1. არსებული მდგომარეობა.
„პოლარიზაცია“ თუ საინფორმაციო-დივერსიული იერიში, როგორც ჰიბრიდული ომის სტრატეგია?
ყველა შიდა თუ საერთაშორისო ობიექტური კვლევითა და შეფასებით საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი განვითარებისათვის უმწვავესი გამოწვევაა. 12 პუნქტიან გეგმაშიც, რასაც ამჯამად საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებით ახორციელებს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, პოლარიზაციის შემცირება უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.
სამწუხაროდ, ის, რასაც „პოლარიზაციას“ უწოდებენ, თავისის მასშტაბითა და ხარისხობრივად, როგორც შინაარსის, ასევე ფორმის თვალსაზრისითაც, უკვე გასცდა ნორმალური სამართლებრივ-პოლიტიკური პროცესისასთვის დაშვებულ ზღვრებსა და ფაქტობრივად, საქართველოს სახელმწიფოს წინაღმდეგ ჰიბრიდული ომის მდგომარეობას წარმოადგენს.
ჰიბრიდული ომი „კლასიკურისგან“ პოლიტიკასა და ომს შორის „შებრუნებული“ მიმართებით განირჩევა. „კლასიკურია“ ომი, როცა პოლიტიკის წარმოება და პოლიტიკრი მიზნების მიღწევა ხდება ძალისმიერი, სამხედრო საშუალებებით, ე.ი. მოწინააღმდეგე სახელმწიფოს სუვერენული ნების სამხედრო ძალით გატეხვის, მისი დათრგუნვა-დამორჩილების გზით. ეს სახელმწიფოს ძალმოსილების მოსპობას, მათ შორის – მისი შეიარაღებუილი ძალების მწყობრიდან გამოყვანას, დაშლა-განიარაღებას, განადგურებას გულისხმობს. ჰიბრიდული ომისას თითქოს პირიქითაა: აქ მტრული მიზნის მიღწევის საშუალებაა პოლიტიკა. ასეთი ომი იმიტომაცაა ჰიბრიდული, რომ მტრული მიზნის – მოწინააღმდეგე სახელმწიფოს სუვერენული ნების დასათრგუნად გამოიყენება არა მხოლოდ და არა იმდენად სამხედრო, ძალისმიერი, რამდენადაც და უპირატესად – პოლიტიკის წარმოების სწორედაც „მშვიდობიანი“, ლეგალური (სამართლით ნებადართული) ანდა ნახევრად-ლეგალური საშუალებები.
პოლიტიკური პოლარიზაციის მასშტაბი და სიმძაფრის ის ხარისხი, რაც ქვეყანაში განსაკუთრებით 2019 წლის 20-21 ივნისის პარლამენტზე შტურმის შემდგომ გვაქვს, ჰიბრიდული ომის მახასიათებელ ძირითად ნიშნებზე მკაფიოდ მეტყველებს; აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს მტრული მიზანი – სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს ნების გატეხვის , სუვერენული ერი-სახელმწიფოს დათრგუნვის მცდელობა; ეს მცდელობა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ეროვნულ და სახელმწიფოებრივ იდენტობაზე ჰიბრიდული საშუალებებით (მათ შორის, ფიზიკური შტურმის გამოყენებითაც) და უწინარეს ყოვლისა, საინფორმაციო ომის სტრატეგიით, დეზინფორმაციული, საინფორმაციო-დივერსიული იერიშების მიტანით.
ამ საინფორმაციო ომის, რაც დეზინფორმაციული პროპაგანდის მძლავრი საშუალებებით უწყვეტად წარმოებს, გამოვლინებებია აგრესიული საინფორმაციო-დივერსიული მედია-კამპანიები (მაგ. მმართველობის სისტემის „არაფორმალურ მართვად“ გასაღება, ცრუ-დეოლიგარქიზაციის თავზე მოხვევა, პარლამენტის „გავრილოვიზება“, სასამართლოს „კლანიზაცია“ და სხვ.) . ისევე, როგორც პრაქტიკულად ყველა საჯარო ინსტიტუტზე, მათ შორის – სამთავრო დაწესებულებებზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ჯარზე, პოლიციაზე და ა.შ. ასევე, მათი ხელმძღვანელი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირების დისკრედიტირებისთვის დივერსიული, ძირგამომთხრელი, დეზინფორმაციული შეტევების მიტანა; საბოლოო ჯამში საინფორმაციო-დივერსიული უწყვეტი კამპანიების მთავარი სამიზნეა სამართალი და სამართლიანობა (რასაც ოდითგანვე ერთობლიობაში ქართულად „სჯული“ ეწოდებოდა), კონსტიტუციურობა,კონსტიტუციური წესრიგი – როგორც სახელმწიფოებრივი იდენტობის და სუვერენიტეტის ფუნდამენტი. უარესიც – საინფორმაციო დივერსიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნეს საქართველოს ეკლესიაც წარმოადგენს, რითაც იერიშის მიტანა ხდება არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ, არამედ ქართველთა ეროვნულ იდენტობაზეც.
