„დიდი საფრთხე“, რომელიც ევროპას ემუქრება არის ის, რომ იგი „იმ კრიზისებში აღმოჩნდება ჩართული, რომლებთანაც არაფერი გვაკავშირებს“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.
ჩინეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საკუთარ თვითმფრინავში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს და ტაივანის გამო ჩინეთსა და აშშ-ის შორის დაპირისპირებაში არ უნდა ჩაერთოს.
მას შემდეგ, რაც მაკრონმა სი ძინპინთან 6 საათი გაატარა, „პოლიტიკოსა“ (POLITICO) და ორ ფრანგ ჟურნალისტთან საუბრისას ხაზი გაუსვა თავის საყვარელ თეორიას „სტრატეგიული ავტონომიის“ შესახებ, რომლის თანახმადაც ევროპა, სავარაუდოდ, საფრანგეთის ხელმძღვანელობით, „მესამე ზესახელმწიფო“ უნდა გახდეს.
თვითმფრინავში, რომელიც პეკინიდან გუანჯოუში მიფრინავდა, მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი საფრთხე“, რომელიც ევროპას ემუქრება არის ის, რომ იგი „იმ კრიზისებში აღმოჩნდება ჩართული, რომლებთანაც არაფერი გვაკავშირებს, რაც ევროპას ხელს უშლის სტრატეგიული ავტონომიის ჩამოყალიბებაში“.
სი ძინპინი და ჩინეთის კომუნისტური პარტია ენთუზიაზმით უჭერენ მხარს მაკრონის კონცეფციას “სტრატეგიული ავტონომიის” შესახებ და ჩინეთის ოფიციალური პირები მუდმივად მიმართავენ მას ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობისას. პარტიის ლიდერები და თეორეტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ დასავლეთი სუსტდება, ჩინეთი კი აღმავლობას განიცდის, ხოლო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესუსტება ხელს შეუწყობს ამ ტენდენციის დაჩქარებას.
პარადოქსი ის იქნება, რომ პანიკის გადასვლის შემდეგ გარიკვევა, რომ ჩვენ მხოლოდ ამერიკის “მიმდევრები” ვართ“, – ამბობს მაკრონი ინტერვიუში. „ევროპელებს აინტერესებთ პასუხი კითხვაზე – შედის თუ არა ჩვენს ინტერესებში ტაივანის კრიზისის გაღვივება? არა! არ შეიძლება იმაზე უარესი რამ, ვიდრე გვეფიქრა, რომ ამ მიმართულებით ევროპელებმა მხარი უნდა დავუჭიროთ და გავითვალისწინოთ შეერთებული შტატების დღის წესრიგი და არ გვეფიქრა ჩინეთის მწვავე რეაქციაზე“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მას შემდეგ, რაც მაკრონის თვითმფრინავმა გუანჯოუდან პარიზისკენ აიღო გეზი, რამდენიმე საათში ჩინეთმა ტაივანის გარშემო დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო. პეკინი ამ თვითმმართველ კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, რომელსაც შეერთებული შტატები შეიარაღებასა და დაცვას დაჰპირდა.
ეს წვრთნები ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინვენის, 10-დღიანი დიპლომატიური ტურის პასუხი იყო. მოგზაურობისას ტაივანის პირველი პირი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერ კევინ მაკკარტისაც შეხვდა. იმ ადამიანების თქმით, რომლებიც კარგად იცნობენ მაკრონის შეხედულებებს, იგი ბედნიერი იყო, რომ პეკინმა „ტაივანის გარშემო“ მოდელირებული სამხედრო წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩინეთის საჰაერო სივრცე დატოვა.
ბოლო წლებში ჩინეთი არაერთხელ დაიმუქრა, რომ ტაივანში შეიჭრებოდა. პეკინი დემოკრატიული კუნძულის იზოლაციის პოლიტიკას განაგრძობს და სხვა ქვეყნებს აიძულებს, რომ იგი „ერთიანი ჩინეთის“ ნაწილად აღიარონ.
ტაივანთან დაკავშირებული მოლაპარაკებები
საფრანგეთის პრეზიდენტის თანმხლები ფრანგი ოფიციალური პირების თქმით, მაკრონმა და სიმ სიღრმისეულად განიხილეს ტაივანის საკითხი. როგორც ჩანს, საფრანგეთის პირველ პირს განსხვავებული მიდგომა აქვს, ვიდრე აშშ-ს ან თუნდაც ევროკავშირს.
