კონსერვატიული საკითხავი

კონსერვაცია და რეფორმა

0
რაკი შენება არ შეეძლოთ, ფრანგმა რადიკალებმა დანგრევა დაიწყეს, ამბობს ბერკი „ფიქრებში.“ იგი გვიჩვენებს სახელმწიფო მოღვაწის მოვალეობას კიდეც შეინახოს და კიდეც შეცვალოს სოციალური ინსტიტუტები.
სწორედაც, რომ უუნარობამ შებრძოლებოდნენ სიძნელეებს, აიძულა საფრანგეთის თავნება ასმბლეა შეეთხზა სქემები რეფორმისა ანუ გაუქმებისა და სრული ნგრევისა.* ნუთუ დანგრევასა და დაქცევაში უნდა გამოამჟღავნოთ ნიჭი და უნარი? რასაც თქვენი ასამბლეა აკეთებს თქვენს ბრბოსაც ხომ კარგად შეეძლო გაეკეთებინა. ამ საქმისათვის ზედმიწევნით შესაფერია უფშუტესი შემეცნება, უუხეშესი ხელი. მრისხანება და მძვინვარება ნახევარ საათში გაანადგურებს უფრო მეტს, ვიდრე კეთილდღეობა, დიდსულოვნება და წინდახედულება შეეძლება ააშენოს ას წელიწადში. ძველ დაწესებულებათა შეცდომები და ნაკლოვანებანი თვალითაც ჩანს და ხელითაც შეეხები. მათ გამოსავლენად მცირეოდენი უნარია საჭირო. როცა აბსოლუტური ძალაუფლება სახეზეა, ერთადერთი სიტყვაა საჭირო, რომ ნაკლიცა და დაწესებულებაც ერთროულად გაუქმდეს. იგივე ზარმაცი, მაგრამ მოუსვენარი განწყობილება, მცონარობა რომ უყვარს და სიმშვიდე სძულს, წარმართავს ამ პოლიტიკოსებს, როცა იმ ადგილის შევსებას იწყებენ თვითონ რომ დაანგრიეს. იოლია ყველაფრის საწინააღმდეგოდ მოქმედება, რასაც ხედავ; ასევე იოლია დანგრევა. სიძნელეები არ შეგხვდება, როცა არაფრის შექმნას არ ცდილობ. კრიტიკას ყოველთვის უჭირდა იმის ნაკლოვანების მიგნება, რაც არ არსებობს და მოწადინებულ მგზნებარებასა და მაცდუნებელ იმედს ძალზე ვრცელი წარმოსახვა აქვს, რაც შეიძლება ისე წარიმართოს, რომ სრულებითაც არ შეხვდეს წინააღმდეგობა.
სრულიად სხვაა კონსერვაცია და რეფორმა, ერთდროულად. როდესაც ძველი დაწესებულების სასარგებლო ნაწილები შენარჩუნებულია, ის რაც ემატება უნდა მოერგოს არსებულს; ენერგიული გონება, ბეჟით და გამჭრიახი ყურადღება, შედარებისა და შერწყმის მრავალფეროვანი ძალები და შემეცნების ნაყოფიერი და მიზანშეწონილი წყაროები უნდა გამოიცადოს; უნდა გამოიცადოს ხანგრძლივ
კონფლიქტში დაპირისპირებულ ცოდვათა გაერთიანებულ ძალებთან, ყოველგვარი
* ასამბლეის წამყვანმა წევრმა, მსიე რაბაუდ დე სენტ ეტიენმა, რაც შეიძლებოდა ნათლად გადმოსცა თავიანთი პრინციპები და, მართლაც, რა შეიძლება იყოს უფრო ადვილი: _ [საფრანგეთის ყველა დაწესებულება დაფუძნებულია ხალხის გაჭირვებაზე; იმისათვის, რომ ბედნიერი გავხადოთ ხალხი, საჭიროა განვაახლოთ ისინი, შევცვალოთ იდეები, კანონები, ჩვეულებები, . . . ადამიანები, საგნები, სიტყვები . . .დავანგრიოთ ყველაფერი; დიახ დავანგრიოთ ყველაფერი, რადგან ყველაფერი ხელახლა უნდა შეიქმნას.] ეს ჯენტლმენი იყო არჩეული პრეზიდენტი ასამბლეისა და არა Qუინზე-ვინგტ [ბრმების თავშესაფარი] ან Pეტიტს Mაისონს [გიჟების თავშესაფარი] მკვიდრი, სადაც ის საცოდავები არიან თავშეფარებულნი, რაციონალურად რომ არ არიან მიჩნეულნი, მაგრამ არც იდეებით, არც ენით და არც ქცევით ოდნავადაც არ განსხვავდებიან მათგან, ვინც ასამბლეის შიგნით თუ გარეთ წარმართავენ იმ მანქანის მოქმედებას, რაც ეხლა მუშაობს საფრანგეთში.
