8 აგვისტო, 2023 წ.
World Economics-ის ინფორმაციით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის პარიტეტით გერმანიას სჯობნის.
2022 წლის ბოლოსთვის, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთი მსოფლიოს 5 უმსხვილეს ეკონომიკებს შორის მოხვდა, ხოლო მსყიდველობითი უნარის პარიტეტით ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ World Economics-ის ბოლო მოხსენებაში ვკითხულობთ.
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რომელიც რუსეთის ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, გასული წლის მიწურულს რუსეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა მსყიდველობითი უნარის პარიტეტით 5,51 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ეს ციფრი 38 პროცენტით აღემატება ოფიციალურ შეფასებას − 3,993 ტრილიონ აშშ დოლარს.
მოხსენებაში ისიც არის ნათქვამი, რომ რუსეთის ეკონომიკამ გერმანიის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის პარიტეტით უკან ჩამოიტოვა. ამ უკანასკნელის მშპ 5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების სიას ჩინეთი უდგას სათავეში (31 ტრილიონი აშშ დოლარი), შემდეგ მოდის აშშ, ინდოეთი და იაპონია. ტოპ-ათეულში ასევე მოხვდნენ ინდონეზია, ბრაზილია და თურქეთი.
რუსეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ახლახან გამოაქვეყნეს თავიანთი პროგნოზები და განაცხადეს, რომ სანქციების მიუხედავად რუსეთის მშპ კვლავ გაიზრდება ძლიერი სავაჭრო ბრუნვის, სამრეწველო წარმოებისა და ენერგომატარებლების გაყიდვით მიღებული მაღალი (ვიდრე ელიან) შემოსავლებით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუსეთში ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც გაგრძელდება, თუმცა მოკრძალებული 1,2 პროცენტი შენარჩუნდება.
რუსეთის მთავრობამ ეკონომიკის პოზიტიური პერსპექტივა შეინარჩუნა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის პროგნოზით, 2024 წელს რუსეთის ეკონომიკა ზრდის ტემპით განვითარებულ ქვეყნებს გაასწრებს.
https://www.azerbaycan24.com/en/russia-becomes-europe-s-biggest-economy-report/