„ტაივანის სრუტეში სტაბილურობა უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გასულ ხუთშაბათს პეკინში სისთან შეხვედრისას. „სტატუს-კვოს შესაცვლელად ძალის გამოყენების მუქარა მიუღებელია“.
ჩინეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ტაივანთან დაკავშირებით პეკინზე გავლენას მოახდენს, თავს იტყუებს. როგორც ჩანს, მაკრონი ეთანხმება ამ შეფასებას.
„ევროპელებს უკრაინის კრიზისის მოგვარებაც კი არ შეუძლიათ; დამაჯერებლად როგორ ვიტყვით ტაივანზე?!“ – განაცხადა მაკრონმა.
„ევროპა მზად არის მიიღოს ისეთი სამყარო, რომელშიც ჩინეთი რეგიონალური ჰეგემონი ხდება“, – ამბობს Gavekal Dragonomics-ის ანალიტიკოსი გეოპოლიტიკის საკითხებში იანმეი შეი. „მისი ზოგიერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ევროპისთვის ასეთი მსოფლიო წესრიგი შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს“.
გასულ ხუთშაბათს პეკინში, მაკრონსა და ფონ დერ ლაიენთან სამმხრივი შეხვედრის დამსწრეთა ინფორმაციით ლიდერებმა უკრაინასა და ტაივანზე ისაუბრეს.
„სი აშკარად გაღიზიანებული იყო იმით, რომ მას უკრაინის კონფლიქტზე პასუხისმგებლ პირად მიიჩნევენ. ამ კონტექსტში, მან ნაკლებმნიშვნელოვნად წარმოაჩინა თავისი ბოლო ვიზიტი მოსკოვში“ – განაცხადა, ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა. „იგი აშკარად განრისხებული იყო შეერთებული შტატების რეაქციით და ძალიან აღელვებული იყო ტაივანის ნაბიჯით, რადგან ტაივანის პრეზიდენტმა აშშ-ში ტრანზიტით გაიარა და ასევე იმ ფაქტით, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხები ევროპელებმა წამოჭერეს“.
აღნიშნული პირის თქმით, შეხვედრისას მაკრონმა და ფონ დერ ლეიენმა ტაივანის მიმართ ურთიერთმსგავსი პოზიციები დაიკავეს. ამის შემდეგ მაკრონი ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ესაუბრა ჩინელ კოლეგას, შეხვედრის დიდი ნაწილი მხოლოდ თარჯიმნების მონაწილეობით წარიმართა. ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონს გაცილებით უფრო ლმობიერი ტონი ჰქონდა, ვიდრე ფონ დერ ლაიენს.
„ვასალების“ გაფრთხილება
მაკრონმა ისიც განაცხადა, რომ ევროპა იარაღისა და ენერგომატარებლების კუთხით აშშ-ზე ძალიან დამოკიდებული გახდა და ახლა ყურადღება უნდა გაამახვილონ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე წინადადებით გამოვიდა, რომ ევროპამ „აშშ დოლარის ექსტრატერიტორიულობაზე დამოკიდებულობა უნდა შეამციროს“, რაც მოსკოვისა და პეკინის მთავარი პოლიტიკური მიზანია.
„თუ ამ ორ ზესახელმწიფოს შორის დაძაბულობა გამწვავდება… არც დრო გვექნება და არც რესურსები ჩვენი სტრატეგიული ავტონომიის დასაფინანსებლად და ვასალები გავხდებით“, – დასძინა მაკრონმა.
ბოლო წლებში შეერთებული შტატების დაწესებულმა სანქციებმა რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სხვა ქვეყნები მნიშვნელოვნად დააზარალა. ევროპაში უკმაყოფილო არიან იმ ფაქტით, რომ ვაშინგტონი დოლარს „იარაღად იყენებას“, რაც ევროპულ კომპანიებს აიძულებს ბიზნესის კეთებაზე უარი თქვან და მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან კავშირები გაწყვიტონ ან მეორადი სანქციები დაემუქრებათ.
მაკრონის თქმით, „სტრატეგიული ავტონომიის შესახებ იდეოლოგიური ბრძოლა“ ევროპისთვის უკვე მოიგო. საფრანგეთის პრეზიდენტს კონტინენტის მიმართ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არ უსაუბრია.
საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთია და ევროკავშირში ერთადერთი ბირთვული სახელმწიფოა. სამხედრო თვალსაზრისით, იგი უნიკალურ მდგომარეობაშია. თუმცა პარიზმა უკრაინის დაცვაში გაცილებით ნაკლები წვლილი შეიტანა, ვიდრე სხვა ქვეყნებმა.
წყარო: https://is.gd/pUj5W0