შეიძლება ვქთვათ, რომ არსებული უკიდურესი პოლარიზაცია ჰიბრიდული საფრთხეების კრიტიკულ ზრდად, ფაქტობრივად – ჰიბრიდული ომის მდგომარეობად, უნდა მივიჩნიოთ.
2. მთავარი პრობლემა
ქვეყნის წინააღმდეგ ამგვარი საინფორმაციო ომის პრაქტიკულად შეუზღუდავი და თანაც, ლეგალური ან ნახევრად ლეგალური წარმოებისთვის, უნდა არსებობდეს შესაბამისად დეფორმირებული სამართლებრივი გარემო, როცა შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ დეზინფორმაციული „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“, არამედ – დეზინფორმაციული პროპაგანდის საშუალებების არსებითი „კონკურენტული უპირატესობების“ უზრუნველყოფა ობიექტურ, მიუკერძოებელ მედიასთან შედარებით.
დეზინფორმაციულ პროპაგანდას კონკურენტული უპირატესობები შეუქმნა მედია-გარემოს სამართლებრივმა დეფორმირებამ, რაც ქვეყანაში სახელმწიფო ძალაუფლების უზურპირების, შესაბამისად – კონსტიტუციის დეფორმირებისა და მთლიანად სამართლებრივი სივრცის საერთო გადაგვარებასთან ერთად ხდებოდა; ამას დასაბამი დაუდო ჯერ კიდევ 2004 წლის მაისში „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონის გაუქმებამ.
მედია- სივრცეში სამართლიანობის ლიკვიდაცია და უსამართლობის გაბატონება დაიწყო იმთავითვე, როგორც კი კანონმდებლობიდან საერთოდ გაქრა „მასობრივი ინფორმაციის საშუალებისა“ თუ „პროფესიული ჟურნალისტის“, ანდა, ვთქვათ – „ჟურნალისტის აკრედიტაციის“ ცნებები; მედია-სფეროს სამართლებრივი გარემოდან ამ ძირითადი ცნებების აორთქლებით განხორციელდა არა მხოლოდ მედიის მკვეთრი დერეგულაცია, არამედ პრაქტიკულად დაინგრა ობიექტური მედიიის, როგორც „მეოთხე ხელისუფლების“, საერთოდაც პროფესიული , მით უმეტეს აკრედიტირებული ჟურნალისტიკის იდენტობა. დერეგულირებული მედია გადაიქცა ობიექტური რეალობის საპირისპირო და პოლიტიკურად მოტივირებული ყალბი ანდა „ჭარბი“ „ინტერ-სუბიექტური“ სინამდვილის პოსტ-ინდუსტრიულ წარმოებად; წაიშალა ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი და განსხვავება ობიექტურ, დამოუკიდებელ „მეოთხე ხელისუფლებასა“ და დეზინფორმაციულ, პოლიტიკურ პროპაგანდას, უარესიც – მოსახელობაზე საინფრომაციო-დივერსიულ ძალადობას შორის; გაუქმდა მედიისა თუ ჟურნალისტის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობანი, მათი პროფესიული მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, მოხდა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ფუძემდებლელური პრინციპების აღიარების (მათ დაცვაზე აღარაფერს ვამბობთ) უკან წაღება, პროფესიულმა ჟურნალისტმა დაკარგა ყოველგვარი სამართლებრივი სტატუსი, შესაბამისად – პროფესიული საქმიანობის გარანტიებიც; ჟურნალისტი გაუთანაბრდა ნებისმიერ პირს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია მოიძიოს, შექმნას და დაუბრკოლებლად გაავრცელოს როგორც ობიეტქური რეალობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე აშკარა დეზინფორმაციაც; ასევე პირიქითაც – ნებისმიერი პირი პოტენციურად გაუთანაბრდა პროფესიულ ჟურნალისტს; ნებისმიერს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პოლიტიკურად, უარესიც – თუნდაც ანგარებითი მიზნებით მოტივირებული, აქვს თუ არა შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები, განათლება ან კვალიფიკაცია, შეუძლია საკუთარ ტავს „ჟურნალისტი“ უწოდოს და ეს გამოიყენოს როგორც პრივილეგია; სამაგიეროდ – პროფესიულ ჟურნალისტს ამგვარ პირთან შედარებით რაიმე კონკურენტული უპირატესობა პროფესიული და წარმატებული საქმიანობისთვის აღარ გააჩნია; უარესიც – იგი გაირიყება და განიდევნება, თუკი პროფესიული საქმიანობისას მიუკერძოებლობის შენარჩუნებას ეცდება; სწორედ ამან – ჟურნალისტური საქმიანობის პროფესიული სტანდარტისგან გათავისუფლებამ, მედიის დერეგულაციამ შექმნა გარემო, რათა ობიექტური რეალობა როგორც წესი, ანგარებითი მიზნებით მოტივირებული ყალბი ან „ჭარბი“ „ინეტრ-სუბიექტური“ სინამდვილით ჩანაცვლებულიყო.
