კონსერვატიული საკითხავი

კონსერვატორად ყოფნის გამო

0
მე არ ვიზიარებ გავრცელებულ რწმენას, რომ შეუძლებელია (ან თუ შეუძლებელი არ არის, იმდენად უიმედოა, რომ ცდადაც არ ღირს) გამოიყოს და განიმარტოს საერთო პრინციპები იქიდან, რასაც კონსერვატულ ქცევად მიიჩნევენ. ეგებ სიმართლეცაა, რომ კონსერვატული ქცევა დაუყოვნებლივ ვერ ეხმაურება ზოგადი იდეების იდიომატიკას და, რომ, აქედან გამომდინარე, ძნელდება მისი განმარტება; მაგრამ იმის თქმაც არ შეიძლება, რომ კონსერვატულ ქცევას სხვაზე ნაკლები უფლება აქვს მიიღოს მისთვის შესაფერისი განმარტება. მაგრამ მე ამისათვის არ შევდგომივარ ამ საქმეს. ჩემი თემაა არა კრედო ან დოქტრინა, არამედ განწყობა. კონსერვატორად ყოფნა ნიშნავს გარკვეული ფორმის ფიქრსა და მოქცევას; როცა ადამიანური ყოფის გარკვეულ მიმართებასა და პირობებს სხვას ამჯობინებ; როცა განეწყობი რომ ეს აირჩიო და არა სხვა. და ჩემი მიზანია განვმარტო სწორედ ამ განწყობის გამოვლინება თანამედროვე ხასიათში და არა მისი გადატანა ზოგადი პრინციპების იდიომატიკაში. ამ განწყობის ზოგადი მახასიათებლების გამორჩევა ძნელი არ არის, თუმცა ხშირად ეშლებათ ხოლმე. ყურადღებას ამახვილებენ მიდრეკილებაზე, შერჩევასა და იმით დაკმაყოფილებაზე, რაც ხელთ აქვთ, რაღაც განსხვავებულის ნატვრასა და ძიებასთან შედარებით; ყურადღებას ამახვილებენ იმით ტკბობაზე, რაც არის და არა იმით, რაც იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო. ფიქრი და განსჯა გვიჩვენებს, რომ ჯეროვანია მადლობლები ვიყვეთ იმისა, რაც ხელთ გვაქვს და, შესაბამისად მივიჩნევდეთ მას წარსულის საჩუქრად და მემკვიდრეობად; მაგრამ წარსულისა და გარდასულის უბრალო გაიდიალება არ ხდება. აწმყოა დაფასებული და არა იმიტომ, რომ უფრო მომხიბვლელია ვიდრე რომელიმე შესაძლო ალტერნატივა, არამედ იმიტომ, რომ შეჩვეულია; არა Vერწეილე დოცჰ, დუ ბისტ სო სცჰონ,* არამედ “ დარჩი ჩემთან, რადგან შეგეჩვიე.”
თუკი აწმყო დაშრეტილია, მცირეოდენს ან სულ არაფერს გვაწვდის სარგებლისა თუ ტკობისათვის, მაშინ ეს მიდრეკილება სუსტდება ან ქრება; თუ აწმყო შესამჩნევად მოუწყობელია, მაშინ განგვაწყობს ვეძიოთ უფრო მტკიცე საყრდენი და შესაბამისად მივუბრუნდეთ და გამოვიკვლიოთ წარსული; მაგრამ მიდრეკილება ყველაზე უფრო მაშინ იჩენს თავს, როცა ირგვლივ ბევრი რამაა მოსაწონი და ყველაზე ძლიერია მაშინ, როცა შერწყმულია დაკარგვის აშკარა რისკთან. მოკლედ, ეს გახლავთ განწყობა კაცისა, ვინც მძაფრად შეიგრძნობს, რომ შეიძლება დაკარგოს ის, რაზე ზრუნვაც ჩვევად გადაჰქცევია; ეს კაცი საკმაოდ მდიდარია, რომ კმაყოფილი იყოს ბედით, მაგრამ არც ისე მდიდარია, რომ დანაკარგის არად ჩაგდება შეეძლოს. ეს განცდა უფრო ბუნებრივია მოხუცებისათვის, ვიდრე ახალგაზრდებისათვის, არა იმიტომ, რომ ისინი მეტად დარდობენ დანაკარგს, არამედ იმიტომ, რომ უკეთ იციან თუ რა რესურსებია ამქვეყნად და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შეუსაბამოდ შეაფასონ. ზოგიერთებში ეს განწყობა სუსტია იმიტომ, რომ ვერ გაუგიათ თუ რას სთავაზობს ეს ქვეყანა და აწმყო მხოლოდ უიღბლობის ნარჩენებად ესახებათ.
ამრიგად, კონსერვატორად ყოფნა ნიშნავს ახლობელი გერჩივნოს უცხოს, ნაცადი გერჩივნოს უცდელს, ფაქტი გერჩივნოს იდუმალებას, ნამდვილი გერჩივნოს შესაძლებელს, საზღვრებში მოქცეული გერჩივნოს ზღვარდაუდებელს, ახლო გერჩივნოს შორეულს, საკმარისი _ უზომოს, მოხერხებული _ სრულყოფილს, აწმყო მხიარულება _ უტოპიურ ნეტარებას. შინაურული ურთიერთობები და ერთგულება უნდა ვამჯობინოთ მეტი სარგებლისაკენ შემტყუებელ ხიბლს; შეძენა და ზრდა უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე შენახვა, დანერგვა და კმაყოფილება; დანაკარგით გამოწვეული წუხილი უფრო მძაფრი უნდა იყოს, ვიდრე დაპირებითა და სიახლით აღფრთოვანება. საკუთარ იღბალს უნდა დასჯერდე, საკუთარი შესაძლებლობებით უნდა იცხოვრო; მეტი სრულყოფის იმ მისწრაფებით უნდა დაკმაყოფილდე, რაც შეგიძლია და რისი საშუალებაც გეძლევა. ზოგიერთებისათვის ეს უკვე არჩევანია, სხვებისათვის კი განწყობა, რაც ხშირად ან ნაკლებად ხშირად მომდინარეობს მათი მოწონება-დაწუნებიდან და თავისთავად არც ირჩევა და არც სპეციალურად ინერგება.
