ეკონომიკასხვადასხვა

მოლდოვაში მძიმე კრიზისი გრძელდება

0

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ენერგოინფრასტრუქტურა დაბომბა, მოლდოვა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები შეექმნა, რადგან უკრაინამ ვეღარ უზრუნველყო მეზობელ ქვეყანაში ელექტროენერგიის ექსპორტი. კრიზისში მყოფი მოლდოვა ელექტროენერგიის იმპორტს რუმინეთიდან ეწევა, ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ განაცხადა.

რუმინეთის პირველი დიპლომატის თქმით, ბუქარესტი კიშინიოვის მოთხოვნილებას ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით მეტწილად აკმაყოფილებს. მოლდოვას მოსახლეობის (2,55 მლნ) 82 პროცენტი რუმინელია, რომლებიც საკუთარ თავს „მოლდაველებად“ მოიხსენიებენ.

მოლდოვა თითქმის მთლიანად რუსულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. ენერგომატარებლებსა და სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ აკრიტიკებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. დასავლეთი სუბსიდიებითა თუ დახმარების სხვა ფორმით მოლდოვას პროდასავლური მთავრობის მხარდაჭერას ცდილობს.
ბოგდან აურესკუმ განმარტა, რომ რუმინეთი მოლდოვას მხარდაჭერას აგრძელებს.

„ოქტომბრის შუა რიცხვებში უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა დაიბომბა, რის გამოც უკრაინამ მოლდოვაში ელექტროენერგიის ექსპორტი ვეღარ შეძლო. ჩვენ დაუყოვნებლივ მივიღეთ შესაბამისი ზომები და მეზობელი ქვეყანა ელექტროენერგიით მოვამარაგეთ. ამა თუ იმ ფორმით, რუმინეთი მოლდოვას რესპუბლიკის მოთხოვნილებას ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით 80-90 პროცენტით აკმაყოფილებს“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მოლდოვამ, საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული განაცხადი 2022 წლის მარტში გააკეთა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, შესაბამისი დათქმებით მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველოს – არა.