განსაკუთრებით ცინიკურია, რომ „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ“ კანონი გააუქმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონმა, რის შედეგადაც ყალბად გაგებული თავისუფლების სახელით პრაქტიკულად გარანტირებული იქნა უპასუხისმგებლო, პოლიტიკური პატრონ-კლიენტელიზმით დაკაბალებული, ანგარებით შეპყრობილი, დეზინფორმაციულ-პროპაგანდისტული მედიის „სიტყვისა და გამოხატვის“ არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ პრაქტიკულად – სრული ხელშეუვალობაც, მათი ყოვლად უსამართლო პრივილეგირებული მდგომარეობა, რაც პოლიტიკური მფარველებისა თუ პატრონების ხელში მოქცეულ ასეთ ე.წ. მედიას რეალურად უკონკურენტოდ ტოვებდა; პარადოქსია, მაგრამ ჯიუტი ფაქტი: ლიბერალიზმის ლოზუნგით 2004-2012 წწ-ში რეალურ პრაქტიკაში უკიდურესად შეიზღუდა მედია-პლურალიზმი, ვინაიდან ობიექტური, პროფესიული ეთიკისა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრინციპების ერთგული ჟურნალისტიკა, იმდენად არაკონკურენტულ, წამგებიან და დისკრიმინირებულ, არა მხოლოდ მატერიალურად შევიწროვებულ, არამედ ფიზიკურადაც სასტიკად დევნილ მდგომარეობაში აღმოჩნდა;
ოდნავ მოგვიანებით, მედიის ამგვარი სრული დერეგულაცია მოჩვენებითად ვითომ დააბალანსა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონმა, რომელიც მიღებული იქნა 2004 წლის დეკემბერში; ეს კანონი შეეხებოდა მხოლოდ რადიო-ტელევიზიას, აფუძნებდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, აწესრიგებდა კერძო და სათემო მაუწყებლობას, ხოლო ფორმალურად ვითომცდა უზრუნველყოფდა მაუწყებლობის ობიექტურობას, „აზრისა“ და „ფაქტის“ გამიჯვნას, ასევე, მოჩვენებითად თითოსდა ზღუდავდა პოლიტიკურად მოტივირებულ პროპაგანდას (კანონით იკრძალებოდა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა პარტიაზე თუ პარტიის თანამდებობის პირზე); მაგრამ, პრაქტიკაში განხორციელდა სრულიად საპირისპირო რამ: სახელმწიფო ძალაუფლების უზრუპირების კვალობაზე ყველა ეროვნული მაუწყებელი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აღმოჩნდა სრულად მონოპოლიზებული და ნაციონალური მოძრაობის, რომელსაც მიტაცებული ჰქონდა სახელმწიფო, საპროპაგანდო მანქანის, მოსახლეობისათვის რეალობის საპირისიპირო „ინტერ-სუბიექტურობის“ თავს მოხვევის მძლავრ ინსტრუმენტად იქცა; ეს, მედია სივრცის კორპორაციულად მიტაცების პროცესი, რაც სამართლისა და სამართლიანობის აბუჩად აგდების და როგორც წესი, დანაშაულებრივი, აშკარა და დაუფარავი ძალადობის გზით ხორციელდებოდა, დაასრულა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელევიზია „იმედის“ უმოწყალო დარბევამ და სხვებივით დანაშაულებრივი გზით მისაკუთრებამ; 2008 წლიდან ობიექტური და მიუკერძოებელი მედია ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ არსებობდა, მედია სივრცეში მონოპოლიური, უკონკურენტო ბატონობის მდგომარეობა ეკავა სახელმწიფოსთან შეზრდილი, უფრო სწორედ – სახელმწიფოს საკუთარი კორპორაციით ჩამნაცვლებელი ნაციონალური მოძრაობის „ინტერ-სუბიექტურობის“ წარმოება-გავრცელების საშუალებებს, ხოლო მათი დაბალანსება ფსევდო, თუგინდ რეალურად ოპოზიციური მედიით, რომელიც მუდმივად განიცდიდა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას, დევნა-შევიწროვებასა და იმყოფებოდა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე, სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა;
