პოლიტიკასხვადასხვა

მონტანას თავზე საიდუმლო აეროსტატის გამოჩენის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი გააუქმა

0

ვაშინგტონი (AP) – აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა, ამ უქმეებზე ჩინეთში დაგეგმილი დიპლომატიური ვიზიტი გადადო, რადგან ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინური აეროსტატის გამოჩენასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღებაზე ფიქრობს. პენტაგონმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა ჩინური ჯაშუშური აეროსტატი, რომელიც  მონტანას შტატის დასავლეთ ნაწილში მნიშვნელოვანი ბირთვული სარაკეტო ობიექტების თავზე დაფრინავდა.
მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს ჩინეთის მტკიცების მიუხედავად, რომლის თანახმადაც აეროსტატი ამინდის საკვლევი „დირიჟაბლი“ იყო, რომელმაც გეზიდან გადაუხვია. შეერთებულ შტატებში მას სათვალთვალო საშუალება უწოდეს.
ეს ინფორმაცია მანამ გახდა ცნობილი, სანამ ბლინკენი პეკინში გაემგზავრებოდა. მოვლენების ამგვარმა განვითარებამ აშშ-ჩინეთის დაძაბულ ურთიერთობას ახალი დარტყმა მიაყენა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, და სამხრეთი კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა და გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ, განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა ჩამოაგდოს ეს აეროსტატი.
ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა მოიერიშე თვითმფრინავები, მათ შორის F-22, მზადყოფნაში მოიყვანა, რათა ბრძანების შემთხვევაში  ეს აეროსტატი ჩამოეგდოთ. საბოლოოდ პენტაგონმა უარი განაცხადა მის ჩამოგდებაზე მიუხედავად იმისა, რომ აეროსტატი მონტანას მეჩხერად დასახლებულ რაიონს დასტრიალებდა თავს. ზომიდან გამომდინარე აფეთქებისას აეროსტატი დიდ ნამსხვრევებად დაიშლებოდა, რასაც შეეძლო მოსახლებისთვის საფრთხე შეექმნა.
ზემოხსენებული მაღალჩინოსნის განცხადებით, აეროსტატი მონტანაში სარაკეტო ქარხნებს დასტრიალებდა თავს, თუმცა შეერთებული შტატებში ჩათვალეს, რომ მას „შეზღუდული“ მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით თუ ჩინეთი ინფორმაციას სხვა ტექნოლოგიებით, როგორიცაა ჯაშუშური თანამგზავრები, ვერ მოიპოვებდა. მისი თქმით, შეერთებული შტატების საჰაერო სივრცის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე ბლინკენის ვიზიტი ვერ შედგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაგეგმილი იყო. მაღალჩინოსანმა ისიც განაცხადა, რომ ბლინკენმა ჩინელებს უთხრა, რომ „პირველი შესაძლებლობისთანავე, როგორც კი ამის პირობები შეიქმნება“ ჩინეთში გაემგზავრება.

ორივე ქვეყანაში ფიქრობდნენ, რომ ბლინკენი და ჩინელი მაღალჩინოსნები არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებთ საერთო ენას გამონახავდნენ. იქნებოდა ეს ტაივანის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა, ადამიანის უფლებები, ჩინეთის პრეტენზიები სამხრეთი ჩინეთის ზღვაზე, ჩრდილოეთი კორეა, უკრაინის ომი, სავაჭრო პოლიტიკა თუ კლიმატის ცვლილება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტი, რომლის შესახებაც პრეზიდენტი ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გასული წლის ნოემბერში ინდონეზიაში გამართული დიდი ოცეულის სამიტზე შეთანხმდნენ, ოფიციალურად არ იყო გამოცხადებული, ჩინელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები ბლინკენის პეკინში ჩასვლაზე ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობდნენ.
ბლინკენსა და ჩინელ მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრები ორი დღე (კვირა-ორშაბათი) უნდა გაგრძელებულიყო. აეროსტატის გამოჩენამ ვაშინგტონში ბევრი ადამიანი შეაშფოთა და ჩინელი მაღალჩინოსნებისადმი შეერთებული შტატების პროტესტის გარდა, ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესის არაერთმა რესპუბლიკელმა წევრმა მკაცრად გააკრიტიკა, რომლებიც პეკინთან მიმართებით უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებას უჭერენ მხარს.
ჩინეთი პენტაგონის განცხადებას დუმილით შეხვდა. ცნობილია, რომ პეკინი გაბრაზებული ეწინააღმდეგება შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოების მიერ იმ ტერიტორიების თვალთვალის მცდელობას, რომლებსაც თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ჩინეთმა ერთხელ უკვე ჩამოაგდო ამერიკული ჯაშუშური თვითმფრინავი.
პარასკევს შედარებით შემარიგებლური განცხადება გააკეთეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩინელების თქმით, აეროსტატი სამოქალაქო დირიჟაბლი იყო, რომელსაც ძირითადად მეტეოროლოგიური კვლევისთვის იყენებენ. სამინისტროში ისიც განაცხადეს, რომ აეროსტატს შეზღუდული აქვს დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობები და მან ქარის გამო „გადაუხვია დაგეგმილი გეზიდან“.
„ჩინური მხარე ნანობს დირიჟაბლის გაუთვალისწინებელ შეჭრას შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში ფორსმაჟორის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: https://is.gd/fcwZrZ