ამრიგად, ყოველივე ეს წარმოგვიდგება, როგორც გარკვეული დამოკიდებულება ცვლილებებისა და განახლების მიმართ; ცვლილება მიგვანიშნებს იმ გარდაქმნაზე, რაც საზრუნავ-სადარდებელს გვიჩენს და იმ განახლებაზე, რაც უნდა განვსაზღვროთ და განვახორციელოთ.
ცვლილებები ის ვითარებაა, რომელსაც უნდა შევუთავსდეთ, ხოლო კონსერვატული განწყობა შეთავსების სიძნელის გამოხატულებაცაა და სულის მოსათქმელიც ამგვარი მცდელობისას. ცვლილებები არაფრის მომტანია მხოლოდ მათთვის, ვინც ვერაფერს ამჩნევს, ვინც არ იცის თუ რა გააჩნია და არაფრად აგდებს არსებულ ვითარებას; და ცვლილებებს განურჩევლად მიესალმება მხოლოდ ის, ვისთვისაც უცხოა განცდები და სიყვარული. კონსერვატული განწყობისათვის უცხოა ასეთი რამ; არსებულითა და მისაწვდომით კმაყოფილება საპირისპიროა უცოდინრობისა თუ უგრძნობელობისა და წარმოშობს მიდრეკილებასა და ნაზ განცდებს. ამიტომაც უკუაგდებს ცვლილებას, რაც უპირველეს ყოვლისა რაღაცას გაკარგვინებს. ქარიშხალია ნარგავებს რომ აღგვის და საყვარელ საქმიანობას გააქრობს, მეგობრებს დაგიხოცავს, მეგობრობას მიაძინებს, გააუქმებს ქცევის წეს-ჩვეულებებს, საყვარელ ხუმარას დაითხოვს, იძულებით გაასახლებს ხალხს, უბედურებას მოიტანს, საყვარელ თავშესაქცევს წაგართმევს და მის მაგივრად სხვას მოიტანს; ასეთ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, კომპენსაციაც ახლავს, რაც სრულიად მიუღებელია კონსერვატული ბუნების ადამიანისათვის. და მას უჭირს ცვლილებებთან შეგუება, არა იმიტომ, რომ რაც დაჰკარგა არსებითად უკეთესი იყო, ვიდრე ნებისმიერი ალტერნატივა შეიძლებოდა ყოფილიყო, არც იმიტომ, რომ გარდაქმნა არ შეუძლია, არც იმიტომ, რომ შეუძლებელია მოგწონდეს ის, რაც არსებულის ადგილს იკავებს, არამედ იმიტომ, რომ რაც დაჰკარგა მოსწონდა და იცოდა თუ რატომ მოსწონდა, ხოლო იმისადმი, რამაც ძველის ადგილი დაიკავა არავითარი მიდრეკილება არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, კონსერვატორისათვის, მცირე და აუჩქარებელი უფრო იოლი ასატანია, ვიდრე დიდი და მოულოდნელი; და იგი დიდად დააფასებდა უწყვეტობის ყოველ გამოვლენას. ზოგიერთი ცვლილება მართლაც არავითარ სიძნელეს არ წარმოშობს; მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ გაუმჯობესება მოაქვს, არამედ იმიტომ, რომ იოლი შესაგუებელია: წელიწადის დროების ცვლილებას განმეორებადობა გვაჩვევს, ბავშვების ზრდას კი _ უწვეტობა. და, საერთოდ, კონსერვატორი მეტი ხალისით შეეგუებოდა ცვლილებებს, რაც მოლოდინს არ გაუცრუებდა, ვიდრე რღვევას იმისა, რასაც თითქოს შინაგანი ბზარი უნდა ჰქონოდა.
უფრო მეტიც, კონსერვატორად ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ ცვლილებების სიძულვილს (ეს ხომ იდიოსინკრეზია იქნებოდა); ამას გარდა, ეს გახლავთ ცვლილებებისადმი შეგუების მანერა, ის რაც ყველ ადამიანს ახასითებს. რადგან ცვლილება არის საფრთხე თვითმყოფადობისათვის და თვითეული ცვლილება გაქრობას მოასწავებს. მაგრამ კაცის (ან თემის) თვითმყოფადობა სხვა არაფერია თუ არა დაურღვეველი განმეორება დამთხვევათა, როცა თვითეული გარემოებაზეა დამოკიდებული და თვითეული იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც შეჩვეულია. თვითმყოფადობა ტყე არაა, სადაც შეიძლება თავი შეაფარო და ერთადერთი საშუალება თვითმყოფადობის (ანუ საკუთარი თავის) დასაცავად, ბრძოლის ველზე, ცვლილებათა მტრული ძალებისაგან ჩვენივე გამოცდილებაა; მთლიანად იმ ფეხზე დაყრდნობა, რომელიც იმ წუთისათვის უფრო მტკიცედ დგას, მშობლიური გარემოს ისე დანაწილება, რომ ყველას არ დაემუქროს უშუალო საფრთხე და ახლის ისე შემოტანა, რომ გაურკვევლი არ იყოს ჩვენთვის. როცა მასაები თავის ძველი ქვეყნიდან ახალში, კენიის რეზერვაციაში გადაასახლეს, თან გაიყოლეს თავის ბორცვების, ველების, მდინარეების სახელები და ახალი ქვეყნის ბორცვებს, ველებსა და მდინარეებს დაარქვეს. სწორედ ამგავრი კონსერვტული მოქნილობა, ცალკე კაცისა თუ მთელი ხალხისა, აშკარა ცვლილებების წინაშე რომ დამდგარა, თავიდან აგვაცილებს გაქრობის სირცხვილს.