გაუმჯობესების უარმყოფელ სიჯიუტესთან და თავქარიანობასთან, რაც მობეზრებული და შეძულებული აქვს ყველაფერს, რასაც კი შეჰხებია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შემედავოთ: _ ამგვარი პროცესი ნელია. ეს კი ვერ დააკმაყოფილებს ასამბლეას, რომელიც ძლევამოსილად განახორციელებს ორიოდე თვეში საუკუნეების საქმეს. ამგვარია რეფორმა, ალბათ, მრავალი წელი გაგრძელდება.” ალბათ ასე იქნება და ასეც უნდა იყოს. ამ მეთოდის ერთ ბრწყინვალებათაგანი ისიცაა, რომ დრო მისი ერთ-ერთი თანაშემწეა, თვითონ კი ნელა მოქმედებს და ზოგიერთ შემთხვევაში შეუმჩნევლადაც კი. თუკი სიმართლე და წინდახედულება სიბრძნის ნაწილია, როცა საქმე გვაქვს მხოლოდ უსულო მატერიასთან, რათქმა უნდა საქმის ნაწილიც ხდება; როცა ჩვენს მიერ წარმოებული ნგრევისა თუ შენების საგანი აგური და ფიცარი კი არ არის, არამედ მგრძნობიარე არსებანი, მათი მდგომარეობის, პირობებისა და ჩვეულებების უეცარმა ცვლილებამ შესაძლოა მრავალ არსებას უბედურება მოუტანოს. მაგრამ, როგორც ჩანს, პარიზში გაბატონებულია შეხედულება, რომ უგრძნობი გული და ეჭვმიუკარებელი თავდაჯერება ერთადერთი კვალიფიკაციაა სრულყოფილი კანონმდებლობისათვის. ჩემი იდეები კი იმ მაღალი დაწესებულების გამო, სრულიად განსხვავებულია. ჭეშმარიტი კანონმდებლის გული გრძნობებით უნდა იყოს აღვსილი. მას უნდა უყვარეს და პატივს სცემდეს მოყვასს და ეშინოდეს თვისი თავისა. მას უფლება უნდა ჰქონდეს ტემპერამენტისა და ინტუიციის შემწეობით მოიხელთოს უმაღლესი მიზანი, მაგრამ მისი სვლა მიზნისაკენ ფრთხილი უნდა იყოს. პოლიტიკური განგებულობა, რაკი სოციალურ მიზნებს ემსახურება, მხოლოდ სოციალური იარაღებით უნდა შეკავშირდეს. გონება გონებით უნდა გაწონასწორდეს. დრო იმისათვისაა საჭირო, რომ გამოაწრთოს ეს კავშირი გონებათა, რაც ერთადერთია, რასაც იმ ყოველივე სიკეთის შექმნა შეუძლია, მიზნად რომ ვისახავთ. მოთმინებით მეტის მიღწევა შეგვიძლია, ვიდრე ძალით. თუ გადავწყვეტ და შევეხები გამოცდილებას, რაც პარიზში მოდიდან გამოსულა, უნდა გითხრათ, რომ ჩემი საქმიანობის დროს გამიცვნია და მითანამშრომლია, ჩემივე შეფასებით, დიდ ადამიანებთან; და ჯერ არ მინახავს გეგმა, რაც არ განეხილოთ იმათ, ვინც წინამძღოლებთან შედარებით, დაბლა დგანან. ნელი, მაგრამ ბეჯითი წინსვლის დროს თვალყურს ვადევნებთ თვითეული ნაბიჯის ეფექტურობას; პირველის წარმატება თუ წარუმატებლობა გზას უნათებს მეორეს; და ასე, განათებიდან განათებამდე, უსაფრთხოდ წარვმართავთ მთელ სერიებს. ვხედავთ, რომ სისტემის ნაწილები ერთმანეთს არ ეჯახება. ყველაზე უფრო იმედის მომცემი