პოლიტიკა

ლიბერალი მემარცხენეების ტირანია დემოკრატიას აფერხებს

0

ლიბერალი მემარცხენეები, სულ უფრო შეუწყნარებელი ხდებიან არჩევნებში პოლიტიკური მემარჯვენეების ნებისმიერი გამარჯვების მიმართ და მზად არიან სადაოდ აქციონ, ნებისმიერი მემარჯვენე ფრთის ხელისუფლების ლეგიტიმურობა – წერს პოლონელი კონსერვატორი კომენტატორი იან როკიტა.
ბრაზილიასა და ისრაელში გამართული ბოლოდროინდელი არჩევნების შედეგად, ხელისუფლება ორივე ქვეყანაში შეიცვალა. ბრაზილიაში ლულას გამარჯვებას ენთუზიაზმით შეხვდა ბრიუსელი და ვაშინგტონი. არცერთმა დამალა კმაყოფილება ჯაირ ბოლსონაროს დამარცხების გამო, რომელიც მათთვის კლიმატისა და კოვიდ-19-ის უარმყოფელია; მან, რომელიც თავისუფალი ბაზრის თავგამოდებული მხარდამჭერიც არის, ამაზონის ტროპიკული ტყეების ტერიტორიების ათვისების უფლება მოითხოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბოლსონაროს ჭკუის სწავლებაც კი დაუწყო იმაზე, რომ არჩევნების შედეგი სადაოდ არ უნდა აქციოს.
ამასთან, ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს ნაციონალისტური, მემარჯვენე კოალიციის შექმნა კატასტროფულად მიიჩნიეს იმავე ადამიანებმა, რომლებიც ლუიზ ინაციო ლულა და სილვაზე აღტაცებას ვერ მალავდნენ. ლიბერალური ესტაბლიშმენტის ყველა გაზეთი ყურადღებას უთმობდა რელიგიური მემარჯვენის, ბენ გვირის, ფიგურას და ჯერ კიდევ სანამ ოფიციალური შედეგები ცნობილი გახდებოდა, აშშ გაფრთხილებებს იძლეოდა მასზედ, რომ ხელისუფლებაში მემარჯვენის შეშვება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭებას გამოიწვევდა.
ლულაც და ნეთანიაჰუც ხელისუფლებაში ადრეც ყოფილან და ორივეს კორუფციაში ადანაშაულებდნენ. ლულასთვის წაყენებული ბრალდებები სისტემური კორუფციის სერიოზული ბრალდებები იყო. მეორეს მხრივ, ნეთანიაჰუს მისი ხელისუფლების მხარდამჭერი მედია-საშუალებებისთვის პრეფერენციების მინიჭებაში ადანაშაულებდნენ. ამ სტანდარტებით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრებისა და კულტურის მინისტრების უმეტესობა ახლა ციხეში უნდა იჯდეს. მაგრამ თუ დასავლურ ახალ ამბებს გაეცნობით, შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ლულას მართლმსაჯულების სისტემა უსამართლოდ მოექცა, ხოლო ისრაელში ებრაული კორუფციის თავაშვებული მამა ბრუნდება.
ეს მხოლოდ ორი მაგალითია იმისა, ამ ბოლო წლებში ევროკავშირისა და ამერიკის ესტაბლიშმენტი როგორ სულ უფრო შეუწყნარებელი ხდება არჩევნებში პოლიტიკური მემარჯვენეების ნებისმიერი გამარჯვების მიმართ მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ხდება ეს.
ეს შეუწყნარებლობა გამოიხატება იმ ქვეყნების მიმართ მუქარით, ბულინგით და იზოლირების მცდელობით, რომლებიც მემარჯვენე ხელისუფლების არჩევას ბედავენ. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 2000 წელს დაიწყო, როცა ავსტრიაში კოალიციურ მთავრობაში „თავისუფლების პარტია“ შევიდა. ევროკავშირმა მისი განდევნა სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. თუმცა, მას შემდეგ მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა და მემარჯვენე ხელისუფლებები შანტაჟის, ზეწოლის და თვით სანქცირების ობიექტები სულ უფრო ხშირად ხდებიან.
არსებობს ორი ვარიანტი იმისა, რა მიმართულებით განვითარდება ეს პროცესი. პირველი ვარიანტის მიხედვით, მემარჯვენეთა მხარდაჭერა იმდენად გაძლიერდება, რომ ისინი ამ ზეწოლას გაუძლებენ. მეორე ვარიანტი კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ზეწოლა იმდენად ბრუტალური იქნება, რომ მემარჯვენე პარტიები მთელ თავისუფალ მსოფლიოში საარჩევნო სპექტრიდან განიდევნებიან; მაგრამ მაშინ ჩვენ დემოკრატიის ატროფიისა და მისი რბილ ტირანიად გარდაქმნის მოწმენი გავხდებით, რა შემთხვევაშიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში და პოლიტიკურ დისკურსში ეროვნული და რელიგიური იდეების გამოყენება ავტომატურად აიკრძალება.