“ჩლუნგი პარტიაა”; ასე დაახასიათა ჯონ სტიუარტ მილმა კონსერვატორები. როგორც რამდენიმე სხვა შემაჯამებელი გამოთქმა, სადაც მოჩანს მეცხრამეტე საუკუნის ლიბერალების თავდაჯერებულობა, მუდამ გამარჯვებულები ვიქნებითო, ეს აზრიც გადასინჯვას საჭიროებს, ამ ჩვენს ეპოქაში, ლიბერალური და რადიკალური ფილოსოფიების გამიჯვნისა. მართლაც, მრავალმა მოსაწყენმა და თავცარიელმა ადამიანმა, თავისი ინერტულობა კონსერვატიზმის საფუძვლებს დაუკავშირა: “საზოგადოდ, პრაქტიკული მიზნისათვის, საკმარისი იქნებოდა, თუ კონსერვატორები სიტყვის უთქმელად ისხდებოდნენ და იფიქრებდნენ, ან, სულაც, მხოლოდ ისხდებოდნენ;” ეს ფ. ჯ. ს. ჰერნშოუს შენიშვნაა.1 უდიდესს, თავისი დროის კონსერვატორ მოაზროვნეთაგან, ედმუნდ ბერკს, არ ერცხვინებოდა ეღიარებინა მეგობრობა უბრალო ხალხთან, რომელთა გონებაც წინასწარრწმენასა და ადათებს არ სცილდება; პირიქით, გულით უყვარდა ინგლისური მუხების ქვეშ თავშეყრილნი და ყრუნი, რადიკალური განახლების მწერების ბზუილისადმი. მაგრამ, ბოლო ასორმოცდაათი წლის მანძილზე, კონსერვატულ პრინციპებს განათლებული და გენიალური ადამიანებიც იცავდნენ. ამ წიგნის მიზანია კონსერვატული იდეების მიმოხილვა, მათი ღირებულების შემოწმება ამ თავგზააბნეულ საუკუნეში, თუმცა კონსერვატული პარტიების ისტორიის დაწერას არ ვიჩემებ. ამ ნაშრომს შეიძლება გრძელი ესეი ვუწოდოთ. რა არის არსი ბრიტანული და ამერიკული კონსერვატიზმისა? ინგლისსა და ამერიკაში გავრცელებულ, რომელ იდეათა სისტემას ეყრდნობოდნენ კონსერვატული მისწრაფებების მქონე ადამიანები, როცა ეწინააღმდეგებოდნენ რადიკალურ თეორიებსა და სოციალურ ტრანსფორმაციებს საფრანგეთის რევოლუციის დასაწყისიდან მოყოლებული?
ლიფის რომ ჩაუვლი დუბლინში, ცოტას გასცდები დასავლეთისაკენ ოთხი კარის კამარას, ძველ, სადა კედელში ჩატანებულ კარს მიადგები. ეს გახლავთ სახურავმოხდილი ნანგრევი მეთვრამეტე საუკუნის სახლისა და რაკი ჯერ კიდევ დგას, მაშ აქამდე ვიღაცას უცხოვრია შიგ, მაგრამ უკვე მსჯავრგამოტანილია; ნომერი 12, არან ქუეი, ადრე აგურის სამსართულიანი შენობა, სადაც ჯერ ჯენტლმენის საცხოვრისი იყო, მერე მაღაზიის დონემდე დაეცა, ბოლო დროს მეორეხარისხოვანი სამთავრობო უწყება იდგა და 1950 წელს დაუნგრევიათ _ ეს ისტორია 1729 წლიდან მოყოლებულ მძლავრ გარდაქმნებს შეგვახსენებს, ირლანდიურ საზოგადოებაში. იმ წელს აქ დაიბადა უდიდესი ირლანდიელი, ედმუნდ ბერკი. თანამედროვე დუბლინის მეხსიერება დიდად არ შორდება ო’კონელის დროს და ბერკის დაბადების ადგილის გაქრობა, როგორც ჩანს, არავითარ პროტესტს არ იწვევს. მდინარის გასწვრივ მოჩანს თუ როგორი იყო ერთ დროს მოირას გრაფების ქალაქური სახლი, სადაც ეხლა უკიდურესად გამათხოვრებულთა საზოგადოების დაწესებულებაა; იმის იქით გინესის უზარმაზარი ლუდსახდელია. ბერკის სახლის (ანუ იმ სევდიანი ნანგრევებისა, რაც შემორჩენილა) უკან, წმ. მიჩანის ძველი ეკლესიის მიმართულებით, სადაც გადმოცემის მიხედვით ბერკი მოუნათლავთ, აგურის დაფხავებული ქოხმახები გაჭიმულა, სადაც ფეხშიშველა ბალღები დაძვრებიან დარღვეულ კედლებზე. თუ ო’კონელის ქუჩისაკენ შეუხვევ, მსუბუქი გასეირნების შემდეგ, ტრინიტი კოლეჯის კეთილშობილ ფასადსა და ბერკისა და გოლდსმიტის ძეგლებს მიადგები; ჩრდილოეთით, პარნელის მოედნის ახლოს, შეგიძლია ცოცხალ ირლანდიელ ორატორებს მოუსმინო, ხმის გამაძლიერებლებით რომ გასძახიან, თუ რა წარმატებას მიაღწიეს და შვიდჯერ როგორ გაზარდეს ქვრივების პენსიები; და ამას სავსებით სერიოზულად აცხადებენ და უნებურად ჩაფიქრდები ბერკთან ერთად, “რა აჩრდილები ვართ და რა აჩრდილებს ავდევნებივართ!”
