ავტორი ბრიჯიტ რაიდერი
კატარგეიტის სკანდალის გამო გასული კვირა მძიმე აღმოჩნდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთვის.
19 იანვარს, ‘მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის’ (WEF) ფარგლებში, რობერტა მეცოლამ მონაწილეობა მიიღო ფორუმში, რომელსაც დავოსში (შვეიცარია) საინფორმაციო გამოშვება ‘პოლიტიკომ’ (Politico) უმასპინძლა. დისკუსიაში ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამაც მონაწილეობდა, რომელმაც კორიფციული სკანდალის ხსენებისას თავი ვერ შეიკავა და ევროკავშირის ფარისევლობაზე მიანიშნა.
„რობერტა, ბოდიში, უნდა ვთქვა, როდესაც ეს კორუფციული საქმე გამჟღავნდა, მე ვთქვი: რასაც გასცემ, იმას მიიღებ“, – უთხრა რამამ ევროპარლამენტის პრეზიდენტს.
ალბანეთი დიდი ხანია, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს. თუმცა ზოგი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ქვეყანაში რბილი დიქტატურაა; მართლაც, რამას მთავრობამ წინადადება წამოაყენა მიიღონ კანონი ფისკალური ამნისტიის შესახებ, რაც ალბანეთს უკანონო ფულის საცავად გადააქცევს. ასევე ალბანური მაფია მთელ ევროპაში ოპერირებს.
რამას თქმით, ევროკავშირი ახლა უფრო მკაცრ მოთხოვნებს უყენებს ბლოკში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, ვიდრე უწინ, როდესაც ეს პოლიტიკური გაერთიანება პირველ ნაბიჯებს დგამდა: „ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტი ევროკავშირში ვეღარ შევა. ყოფილ კომუნისტებზე არ ვსაუბრობ. დამფუძნებლებზეც ვსაუბრობ, დამიჯერეთ“.
ალბანეთის პრემიერმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი საჩუქრების (რომელთა შესახებაც არაფერი უთქვამს) მიღებაში დაადანაშაულა.
‘პოლიტიკო’ ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა, რომ მეცოლამ პრეზიდენტობისას 125 საჩუქარი მიიღო – იქნება ეს ნამცხვრები თუ სასტუმროში ღამის გათევა.
მალტელმა პოლიტიკოსმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობა 2022 წლის იანვარში დაიკავა, მაგრამ მიღებული საჩუქრების შესახებ მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებში განაცხადა, როდესაც ევროკავშირი კატარგეიტის სკანდალმა შეაზანზარა. შეგახსენებთ, რომ მასშტაბურ კორუფციულ სკანდალში რამდენიმე ევროპარლამენტარი ფიგურირებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ქრთამის აღებაში, რათა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით კატარის რეპუტაცია აღედგინათ.
‘პოლიტიკოს’ ინფორმაციით, მეცოლას პატარა სამახსოვრო საჩუქრების გარდა, როგორიცაა შოკოლადები ან შამპანურის ბოთლი, სხვა არაერთი მნიშნელოვანი ნივთიც აჩუქეს: გავლენიანმა მაროკოელმა პოლიტიკოსმა ოქროს პატარა კოშკი; ბაჰრეინის პარლამენტის სპიკერმა ოქროსფერი ნაქარგებით გაფორებული თეთრი კაბა; საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა, შარფი; გერმანიის ბუნდესტაგმა Sennheiser-ის უსადენო ყურსასმენები; ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობამ ვაზა; მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, თეთრი ბლუზა და უქმეების გატარება საფრანგეთში, სადაც ელიტური ღვინის კლუბში გაერთობოდა. ევროპარლამენტის ქცევის კოდექსი ევროპარლამენტარებს ავალდებულებს, რომ, რაც შეიძლება უმოკლეს დროში განაცხადონ მიღებული ნებისმიერი საჩუქრის შესახებ.
მეცოლას წარმომადგენელმა ‘პოლიტიკოს’ განუცხადა, რომ ეს იყო „ჩვეულება“ და მას, როგორც პრეზიდენტს, ეს წესი ხელ-ფეხს არ უკრავდა. ყოფილმა პრეზიდენტებმა მიღებული ყველა საჩუქარის შესახებ მხოლოდ თავიანთი ვადის მიწურულს განუცხადეს ევროპარლამენტის შიდა სამოქალაქო კომიტეტს და არა საჯარო რეესტრს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტი ამავდროულად ევროპარლამენტარიცაა.
მეცოლამ ‘პოლიტიკოსთან’ თავი იმით იმართლა, რომ საჩუქრები მიიღო როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და არა როგორც ევროპარლამენტარმა და იქვე დასძინა, რომ უფრო მეტი გამჭვირვალობის მომხრეა.
ევროპარლამენტის ბოლო პლენარულ სხდომაზე, რომელიც 19 იანვარს დასრულდა, ევროპარლამენტარებმა დაწესებულებებში არსებულ კორუფციულ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შიდა საქმეების ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა, პარლამენტს განუცხადა, რომ კორუფციის ყველა ფორმის კრიმინალიზაციისა და „დემოკრატიის პაკეტის დასაცავად“ ევროკომისია „ძალია მალე“ წარადგენს ახალ კანონს.
მწერალი ბრიჯიტ რაიდერი ესპანეთში ცხოვრობს. იგი ამერიკულ და საერთაშორისო გამოცემებთან თანამშრომლობს, წერს პოლიტიკაზე, გარემოს დაცვასა და კულტურაზე. რაიდერი ხარისხს ფლობს ესპანურ ენასა და კათოლიციზმთან დაკავშირებული კვლევების სფეროში.
წყარო: https://is.gd/FNqYkn