ამრიგად, ცვლილებებს უნდა გავუძლოთ და კონსერვატული ტემპერამენტის მქონე კაცი (ის ვინც მეტადაა განწყობილი გადაირჩინოს თვითმყოფადობა) ცვლილებებისადმი განურჩეველი ვერ იქნება. კონსერვატორი ცვლილებებზე ძირითადად იმ არეულობის მიხედვით მსჯელობს, რაც ცვლილებებს მოაქვს და,  როგორც სხვები, ისიც განალაგებს თავის რეზერვებს ცვლილებების დასახვედრად. მეორე მხრივ, განახლების იდეა გაუმჯობესებას გულისხმობს. მაგრამ ამ ტემპერამენტის ადამიანი არასოდეს არ იქნება მგზნებარე განმაახლებელი. უპირველეს ყოვლისა, იგი სრულებითაც არ ფიქრობს, რომ ირგვლივ არაფერი ხდება, სანამ დიდი ცვლილებები არ დაიწყება, და ამიტომაც არ აწუხებს განახლების გარეშე ყოფნა; მთელ მის ყურადღებას იპყრობს არსებული საგნებისა და მოვლენების ისე გამოყენება და დასაქმება, როგორც არის. ამას გარდა, მან იცის, რომ ყოველგვარი განახლება გაუმჯობესება არ არის; და ფიქრობს, რომ განახლება გაუმჯობესების გარეშე უგუნური შეცდომა იქნებოდა. და, მიუხედავად იმისა, რომ განახლება ბრძანებს, უეჭველი გაუმჯობესება მომაქვსო, იგი ორჯერ გადაამოწმებს მის მოწოდებას, სანამ მიიღებდეს. კონსერვატორის თვალსაზრისით, იმის გამო, რომ ყოველი გაუმჯობესება ცვლილებასაც გულისხმობს, მოტანილი ზარალი ყოველთვის აიწონება მოსალოდნელ სარგებლთან ერთად, და როდესაც ამ მიმართებით თავს დაიმშვიდებს, სხვა თავსატეხებიც გაუჩნდება ხოლმე. განახლება ყოველთვის ორაზროვანი წამოწყებაა, როდესაც მონაგები და დანაკარგი (თუნდაც შეჩვეულის დაკარგვა გამოირიცხოს), ისე არიან ურთიერთჩაქსოვილნი, რომ უკიდურესად ძნელია წინასწარ გათვალო საბოლოო შედეგი; არ არსებობს, ასე ვთქვათ, უდავო გაუმჯობესება. რადგან განახლება ისეთი ქმედებაა, რომელიც წარმოშობს არა მხოლოდ სასურველ “გაუმჯობესებას”, არამედ ახალსა და რთულ ვითარებას, რისიც მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია გაუმჯობესება.  სრული ცვლილება ყოველთვის უფრო ფართოა, ვიდრე განზრახული ცვლილება; და რასაც ის მოიტანს ვერც განჭვრეტ და ვერც საზღვრებს დაუდგენ. ამიტომ, როდესაც განახლება მოდის, მაშინ ცვლილებაც უდავოდ უფრო დიდი იქნება, ვიდრე განზრახული იყო, დანაკარგიც იქნება და მოგებაც, და მოგება და დანაკარგი თანაბრად არ განაწილდება ცვლილებაგადატანილ ხალხზე; შესაძლოა ისე მოხდეს, რომ მოგება უფრო მეტს შეხვდეს, ვიდრე გათვლილი იყო, მაგრამ ისიც მოსალოდნელია, ცვლილებებმა მდგომარეობა გააუარესონ.
კონსერვატული ბუნების მქონე ადამიანს შესაბამისი დასკვნები გამოაქვს ყოველივე ამისაგან. პირველი, განახლებას მოაქვს გარკვეული დანაკარგი, ამიტომ პასუხისმგებლობა ეკისრება განახლების მსურველს, ვინც ამტკიცებს, რომ შემოთავაზებული განახლება მთლიანად მომგებიანი იქნება. მეორე, რაც უფრო მეტად ჰგავს განახლება ზრდას (ესე იგი რაც უფრო გაუშინაურდება განახლება არსებულ ვითარებას, იმის ნაცვლად, რომ პასუხი მოითხოვოს მისგან) მით უფრო ნაკლებადაა მოსალოდნელი, საბოლოოდ, ზარალმა გადაწონოს. მესამე, იგი ფიქრობს, რომ რადგან განახლება პასუხია რაღაც სპეციფიურ ნაკლოვანებაზე, უფრო სასურველია ისეთი განახლება, რომელიც ამ სპეციფიურ გადახრას გამოასწორებს, ვიდრე ისეთი, რომელიც ადამიანური ყოფის ზოგადი მდგომარეობის გამოსწორებას დაისახავს მიზნად და გაცილებით სჯობს ისეთ განახლებას, სრულყოფილების მიღწევა რომ მოუნდომებია. აქედან გამომდინარე კონსერვატორი ამჯობინებს მცირე და შეზღუდულ განახლებებს და არა დიდსა და განუსაზღვრელს. მეოთხე, მას ნელი ტემპი ურჩევნია სისწრაფეს და დააყოვნებს ხოლმე, რათა დააკვირდეს მიმდინარე ვითარებას და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს. და ბოლოს, სხვადასხვა თანაბარმნიშვნელოვანი მოვლენებიდან ის შემთხვევა მიაჩნია ყველაზე კეთილსაიმედოდ ცვლილებისათვის, როცა ცვლილების პროექტი შემოსაზღვრულია და მიმართულია განზრახულისაკენ და ნაკლებად მოსალოდნელია გადაგვარდეს არასასურველი და მოუწესრიგებელი შედეგების გამო.
