებლობა მთელი კაცობრიობის წინაშე’.

ასეთი მიდგომა გარკვეულწილად ეწინააღმდეგება „მულტიპოლარულობას“, რომელიც მეტ-ნაკლებად საკუთარ ბედზე კონცენტრირებული დიდი ცივილიზაციების ერთიანობას წარმოადგენს. ეს ცივილიზაციები სხვა ცივილიზაციების ბედში არ ერევიან. ჩინეთი კი პირიქით, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი კაცობრიობის ბედით ინტერესდება. ეს ყველაფერი აშკარად თვალშისაცემია, რაც იმით არის განპირობებული, რომ ჩინეთი მჭიდროდ არის დაკავშირებული დღევანდელი მსოფლიო წესრიგის განვითარებასთან.

კიდევ ერთ სტატიაში – ‘იმპერია და მსოფლიო წესრიგი’ – შიგანი მსოფლიო ისტორიის თანმიმდევრობას განიხილავს როგორც პატარა პოლიტიკური ერთეულების სწრაფვას უფრო დიდი კონგლომერატებისკენ ან იმპერიებისკენ, რის დამაგვირგვინებელ ფაზასაც წარმოადგენს ‘მსოფლიო იმპერია’, რომელსაც ამჟამად შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს (რაშიც თავად ჩინეთსაც მიუძღვის წვლილი). ხსენებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ისტორიის გარდაუვალი მიმართულება არის უნივერსალური წესრიგისკენ ლტოლვა. შიგანის ტონი თითქმის ფატალისტურია: ‘ამიერიდან ვერც ერთი ქვეყანა ვერ იარსებებს ამ გლობალური ვაჭრობის სისტემის მიღმა თავისი თავისუფლებით, კანონის უზენაესობით და დემოკრატიით. ყველა ქვეყანა, უნდა თუ არა ეს, აუცილებლად ჩაერთვება ამ მსოფლიო იმპერიის მშენებლობაში“. რა თქმა უნდა, ეს შეფასება ჩინეთსაც ეხება.

ამგვარად, შიგანი განმარტავს, რომ მულტიპოლარული სამყარო არ ნიშნავს რეგიონალური ცივილიზაციური იმპერიების ეპოქაში დაბრუნებას, არამედ ეს არის აჯანყება გლობალური იმპერიის სისტემის შიგნით, რომელიც თავად ამერიკამ ააშენა და რომლიდანაც უკან დასახევი გზა არ არსებობს. მას კორექტირება შეაქვს ჰანტინგტონის თეზისის შესაძლო არასწორ განმარტებაში: ‘ჰანტინგტონს ცივი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოში გაბატონებული მდგომარეობა ‘ცივილიზაციათა შეჯახების’ ერთ-ერთ გამოვლინებად რომც მიეჩნია და ასეთი ცივილიზაციური კონფლიქტები რეგიონალური ცივილიზაციური იმპერიების მიერ გეოგრაფიულ განაწილებას ნაწილობრივ რომც დაემთხვეს, მათ ხელს მაინც ვერ შევუშლით. რასაც ჰანტინგტონმა  ‘ცივილიზაციათა შეჯახება’ უწოდა, სინამდვილეში ეს შიგნიდან მსოფლიო იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებაა. ეს წინააღმდეგობა აუცილებლად თავს იჩენს ამჟამინდელი ‘მსოფლიო იმპერიის’ სისტემაში. ასევე აუცილებლად თავს იჩენს ტექნოლოგიებთან, ვაჭრობასა და კომერციასთან, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ უნივერსალისტურ ‘ისტორიის დასასრულის’ ფილოსოფიურ ნარატივში’.