ბერკის დროების შემდეგ უამრავი ცვლილება მოხდა დუბლინში. და მაინც, სტუმარს, ირლანდია, ხანდახან, ტრადიციის თავშესაფარს მოგაგონებს, ჩვენს ცვალებადობათა საუკუნეში და დუბლინი კი ძველ, კონსერვატულ ქალაქს; და ასეც არის. მსოფლიო, რომელიც წყევლის ტრადიციას, ადიდებს თანასწორობას და მიესალმება ცვლილებას; მსოფლიო, რომელმაც გულში ჩაიკრა რუსო, თავფეხიანად გადაყლაპა და უფრო რადიკალური წინასწარმეტყველები მოითხოვა; მსოფლიო, გამურული ინდუსტრიალიზმით, გასტანდარტებული მასებით, შეკავშირებული ხელისუფლებით; მსოფლიო, დაკოჭლებული ომით, აღმოსავლეთისა და დასვლეთის კოლოსებს შორის მოცახცახე, შემუსვრილი ბარიკადების მიღმა, გაცამტვერების უფსკრულში რომ იყურება: ეს არის ჩვენი ეპოქა, ეს არის ის საზოგადოება ბერკმა რომ იწინასწარმეტყველა, თავისი რიტორიკის დამბუგავი ენერგიით, 1790 წელს. რადიკალმა მოაზროვნეებმა საყოველთაო გამარჯვება მოიპოვეს. საუკუნენახევრის მანძილზე კონსერვატორებმა დათმეს ბრძოლის ველი და დათმეს, თუ რამდენიმე წარმატებულ არიერგადულ ქმედებას არ ჩავთვლით, განადგურებულებმა.
და მაინც, მათი შემარყეველი მარცხის მიზეზები მთლად ნათელი არა არის. რაც არ უნდა იყოს, ორი განმარტება შესაძლებელია: პირველი ის არის, რომ თანამედროვე მსოფლიოში “ყველაფერი შეკაზმულია და იმართება”, კონსერვატული იდეები, რაც არ უნდა საღი იყოს, ვერ გაუძლებს ინდუსტრიალიზმის, ცენტრალიზაციის, სეკულარიზმის და გამთანაბრებლობის იმპულსების უაზრო ძალას; მეორე, კონსერვატორ მოაზროვნეებს აკლდათ გამჭრიახობა, საკმარისი იმისათვის, რომ თანამედროვეობის თავსატეხებისათვის ალღო აეღოთ. ორივე ახსნას თავისი საფუძველი აქვს.
ეს წიგნი კონსერვატული აზროვნების კრიტიკაა; და ადგილი არ მეყოფა, რათა მეტად დაწვრილებით განვიხილო მატერიალური ძალები და პოლიტიკური მიმართულებები, რომლებიც, ერთსა და იმავე დროს აკვანიცა და რთველიც იყო კონსერვატული იდეებისათვის. იგივე მიზეზის გამო, მხოლოდ ლაკონურად თუ გამოვეხმაურები კონსერვატიზმის რადიკალ მოწინააღმდეგეებს. მაგრამ პოლიტიკური ისტორია კარგად არის მოთხრობილი 1790 წლიდან მოყოლებული, ხოლო ლიბერალიზმისა და რადიკალიზმის დოქტრინები საკმარისად არის ფესვგადგმული სახალხო აზროვნებაში; მაშინ როდესაც კონსერვატიზმზე ორიოდე ისტორიკოსი თუ წერდა. თუმცა ფრანგული და გერმანული კონსერვატული იდეებიც (ბრიტანულ და ამერიკულ აზროვნებასთან დაკავშირებული, ბერკისაგან დავალებული, მესტრი, ბონალი, გიზო, გენცი, მეტერნიხი და დიდი ტალანტის მქონე დუჟინი სხვანი) მეტად საინტერესოა, მაგრამ ეს ყველაფერი მეტად ჩახლართულია, რომ აქ განვიხილოთ; კონტინენტელ, იდეათა მპყრობელი კაცებიდან, მხოლოდ ტოკვილია სათანადოდ აღიარებული ამ წიგნში და ისიც უფრო იმიტომ, რომ ხანგრძლივი გავლენა იქონია ამერიკელებსა და ინგლისელებზე.
