პოლიტიკასხვადასხვა

კორუფციული სკანდალი: უკრაინის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

0

17 მაისი, 2023 წ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დააკავა, რომელიც 2,7 მილიონი აშშ დოლარის (2,49 მილიონი ევრო) ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.
უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ორშაბათს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) უკრაინის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ვსევოლოდ კნიაზევი დააკავა. ბიუროში განაცხადეს, რომ „უზენაეს სასამართლოში მასშტაბურ კორუფციას“ ახადეს ფარდა, რომელშიც მისი ხელმძღვანელობა და კოლეგა მოსამართლეები მონაწილეობდნენ.
ორშაბათს უკრაინის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც დივანზე აწყვია გამოძიების პროცესში ამოღებული ფული.
NABU-ს ხელმძღვანელმა დამსწრეებს განუცხადა, რომ მრავალმილიონიანი ქრთამი ახლახან გაკოტრებული Finance and Credit-ისთვის სასამართლოს ხელსაყრელ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ეს ჯგუფი საფრანგეთში მცხოვრებ უკრაინელ მილიარდერ კოსტანტინ ჟევაგოს ეკუთვნის, რომელმაც მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება უარყო. უკრაინაში გაფლანგვის ბრალდებით ჟევაგოს დაკავების ორდერი უკვე გაიცა.
უკრაინელი ბიზნესმენი, რომელიც 1998-2019 წლებში უკრაინის პარლამენტის წევრი იყო,  საფრანგეთში უკრაინის მოთხოვნით გასული წლის დეკემბერში დააკავეს, თუმცა ჯერ კიდევ მარტში საფრანგეთის სასამართლომ ექსტრადიციის პროცესის დაწყებაზე უარი განაცხადა.
სამშაბათს  უკრაინის უზენაესმა სასამართლომ საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელზეც კორუფციულ სკანდალში მონაწილე პირები გაკიცხა და პირობა დადო, რომ  გამოძიებასთან ბოლომდე ითანამშრომლებს.
შარშან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში უკრაინამ  100-დან მხოლოდ 33 ქულა დააგროვა და 180 ქვეყანიდან ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს შორის 116-ე ადგილი დაიკავა.

წყარო: https://rmx.news/crime/corruption-scandal-president-of-ukraines-top-court-arrested-over-2-7-million-bribe-allegation/