2012 წლის შემდეგ, როცა არჩევნების შედეგად ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში გადავიდა, მართალია, სრულად აღმოიფხვრა მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის, რაიმე ფორმით მისი დევნა-შევიწროვებისა და მით უმეტეს, დანაშაულებრივი გზით მიტაცების პრაქტიკა, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით შენიღბული, ამ დემოკრატიული ჯავშნით საუკეთესოდ დაცული, დეზინფორმაციული პროპაგანდის საშუალებათა მიერ ყალბი ან ჭარბი „ინტერ-სუბიექტური“ რეალობის წარმოება არათუ არ შემცირებულა, არამედ პირიქით – განსაკუტრებულად გაცხოველდა; შედეგად – მედია სივრცის უკიდურესი პოლარიზაციის პროცესი შეუქცევადი გახდა; ხოლო იმ პირობებში, როცა დამოუკიდებელი „მეოთხე ხელისუფლების“ იდენტობა დარღვეული და დაუცველია კანონმდებლობით, დეზინფორმაციულმა, საინფორმაციო-დივერსიულმა პროპგანდამ ყოველგვარი „წითელი ხაზი“ გადაკვეთა და როგორც აღვნიშნეთ, 2019 წლის ივნისიდან რეალურად ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მთავარ სტრატეგიულ იარაღად.
2021 წლის 5 ივლისის შემდგომ სრულიად აშკარა გახდა, რომ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს მედია სივრცეში სამართლიანობის აღდგენა; ეს გულისხმობს დამოუკიდებელი მედიის, როგორც „მეოთხე ხელისუფლების“ კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას, ობიექტური ჟურნალისტიკასა და პოლიტიკურ პროპაგანდას შორის მკაფიო ზღვარის გავლებას. რაც მთავარია: ჰიბრიდული საფრთხის – მტრული, საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობის დამანგრეველი „ინტერ-სუბიექტური“ ცრუ-სინამდვილის საწარმოთა იმგვარად განეიტრალებას, რომ ზიანი არ მიადგეს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ამ უმთავრესი პრობლემის გადაჭრის უალტერნატივო გზას წარმოადგენს მედიის სამართლებრივი რეგულირება.
3. მედიის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნები და ამოცანები
სამართლებრივი მოწესრიგების მთავარი მიზანია მედია- სამართლიანობის აღდგენა. მედია სამართლიანობა გულისხმობს მედიის და პროფესიულად ჟურნალისტური საქმიანობის იმგვარ სამართლებრივ რეგულირებას, რაც სიტყვისა და გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების პირობებში:
ა) უზრუნველყოფს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის, როგორც „მეოთხე ხელისუფლების“ სათანადო კონკურენტუნარიანობასა და მისი იდენტობის მყარად დაცვას, მის
მკაფიო გამიჯვნას პოლიტიკური პროპაგანდისაგან;
ბ) ჟურნალისტური საქმიანობის საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი პრინციპების, მათ შორის – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად პროფესიული ჟურნალისტის სამართლებრივი სტატუსის, მი
სი უფლებების, მოვალეობებისა და პროფესიული პასუხისმგებლობების განსაზღვრას; ჟურნალისტის პროფესიული საქმინობის, მათ შორის – აკრედიტირებული ჟურნალისტიკის სამართლებრივ დიფერენცირებას იმ პირის, რომელიც სარგებლობს რა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, მოიპოვებს, ქმნის, ამუშავებს და ავრცელებს ინფორმაციას, საქმიანობისგან;
გ) მედია საშუალების მკაფიო დეფინიციას; მედია-რეჟიმში ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელების ზოგადი სტანდარტის დაწესებას; მათ შორის – მედია საშუალებით ძალადობის, უხამსობის, გარყვნილების, დისკრიმინაციის, ომისა და შუღლის გაღვივების, პერსონალური მონაცემების უკანონო გამჟღავნების და სხვ. საზოგადოებრივად საშიში კონტენტის სამართლიან და პროპორციულ შეზღუდვას; პოლიტიკურად მოტივირებული მედია პროპაგანდის საშუალებათა სამართლებრივ იდენტიფიცირებას, დეზინფორმაციული პარტიული პროპაგანდის სამართლიან და პროპორციულ შეზღუდვას;
დ) სახელმწიფოსა და საზოგადოების აშკარად დამაზიანებელი „ფეიკ- ინფორმაციის“ სამართლებრივ იდენტიფიცირებას, მედია-საშუალებისა და პროფესიული ჟურნალისტისათვის უფრო მკაფიო სამოქალაქო, ხოლო კანონით დადგენილ განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში რაც უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და სამართლით დაცულ სხვათა უფლებებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას დამაზიანებლად ყალბი, ობიექტური რეალობის საპირისპირო ინფორმაციის, მათ შორის – ცილისწამების, განზრახ შეთხზვისა და მედიით გავრცელებისთვის,