“კონსერვატული გონი” შეეხება მხოლოდ ბრიტანელსა და ამერიკელ მოაზროვნეებს, მათ ვინც იდგნენ ტრადიციისა და სიძველეთა სადარაჯოზე. დიდი ქვეყნებიდან, მხოლოდ ბრიტანეთი და ამერიკა გადაურჩნენ რევოლუციას 1790 წლის შემდგომ, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მათი კონსერვატიზმი ჯანსაღ ფესვებზეა ამოზრდილი და მისმა შესწავლამ კარგი შედეგი უნდა მოგვცეს. უფრო ბეჯითად რომ შემოვზღუდოთ მინდორი, ეს წიგნი ბერკის მიმდევარი მოაზროვნეების მოღვაწეობას აანალიზებს. დარწმუნებულმა, რომ ბერკის სკოლა ჭეშმარიტ კონსერვატულ პრინციპებს ქადაგებს, შეგნებულად გამოვტოვე ისეთი, მეტისმეტად ანტიდემოკრატი ლიბერალები, როგორიც არის ლოუი, ანტისახელისუფლებო ინდივიდუალისტები, როგორიც არის სპენსერი და კარლაილის მსგავსი ანტიპარლამენტური მწერლები. წინამდებარე თავებში განხილული ყოველი კონსერვატორი მოაზროვნე _ თვით ბერკის თანამედროვე ფედერალისტებიც კი _ დიადი ვიგის გავლენას განიცდიდნენ, თუმცა, ხანდახან, ბერკის იდეები მათამდე, გარკვეული ინტელექტუალური ფილტრების გავლის შემდეგ აღწევდა.
შეგნებული კონსერვატიზმი, თანამედროვე გაგებით, 1790 წლამდე არ წარმოჩენილა, სანამ არ გამოქვეყნდა “ფიქრები საფრანგეთის რევოლუციაზე”. იმ წელს ბერკის წინასწარმეტყველურმა ძალამ საზოგადოების ცნობიერებაში პირველად განსაზღვრა კონსერვატიზმისა და სიახლის დაპირისპირებული პოლუსები. კარმანიოლმა* ახალი ეპოქის დასაწყისი გვაუწყა, ხოლო ინგლისის ჩრდილოეთში ამოხეთქილი ქვანახშირისა და ორთქლის კვამლიანი ენერგია, სხვა რევოლუციის მანიშნებელი იყო. თუ ვინმე შეეცდება კონსერვატიული იდეების კვალს გაჰყვეს ადრეული ხანის ბრიტანეთში, მას გზა დაებნევა ვიგობასა, ტორიზმსა და ინტელექტუალურ ანტიკვარიანიზმში; რადგან თანამედროვე თვალსაზრისები, თუნდაც ადრევე ჩასახული, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი. არც ამერიკაში გამძაფრებულა ბრძოლა კონსერვატორებსა და რადიკალებს შორის, მანამდე სანამ მოქალაქე ჟენე* და ტომ პეინი ატლანტიკის გაღმიდან ფრანგული თავისუფლების ენთუზიაზმს
——————————————————-
*ფრანგი რევოლუციონრების კოსტუმი
*ჟენე, ედმონ შარლ ედუარდ (1763-1834) ფრანგი დიპლომატი, ვინც ცდილობდა 1793 წელს ამერიკა ჩაეთრია დიდი ბრიტანეტისა და ესპანეტის წინააღდეგ ომში.
შემოიტანდნენ: ამერიკული რევოლუცია, ინგლისური პოლიტიკური ტრადიციის მიხედვით, არსებითად, იყო კონსერვატული რეაქცია სამეფო სიახლის წინააღმდეგ.D და თუ ვინმეს სურს იპოვოს კონსერვატიზმის გზის გამკაფავი, ვინც ბერკზე უფრო ხნიერია, იგი ვერ ჰპოვებს კმაყოფილებას ბოლინგბროკთან, ვისაც რელიგიური სკეპტიციზმი ღირსებას აკარგვინებს, ან მაკიაველურ ჰობსთან, ან იმ ძველმოდურ, აბსოლუტისტ ფილმერთან. Fფოლკლენტი, კლარენდონი, ჰალიფაქსი და სტრაფორდი ოღონდაც რომ შესწავლას იმსახურებენ; უფრო მეტიც, რიჩარდ ჰუკერთან აღმოაჩენ ღრმა კონსერვატულ შეხედულებებს, რაც ბერკს მემკვიდრეობით გადაეცა, მის ანგლიკანიზმთან ერთად და რაც ჰუკერს სქოლასტიკოსებისა და მათი ავტორიტეტისაგან ცალკე აყენებს; მაგრამ უკვე მეთექვსმეტე საუკუნეს მივადექით და მერე მეცამეტეში გადავდივართ და ეს წიგნი კი თანამედროვე პრობლემებს ეხება. ყოველგვარი პრქტიკული თვალსაზრისით, ბერკი კონსერვატიზმის დამფუძნებელია.
