პოლიტიკასაზოგადოებასხვადასხვა

ლობიზმი ბრიუსელში – პატიოსანი ვაჭრები თუ ბინძური საქმოსნები?

0

ბრიუსელი სავსეა ლობისტებით. ყოველდღიურად 30, 000 ლობისტი 750 ევროპარლამენტარზე, 28 კომისარსა და მათ თანამშრომლებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. კორპორაციები საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ლობისტური საქმიანობისთვის მილიარდებს ხარჯავენ. ამის მიუხედავად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლობისტების გავლენამ და საქმიანობამ შეშფოთება გამოიწვია.
ევროკავშირში „არადემოკრატიული“ ლობიზმის წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო, რისი მიზანიც „მწარე სიმართლის“ გამოვლენაა, რადგან შესაძლებელი გახდა გავლენის „ყიდვა“, თანაბარი შესაძლებლობების ცნება კი „მხოლოდ მითია“. ევროპაში კორუფციისა და ლობიზმის შესაჩერბლად ევროპარლამენტარი სვენ გიგოლდი იბრძვის.

გიგოლდი 30,000 ლობისტს უპირისპირდება. ერთი შეხედვით, ეს ბრძოლა უიმედოა, მაგრამ ასეა? თუ ბოლოდროინდელ ონლაინგამოკითხვის პასუხებს გავეცნობით, შეიძლება ითქვას, რომ არა. გამოკითხვისას მოქალაქეებს „ახალი და ძლიერი“ გამჭვირვალობის კანონის შესახებ, რომელიც ლობიზმს უკავშირდება, იდეების წარმოდგენა სთხოვეს.
მთელ ევროპაში დაახლოებით 2,000 ადამიანი გამოკითხეს. მრავალმა მათგანმა ბრიუსელში ლობისტების საქმიანობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

„ალიანსი 90/მწვანეების“ წევრმა, სვენ გიგოლდმა, ამ კამპანიის მხარდამჭერ ორგანიზაციას, Democracy International-ს, განუცხადა, რომ კანონპროექტში, რომელსაც ამჟამად ამუშავებს, რესპონდენტთა ზოგიერთი პასუხის შეტანას შეეცდება.
2012 წელს კომისიამ და პარლამენტმა ბრიუსელსა და სტრასბურგში მოქმედი ათასობით ლობისტის საქმიანობის უკეთ დასარეგულირებლად რეესტრი  შემოიღო.

კომისიასთან დაკავშირებულმა წყარომ განაცხადა: „მოქალაქეებს იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია იქნება. რაც უფრო ღიაა პროცესი, მით უფრო ადვილია დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, ასევე თავიდან აიცილო ზედმეტი ზეწოლა და უკანონო ან პრივილეგიური წვდომა ინფორმაციაზე ან გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. გამჭვირვალობა ევროპის მოქალაქეებს წაახალისებს, რათა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის დემოკრატიულ ცხოვრებაში“.

ევროკავშირის შიდა წყაროს თქმით, ევროკავშირმა გადაწყვეტილებები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა მიიღოს, რადგან ისინი ევროპის მილიონობით მოქალაქეს ეხება. ევროკავშირის ინსტიტუტები კონკრეტული ინტერესების მქონე არაერთ ჯგუფსა და ორგანიზაციასთან ურთიერთობენ, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესის კანონიერი და აუცილებელი ნაწილია, რათა უზრუნველყონ ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებს გამოხატავს.

თუმცა, როგორც კომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, „გადაწყვეტილების მიღების პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა ევროკავშირის ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება და სათანადო შემოწმება უზრუნველყოს. ამიტომ ევროპარლამენტი და ევროკომისია პასუხისმგებლობას იღებენ იყვნენ ღია იმ ჯგუფებისა თუ ორგანიზაციებისთვის, რომლებთანაც ურთიერთობენ“.
გამჭვირვალობის რეესტრი – უნდა აღინიშნოს, რომ ნებაყოფლობითი რეესტრია – ძირთად კითხვებზე პასუხის გასაცემად შეიქმნა, მაგალითად, რა ინტერესები უნდა განხორციელდეს, ვის მიერ და რა ბიუჯეტით.
1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, რეესტრში  8,225 პირი იყო რეგისტრირებული, მათ შორის 4,159 „შიდა“ ლობისტი და სავაჭრო ასოციაცია.