საშუალებების ფარული ნაკლოვანებანი გამოჩენისთანავე გამოსწორდება. ერთი უპირატესობა ისეთი მცირეა, რომ შეიძლება მეორეს შეეწიროს. ვანაზღაურებთ, ვარიგებთ, ვაწონასწორებთ. შეგვიძლია თანამიმდევრულ მთლიანობად შევაკავშიროთ მრავალგვაროვანი ანომალიები და საკამათო პრინციპები, რაც ადამიანის გონებასა და საქმიანობაში გვხვდება. აქედან აღიძვრება არა ბრწყინვალება უბრალოებისა, არამედ გაცილებით უფრო მეტი, ბრწყინვალება კომპოზიციისა. იქ, სადაც კაცობრიობის დიადი ინტერესები ზრუნავს თაობათა გრძელ წყებაზე, თაობებს უფლება უნდა ჰქონდეთ მონაწილეობდნენ იმის განსჯაში, რაც ასეთ ღრმა გავლენას ახდენს მათზე. თუკი სამართლიანობა ამას მოითხოვს, სამუშაო თავისთავად მოითხოვს უფრო მეტი გონების დახმარებას, ვიდრე საუკუნემ შეიძლება მიაწოდოს. ამ თვალსაზრისის შედეგია ის, რომ საუკეთესო კანონმდებლები ხშირად დაკმაყოფილებულან იმით, რომ საფუძველი ჩაუყრიათ დამაჯერებელი, მყარი და წარმმართველი პრინციპისათვის მთავრობისა; ისეთი ძალაუფებისათვის, რასაც ზოგიერთი ფილოსოფოსი პლასტიურ ბუნებას უწოდებს; და ამ პრინციპის განმტკიცების შემდეგ ნება ეძლევა თვითონ იმოქმედოს.
ამ გზით სვლა, ანუ ამ უმთავრესი პრინციპითა და ნაყოფიერი ენერგიით მოქმედება გახლავთ ჩემთვის უღრმესი სიბრძნის კრიტერიუმი. რასაც თქვენი პოლიტიკოსები თამამი და გაბედული გენიოსის ნიშნებად მიიჩნევენ, მხოლოდ უნარ_ჩვევების ქონის საბრალობელი სურვილია. სასტიკ ფაციფუცში გართულნი  დაუმორჩილებლობას რომ უცხადებენ ბუნებრივ პროცესებს, ბრმად ენდონიან ყოველ თავგადასავლების მაძიებელ პროექტანტს, ყოველ ალქიმიკოსსა და ემპირიკოსს. აითვალწუნებენ ყველაფერს, რაც საყოველთაოა. დიეტას არაფრად აგდებენ თავიანთ სამკურნალო სისტემაში. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ათვალწუნება სნეულების საყოველთაო სამკურნალო საშუალებისადმი წარმოიშობა არა მხოლოდ იქიდან, რომ ვერ გაუგიათ, არამედ, ვშიშობ, ბოროტგანწყობილებიდან. როგორც ჩანს, თქვენი კანონმდებელნი შეხედულებებს პროფესიებზე, რანგებზე, და სამსახურებზე სატირიკოსთა დეკლამაციიდან და მასხარებისაგან ითვისებენ, ვინც თვითონაც გაოცდებოდნენ, მათივე  აღწერილობის მიხედვით რომ მოქცეოდნენ. მასხარებს რომ უგდებენ ყურს, თქვენი ლიდერები, ყველაფერს მხოლოდ ნაკლოვანებისა და შეცდომების კუთხით აღიქვამენ და ყოველნაირად აზვიადებენ ამ ნაკლოვანებებსა და შეცდომებს. ეგებ პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ უეჭველი სიმართლეა, რომ ისინი, ვისაც ჩვევად აქვთ დანაშაულთა გამოჩხრეკა და გამომზეურება, მომზადებულნი არ არიან რეფორმების