პოლიტიკასხვადასხვა

კვლევა: ავსტრიელთა უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია

0

4 მაისი, 2023 წ.

ავსტრიის ევროპული პოლიტიკის საზოგადოების (ÖGfE) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, ავსტრიელთა უმრავლესობა უსაფრთხოების კუთხით ევროკავშირის პოლიტიკის გაძლიერებას უჭერს მხარს, თუმცა ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
კვლევის თანახმად, დღეს რომ ავსტრიაში ნატოს წევრობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარებულიყო, ათი რესპონდენტიდან ექვსი წინააღმდეგი იქნებოდა, ორი კი მომხრე. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 68 პროცენტმა კითხვას დადებითი პასუხი გასცა. კვლევაში, რომელიც 11-13 აპრილს ჩატარდა, 1,000 რესპონდენტი მონაწილეობდა.
„სკეპტიციზმი და გაურკვევლობა იზრდება, თუმცა ავსტრიაში ევროკავშირის წევრობისადმი ფუნდამენტური მხარდაჭერა ეჭვგარეშეა, განსაკუთრებით კრიზისის დროს“, – განაცხადა ÖGfE-ის გენერალურმა მდივანმა პოლ შმიდტმა. ამის შესახებ APA იტყობინება.
„მოსახლეობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეა, თუმცა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მტკიცე უარზეა“, – დასძინა შმიდტმა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოსაზრება მეტ-ნაკლებად არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ამავე კვლევის მიხედვით, ყოველი სამი რესპონდენტიდან ორი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში თანამშრომლობის გააქტიურებას, ამ იდეას 20 პროცენტი ეწინააღმდეგება, 13 პროცენტს კი ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ გამოუთქვამს.
გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი ფიქრობს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია“ ან „საკმაოდ მნიშვნელოვანია“, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ.
„ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანება არ ეწინააღმდეგება ნეიტრალიტეტს და მსოფლიოში უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი ევროპის მომხრეა“, – განაცხადა შმიდტმა.
ავსტრიაში ნეიტრალიტეტის შესახებ დებატები თებერვალში მას შემდეგ განახლდა, რაც ოთხმოცდაათმა ექსპერტმა და საზოგადო მოღვაწემ ღია წერილით ავსტრიის უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა მოითხოვა. ისინი აკრიტიკებენ იმ ფაქტს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ ქვეყანა სამხედრო კონფლიქტების მიღმა რჩება.
წერილში უსაფრთხოების შესახებ ავსტრიის ამჟამინდელი პოზიცია და მისი კონსტიტუციური დებულებები „ანაქრონიზმად“ არის შეფასებული.

წყარო: https://is.gd/yTXJcY