სიაში ფიგურირებდა 1,229 არასამთავრობო ორგანიზაცია, 964 პროფესიონალი კონსულტანტი და 567 ანალიტიკური ორგანიზაცია.
ლობისტების საქმიანობისთვის თვალყურის დევნების მცდელობის მიუხედავად, ევროკავშირის არაერთმა ლობისტმა რეგისტრაციაზე უბრალოდ უარი თქვა, რაც, სავარაუდოდ, ძირს უთხრის მთელ სისტემას.

მართლაც, სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიში ააშკარავებს ფარმაცევტული ინდუსტრიის ლობისტების მასშტაბურ ძალისხმევას, რომელიც ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღები პირებისკენ იყო მიმართული. ინფორმაციის თანახმად,  ფარმაცევტული ინდუსტრია უფრო მეტ თანხებს ხარჯავს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხარჯავენ, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან მედიკამენტების ხელმისაწვდომობის სფეროში მუშაობენ.

მაგალითად, ევროკავშირში გავლენიანმა ფარმაცევტულმა სავაჭრო ასოციაციამ -„ფარმაცევტული მრეწველობისა და ასოციაციების ევროპული ფედერაცია“ (EFPIA) – იუნკერის კომისიასთან პირველი ოთხნახევარი თვის განმავლობაში 50-ზე მეტი შეხვედრა გამართა.
საანგარიშო მოხსენების მთავარმა მკვლევარმა და ავტორმა, რეიჩელ ტენზიმ, განაცხადა:  „დიდი ფარმაცევტული კომპანიების მასშტაბური ძალისხმევა შეშფოთებას იწვევს, რადგან ისინი ვროპული პოლიტიკის საკუთარ კომერციულ ინტერესებზე მორგებასა და ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან პრივილეგირებულ წვდომას ცდილობენ. ისეთი ზომები უნდა მივიღოთ, რომ „ბიგ ფარმამა“ ევროკავშირის ჯანდაცვის პოლიტიკა ხელში არ ჩაიგდოს. უნდა დაიწყოს ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ლობიზმის სრული გამჭვირვალობა და უნდა შეწყდეს პრივილეგირებული წვდომა“.

Democracy International-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კამპანია, რომელიც დაიწყეს, ამ სფეროს გამჭვირვალობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 3 სექტემბერს ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანმა ისაუბრა.
კონფერენციაზე ევროკავშირს მსოფლიოში აპრობირებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისკენ მოუწოდეს. მაგალითად მოჰყავდათ კანადის გამოცდილება, რომლის ლობიზმის გამჭვირვალობა ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს 9-ჯერ აღემატება.

Democracy International-ის წარმომადგენელმა განაცხადა: „დავამტკიცეთ, რომ ერთად დგომით წარმატებას მივაღწევთ. ბოლო კვირებში კომისია დაჰყვა სამოქალაქო საზოგადოების ნებას და გარკვეული გაუმჯობესებული ვარიანტები წარმოადგინა. მაგალითად, ახლა მაღალჩინოსნებს ლობისტებთან შეხვედრა ეკრძალებათ. თუმცა რეგულაცია მხოლოდ 300 ადამიანზე ვრცელდება – ეს დასაქმებულთა 1 პროცენტიც კი არ არის. ეს საკმარისი არ არის, რათა ბოლო მოვუღოთ ჩვენს ევროპელ პოლიტიკოსებზე მსხვილი ბიზნესის უკონტროლო გავლენას“.
ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის მოქალაქეთა არანაკლებ 70 პროცენტი ფიქრობს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები კორუფციაში არიან ჩაფლული. ევროკომისიის პირველ ანტიკორუფციულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპაში მექრთამეობით გამოწვეული ზარალი წელიწადში 120 მილიარდ ევროს შეადგენს. სავარაუდოდ, მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ „კორუფცია“ არაგამჭვირვალე ლობიზმის გავლენას ნიშნავს. ყველაფრის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა.