ე) მტრულად დეზინფორმაციული პროპაგანდის, ობიექტური სინამდვილის საპირისპირო, ყალბი ან ჭარბი „ინტერ-სუბიექტური რეალობის“ ორგანიზებული წარმოების, რაც განსაკუთრებულ, ჰიბრიდულ საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტსა ან ეროვნულ და სახელმწიფოებრივ იდენტობას, წინასწარი ცენზურის დაუშვებლობის პირობებში მკაფიო სამართლებრივ იდენტიფიცირებას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას ამგვარი მტრული განზრახვით დეზინფორმაციული მედია-პროპაგანდისთვის, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაულისათვის.
4. მედის რეგულირების არსი
მთავარი მიზნის – მედია სამართლიანობის აღდგენისა და ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელია ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია ისეთი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება-მიღებისთვის, რაც მოიცავს:
ა. „მედიის შესახებ“ კანონპროექტს; „მედიის შესახებ“ ეს ახალი კანონი კონცეპტუალურად მოიაზრება, როგორც არსებული, ასევე პოტენციური ჰიბრიდული საფრთხეებისას მედიის სამართლებრივი რეგულირების ძირითადი ჩარჩო, რომლის მიზანი იქნება: ერთის მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიების კანონით განმტკიცება; ხოლო ამავდროულად, მეორეს მხრივ – ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების გადასაწყვეტად ამ თავისუფლების ბოროტად ან/და მტრული მიზნებით გამოყენების წინააღმდეგ ლეგიტიმური შეზღუდვის საფუძვლებისა და საფრთხის პროპორციული ამგვარი შეზღუდვების ფარგლების დაწესებაც; კანონის კონცეფციის და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების შემუშავებისას როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული და მათ შორის, ინტერნეტ- მედიისთვის გათვალისწინებული იქნება მედია საშუალებისა და ჟურნალისტური საქმიანობის ცნებები, გარანტირებული იქნება მედიისა და ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობა, ცენზურის დაუშვებლობა; ამავდროულად, იდენტიფიცირებადი გახდება მკაფიო ზღვარი დამოუკიდებელ ჟურნალისტიკასა და პოლიტიკურად მოტივირებულ პროპაგანდას შორის; კანონით განისაზღვრება აკრედიტირებული ჟურნალისტიკა, როგორც სახელმწიფოებრივად და საზოგადოებრივად მთავარი ამბების ობიექტურად გაშუქების პრეზუმფციულად სანდო წყარო, დაწესდება სახელმწიფო აკრდიტაციის ზოგადი სტანდარტები; დაწესდება დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტიკის იგივე სტანდარტი, რაც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრინციპებითა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკითაა დადგენილი, შესაბამისად – განისაზღვრება მედია-საშუალებისა და პროფესიული ჟურნალისტის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლება-მოვალეობანი და პროფესიული საქმიანობის გარანტიები; პოლიტიკურად მოტივირებული პროპაგანდა, სიტყვისა და გამოხატვის კონსტიტუციურად გარანტირებული თავისუფლებიდან გამომდინარე, ცხადია, ვერ და არც აიკრძალება, მაგრამ პარტიული მედია- საშუალება გაიმიჯნება პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი მედიისგან, რითაც აღდგება დამოუკიდებელი მედიის, როგორც „მეოთხე ხელისუფლების“ იდენტობა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაწესებით შეიზღუდება დამაზიანებელი „ფეიკ-ინფორმაციის“ განზრახ შეთხზვა და ბეჭდური, თუ ელექტრონული, მათ შორის- ინტერნეტ-მედიით გავრცელება, განსაკუთრებით მძიმე შემთხვვებისათვის, მაგ. განზრახ ცილისწამებისათვის – აღდგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მტრული დეზინფორმაციული პროპაგანდა, სუვერენიტეტის, ანდა ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობის წინააღმდეგ მიმართული ყალბი ან ჭარბი „ინტერ-სუბიექტური რეალობის“ ორგანიზებული წარმოება, როგორც ჰიბრიდული ომის მთავრი იარაღი, კანონით აიკრძალება და ასეთი მტრული საქმიანობა მიჩნეული იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად.
