პოლიტიკასხვადასხვა

რომის პაპი: მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო

0

რომის პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. ჯერ პატარა კერები შეიქმნა, მაგრამ მასში უკვე ყველა დიდი სახელმწიფო ჩაერთო. ბრძოლის ველი კი უკრაინაა, რომელიც იარაღის ბაზრად და იმპერიული ინტერესების იმპლემენტაციის ადგილად იქცა.
86 წლის ფრანცისკემ, რომელმაც 13 მარტს პონტიფიკოსად არჩევის 10 წლისთავი აღნიშნა, ამ თემაზე იტალიურენოვან შვეიცარიულ ტელეარხ RSI-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც გასულ კვირას გავიდა ეთერში.
„ომი ჩემთვის დანაშაულია, არასწორია. დაფიქრდით, ას წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში სამი მსოფლიო ომი მოხდა: 1914-1918, 1939-1945 და ახლანდელი, რომელიც მსოფლიო ომია. ჯერ პატარა კერები შეიქმნა, ახლა კი ვერავინ იტყვის, რომ ეს მსოფლიო ომი არ არის, რადგან მასში ყველა დიდი სახელმწიფო მონაწილეობს. ბრძოლის ველი კი უკრაინაა, ყველა იქ იბრძვის“, – განაცხადა პონტიფიკოსმა RSI-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
პაპის სიტყვით, ომი ახალი იარაღის გამოსაცდელი ადგილიცაა, საიდანაც იარაღის მწარმოებელი ინდუსტრია ფინანსურ სარგებელს ნახულობს.
„ეს გვახსენებს იარაღის მწარმოებელ ინდუსტრიას, არა? ეს დიდი ინდუსტრიაა. ერთმა ექსპერტმა მითხრა: ‘იარაღის წარმოება ერთი წლით რომ შეწყვიტონ, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა მოგვარდება’. ეს ბაზარია. იწყება ომები, ძველ იარაღს ყიდიან, ახალს ცდიან.. ორი თვის წინ უცნაურ უპილოტო საფრენ აპარატზე საუბრობდნენ, ახალი იარაღი გამოცადეს. ისინი ცდებს ატარებენ. სწორედ იარაღის გამოსაცდელად იწყება ომები“, – დასძინა ფრანცისკემ.
პაპის თქმით, ომის დაწყების მთავარი ინტერესი ფულია. „ეს რთულია, რადგან პირადი ინტერესებია. ფული ყოველგვარი ბოროტების სათავეა. ეშმაკს ფულთან ყოფნა უყვარს. ყოველთვის მაოცებდა, როდესაც იესო ამბობს, რომ ორ ბატონს ვერ ვემსახურებით. ‘ან ღმერთს ემსახურები…’ და ველოდი, რომ იტყოდა: ‘ან ემსახურები ეშმაკს’, მაგრამ რეალურად ეშმაკს არ ახსენებს. იგი ამბობს: ‘ან ემსახურები ღმერთს ან ფულს’. ეს გასაოცარია. იესო ცუდი კუთხით წარმოაჩენს ფულის არასწორ გამოყენებას. როდესაც ადამიანებმა ფულის სწორად გამოყენება არ იციან – განათლების მისაღებად, ოჯახების გამოსაკვებად, სხვების დასახმარებლად – და, პირიქით, ეგოისტურად იყენებენ, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება. ადამიანი ღმერთს შორდება“.
კონკრეტულ კითხვაზე, ახლანდელი მსოფლიო კონფლიქტის უკან ფინანსური ინტერესები ხომ არა დგას, რომის პაპმა არაორაზროვნად უპასუხა: „დიახ, ხომ ხედავთ, ჯიბეში ჩასადები ყოველთვის მოიძებნება“.
პონტიფიკოსს, რომელიც უკრაინის კონფლიქტის დაწყებამდე რამდენჯერმე შეხვდა ვლადიმირ პუტინს, ჰკითხეს, რას ეტყოდა რუსეთის ლიდერს დღეს რომ შეხვედროდა.
„მას გარკვევით დაველაპარაკებოდი. განათლებული კაცია. მასთან შეხვედრის სურვილიც კი გამოვთქვი. ომის დაწყებიდან მეორე დღეს წმიდა საყდარში რუსეთის საელჩოში მივედი, რათა მეთქვა, რომ თუ პუტინი მოლაპარაკების ფანჯარას შემომთავაზებდა მოსკოვში წასასვლელად მზად ვიყავი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მომწერა: ‘კეთილი, დიდი მადლობა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის’, – განაცხადა პაპმა.
„ვიცი, რომ პუტინმა ამის შესახებ გაიგო, მან იცის, რომ ჩემთან შეხვედრა შესაძლებელია. იმპერიული ინტერესები არა მხოლოდ რუსეთის იმპერიას, რომელიც იმპერიალისტურ პოლიტიკას პეტრე II-ისა და ეკატერინე II-ის დროიდან ატარებს, არამედ სხვა იმპერიებსაც ამოძრავებს. ერების მეორე ადგილზე დაყენება იმპერიას ახასიათებს. ერების კოსმოსს სწორედ ერთა თავისუფლება ქმნის, სწორედ ასეთი უნდა იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“, – განმარტა რომის პაპმა.

წყარო: https://is.gd/JMclhY