დავით ქართველიშვილი
რომ დავუბრუნდეთ ჩინეთის ლიდერის ისტორიულ სამდღიან ვიზიტს მოსკოვში, შეიძლება გამოვყოთ ერთი ძალიან საინტერესო კულუარული დეტალი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად – საქართველოს ეხება. სი ძინპინის ვიზიტისთვის სპეციალურად, მოსკოვის ცენტრში, საგულდაგულოდ იყო აშენებული „ჩინური ქალაქი“, რა თქმა უნდა „ფენ-შუის“ წესების დაცვით, სადაც მაღალმა სტუმარმა თავისი ვიზიტის სამივე დღე გაატარა და მადლიერების გრძნობა არ დაიშურა მისთვის ესოდენ სასიამოვნო სიურპრიზის ორგანიზატორების მისამართით. ეს ფაქტი ჩვენთვისაც უნდა იყოს სასიამოვნო, ვინაიდან ეს ორგანიზატორი იყო „რუსეთ-ჩინეთის ანალიტიკური ცენტრის“ ხელმძღვანელი, ჩვენი თანამემამულე – სერგო სანაკოევი. სერგოს ბაბუა, გერონტი პატარიძე იყო ცხინვალის დრამატული თეატრის დამფუძნებელი, ხოლო მამამისი – ფელიქს სანაკოები, ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის კომპარტიის პირველი მდივანი 15 წლის განმავლობაში. დედით პატარიძე – სერგო სანაკოევი და მთელი მისი ოჯახი იყვნენ და არიან საქართველოს ერთგული შვილები და ჩვენი ქვეყნის პატრიოტები.
მე შორს ვარ სერგო სანაკოევის საქმიანობას პირდაპირ დავუკავშირო საქართველოში ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის ბოლოდროინდელი განცხადება, სადაც ის პირდეპი საუბრობს ჩინეთზე, როგორც შუამავალზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში და მიესალმება ჩვენი ქვეყნის მხრიდან, აღნიშნული პროცესის მხოლოდ მშვიდობიანი გზით განხორციელების დეკლარირებას. ჩინეთის ამ ინიციატივას საქართველოში ბევრი სკეპტიკურად შეხვდა იმ არგუმენტით, რომ ჩინეთს საკუთარი ტერიტორიული პრობლება ვერ მოუგვარებია. აქდენ მივხვდი, რომ ამ თემის ირგვლივ საქართველოში გარკვეული საინფორმაციო დეფიციტი შეიქმნა, რომელიც შესავსებია. ცოტა ხნის წინ, ზოგიერთი ოფიციალური პირი და ექსპერტი შეშფოთდა ტაივანზე ჩინეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ არსებული მოლოდინის გამო. ნავთზე ცეცხლის წაკიდების ტოლფასი იყო სი ძინპინის ზოგადად ტრადიციული და მისთვის დამახასიათებელი განცხადებები, სადაც მან სამხედროებს მოუწოდა, გააძლიერონ თავდაცვის შესაძლებლობები და მუდამ მზად იყვნენ შესაძლო საფრთხის მოსაგერიებლად.
რა გაეწყობა – ჩინეთის უნიკალური, ექსკლუზიური, ფილოსოფიური და პოლიტიკური მსოფლმხედველობის აღქმას მსოფლიო ჯერ კიდევ სწავლობს და ამ გზაზე ჯერ კიდევ საწყისი გაკვეთილების დონეზეა. სინამდვილეში, ტაივანთან ომისკენ მოწოდება ჩინეთის მხრიდან სრულიად აბსურდულად ჟღერს. ჩინეთის პოზიციაა: როგორ შეგვიძლია საკუთარ თავს დავესხათ? ჩინეთის ხალხი, მისი ხელმძღვანელობა, ათეულობით წლის განმავლობაში სამართლიანად მიიჩნევს კუნძულს თავის განუყოფელ ტერიტორიად და ერთ-ერთ პროვინციად. დიახ, ახლა ის უკანონოდ და დროებით მოწყვეტილია დედა-სამშობლოს და ვაშინგტონის პროტექტორატის ქვეშ იმყოფება. მაგრამ ეს დროებითია. გარდა ამისა, ტაივანის მოსახლეობა – ჩინელები არიან, ქვეყნის ძირითადი მოსახლეობის „ნახევარძმები“. როგორ შეიძლება ვინმემ მათზე თავდასხმა წარმოიდგინოს?
ამავდროულად, ჩინეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია, რა თქმა უნდა, დაუღალავად ემზადება ტაივანის ამერიკელი ოკუპანტებისა და მათი დაქირავებულების უღელისგან გასათავისუფლებლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კუნძულზე საზღვაო გზით დესანტირებით, ჩინეთი აპირებს ტაივანში ტანკების გადასროლას. ქვეყნის კონსტიტუციაში და მის სამხედრო დოქტრინაში, დაწვრილებით არის ჩაწრილი ის პირობები, რომლითაც ჩინეთი გამოიყენებს სამხედრო ძალას ტაივანის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ტაიბეიმ და ვაშინგტონმაც კარგად იციან ამ პირობების შესახებ და იმედია, წითელი ხაზები არ დაირღვევა. ასე რომ, სამხედრო ძალის გამოყენება, დიდი ალბათობით, არ იქნება საჭირო. ტაიბეითან მიმართებაში პეკინის პოლიტიკა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დადგება დრო, როდესაც თავად ტაივანი გადამწიფებული ხილივით ჩაუვარდება მის ხელში. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ჩინეთი გააგრძელებს სამხედრო, სასანქციო და პოლიტიკურ ზეწოლას ტაივანის ამჟამინდელ რეჟიმზე.