იუნკერის კომისიამ დასაწყიში პირობა დადო, რომ საქმეში კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეიტანდა. მან უკვე დაიწყო მხოლოდ დარეგისტრირებულ ლობისტებთან შეხვედრა და მათი ლობისტური შეხვედრების აფიშირება. კომისიამ და ევროპარლამენტის ბიურომ ერთიანი ძალებით ორი ახალი ინსტიტუტთა შორისი შეთანხმებაც მოამზადა, რომელიც ლობიზმის გამჭვირვალობის რეესტრსა და უკეთეს კანონშემოქმედებას უკავშირდება.
ამავდროულად, ევროპარლამენტი „პროცედურის წესების“ გადახედვას გეგმავს – როგორ უნდა მოგვარდეს ინტერესთა კონფლიქტი და მათი კანონიერად ცნობა.

პიტერ დოუსონი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ბრიუსელში ლობისტად  მუშაობდა, რიხიანად იცავს თავის „პროფესიას“ და ამბობს: „სავსებით მართებულია, რომ ევროკავშირის კანონები საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესებს უნდა გამოხატავდნენ. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ, როდესაც ჩვენს სამუშაოს ვასრულებთ.  არაფერია  იმაში ცუდი თუ კანონპროექტის ფორმირებას ხელს ვუწყობთ  – მართლაც, ეს არის ერთ-ერთი საშუალება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ცუდი კანონები შეიცვალოს ან გაუქმდეს – და ლობისტები ამ კუთხით უბრალოდ თავიანთი კლიენტების ინტერესების წარმოდგენას ცდილობენ. როდესაც მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკოსებს ვლობირებ, ყველაფერი კანონიერად ხდება. დარეგისტრირებული ვარ და მაკონტროლებენ. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი. ვაღიარებ, არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არ რეგისტრირდებიან. თავად გამოიტანეთ დასკვნები თუ რატომ იქცევიან ასე“.
გიგოლდი კომისიას ევროკავშირის კანონის მიღებას აიძულებს, რომელიც „მკაცრ წესებს გამოიყენებს, რათა მოქალაქეებს ჩვენი ევროპული დემოკრატიისადმი ახალი ნდობა გაუჩინონ“.
წევრი ქვეყნებისა და ევროპული ინსტიტუტების ბოლო რეიტინგი, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ (Transparency International) მოამზადა, აჩვენებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები შედარებით გამჭვირვალედ მოქმედებენ.

თუმცა ამ ჯგუფში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ლობისტური მხილების რეესტრში მოცემული ჩანაწერების ნახევარზე მეტი „არაზუსტია“, „არასრულია“ და „უაზროა“.

„მონაცემები, რომლებიც ლობისტებმა რეესტრში ნებაყოფლობით წარადგინეს, არაზუსტი, არასრული ან აშკარად უაზროა“, – განაცხადა Transparency International-ის წარმომადგენელმა დენიელ ფროინდმა. „ასობით უსარგებლო დეკლარაციას შორის ისეთი ორგანიზაციები აღმოვაჩინეთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში ლობიზმთან დაკავშირებით 100 მილიონ ევროზე მეტს ხარჯავენ ან მათ განკარგულებაში ათიათასობით ლობისტია”.
ევროკავშირის მოქალაქეების ორ მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ ევროკავშირი კორუფციაშია ჩაფლული. ცხადია, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. როგორც სვენ გიგოლდი ამბობს, „ახლაა პროგრესის დრო“.

წყარო: https://is.gd/t3sjnG