პოლიტიკასხვადასხვა

ლარი კადლოუ: „ჩვენ(ამერიკას) ახლა არც მშვიდობა გვაქვს და არც ძალა“

0

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა ავღანეთი სამარცხვინოდ დატოვა, ახალი ომი არ დაუწყია, თუმცა სულ უფრო და უფრო ითრევს შეერთებულ შტატებს რუსეთ-უკრაინის ომში, რომელსაც გასულ წელს დაახლოებით 113 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა და უეჭველია, რომ კიდევ უფრო მეტს დაახარჯავს.
ერთხელ დიდმა რონალდ რეიგანმა თქვა: „მშვიდობა ძალის მეშვეობით“. ახლა ჩვენ არც მშვიდობა გვაქვს და არც ძალა.
ამავდროულად, ჯო ბაიდენის მთავრობის სოციალიზმით გატაცების, მასიური ინფლაციური ხარჯების, გადასახადების ზრდის, გადაჭარბებული რეგულაციების, კონკრეტულად კი წიაღისეული ნავთობის ბიზნესისთვის გამოცხადებული ომის გამო, სუსტი ეკონომიკა გვაქვს, რომელიც გასულ წელს მხოლოდ 1 პროცენტით გაიზარდა, რასაც 6.5 პროცენტიანი ინფლაციის მაჩვენებელი ახლდა. ეკონომისტებისა და წამყვანი ბიზნესმენების უმრავლესობას რეცესიის ეშინია, რომელიც ამ წლის მიწურულს ან მომავალ წელს გვემუქრება.
რეიგანის მმართველობისას, როდესაც გადასახადები შემცირდა, ეკონომიკა შვიდი წლის განმავლობაში ყოველწლიურად თითქმის 5 პროცენტით იზრდებოდა. დღეს ბაიდენები, რომლებიც მხარს უჭერენ ხელახალ გადანაწილებას და სჯიან წარმატების გამო, კმაყოფილნი არიან, რომ ეკონომიკა წელიწადში 1 პროცენტიან მაჩვენებელს ძლივძლივობით აღემატება.
რეიგანის ეკონომიკურმა ბუმმა განაჩენი გამოუტანა საბჭოთა კომუნიზმს. ბაიდენის ეკონომიკური ვარდნა სტიმულს აძლევს ჩვენს მტრებს – რუსეთსა და ჩინეთს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დღეს არც მშვიდობა გვაქვს და არც ძალა.
ბაიდენი შეიძლება იკვეხნის, რომ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ რუსეთის შეჭრის მთავარი მიზეზი სწორედ ბაიდენის წარუმატებელი დიპლომატიის შედეგია. იმის ნაცვლად, რომ რუსეთისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციები ინტერვენციამდე დაეწესებინა, მან სუსტი სანქციების პოლიტიკა მაშინ აამოქმედა, როდესაც უკვე გვიანი იყო და რუსული ჯარები უკრაინაში პოზიციებს იკავებდნენ.
უქმეებზე მცირე ხნით დონალდ ტრამპს ვესაუბრე. ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, თეთრ სახლში რომ დარჩენილიყო სამშვიდობო მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იქნებოდა.
წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის არაერთი რესპუბლიკელი წევრი სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ეთანხმება ტრამპის პოზიციას, თუმცა ბაიდენი არასოდეს საუბრობს ამის შესახებ. აი, რას წერს თავდაცვის ყოფილი მდივანი მარკ ესპერი: „გაურკვეველია თუ როგორ აწყობს ვაშინგტონს ამ კონფლიქტის დასრულება და შემდეგ შედეგის უზრუნველყოფა“.
ახლა ჩინეთი ცდილობს, რომ ამერიკის სისუტით ისარგებლოს. ჩინური აეროსტატის ფიასკოდან რამდენიმე კვირა გავიდა და ბაიდენებს ჯერ კიდევ არაფერი მოუმოქმედებიათ. შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ ტრამპი მათ ტარიფების კიდევ ერთი დიდი რაუნდით ნოკაუტში ჩააგდება ან ექსპორტზე კონტროლს დაუწესებდა, რაც  შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ეკონომიკებს კიდევ უფრო დააცილებდა ერთმანეთს.
ბაიდენებს თითი არ გაუნძრევიათ. ეს ეროვნული სირცხვილია. ჩინელებს ამერიკელი დიპლომატებისა და თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების სატელეფონი ზარებისთვის არც კი უპასუხიათ.
მიუნხენის კონფერენციაზე სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკას დასცინა და კრინტი არ დაუძრავს იმ ჭორების გასაფანტად, რომ ამ გაზაფხულზე ჩინელები რუსებს არა მხოლოდ  შეხვდებიან, არამედ გეგმავენ, რომ ვლადიმირ პუტინს ლეტალური სამხედრო იარაღი გადასცენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეერთებული შტატების ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი ამას „წითელ ხაზს“ უწოდებს.
წლების წინ ჯო ბაიდენის ყოფილმა ბოსმა, ბარაკ ობამამ, ყოველგვარი პატივისცემა დაუკარგა „წითელ ხაზებს“, როდესაც სათანადოდ არ უპასუხსა რუსეთსა და მის მოკავშირე სირიას, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ქიმიურ იარაღს იყენებდნენ. დავუბრუნდეთ რეიგანს: ქვეყნის შიდა ძლიერება მის გარე ძლიერებას განაპირობებს, იგივე შეიძლება ითქვას სისუსტეზე. დღესდღეობით ბაიდენის პოლიტიკა უბრალოდ სუსტია, ძალიან სუსტია.
ლორენს ‘ლარი’ კადლოუ ცნობილი ამერიკელი კონსერვატორი ეკონომისტი და ტელეწამყვანია, რომელიც ამერიკულ ტელეარხ ‘სიენბისიზე’ (CNBC) გადაცემა The Kudlow Report-ს უძღვებოდა.

წყარო: https://is.gd/rKoJzJ