ამრიგად, კონსერვატული განწყობა თბილი და პოზიტიურია იმისადმი, რაც სიამოვნებს და, შესაბამისად ცივი და კრიტიკულია ცვლილებისა და ინოვაციისადმი: ეს მიდრეკილებანი ეხმარებიან და განმარტავენ ერთი მეორეს. კონსერვატული ბუნების ადამიანს სწამს, რომ ნაცნობი და კარგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიცვალოს უკეთეს უცნობში. მას არ უყვარს ის, რაც სახიფათოა და ძნელი; არ არის თავგადასავლების მაძიებელი; არ გააჩნია იმპულსი, რომ აღიძრას და იცუროს გამოუკვლევ ზღვებში; ვერავითარ ხიბლს ვერ ხედავს დაკარგვაში, დაბნევასა და გემის დამსხვრევაში. თუ იძულებული გახდება, რომ უცნობ ადგილებში გაიკვლიოს გზა, სიქველეს იმაში ხედავს, რომ გზის თვითეული გოჯი შეამოწმოს. რასაც სხვები დაუფარავად უწოდებენ სიმხდალეს, იგი გააზრებულ კეთილგონიერებად ჩათვლის; რასაც სხვები უმოქმედობად მონათლავენ, იგი განმარტავს განწყობად ტკბობისა და არა მოხმარებისა. იგი ფრთხილია, განწყობილია თანხმობაც და განსხვავებაც გამოხატოს არა აბსოლუტურ, არამედ გარდამავალ ტერმინებში. სიტუაციას იმისდა მიხედვით აფასებს, თუ რამდენად დაირღვევა მისი სამყაროს შეჩვეული მხარეები.
ყველას სჯერა, რომ კონსერვატული განწყობა საკმაოდ ღრმად არის ჩანერგილი იმაში, რასაც “ადამიანურ ბუნებას” ვუწოდებთ. ცვლილება დამღლელია, განახლება განსჯას მოითხოვს და ადამიანები (ასე ამბობენ) ზარმაცები უფრო არიან ვიდრე ენერგიულები. მათ რომ ეპოვნათ ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი გზა ამქვეყნად, მაშინ არ განეწყობოდნენ ხიფათის საძიებლად. ისინი ბუნებრივად უფრთხიან უცხოს, უსაფრთხოება ურჩევნიათ საშიშროებას. მათ არ ეხალისებათ განახლება და ცვლილებებს იმიტომ კი არ იღებენ, რომ მოსწონთ, არამედ (როგორც, როშფუკოს მიხედვით, სიკვდილს ხვდებიან) იმიტომ, რომ თავს ვერ დააღწევენ. ცვლილება სევდას უფრო წარმოშობს, ვიდრე აღფრთოვანებას: ზეცა ოცნებაა არა მხოლოდ სრულყოფილი სამყაროს გამო, არამედ უცვლელობის გამოც. რა თქმა უნდა, ისინი,  ვინც “ადამიანის ბუნებას” ასე ახასიათებენ,  ხედავენ, რომ ეს განწყობა ცალკე არა დგას; მხოლოდ იმას კი ამტკიცებენ, რომ უკიდურესად ძლიერი, ალბათ უძლიერესია ადამიანურ მიდრეკილებათა შორის. და, რაკი ასეა, რაღაც უნდა იღქვას ამ შეხედულების გამო; ადამიანური ყოფა-ცხოვრება უთუოდ მეტად განსხვავებული იქნებოდა იმისაგან, როგორიც არის, კონსერვატიზმის დიდი წილი რომ არ იყოს ადამიანურ არჩევანში. ამბობენ, პრიმიტიული ადამიანები ეჭიდებიან შეჩვეულს და უკუაგდებენ ცვლილებებსო; უძველესი მითები სავსეა გაფრთხილებებით განახლებათა გამო; ჩვენი ფოლკლორი და ანდაზური სიბრძნე ცხოვრების წარმართვის შესახებ გაჯერებულია კონსერვატული დარიგებებით; და რამდენი ცრემლია დაღვრილი ბავშვების მიერ, რომელთაც არ სურთ ცვლილებანი. იქ სადაც მიღწეულია მტკიცე თვითმყოფადობა და იგრძნობენ, რომ თვითმყოფადობას საფრთხე ექმნება, კონსერვატული განწყობა გადაწონის. მეორეს მხრივ, ჭაბუკური განწყობა ხშირადაა გადაჭარბებული თავგადასავლებისა და ექსპერიმენტების მაძიებებლი: ახალგაზრდობაში არაფერია იმაზე სასურველი, რომ ვცადოთ; პას დე რისქუé, პას დე პლაისირ. და თუ ზოგიერთმა ხალხებმა, დიდ ხნის მანძილზე, წარმატებით აიცილეს ცვლილება, სხვათა ისტორია წარმოგვიჩენს უმძაფრესი და უსწრაფესი განახლებებისადმი უშიშარ შეგებებას. რა თქმა უნდა, ბევრს ვერაფერს გამოვიტანთ “ადამიანის ბუნების” გამო ზოგადი განსჯიდან, რაც ისეთივე მერყევია, როგორც ყველაფერი ჩვენს გარშემო. უფრო მნიშვნელოვანია განვიხილოთ ადამიანის არსებული ბუნება, განვიხილოთ ჩვენი თავი.