ბ. „მედიის შესახებ“ ამ ჩარჩო-კანონით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ მოქმედი კანონის საჭიროება აღარ იარსებებს, რადგან მედიის სამართლებრივი რეგულირების შემთხვევაში ეფექტიანად იმუშავებს სამართლებრივ სახელმწიოფში სამოქალაქო თავისუფლების მარტივი პრინციპი: ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის კანონით, ნებადართულია.
გ. მომზადდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ახალი რედაქცია; საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ნორმები არსებითად არ გადაისინჯება, მაგრამ პრინციპულად შეიცვლება კერძო მაუწყებლობის ლიცენზირების პირობები; პრაქტიკა ადასტურებს, რომ პარტიისა და პარტიის თანამდებობის პირის მიერ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების მოქმედი კანონით დაუშვებლობა პრაქტიკულად სრულიად უშედეგოა და იოტისოდენადაც ვერ ზღუდავს პარტიულად მოტივირებულ პროპაგანდას; მეტიც – ამგვარი პროპაგანდის, თუ იგი აშკარად კანონსაწინააღმდეგო არ არის, გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს; ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას კანონით თანასწორად უნდა გააჩნდეს თავისუფლება, დაარსოს და შეინახოს საკუთარი მედია ორგანო; ამავდროულად, აუცილებელია, რომ დამოუკიდებელი და პარტიულად მოტივირებული მედია იდენტიფიცირებადი გახდეს და ერთი-მეორესგან განირჩეოდეს; ამიტომ, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისგან ცალკე უნდა გამოიყოს მაუწყებლობა პოლიტიკური ნების ფორმირებისა და გამოხატვის მიზნებით (რაც მოქმედი კანონმდებლობით პარტიული მიზნებია) და იგი მიჩნეული უნდა იქნას ან უშუალოდ პარტიული მედია პროპაგანდის ორგანოდ, ანდა პარტიასთან აფილირებულ მაუწყებლობად; ხოლო ის ხარჯი, რაც გაიწევა ასეთი მაუწყებლობის ფუნქციონირებისათვის და მის შესანახად, განეკუთვნოს პოლიტიკური პარტიის ფინანსებს და მასზე გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის 251 მუხლით დაწესებული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც „პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას.“
დ. ასევე მედიის რეგულირების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მომზადდება შესაბამისი ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში, მათ შორის: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში თუ სხვ.
მისასალმებელია, რომ მოძრაობა „ხალხის ძალამ“ თავისი ინიციატივებით, რაც ანონსირებულია, უკვე გადადგა საწყისი კონკრეტული ნაბიჯები მედია სამართლიანობის აღსადგენად; ამ მიზნით ფართო საზოგადოების კონსოლიდაციისათვის აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის – ხელისუფლების ორგანოების, პარტიების, მედია-საშუალებისა თუ მთლიანად სამოქალაქო სექტორის და სხვ. ჩართულობა. სწორედ საზოგადოებრივი კონსოლიდაცია მედია-სამართლიანობის აღსადგენად შექმნისმყარ საფუძველს პოლარიზაციის შემცირების და რაც მთავარია, ერი-სახელმწიფოს იდენტობის წინააღმდეგ შექმნილი ჰიბრიდული საფრთხეების გასანეიტრალებლად, მტრული, დეზინფორომაციული პროპაგანდის შემოტევათა შესაკავებლად.