ასევე რუსეთისა და ჩინეთის მიერ ამერიკაზე (რათა გლობალური ჰეგემონობა შეინარჩუნოს) განხორციელებული ზეწოლა უნდა გავიგოთ როგორც „ბრძოლა ეკონომიკური და პოლიტიკური ლიდერობის ხელში ჩასაგდებად, რომელიც ‘მსოფლიო იმპერიის’ დაარსების შემდეგ დაიწყო’. ეს არის კლასობრივი ბრძოლის ტრადიციული მარქსისტული სქემის მოდულაცია, სადაც ჩინეთი უსიტყვოდ ასრულებს ბურჟუაზიის წინააღმდეგ მებრძოლი პროლეტარიატის როლს. ბურჟუას კი ამერიკა განასახიერებს. მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდება სინამდვილეში გლობალური მასშტაბით „პროლეტარიატის დიქტატურის“ დამყარებას ნიშნავს, თუმცა შიგანი ამას მკაფიოდ არ აღიარებს. მიუხედავად ამისა, იგი უყოყმანოდ მიანიშნებს, რომ ჩინეთის ამბიციები სწორედ აქეთ არის მიმართული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხადი ხდება, რომ ‘ჩვენ ქაოსის, კონფლიქტებისა და დიდი ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ და მსოფლიო იმპერია 1.0-ის (ანუ ამერიკული მსოფლიო იმპერია) დაცემისა და კოლაფსის ნიშნები იკვეთება’. ჩინეთი ვალდებული იქნება სათავეში ჩაუდგეს ‘მსოფლიო იმპერია 2.0’-ს, რათა ყველა ხალხს განვითარებაში დაეხმაროს და გვერდი აუაროს კაპიტალისტური განვითარების ცალმხრივ მოდელს, რომელიც ‘მსოფლიო იმპერია 1.0’-ში დომინირებს.

მრავალპოლარულობა გლობალურ ფაზაში თავის როლს დღემდე ასრულებს, თუნდაც გლობალური კაპიტალის წინააღმდეგ აჯანყების გვერდის ავლით, რადგან სწორედ გლობალური იმპერიის პარამეტრებში შედის, რომ ჩინეთი ‘ყველა განვითარებად ქვეყანას მოდერნიზაციაში ეხმარება’. ‘ფილოსოფია და ისტორიაში’ შიგანი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეცხრამეტე ეროვნულ კონგრესზე სი ძინპინის გაკეთებულ მოხსენებას იმოწმებს, რათა ახსნას მოუძებნოს სის ხედვას თუ რა როლს ასრულებს ჩინეთი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის განვითარების ხელშეწყობაში. ‘ეს ხედვა სხვა ქვეყნებსა და ერებს, რომლებსაც განვითარების დაჩქარება და ამავდროულად დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურთ, ახალ არჩევანს სთავაზობს’. შიგანი იმეორებს და ავითარებს ამ იდეას, როდესაც ამტკიცებს, რომ ჩინეთს არ სურს, სხვა ქვეყნებს ეკონომიკური განვითარების ერთიანი მოდელი მოახვიოს თავს, როგორც ეს დასავლურმა უნიპოლარულმა სამყარომ გააკეთა. პირიქით, ჩინეთს სურს, რომ ამ ქვეყნების განვითარებას ხელი შეუწყოს მათი რეგიონალური კურსის გათვალისწინებით, რომელსაც მათი ადგილობრივი პოლიტიკური და კულტურული შეზღუდვები განსაზღვრავს. კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტატიაში (2020 წ.), რომელშიც ჩინეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობების ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა არის შეფასებული, შიგანი განმარტავს თუ რა საკვანძო როლს ასრულებს ‘აბრეშუმის გზა’ ამ ხედვის განხორციელებაში.

რეგიონალური ეკონომიკების განვითარებასთან დაკავშირებული მსგავსი მზრუნველობა ადასტურებს ჩინეთისთვის დამახასიათებელ ‘კომუნისტურ’ თავდაჯერებულობას, რაც მთელი კაცობრიობის განვითარების შესაძლებლობას უკავშირდება. შესაბამისად, მისი მისწრაფებები უდავოდ უნივერსალური და კოსმოპოლიტურია და არა უბრალოდ ნაციონალისტური. გლობალურობა ან უნივერსალურობა დღემდე საკვანძო როლს ასრულებს ჩინეთის კონცეფციაში, რომელიც ეხება თავად მას და მისი ისტორიულ ბედს, რომელიც შეესაბამება არა მხოლოდ მის ამჟამინდელ კომუნისტურ იდეოლოგიას, არამედ კლასიკურ კონფუციანურ კონცეფციას – ტიანსიას (天下, ‘ცისქვეშეთი’).

წყარო: https://is.gd/AwqUXa