ვფიქრობ ძლიერი კონსერვატული განწყობა ჩვენგან საკმაოდ შორს არის. მართლაც, თუ ჩვენი ქმედების მიხედვით განვისჯებოდით, ბოლო ხუთიოდე საუკუნის მანძილზე, მიუდგომელი უცხო კაცი სიმართლედ ჩათვლიდა იმას, რომ გვიყვარს ცვლილება, გვსიამოვნებს განახლება და იმდენად არ მოგვწონს ჩვენი თავი და არაფრად ვაგდებთ თვითმყოფადობას, რომ სრულებით არ ვფიქრობთ მასზე. ზოგადად, აღფრთოვანება სიახლით გაცილებით მეტადაა საგრძნობი, ვიდრე კმაყოფილება შეჩვეულით. განწყობილნი ვართ ვიფიქროთ, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, სანამ დიადი განახლებანი არ შემოაბიჯებს და რაც არ გაუმჯობესდება უნდა გაუარესდეს. არსებობს დადებითი წინასწარრწმენა ჯერ გამოუცდელის სასარგებლოდ. ხალისით ვვარაუდობთ, რომ ყველა ცვლილებას, როგორღაც, უკეთესობისაკენ მივყავართ და იოლად ვრწმუნდებით, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს განმაახლებელ ქმედებას მოჰყვება, ან თავისთავადაა გაუმჯობესება, ან, ბოლოს და ბოლოს, გონივრული საზღაურია იმისათვის, რაც გვსურს. კოსერვატორი უყოყმანოდ დადებდა სანაძლეოს აზარტული თამაშისას, თუკი პიროვნულ განცდებს უკან დავწევდით, დავთვლიდით და ზარალს შევაფასებდით. ადამიანები სიხარბისაკენ ვართ მიდრეკილნი; კოჭის საყრელად მზადმყოფნი, მომავლის სარკეში ვიყურებით და გადიდებულ ანარეკლს ვხედავთ. არაფერი იქმნება ისეთი, რომ შესაძლებელ გაუმჯობესებას გადაურჩეს იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი გამუდმებულ გაუმჯობესებას ექვემდებარება; ცხოვრებისეული მოლოდინი ყველაფრისადმი, გარდა თვით ადამიანისა, გამუდმებით ქვეითდება; სასოება ქრება, ერთგულება იკარგება და ცვლილების ტემპი გვაფრთხილებს მეტისმეტად ნურაფერს შეიყვარებთო. გვსურს ერთხელ მაინც გავსინჯოთ ყველაფერი, მიხედავად იმისა თუ რა შედეგს მივიღებთ. ერთი ქმედება მეორეს “განახლებულობით” ეჯიბრება: დაკარგული ზნეობა და რელიგიური რწმენა გადაგდებულ ავტომანქანასა და ტელევიზორებსა ჰგავს: თვალი სულ ახალ მოდელებს დაეძებს. ნახვა ნიშნავს წარმოდგენას თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმის ადგილას, რაც არის; შეხება გარდაქმნაა. რორგორიც არ უნდა იყოს ფორმა თუ ხარისხი მსოფლიოსი, მაინც შორს არის იმისაგან, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. და ისინი, ვინც მოძრაობას წინ მიუძღვიან, თავის ენერგიას და მწარმოებლურ უნარს გადასცემენ უკან მომავალთ. Oმნეს ეოდემ ცოგემურ:  როცა ცალკე ლაღად ვეღარ მივაბიჯებთ, მაშინ გუნდში მოვძებნით ადგილს.*
რათქმა უნდა, ჩვენს ხასიათში სხვა შემადგენელი ნაწილებიც არის, გარდა ამ ცვლილებებისადმი ჟინისა (მოკლებულნი არა ვართ ნაზ გრძნობებსა და შენახვის იმპულსებს), მაგრამ არცთუ მცირედი ეჭვი არსებობს, რომ ეს ჟინი სჭარბობს. და, ამ ვითარებაში, ლოგიკურია კონსერვატული განწყობის გაჩენა, არა როგორც გასაგები (ან თუნდაც გამართლებული) ალტერნატივისა ჩვენი გონების ძირითადად “პროგრესული” თვისებისა, არამედ როგორც წარუმეტებელი დაბრკოლებისა აღძრული მოძრაობის საწინააღმდეგოდ, ან როგორც მუზეუმის მცველისა, სადაც ჟამგადასული მიღწევების  უცნაური ნიმუშები ინახება, ბავშვებისათვის საჩვენებლად, და რომლის მცველიც ჯერაც არ აპირებს იმის განადგურებას, რასაც (საკმაოდ ირონიულად), ცხოვრებისათვის საჭირო ნივთებს ვუწოდებთ.
აქ შეიძლებოდა დაგვემთავრებინა ანალიზი კონსერვატული განწყობისა და მისი დღევანდელი ყოფისა და იმ კაცზე მიგვენიშნებინა, ვისშიც ძლიერია ეს განწყობა და დინების აღმა მოცურავედ აღიქვამენ და უპატივცემლოდ ეპყრობიან არა იმიტომ, რომ მისი სათქმელი ყალბია, არამედ იმიტომ, რომ შეუსაბამოა, შეუგუებელი და მოუქნელი, არა რაღაც შიდა დანაშაულის გამო, არამედ გარემოებათა შედეგად; ჩამქრალი, მორიდებული, ნოსტალგიური ხასიათი, სიბრალულს რომ აღძრავს, როგორც გარიყული და ზიზღს – როგორც რეაქციონერი. და მაინც, ვფიქრობ უფრო მეტი შეიძლება ითქვს. ამგვარ ვითარებაშიც კი, როცა კონსერვატული განწყობა საზოგადოდ საგნების მიმართ, უეჭველად ჩამოფასებულია, არის შემთხვევები, როცა ეს პოზიცია არა მხოლოდ შესაბამისია, არამედ უფრო მეტიც; და არის შემთხვევები, როცა აუცილებლად კონსერვატული გეზით განვეწყობით.
