ვატო შაქარიშვილი რომან გოცირიძის სტატუსს ეხმაურება
არახალია, რომ საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა ყველა ტრადიციული ინსტიტუტის წინააღმდეგ.
ქვეყნის გარედან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, მედია საშუალებები თუ ცალკეული პირები მიზანმიმართულად, ყოველგვარი ბინძური მეთოდების გამოყენებით ცდილობენ შეარყიონ ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი – მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. აღვირახსნილ კამპანიას, მხოლოდ რელიგიური განზომილება არ აქვს, მას გააჩნია მნიშვნელოვანი პოლიტიკური განზომილებაც. ნეო-ლიბერალური იდეოლოგიის გაბატონებას, სწორედ ქრისტიანობა და ტრადიციული ღირებულებებისადმი ერთგულება აფერხებს. ამ ძალების მავნებლური საქმიანობა თავშივე განწირულია მარცხისთვის. მორწმუნე ადამინისთვის ამ ყველაფერზე პასუხი მათეს სახარებაშია – “ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მათე 16,18).
ამჯერად, რომან გოცირიძე გამოდის წინა ხაზზე და გვიმტკიცებს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მიზეზი და სათავე – მართლმადიდებლობაშია. ამიტომ, თუ გვინდა რომ “კარგად” ვიცხოვროთ, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ რწმენისგან და უარი უნდა ვთქვათ მართლმადიდებლობაზე. ბატონი რომანი, სტატისტიკასაც იშველიებს იმისათვის, რომ მისი აბსურდული თეორია უფრო დამაჯერებელი გახადოს. თანამედროვე “ბოლშევიკი” რომანი, სარწმუნეობის ალტერნატივად – განათლებას გვთავაზობს. თავის დროზე, “ბოლშევიკებიც” პროგრესის სახელით ებრძოდნენ ღმერთს და ანგრევდნენ ეკლესიებს. სინამდვილეში, ეს ორი ცნება განუყოფელია! სწორედ მათი სინთეზი და ჰარმონია განაპირობებს, როგორც ინდივიდის, ისე ქვეყნის წარმატებას. შეიძლება ითქვას, რომ ბატონი რომანი, ლევან ბერძენიშვილიზაციას გვთავაზობს, რომელიც – ურწმუნო და განსწავლულის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია!