პოლიტიკასხვადასხვა

ლუკაშენკო რუსეთის მოკავშირეებს ბირთვულ იარაღს სთავაზობს

0

15 ივნისი, 2023 წ.

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას დასავლეთში მკაცრი შეფასება მოჰყვა. მისი თქმით, თუ პრორუსი მოკავშირეები რუსეთის ინტერესებს გაითვალისწინებენ, სანაცვლოდ შეიძლება ბირთვული იარაღი გადასცენ.

ბელარუსის ლიდერმა ამის შესახებ 28 მაისს რუსეთის სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მინსკი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან მაისის დასაწყისში საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას მწვანე შუქი აუნთო.

ალექსანდრე ლუკაშენკოს კომენტარები აძლიერებს შიშს, რომ რეგიონში შეიძლება შეიარაღების რბოლა გაძლიერდეს, რადგან ცოტა ხნის წინ მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს.

„ძალიან მარტივია − შეუერთდით რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს. სულ ეს არის: ბირთვული იარაღი ყველას ექნება“, − განაცხადა უკრაინის ომში კრემლის მტკიცე გეოპოლიტიკურმა მოკავშირემ.

ლუკაშენკოს განცხადებები ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში გააკრიტიკეს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მოსკოვისა და მინსკის ბირთვული ალიანსი საფრთხეს უქმნის იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით დადეს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, რუსეთისგან ბირთვული იარაღის მიღების ცნებას „ხუმრობა“ უწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტის ფონზე სერიოზულად ცდილობს თავისი გავლენის სფეროს საიმედო დაცვას.

უკრაინამ, ბელარუსმა და ყაზახეთმა თავიანთ ბირთვულ იარაღზე 1990-იან წლებში თქვეს უარი.

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ იარაღი, რომელიც მის ქვეყანაში განთავსდება, სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ-ის მიერ 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბები.

წყარო 1: https://europeanconservative.com/articles/news/lukashenko-suggests-nukes-for-russian-allies/

წყარო 2: https://news.sky.com/story/belarus-starts-receiving-tactical-nuclear-weapons-from-russia-president-alexander-lukashenko-says-12902024