პირველი გახლავთ ერთგვარი ქმედება (ჯერაც არ გამქრალი), რაც შეიძლება მხოლოდ კონსერვატული განწყობის სიქველედ ჩაითვალოს; სახელდობრ ქმედებანი, რომელნიც მიმართულია აწმყოთი ტკბობისაკენ და არა სარგებლისაკენ, ჯილდოსაკენ, პრიზისაკენ ან თვით გამოცდილებისაგან მიღებული შედეგისაკენ და როდესაც ეს ქმედებანი კონსერვატული განწყობის ემბლემებად ჩაითვლება, კონსერვატორობა გადაიქცევა არა წინასწარრწმენებით მტრობად “პროგრესულის” მიმართ, რაც მოიცავს ადამიანური ქცევების მთელ სივრცეს, არამედ განწყობად, რაც განსაკუთრებით შეეფერება ფართო და ნიშანდობლივ სფეროს ადამიანურ ქმედებათა. და კაცი, ვის ბუნებაშიც ეს განწყობა სჭარბობს, ამჯობინებს ჩაერთოს იმ ქმედებებში, სადაც კონსერვატოროდ ყოფნა განსაკუთრებით შესაფერისია და არ შეეცადოს დააძალოს თავისი კონსერვატიზმი განურჩევლად ყველა ადამიანურ სფეროს. მოკლედ თუ ვნახავთ, რომ (როგორც ჩვენთაგან უმრავლესობას ემართება) ვაპირებთ უკუვაგდოთ  კონსერვატიზმი, როგორც განწყობა, ზოგადი ადამიანური ქმედების პოზიციიდან, მაინც დარჩება გარკვეული ადამიანური ქმედება, რომლისთვისაც კონსერვატული განწყობა არა მარტო შესაფერისია, არამედ საჭირო პირობაცაა.
* ”რომელი ჩვენგანი”, იკითხავს თანამედროვე (არცთუ ორაზროვნების გარეშე), “არ აირჩევს, თუნდაც ნერვიული ფორიაქის ხარჯზე, შემოქმედებით ციებ-ცხელებას, ვიდრე სტატიურ საზოგადოებას.”
რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანური ურთიერთობის მრავალი სფერო, სადაც კონსერვატული განწყობა ის გახლავთ, რომ უნდა მოიწონო ის, რასაც სხვები გთავაზობენ თავისი თავის სასარგებლოდ, და რაც არ გაკმაყოფილებს, ასეთებია: ბატონი და მსახური, მესაკუთრე და სასამრთლოს აღმასრულებელი, გამყიდველი და მყიდველი, დირექტორი და მოსამსახურე. ამ შემთხვევებში, თვითეული მონაწილე ეძიებს ან მომსახურებას, ან ანაზღაურებას სამსახურისა. კლიენტი, რომელიც ხედავს, რომ მაღაზიის მეპატრონეს არ შეუძლია მიაწოდოს ის, რაც სურს, ან გამყიდველს არწმუნებს საჭირო საქნელი მოიმარაგეო, ან სხვაგან მიდის; მაღაზიის მეპატრონე კი, ვისაც არ შეუძლია მყიდველის სურვილის ასრულება, ცდილობს ის მოახვიოს თავზე, რისი შეთავაზებაც შეუძლია. თანამშრომლით უკმაყოფილო დირექტორი სხვას ეძებს. მსახური, ვისაც საკმარისს არ უხდიან, ჯამაგირის გაზრდას ითხოვს; ვისაც სამუშაო პირობები არ აკმაყოფილებს, სხვა სამსახურს ეძებს. მოკლედ, ესაა ურთიერთობები, როცა ყველა რაღაც შედეგს ელოდება; თვითეული მხარე ცდილობს გაიგოს, შეუძლია თუ არა მეორე მხარეს უზრუნველჰყოს შედეგი; თუკი ვერ მიიღებენ იმას, რასაც ელიან, მოსალოდნელია ურთიერთობის დასრულება ან შეწყვეტა. დარჩე კონსერვატორად ამგვარ ურთიერთობებში, დასჯერდე აწმყოს და იმას, რაც ხელთ გაქვს, მიუსედავად იმისა, რომ ვეღარ აკმაყოფილებს ვერანაირ მოთხოვნას და მხოლოდ იმიტომ, რომ მოგვწონდა და შევეჩვიეთ, ჯუსქუ’აუბოუტისტე * კონსერვატიზმის გამოვლინება იქნება, ანუ ირაციონალური უარყოფა სხვაგვარი განწყობისათვის მოწოდებული ყველანაირი ურთიერთობისა. თუმცა ამგვარი ურთიერთობებიც არ უნდა იყოს მტლად შესაფერისი მათთვის, რადგან შემოზღუდულნი დარჩებიან მოთხოვნა-მიწოდების სივრცით და ადგილი აღარ დარჩებათ ერთგულებისა და მოწონებისათვის, რაც შინაურულობას ახასიათებს.
