პოლიტიკასხვადასხვა

ლიეტუვის პრეზიდენტი: უკრაინა ვილნიუსის სამიტზე NATO-ში გაწევრიანების შეთავაზებას ვერ მიიღებს

0

6 ივლისი, 2023 წ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კიევის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ სამიტზე უკრაინა NATO-ში გაწევრიანების შეთავაზებას ვერ მიიღებს, თუმცა შედეგი უკრაინელებს იმედს არ გაუცრუებს. ლიეტუვის პრეზიდენტმა ეს აზრი BNS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ვიმედოვნებ, რომ, როდესაც იგი ვილნიუსში ჩამოვა, შეიძლება ყველაფერი ვერ მიიღოს, რაც მის მაქსიმალურ გეგმებში შედის, თუმცა აუცილებლად მიიღებს ბევრს“, − განაცხადა გიტანას ნაუსედამ. ლიეტუვის პირველი პირის თქმით, NATO-ს სამიტზე უკრაინა ცალკეული ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს და უკრაინა-NATO-ს საბჭო შეიქმნება.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე უკრაინა კონკრეტულ ნაბიჯებს ელის. პროგრამა მაქსიმუმი ამ სამხედრო ბლოკისგან იმ ვალდებულებების მიღებაა, რომ კონფლიქტის დასრულებისთანავე ჩვენი ქვეყანა თავის რიგებში მიიღოს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ყველა მიზეზი არსებობს.

პრეზიდენტ ნაუსედას სიტყვით, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინა ალიანსში გაწევრიანდეს. „ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რომ ომის დასრულების შემდეგ ამა თუ იმ ფორმით მოწვევა არ იქნება. ეს არის ზუსტად ის, რასაც ახლა განვიხილავთ“, − დასძინა ლიეტუვის პრეზიდენტმა, − „ვგრძნობ, რომ მაინც შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უკრაინელებს იმედს არ გაუცრუებს და იმაზე მეტს იტყვიან, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ“.

ლიეტუვა და პოლონეთი ის ქვეყნები არიან, რომლებიც უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას აქტიურად მოითხოვენ. ცოტა ხნის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ის და გიტანას ნაუსედა „ცდილობენ,NATO-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ნათლად მიუთითებდეს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე“.

„ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა: უკრაინა გახდება NATO-ს წევრი“, − აღნიშნა პრეზიდენტმა ნაუსედამ.

https://www.bns.lt/topic/1911/news/69067621/