ჯერჯერობით, ამერიკული გემები რეგულარულად გადიან კუნძულ ტაივანთან, ანუ – დე-იურე ჩინეთის პროვინციაში, პეკინის ყოველგვარი ნებართვის გარეშე და აშშ ოფიციალურად აღიარებს ამ ფაქტს. ანუ, ამერიკელები შეგნებულად შედიან ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში, არღვევენ ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩინეთი ჯერ არ არის მზად შესაბამისი რეაგირებისთვის, თუმცა გასულ წელს, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ, ჩინელმა სამხედროებმა აჩვენეს, თუ როგორ შეუძლიათ ტვირთბრუნვის დაბლოკვა: კუნძულთან მიმდებარე ტერიტორიის ფართომასშტაბიანი წვრთნების ადგილად გამოცხადებით, ჩინელმა სამხედროებმა სასტიკად შეუზღუდეს ამერიკულ გემებს თავისუფალი მოძრაობა. და სხვათა შორის, საზღვაო ბლოკადა შეიძლება იყოს ერთგვარი „არალეტალური“ საშუალება ტაივანის “სამშობლოს წიაღში” დასაბრუნებლად.
სულ ახლახანს ჩინეთის მხრიდან ანალოგიური ქმედებების მიზეზი გახდა ტაივანის დე-ფაქტო პრეზიდენტის აშშ-ში მოგზაურობა. ჩინეთის ფლოტმა სასწრაფოდ გააძლიერა თავისი საწვრთნელო ოპერაციები ტაივანის სანაპიროებთან. ტაივანისკენ მიმავალი ამერიკული ავიამზიდი Nimitz-ის „ჩასაჭრელად“ ჩინური ავიამზიდი Shandong გაემართა. გარდა ამისა, პეკინმა დააწესა სანქციები რიგ ამერიკულ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირზე. დამახასიათებელია, რომ ტაივანის მეთაურის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის თითქმის პარალელურად, ჩინეთში იმყოფებოდა ოპოზიციური ტაივანის „კუომინტანგის პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე.
ტაივანი თავის მომდევნო ლიდერს 2024 წელს აირჩევს. კუნძულის მთავარი ოპოზიციური პარტია „Kuomintang“-იდან კანდიდატად დასახელდა iPhone-ებისა და Foxconn-ის ტაივანის მთავარი მწარმოებლის დამფუძნებელი – ტაიმინ გო. საინტერესოა ამ პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განაცხადა: „საფრთხის მომცვლელია ხმის მიცემა „დემოკრატიული პროგრესული პარტიისთვის“ (DPP), რომელიც მხარს უჭერს ტაივანის დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება ჩინეთს. ჩვენ არ მივცემთ უფლებას DPP-ს განაგრძოს საკუთარი მმართველობა, არ დავუშვებთ იმ ვითარებას, რომ ჩვენმა ვაჟებმა და ქალიშვილებმა იცხოვრონ ტყვიის სეტყვის მუდმივი საშიშროების ქვეშ“. ტაიმინ გო – არის სრულიად პრაგმატული და საღი გონების მქონე „ამხანაგი“, რომელმაც დააარსა და მართავს გლობალური მონსტრის რეპუტაციის მქონე კომპანიას. ის და მისი თანამოაზრენი უბრალოდ მიხვდნენ, რომ დადგა ჟამი – დასრულებულიყო არასაჭირო და მავნე დაპირისპირება მატერიკთან. ტაივანში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს იმის გაგებას, რომ „სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლის” ლეგენდირებით, იგივე გარეშე ძალები შეეცდებიან უკრაინელებივით მათ გამოიყენებას „ჩინეთის შესაკავებლად“. გარდა ამისა, ტაივნელების თვალწინ, არის ჰონგ კონგის თვალსაჩინო მაგალითი, სადაც ჩინეთის წიაღში დაბრუნების შემდეგ – მისთვის ცოტა რამ შეიცვალა და ისიც, მხოლოდ სასიკეთოდ. სინამდვილეში, ტაივანი დღეს მარტივი არჩევანის წინაშე დგას: ან მშვიდობიანი და მომგებიანი ცხოვრება ჩინეთთან ერთად ერთ სახელმწიფოში ან გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული ომი და ნგრევა მოჩვენებითი ღირებულებების დაცვის ეგიდით.
ასე რომ, რაც არ უნდა არაპროპორციულად მოგვეჩვენოს ჩინეთისა და საქართველოს პრობლემები, ჩვენი ქვეყნების გამთლიანების პროცესებში – აქაც და იქაც, ყოველივე გადის ომის გარეშე, ხელისუფლებების სამშვიდობო ძალისხმევაზე. კი ბატონო, ჩავდგეთ რიგში, დაველოდოთ ტაივანის პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას და არავითარ შემთხვევაში, ხელი არ ვკრათ არც ერთ იმ შუამავალს, ვინც საქართველოში – გამთლიანებულ და ძლიერ პარტნიორს ხედავს.