მაგრამ არის სხვაგვარი ურთიერთობებიც, როცა არავინ დაეძებს შედეგს და განმტკიცეულია მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უნდათ და სიამოვნებთ, რომ ასეთები არიან და არა ის თუ რისი მოცემა შეუძლიათ. ასეთია მეგობრობა. აქ მოწონება მომდინარეობს გაშინაურებიდან და პიროვნებათა მიერ ურთიერთგანაწილებისაგან შედგება. ყასაბის გამოცვლა, მანამდე სანამ მოსაწონ ხორცს იშოვი, მოსამსახურის გაწვრთნა სანამ მოთხოვნლებისამებრ იშრომებს, ზემოთაღნიშნულ ურთიერთობას არ შეეფერება; მაგრამ მეგობრის დაკარგვა, იმის გამო, რომ ჩვენთვის მოსაწონად არ მოიქცა და უარის თქმა ვასწავლოთ, თუ როგორ საქციელს მოვითხოვთ მისგან, ისეთი კაცის საქციელია, ვისაც ვერ გაუგია მეგობრობის არსი. მეგობრები არ ზრუნავენ იმაზე, თუ რა უნდა გაუკეთონ ერთმანეთს, არამედ კმაყოფილები არიან ერთმანეთით და ამ კმაყოფილების მდგომარეობა გახლავთ მზადყოფნა მიიღონ ის, რაც არის და არ სურდეთ რაიმე შეცვალონ ან გააუმჯობესონ. მეგობარი არ არის ვიღაცა, ვისაც ენდობიან, რომ სწორედ ასე მოიქცევა; ვინც გარკვეულ მოთხოვნებს შეასრულებს, ვისაც აქვს გარკვეული სასარგებლო უნარები, ვინც ფლობს გარკვეულ მისაღებ თვისებებს, ან ვისი შეხედულებებიც მისაღებია გარკვეულ დონემდე; მეგობარი ის არის, ვინც წარმართავს წარმოსახვას, აღელვებს ფიქრებს, აღძრავს ინტერესსა და მოწონებას, დაგატკბობს და გიერთგულებს, თქვენს შორის წარმოშობილი ურთიერთობებით. ერთი მეგობარი მეორეს ვერ შეცვლის; ამქვეყნად უდიდესი განსხვავებაა მეგობრის სიკვდილსა და შენი მკერავის პენსიაზე გასვლას შორის. ურთიერთობა მეგობრებს შორის დრამატულია და არა უტილიტარული; მათ შორის კავშირია შინაურულობისა და არა გამოსადეგობის გამო; და წარმოშობილი განწყობა კონსერვატულია და არა “პროგრესული”. და რაც სიმართლეა მეგობრობის შესახებ, არა ნაკლები სიმართლეა სხვა გამოცდილებათა შესახებაც _ მაგალითად პატრიოტიზმსა და მუსაიფზე _ თვითეული მოითხოვს კონსერვატულ განწყობას, როგორც პირობას სიამოვნების Mმისაღებად.
და, ამას გარდა, არსებობს ქმედებანი, ადამიანური ურთიერთობის გარეშე, რაც შეიძლება შესრულდეს არა ჯილდოსათვის, არამედ მხოლოდ მისგან აღძრული სიამოვნებისათვის და ერთადერთი შესატყვისი განწყობა, ამ ქმედებისათვის, კონსერვატული განწყობაა. წარმოიდგინეთ თევზაობა. თუ მხოლოდ თევზის დაჭერას ისახავთ მიზნად, სისულელე იქნებოდა მეტისმეტი კონსერვატულობა დაგეჩემებინათ. საუკეთესო აღჭურვილობას მოძებნიდით, უარს იტყოდით წარუმატებლად მიჩნეულ პრაქტიკაზე, არად ჩააგდებდით უშედეგო ადგილობრივ ჩვეულებებს, გაქრებოდა ღვთისმოსაობა, გაფრინდებოდა ერთგულება; ბრძნული საქციელი იქნებოდა თუ ყველაფერს ერთხელ მაინც სცდიდით გაუმჯობესების იმედით. მაგრამ თევზაობა ისეთი საქმიანობაა, რომელიც შეიძლება წარიმართოს არა მხოლოდ სარგებლობისა თუ თევზთა ჭერისათვის, არამედ თავისთავად. და მეთევზე შეიძლება შინ დაბრუნდეს საღამოს ხელცარიელი, მაგრამ ამინც კმაყოფილი. როცა ასე ხდება, მაშინ საქმიანობა რიტუალად გადაიქცევა და კონსერვატული განწყობის შესაფერისია. რატომ უნდა ინაღვლო საუკეთესო აღჭურვილობისათვის, თუკი არ გადარდებს დაიჭერ თევზს თუ არა? მთავარი ის არის,  რომ საქმეში გამოჩენილი სიმარჯვე გახარებს (ან იქნებ მხოლოდ დროის გატარებაც)*, ამას კი ყველანაირი ანკესით მოახერხებ, თუკი ხელი მიჩვეული გაქვს და სასაცილოდ შეუფერებელი არ არის.
ამრიგად, ყველა ის საქმიანობა, რომელიც სიამოვნების მიღებას ესწრაფვის არა წარმატების მიღწევის შედეგად, არამედ ჩვეულებად ქცეული ურთიერთობებიდან, კონსერვატული განწყობის სიმბოლოა. ასეთ საქმიანობას მრავლად შევხდებით. ფოქსმა მათ აზარტული თამაშიც დაუმატა, როცა თქვა, რომ აზარტული თამაშისას ორი უმაღლესი განცდა მიიღწევა, განცდა მოგებისა და განცდა წაგებისა. და მართლაც ამგვარი საქმიანობებიდან მხოლოდ ერთია ისეთი, კონსერვატულ განწყობად რომ ვერ ჩაითვლება: სიყვარული მოდისა, რაც თავქარიანი ტკბობაა გამუდმებული ცვლილებებით, იმისდა მიუხედავად თუ რა შეიძლება აქედან წარმოსდგეს.