ჩასატარებლად, რადგან მათი გონება არა მარტო აღჭურვილი არ არის კეთილისა და მშვენიერის ნიმუშებით, არამედ, ჩვეულებისამებრ, ვერ ჰპოვებენ ვერავითარ სიამოვნებას კეთილისა და მშვენიერის აღქმისას. ნაკლოვანებათა დიდი სიძულვილის გამო, ადამიანი ძალზე მცირედ უყვართ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ არც განწყობილნი არიან და არც ძალუძთ ემსახურონ ადამიანებს. აქედან მომდინარეობს აღრეული განწყობილება ზოგიერთი თქვენი წინამძღოლისა, ყველაფრის დანაწევრება რომ სურთ. ამ ბოროტ თამაშში ამჟღავნებენ მთელ თავის ოთხმახ აქტივობას. ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, ენამჭევრ მწერალთა მიერ შეთხზულ პარადოქსებს, რასაც ოდენ ფანტაზიის თამაშით აღწევენ, თავისი ნიჭის წყალობით აღძრავენ ყურადღებას და იწვევენ განცვიფრებას, ეს ჯენტლმენები მიიღებენ არა როგორც ორიგინალურ ავტორთა ნააზრევს, არამედ როგორც საშუალებას, რომ დაიხვეწონ გემოვნება და გაიუმჯობესონ სტილი. ეს პარადოქსები მათთვის სერიოზული საფუძველია მოქმედებისათვის, რითაც ისინი წარმართავენ სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს. ციცერონი დაცინვით აღწერდა, თუ როგორ ატარებდა ცხოვრებაში კატო თავისი სკოლის პარადოქსებს, როცა სტოიკურ ფილოსოფიაში ავარჯიშებდა დამწყებ სტუდენტებს. და თუ რასაც კატოზე ამბობენ სიმართლეა, ამ ჯენტლმენებმა უნდა გადაიღონ ის, რაც პედე ნუდო ჩატონემ*-ის დროს მცხოვრებმა რამდენიმე პიროვნებამ ჩაიდინა. მ-რ. ჰიუმმა მითხრა, თვითონ რუსოსგან ვისწავლე კომპოზიციის საიდუმლოო. ამ გამჭრიახმა, თუმცა ექსცენტრულმა დამკვირვებელმა შენიშნა, რომ მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად ჯადოსნური რამ უნდა შეეთხზა; რომ წარმართული მითოლოგიის ჯადოქრობამ დიდი ხანია დაკარგა ზემოქმედების ძალა; რომ შემდგომ მოსულმა გოლიათებმა, ჯადოქრებმა, ფერიებმა და რომანტიულმა გმირებმა ამოწურეს თავისი ეპოქის იაფი ინტერესი; და რომ მწერალს ისღა რჩებოდა, რომ ხელი მოეკიდა ჯადოსნურის ახალი ნიმუშისათვის, რაც კიდევ შეიძლებოდა შექმნილიყო და ისეთივე დიდი ყურადღება მიეპყრო, ოღონდ სხვა გზით;  ესე იგი, ჯადოსნურს ცხოვრებაში, ჩვეულებებში, ხასიათებში და არაჩვეულებრივ სიტუაციებში უნდა გამოეწვია ახალი და ჯერ არნახული ყურადღება პოლიტიკისა და ზნეობის სფეროში. მჯერა, რუსო რომ ცოცხალი ყოფილიყო და ცხოვრების ფხიზელ ინტერვალში შესწრებოდა, თავზარი დაეცემოდა თავისი მოძღვრების პრაქტიკულ მძვინვარებას რომ იხილავდა, იხილავდა მათ, ვინც ყალბი მიმბაძველნი არიან თავისი პარადოქსებით და ურწმუნოებაში ჰპოვებენ რწმენას.