ქენინგი, კოლრიჯი, სკოტი, საუთი და უორდსუორთი თავის პოლიტიკურ პრინციპებს ბერკის წარმოსახვისაგან სესხულობდნენ; ჰამილტონი და ჯონ ადამსი ბერკს ამერიკაში კითხულობდნენ, ხოლო რანდოლფმა ბერკის იდეები სამხრეთის შტატებში შეიტანა. ბერკის ფრანგმა მოწაფეებმა შეჰქმნეს სიტყვა “კონსერვატული”, რასაც მიესალმნენ ქროუკერი, ქენინგი და პილი და სწორედ მათ განაცხადეს, რომ მეტად აღარ იქნებოდნენ ტორები ან ვიგები და ერთ დროს პიტისა და პორტლენდის მომხრეებმა ძალები შეაკავშირეს. ტოკვილმა ბერკის სიბრძნე თავის ლიბერალურ მიზნებს შეუხამა; მაკოლეიმ მისი რეფორმატორული ტალანტი თავის მოდელში გადაიტანა. და ამ კაცებმა ბერკის ტრადიცია მომდევნო თაობებს გადაულოცეს. მოწაფეების ასეთი სიის შემხედვარე ძნელია უკუაგდო ბერკის პრეტენზია, ილაპარაკოს, როგორც ჭეშმარიტმა კონსერვატორმა გენიოსმა. ზოგიერთი ცნობილი სწავლული იმასაც კი შეეცადა, რომ ჰეგელი ბერკის ერთგვარ თანაშემწედ გამოეცხადებინათ. “სერ”, წარმოსთქვა სემუელ ჯონსონმა, ჰიუმის შესახებ, “ეს ყმაწვილი შემთხვევით არის ტორი”. ჰეგელის კონსერვატიზმიც ასევე შემთხვევითია; როგორც ტოკვილი შენიშნავს: “ჰეგელი მოითხოვდა, რომ მისი დრო უძველეს დაკანონებულ ძალებს დამორჩილებოდა; იგი თვლიდა, რომ ეს კანონიერი იქნებოდა არა მხოლოდ არსებობის, არამედ წარმოშობის გამოც. მისმა მოწაფეებმა სხვაგვარი ძალების დაფუძნება ისურვეს. . . . ამ პანდორას ყუთიდან გამოფრინდა ყველა სახის ზნეობრივი სნეულება, რითაც ხალხი დღესაც იტანჯება. მაგრამ, როგორც შევნიშნე, მთავარი რეაქცია სენსუალურ და სოციალისტურ ფილოსოფიებთან ჩნდება.”2 შლეგელი, ჟორესი და სტოლბერგი და ტენის სკოლა საფრანგეთში, მოხიბლულნი იყვნენ ჰეგელითაც და ბერკითაც. რითაც ალბათ აიხსნება მათი დამაბნეველი ზედაპირული მსგავსება და ძირფესვიანი დაპირისპირებულობა. ბერკისათვის ჰეგელის მეტაფიზიკა ისეთივე საძაგელი იქნებოდა, როგორც მისი სტილი; თვითონ ჰეგელსაც, როგორც ჩანს არ წაუკითხავს ბერკი; და იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ეს ორი კაცი, ერთისა და იმავე სისტემის განსხვავებულ ასპექტებს გამოხატავს, საშიშროება ემუქრება ერთმანეთში აურიოს ავტორიტარიზმი (ამ სიტყვის პოლიტიკური გაგებით) და კონსერვატიზმი. მარქსს შეეძლო და ისარგებლა კიდეც ჰეგელის საცავებიდან, მაგრამ თავისთვის შესაფერი ვერაფერი იპოვნა ბერკთან.
მაგრამ ასეთ განსხვავებებზე საუბარი უფრო შესაფერისია დამაგვირგვინებელი თავისათვის, ვიდრე შესავალისათვის. ამჯერად კონსერვატიზმის იდეის წინასწარი განსაღვრაა საჭირო.
