„გარდიანის“ ცნობით, ორი წვეულების შემდეგ, რომელსაც ლიზ ტრასის პოლიტიკური მოკავშირეები ესწრებოდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრის რეზიდენციაში ძლიერი ნარკოტიკის საეჭვო კვალი აღმოაჩინეს. წყაროების თანახმად, 2022 წლის ზაფხულში რამდენიმე დღით ადრე, სანამ ტრასი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გაიმარჯვებდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ჩივნინგის სასახლეში თეთრი ფხვნილი იპოვეს. პერსონალის ერთი წევრის თქმით, ფხვნილი ნაცხის ასაღები ფუნჯით შეამოწმეს, რომელიც კოკაინთან შეხებისას ფერს იცვლის, და დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ნარკოტიკი იყო. კოკაინის შენახვა სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც, სავარაუდოდ, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ან დამნაშავე განუსაზღვრელი ოდენობის ჯარიმას იხდის.
ივლისში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ნარკოტიკების დროებითი მომხმარებლების წინააღმდეგ ახალი ზომები მიიღო და განაცხადა, რომ შეიძლება მათთვის პასპორტები და მართვის მოწმობები ჩამოერთმიათ. ცალკეული წყაროები იტყობინებიან, რომ მსგავსი ნარჩენები დაუნინგ სთრითის 10 ნომერში მდებარე ოფისებში ე.წ. ‘ლოქდაუნის’ დროს გამართული ორი წვეულების შემდეგაც აღმოაჩინეს. ამ დროს პრემიერ-მინისტრის სავარძელს ბორის ჯონსონი იკავებდა, თუმცა, როგორც ცნობილია, იგი არცერთ წვეულებას არ დასწრებია.
ლიზ ტრასმა, იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, 19-21 აგვისტოს, როდესაც მისი საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდებოდა, მეჩვიდმეტე საუკუნეში აშენებულ სასახლეში თავყრილობა მოაწყო. კიდევ ერთი შეკრება 2-4 სექტემბრს გაიმართა. უქმეებზე გამართულ ორივე შეხვედრას მისი პოლიტიკური მოკავშირეები ესწრებოდნენ.
ერთი ინსაიდერის სიტყვით, კოკაინს აქტიურად მოიხმარენ უაითჰოლსა და პარლამენტში. მისივე მტკიცებით, ამ ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებას ტრასის ზოგიერი პოლიტიკური მოკავშირეც ეტანება. არ მოიპოვება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკი თავად ტრასმა ან ჯონსონმა მოიხმარა ან იცოდნენ იმის შესახებ ვინ მოიხმარა ან ვინ მოიხმარს მას. ‘გარდიანს’ არ უთხრეს, თუ ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა აღმოჩენილი თეთრი ფხვნილის სავარაუდო ნარჩენებზე.
წყაროს ცნობით, კოკაინის ნარჩენები დაუნინგ სთრითის 10 ნომერში გამართული წვეულების მეორე დილას, 2021 წლის 17 აპრილს, პრინცი ფილიპის დაკრძალვის წინადღეს, აღმოაჩინეს.
‘გარდიანს’ განუცხადეს, რომ დამლაგებლებმა თეთრი ფხვნილის ნარჩენები დიდი ბრიტანეთის სამთავრობო რეზიდენციის საპირფარეშოებსა და მაგიდაზე იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაგიდასთან ახლოს მდგომ სანაგვე ყუთთან პატარა ცელოფნის პაკეტები და სისხლის ლაქებითა და პირღებინებით დასვრილი ხელსახოცები ეყარა. ინფორმატორები იმასაც იტყობინებიან, რომ იმავე მაგიდაზე კოკაინით გაკეთებული ხაზების კვალი ჩანდა და იქვე Boots Advantage-ის ბარათი ეგდო, თუმცა მისი მფლობელის ვინაობა უცნობია. იმასაც ამბობენ რომ დაუნინგ სთრითზე ღვინის ბოთლებით სავსე ჩემოდანი მიიტანეს, პრემიერ-მინისტრის ვაჟის ბაღის საქანელა კი გატეხილი ნახეს.
ინფორმატორთა თქმით, ოფისი ნომერი 10-ის საპირფარეშოებში თეთრი ფხვნილისა და პატარა ცელოფნის პაკეტების კვალი საშობაო წვეულების მეორე დილით, 2020 წლის 19 დეკემბერსაც, აღმოაჩინეს, იქვე ეყარა ბოთლები, ცარიელი ქილები და სახვევები. ზოგიერთი წყარო იმასაც ამბობს, რომ მათ კარგად იცოდნენ, რომ ორივე წვეულებაზე ნარკოტიკებს მოიხმარდნენ.
უფროს სახელმწიფო მოხელე სიუ გრეის ე.წ. ‘ლოქდაუნის’ დროს სამთავრობო რეზიდენციაში ჩატარებულ ორ წვეულებასა და უაითჰოლთან დაკავშირებით მოხსენების მომზადება დაავალეს, თუმცა მის მოხსენებაში ნარკოტიკების მიღებაზე არაფერი ეწერა.
‘გარდიანმა’ მას შემდეგ განაცხადა, როდესაც გასულ წელს ითქვა, რომ ჯონსონის მაშინდელი საპარლამენტო ოფისის გვერდით მდებარე საპირფარეშოებსა და პარლამენტში რამდენიმე ადგილას კოკაინის მოხმარების ფაქტები დაფიქსირდა.
პრემიერ-მინისტრობის ძალიან მოკლე პერიოდში ლიზ ტრასის პრესმდივანმა განაცხადა, რომ „უკანონო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა“ მათი პრიორიტეტი იყო.
‘გარდიანმა’ ჩივნინგის სასახლესთან დაკავშირებული პრეტენზიების შესახებ ტრასს რამდენიმე კითხვა დაუსვა, თუმცა ამ უკანასკნელმა დაწვრილებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მისმა პრესმდივანმა მოკლედ განაცხადა: „ეს კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს“.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩივნინგის სასახლეში მომხდართან დაკავშირებულ ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა.
ბორის ჯონსონის პრესმდივანმა განაცხადა: „ბორის ჯონსონი ამ ბრალდებებით გაკვირვებულია, რადგან დაუნინგ სთრითის 10 ნომერში ნარკოტიკების მოხმარების შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო. რამდენადაც მისთვის ცნობილია, ასეთი პრეტენზიები სიუ გრეის ან ნებისმიერი სხვა გამომძიებელის მიმართ არ გამოუთქვამთ.
„მისტერ ჯონსონი პრემიერ-მინისტრობისას ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ, განსაკუთრებით საშუალო ფენაში, აქტიურ კამპანიას აწარმოებდა. მისმა მთავრობამ პოლიციის გასაძლიერებლად უზარმაზარი თანხები გაიღო, რათა ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდებისთვის ზიანი მიეყენებინათ, რომლებიც საზოგადოებას დიდ უბედურებას უქადიან. მან არაერთხელ მოითხოვა, რომ ძლიერი ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელებისთვის სასჯელი უფრო გაემკაცრებინათ“.
ოფისი ნომერი 10-ის პრესმდივანმა განაცხადა: „გარდიანმა ამ პრეტენზიების გასამყარებლად მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. ფაქტობრივი პრეტენზიები რომ არსებულიყო, იმედს ვიქონიებდით, რომ მათ შესახებ პოლიციას აცნობებდნენ“.
წყარო: https://is.gd/LgAcrR