არც ერთი გათვითცნობიერებული კონსერვატორი არ დათანხმდება ჩატენოს ღრმა და ინტელექტუალური სისტემა ორიოდე პრეტენზიულ ფრაზაში; იგი ამჯობინებს ეს ხერხი რადიკალ ენთუზიასტებს დაუთმოს. კონსერვატიზმი არ არის გაყინული და უცვლელი დოგმატური სხეული და კონსერვატორებმა ბერკისაგან მემკვიდრეობით მიიღეს ტალანტი, დროის შესაბამისად წარმოაჩინონ თავისი შეხედულებანი. და მაინც, როგორც სამუშაო წანამძღვარი, შეიძლება აღინიშნოს, რომ სოციალური კონსერვატიზმის არსი კაცობრიობის უძველესი ზნეობრივი ტრადიციის შენახვაა. კონსერვატორები პატივს სცემენ წინაპართა სიბრძნეს (ეს სიტყვები უთქვამთ სტრაფორდსა და ჰუკერს, მანამდე, სანამ ბერკი გამოამზეურებდა); ისინი ეჭვით უყურებენ ბითუმად მოსულ ცვლილებებს. ისინი ფიქრობენ, რომ საზოგადოება არის სულიერი რეალობა, დაჯილდოვებული მარადიული სიცოცხლით, მაგრამ სუსტი აგებულებით; არ შეიძლება მისი მანქანასავით გატეხვა ან გადაკეთება. “რა არის კონსერვატიზმი?” უკითხავს ერთხელ აბრაამ ლინკოლნს, “ეს ხომ ძველისა და ნაცადისადმი ერთგულებაა, ახლისა და გამოუცდელის საწინააღმდეგოდ!” აი, აწორედ ეს არის, მაგრამ უფრო მეტიც გახლავთ. პროფესორი ჰერნშოუ, თავის ნაშრომში, “კონსერვატიზმი ინგლისში”, თორმეტამდე პრინციპს ჩამოთვლის კონსერვატორობისა, მაგრამ შეიძლება უფრო მოკლედაც ჩამოყალიბდეს. ვფიქრობ, არსებობს ექვსი კრიტერიუმი კონსერვატული აზროვნებისა:
1. რწმენა, რომ ღვთის ნება მართავს, როგორც საზოგადოებას, ასევე სინდისს; სჭედს მარადიულ ჯაჭვს სიმართლისა და მოვალეობისა, რაც აკავშირებს დიადსა და შეუმჩნეველს, ცოცხალსა და მკვდარს. პოლიტიკური პრობლემების საფუძველი რელიგიური და ზნეობრივი პრობლემებია. ვიწრო რაციონალობა, რასაც კოლრიჯი მიხვედრას უწოდებს, თავისთავად ვერ დააკმაყოფილებს ადამიანურ მოთხოვნილებებს. “ყოველი ტორი რელისტია”, ამბობს კიტ ფილინგი: “მან იცის, რომ არის დიადი ძალები ზეცად და ქვეყნად, სადამდეც ადამიანის ფილოსოფია ვერ მისწვდება, ვერ მიაღწევს. ცუდად ვიქცევით, როცა არაფრად ვაგდებთ, ადამიანის გონებას არ ენდობიანო, რომ გვიკიჟინებენ: არც ვენდობით და არც შეიძლება ვენდოთ. ადამიანის გონებამ აღმართა ჯვარი გოლგოთაზე, ადამიანის გონებამ შეჰქმნა შხამით სავსე თასი,* ადამიანის გონების კანონიზაცია მოხდა ნოტრ დამში. პოლიტიკა არის ხელოვნება ბუნებაზე მაღლა მდგომი სამართლანობის წვდომისა და გამოყენებისა.
*იგულისხმება შხამით სავსე თასი, რომელიც სოკრატემ შესვა.
2. სიყვარული ტრადიციული ყოფის ნაყოფიერი მრავალფეროვნებისა და იდუმალებისა, განსხვავებით ყველაზე უფრო რადიკალური სისტემების გამთანაბრებელი და უტილიტარული ვიწრო ერთფეროვნებისაგან. ამიტომაც არის, რომ ქუინტინ ჰოგი (ლორდ ჰეილშემი) და რ. ჯ. უაიტი კონსერვატიზმს “ტკბობად” წარმოსახავენ. ეს არის მხნე თვალსაზრისი ცხოვრებისადმი, რასაც უოლტერ ბეიგჰოთი უწოდებდა, “მართებულ წყაროს სიცოცხლით სავსე კონსერვატიზმისა”.
3. შეგნება, რომ ცივილიზებულ საზოგადოებას სჭირდება წესრიგი და კლასები. ერთადერთი ჭეშმარიტი თანასწორობა ზნეობრივი თანასწორობაა: ყველა დანარჩენი მცდელობა, მაცდუნებელი კანონმდებლობით თავსმოხვეული, იმედგაცრუებამდე მიგვიყვანს. საზოგადოება მოითხოვს წინამძღოლს და თუ ხალხი მოსპობს ადამიანებს შორის ბუნებრივ განსხვავებას, ბონაპარტე შეავსებს ვაკუუმს.
4. რწმენა, რომ საკუთრება და თავისუფლება განუყოფლად დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან და, რომ ეკონომიკურ გათანასწორებას არ მოაქვს ეკონომიკური პროგრესი. გამოგლიჯე საკუთრება კერძო მფლობელობიდან და თავისუფლება გაქრება.
5. ნდობა ადათისა და უნდობლობა სოფისტებისა და წვრილმანი, ანგარიშიანი ხალხისადმი. კაცმა უნდა დაუდოს ზღვარი თავის მადასა და ნებას, რადგან კონსერვატორებმა იციან, რომ ადამიანებს გრძნობა უფრო მართავს, ვიდრე გონება. ტრადიცია და ჯანსაღი წეს-ჩვეულებანი აოკებს კაცის ანარქიულ იმპულსებს.
6. შეცნობა იმისა, რომ ცვლილება და რეფორმა არ არის ერთი და იგივე და, რომ ცვლილებები ხშირად პროგრესის ჩირაღდანს კი არა ჰგავს, არამედ ყოვლისმშთანთქმელ ხანძარს. საზოგადოება უნდა გარდაიქმნას, მაგრამ აუჩქარებელი ცვლილება მის კონსერვატულობას მიანიშნებს, ადამიანის სხეულის მარადიული განახლების მსგავსად; წინდახედულება კი შესაფერისი იარაღია ცვლილებისათვის და სახელმწიფო მოღვაწე სოციალური ძალების რეალური ტენდენციების წინასწარშეცნობით გამოიცდება.
იდეათა ამ სისტემამ მრავალჯერ შეიცვალა მიმართულება და მრავალი რამ დაემატა, მაგრამ კონსერვატორები ამ პრინციპებს მაინც პოლიტიკური ისტორიისათვის იშვიათი თანამიმდევრულობით მიჰყვებიან.
მოწინააღმდეგეთა პრინციპების დაჯგუფება უფრო ძნელია. რადიკალური აზროვნების თითქმის ხუთი სკოლა ექიშპებოდა ერთმანეთს, სახალხო პატივისცემის მოსაპოვებლად, მას შემდეგ, რაც ბერკი პოლიტიკას მოეკიდა: XIII საუკუნის ფილოსოფები* და ჰიუმი, რუსოსი და მისი მიმდევრების რომანტიული ემანსიპაცია, ბენთემელების უტილიტარიზმი, კომტის სკოლის პოზიტივიზმი და მარქსისა და სხვა სოციალისტების კოლექტიური მატერიალიზმი. ამ სიიდან გამოტოვებულია სამეცნიერო დოქტრინები, მათ შორის
*ფილოსოფები _ ინგლისურ ტექსტშია პჰილოსოპჰეს და არა პჰილოსოპჰერს; ორიგინალის ტერმინი აღნიშნავს XVIII ს. ფრანგ განმანათლებლებს.
უმთავრესით, დარვინიზმით, რომელთაც დიდად იზრუნეს, რომ
კონსერვატიული წერიგის უპირველესი პრინციპებისათვის გამოეთხარათ
ძირი. მრავალრიცხოვანი რადიკალური გამოვლინებების საერთო აღმნიშვნელით გამოხატვა ალბათ თავდაჯერებულობა იქნებოდა, რაც უცხოა კონსერვატიზმის ფილოსოფიური პრინციპებისათვის. ამავე დროს, თუ ერთი შეხედვით განაზოგადებდა ვინმე, შეიძლებოდა თქმულიყო, რომ რადიკალიზმი 1790 წლიდან განეწყო საზოგადოების ადათებრივ წესრიგზე თავდასასხმელად, შემდეგი პოზიციებიდან:
1. ადამიანის სრულყოფის შესაძლებლობა და საზოგადოების დაუსაზღვრელი პროგრესი: მელიორიზმი.* რადიკალებს სჯერათ, რომ განათლება, პოზიტიური კანონმდებლობა და გარემოს გარდაქმნა ადამიანებს ღმერთებად აქცევს; ისინი უარჰყოფენ, რომ კაცობრიობას ბუნებრივი მიდრეკილება აქვს სისასტიკისა და ცოდვისადმი.
2. ზიზღი ტრადიციისადმი. გონება, იმპულსი და მატერიალისტური დეტერმინიზმი თანაბრადაა შერჩეული სოციალური კეთილდღეობისაკენ მიმავალი გზის მაჩვენებლად და უფრო სანდოდაა მიჩნეული, ვიდრე წინაპართა სიბრძნე. საყოველთაო რელიგია უკუგდებულია და მის შემცვლელად შემოთავაზებულია მრავალრიცხოვანი და ანტიქრისტიანული სისტემა.
3. პოლიტიკური გათანასწორება. გმობენ წესრიგსა და პრივილეგიას; ტოტალური დემოკრატია, პირდაპირიცა და პრაქტიკულიც, გახლავთ აღიარებული რადიკალური იდეალი. ამ განწყობილების შესაბამისად, წარმოიშვება საერთო უკმაყოფილება პარლამენტური წესრიგისადმი და მისწრაფება ცენტრალიზაციისა და კონსოლიდაციისადმი.
4. ეკონომიკური გათანაბრება. უძველეს უფლებას საკუთრებისა, გასაკუთრებით მიწის საკუთრებისა, ეჭვის თვალით უყურებენ თითქმის ყველა სახის რადიკალები; კოლექტივისტი რეფორმატორები არყევენ და აძაბუნებენ კერძო საკუთრების ინსტიტუტის საფუძვლებსა და განშტოებას.
მეხუთე ადგილზე კაცი შეეცდებოდა მოეთავსებინა საერთო რადიკალური თვალსაზრისი სახელმწიფოს დანიშნულებისა, მაგრამ ამ შემთხვევაში უფსკრული, განახლებათა სკოლების მოსაზრებათა შორის, მეტისმეტად ღრმაა, რათა რომელიმე დამაკმაყოფილებელ განზოგადებამდე მივიდეთ. ერთი რამ კი შეიძლება აღინიშნოს, რომ რადიკალები ერთიანდებიან სახელმწიფოს, როგორც ღვთაებრივად მოწესრიგებული ზნეობრივი არსის, გარდაცვლილთა, ცოცხალთა და ჯერარშობილთა სულიერი ერთობის ბერკისეული აღწერილობისადმი სიძულვილით.
წინასწარი მონახაზისათვის საკმარისია. რადიკალი, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ცვლილებებისადმი სიყვარულით ანთებული ნეოთერისტია; კონსერვატორი კი ის, ვინც ჟუბერთან ერთად ამბობს, ჩე სონტ ლეს ცრამპონს ქუი უნისსენტ უნე გენერატიონ ა უნე აუტრე _ პოლიტიკისა და რელიგიის ეს უძველესი ინსტიტუტები. ცონსერვეზ ცე ქუ’ონტ ვუ ვოს პერეს. თუ ვინმე, რატომღაც, ამაზე მეტ განსაზღვრას ეძებს, რაც უფრო მალე მიუბრუნდება კონკრეტულ მოაზროვნეებს, მით უფრო საიმედო საფუძვლებამდე დავა. მომდევნო თავებში დახატულია კონსერვატორი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, კრიტიკოსი, მეტაფიზიკოსი და მწერალი. იდეის კაცები პარტიის ლიდერებზე მეტად წარმართავენ მოვლენათა მსვლელობას და ეს ნაპოლეონმაც იცოდა; მეც ჩემი კონსერვატორები შესაბამისად შევარჩიე. ზოგიერთ კონსერვატორ მოაზროვნეზე _ მაგალითისათვის, ლორდ სოლისბერისა და მოსამართლე სთორიზე* _ მეტის დაწერა მსურდა; ბერკის ზოგიერთი საინტერესო მოწაფე, მათ შორის არნოლდი, მორლი და ბრაისი, გამოვტოვე, იმიტომ, რომ თანამიმდევრული კონსერვატორები არ იყვნენ. მაგრამ მივყევი ძირითად დინებას კონსერვატული იდეისა 1790 წლიდან 1952 წლამდე.
რევოლუციურ ეპოქაში, ზოგჯერ, კაცი გამოს უსინჯავს ყოველგვარ სიახლეს, მოყირჭდება ყოველი მათგანი და უბრუნდება უძველეს პრინციპებს, რომლებიც იმდენ ხანს იყო უქმად, რომ განახლებული სიცოცხლით დაუბერავს, როცა ხელახლა აღმოაჩენ. ისტორია, ხშირად, თითიქოსდა რულეტის ბორბალს მოჰგავს; არის სიმართლე ძველბერძნულ იდეაში ციკლების შესახებ და შეიძლება შემობრუნდეს ნომერი, რომელიც კონსერვატულ წესრიგს აღნიშნავს. ერთ-ერთმა იმ ალმოდებულ ღრუბელთაგან, რომელიც ღვთისათვის არ გვემეტება და ჩვენს საქმიანობას მივაწერთ, შესაძლოა ისევე დაუნდობლად გააქროს ჩვენი დღევანდელი, დახვეწილი კონსტრუქციები, როგორც ფორბურგ სენ ჟერმინში დააბოლოვა თავისი თავისაგან დაღლილი საუკუნე. და მაინც, რულეტთან შედარება არ მოეწონებოდა ბერკს (ან ჯონ ადამსს), ვინც იცოდა, რომ ისტორია დიად ჩანაფიქრს გადაეშლება. ჭეშმარიტი კონსერვატორი ფიქრობს ამ პროცესზე, რაც შანსივით ან ბედისწერასავით, ან უფრო მეტად პოლარობის ზნეობრივი კანონის წინასწარმეტყველურ ქმედებასავით მოჩანს. და ჩვენი საუკუნე რომ ეხილა, ბერკი არასოდეს შეურიგდებოდა აზრს, რომ დაჭლექებული საზოგადოება, თვითმკვლელობას რომ მიახლოებია, ის დასასრულია, რაც განგებას ადამიანისათვის მოუმზადებია. თუ კონსერვატული წესრიგი მართლაც უნდა დაბრუნდეს, უნდა ვიცნობდეთ ტრადიციას, რაც მას თან ახლავს, რათა ხელახლა ავაშენოთ საზოგადოება; და თუ მას აღდგენა არ უწერია, მაინც უნდა ვიცნობდეთ კონსერვატულ იდეებს, რათა ავერიდოთ დამწვარ-დაფერფლილ ნარჩენებს ცივილიზაციისა, გავექცეთ შეუზღუდავი თვითნებობისა და მადისაგან გაჩენილ ხანძარს.
*მოსამართლე სთორი _ ჯოზეფ სთორი (1779 –1845) ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ამერიკის უდიდესი იურისტი
• მელიორიზმი – დოქტრინა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს გაუმჯობესება შესაძლებელია ადამიანის მცდელობის შედეგად.
რასელ კერკი დაიბადა პლიმუტში, მიჩიგანის შტატი, 1918 წელს და ცხოვრების უმეტესი ნაწილი, თავის წინაპართა საცხოვრისში, პიეტი ჰილში, მიკოსტაში, მიჩიგანის შტატი, გაატარა. Aაქ მან სათამაშოების ყოფილი საამქრო თავის ბიბლიოთეკადა და სამუშაო ადგილად აქცია. Mმისი იტალიურ ყაიდაზე მოწყობილი სახლი სავსე იყო ქანდაკებებითა და ანტიკური არქიტექტურის ნიმუშებით, რითაც დასავლეთ მიჩიგანის მკვეთრ ურბანულობას უპირისპირდებოდა. Oოცდაატი წლისამ ცოლად შეირთო ანეტ ივონ სესილ ქორთმანში. შინ ყოფნისას უყვარდა თხრობა აჩრდილებსა და მოჩვენებებზე; ამ სიუჟეტებს იგი მოგზაურობისას აგროვებდა.
Mმისი სახლი მუდამ სავსე იყო ლტოლვილებით, სტუდენტებითა და კოლეგებით. რასელ და ანეტ კერკები ხშირად აწყობდნენ სამეცნიერო სემინარებს სხვადასხვა სამეცნირო ცენტრებთანა და ფონდებთან ერთად.
რასელ კერკი გარადიცვალა 1994 წლის 29 აპრილს. Mმის სახლში დღეს გახსნილია „რასელ კერკის ცენტრი“, რასაც მისი მეუღლე ანეტ კერკი უძღვება.
რასელ კერკი იყო მწერალი, ფილოსოფოსი, კრიტიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი; იგი ოცდათორმეტი წიგნისა, ასობით საჟურნალო ესეისა და ნოველის ავტორია. რაც მთავარია იგი იყო XX საუკუნის ამერიკული კონსერვატიზმის ერთ-ერთი მამამთავარი. „Nნიუ იორკ ტაიმსი“ აღიარებდა კერკის უდიდეს გავლენას და წერდა, რომ კერკის წიგნმა „კონსერვატიული გონი“ გამორჩეული სახე და გენიალოგია შესძინა ამერიკელ კონსერვატორებს და წააქეზა ომის შემდგომი მოძრაობა. რასელ კერკი იყო რედაქტორი ყოველკვარტალური ჟურნალებისა „უნივერსითი ბუკმან“ და „მოდერნ ეიჯ“. იგი ასზე მეტ სერიოზულ პერიოდულ გამოცემასთან თანამშრომლობდა მსოფლიოში. იგი იყო მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, და ერთადერთ იყო ამერიკელ მეცნიერთაგან, ვიმც სკოტლენდის სენტ ენდრიუს უნივერსიტეტის დოქტორი გახდა. იყო მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი, მათ შორის „ქრისტოფერ ევორდისა“ წიგნისათვის „ელიოტი და მისი ეპოქა“. Mმისი მეორე წიგნი „კონსერვატიული გონი“ (1953) უკვე შვიდჯერ გამოიცა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნაშრომად ითვლება პოლიტიკური იდეებისა და კულტურის სფეროში. Aამ წიგნით ამაყობენ ამერიკელი კონსერვატორები და მდუმარედ, მაგრამ მოკრძალებითა და პატივისცემით გვერდს უვლიან ლიბერალები.
Kკერკი მეგობრობდა და თანამშრომლობდა თავისი დროის ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიც იყვნენ: ტ.ს. ელიოტი, როი კემპბელი, Uუინდჰემ ლუისი, დონალდ დევიდსონი, რეი ბრედბერი, ფლენერი ო’კონორი, მალკოლმ მაგერიჯი, რობერტ გრეივზი და სხვები.
‘როგორც წინასწარმეტყველმა ამერიკული კონსერვატიზმისა, რასელ კერკმა განსწავლა, აღზარდა და შთააგონა მთელი თაობა. Pპიეტი ჰილიდან მომზირალი, იგი ღრმად ჩასწვდა ამერიკული ღირებულებების ფესვებს, დაწერა და გამოსცა პოლიტიკური ფილოსოფიის უპირველესი ნაშრომები. Mმისი ინტელექტუალური ღვაწლი წარმოადგენს პატრიოტიზმის შთამბეჭდავ აქტს. შევყურებ მომავალს იმ იმედით, რომ მისი შემოქმედება კვლავ ღრმად გასაზღვრავს და დაიცავს ჩვენს ღირებულებებსა და ნაამაგარ ცივილიზაციას.“ Eეს რონალდ რეიგანის სიტყვებია, ვინც რასელ კერკს 1989 წელს „საპრეზიდენტო სამოქალაქო მედალი“ გადასცა.