მაგრმ გარდა საქმიანობათა პატარა ჯგუფისა, რაც შეიძლება კონსერვატული განწყობის სიქველეს მივაკუთვნოთ, არის შემთხვევები სხვა საქმიანობათა განხორციელებისას, რაც საუკეთესოდ პასუხობს კონსერვატულ განწყობას; მართლაც ცოტაა ისეთი საქმიანობა კონსერვატულ განწყობას რომ არ ეხმაურებოდეს. მაშინ, როცა სტაბილურობა უფრო მომგებიანია ვიდრე გაუმჯობესება, როცა გულდაჯერება უფრო ღირებულია ვიდრე ვარაუდი, როცა შინაურობა უფრო სასურველია ვიდრე სრულყოფილება, როცა შეთანხმებული შეცდომა აჭარბებს წინააღმდეგობრივ სიმართლეს, როცა სნეულება უფრო სატანჯველია ვიდრე მკურნალობა, როცა მოლოდინით აღძრული კმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოლოდინის “სამართლიანობა”, როცა რაღაცა სახის წესი უმჯობესია ვიდრე იმის საფრთხე, რომ არავითარი წესი არ იყოს, კონსერვატული განწყობა უფრო საჭირო იქნება, ვიდრე სხვა რომელიმე;
*როდესაც პრინცი ვენ ვანგი საინსპექციოდ მოგზაურობდა ცანგის პროვინციაში, დაინახა მოხუცი კაცი თევზაობდა, მაგრამ ეს არ იყო ნამდვილი თევზაობა, რადგან თევზის ჭერას კი არ ცდილობდა, არამედ ერთობოდა. ვან ვენგმა მისი ადმინისტრაციაში დასაქმება მოისურვა, მაგრამ თავისი მინისტრებისა და ძმების უარისა შეეშინდა; მეორე მხრივ კი, მოხუცი კაცი რომ გაეშვა, შიშობდა, რომ ხალხი მიბაძვდა და მის გავლენაში მოექცეოდა. ჩუანგ ცუ.
და ადმიანურ ქმედებათა ყველანაირი ამოკითხვისას, კონსერვატულ განწყობას უმნიშვნელო ადგილი არა აქვს განკუთვნილი. ისინი ვინც კონსერვატული განწყობის ადამიანს (იქაც კი, რასაც ვულგარულად “პროგრესულ” საზოგადოებას უწოდებენ) აღიქვამენ მარტოხელა მცურავად ყოვლისმომცველი ნაკადის წინააღმდეგ, ჭოგრიტს იღებენ ხელში და ვერ ამჩნევენ წინ გადაშლილ ვრცელ ველს ადამიანური ცხოვრებისა.
თუ კარგად დავაკვირდებით, უმრავლესობაში, იმ საქმიანობათაგან თვით საქმიანობისათვის რომ არ ხორციელდება, განსხვავება შეინიშნება შესასრულებელ პროექტსა და გამოყენებულ საშუალებათა შორის, წარმოებასა და საწრმოო იარაღებს შორის. რა თქმა უნდა, ეს არ არის აბსოლუტური განსხვავება; პროექტები ხშირად წარმოქმნილი და წარმართულია იმ იარაღებით, რაც ხელთ აქვთ, და მხოლოდ იშვიათად იქმნება იარაღები კონკრეტული პროექტისათვის. და რაც ერთ შემთხვევაში პროექტია, მეორეში იარაღად გვეველინება. და მაინც, არის ერთი ნიშანდობლივი გამონაკლისი: პოეტის საქმიანობა. განსხვავებანი, რაც არ უნდა იყოს, სუბიექტურია და არაფრის მომცემი, რადგან ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს სიტუაციის ორი კომპონენტის შესაბამის, განსხვავებულ მიმართებაზე, საქმიანობის დროს. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განწყობა იარაღების მიმართ აშკარად უფრო კონსერვატულია, ვიდრე პროექტების მიმართ; ან სხვა სიტყვებით, იარაღები უფრო ნაკლებ ექვემდებარებიან განახლებას, ვიდრე პროექტები, რადგან, გარდა იშვიათი შემთხვევებისა, იარაღები იმისათვის არ არის დამზადებული, რომ რომელიმე პროექტს გამოადგეს და მერე გადაყარო; ის დამზადებულია მრავალრიცხოვანი პროექტებისათვის. და ისიც ცნობილია, რომ იარაღების უმრავლესობას სჭირდება უნარ-ჩვევა და უნარ-ჩვევა კი განუყოფელია პრაქტიკისა და გაშინაურებისაგან: უნარიანი კაცი, მეზღვაური იქნება, მზარეული თუ მოანგარიშე, ის კაცია, ვინც გაშინაურებულია იარაღების გარკვეულ ჯგუფთან. მართლაც, ხურო უფრო მარჯვედ იყენებს საკუთარ იარაღებს, ვიდრე სხვა, იგივენაირ იარაღებს გამოიყენებდა; ადვოკატი კი საკუთარ, (ანოტირებულ) პირს უფრო მარჯვედ გამოიყენებს, ვიდრე სხვას. გაშინაურება არსია იარაღების გამოყენებისა და რამდენადაც ადამიანი იარაღის გამომყენებელი ცხოველია, იგი განწყობილია იყოს კონსერვატორი.
მრავალი, საყოველთაო ხმარებაში არსებული იარაღი უცვლელი რჩებოდა თაობათა მანძილზე; სხვათა დიზაინი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა; თვით იარაღის სახეობა და მარაგი გამუდმებით მრავლდებოდა ახალი გამოგონებებით და უმჯობესდებოდა ახალი დიზაინით. სამზარეულოები, ფაბრიკები, სახელოსნოები, საამშენებლო ადგილები და ოფისები წარმოგვიდგება დამახასითებელ ნაზავად, დიდი ხნის მანძილზე შემუშავებული და ახლად გამოგონებული აღჭურვილობისა. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, როცა რაიმე სახის ბიზნესი ფეხზე დადგომას იწყებს და კონკრეტული პროექტი ხორციელდება _ ღვეზელის გამოცხობა იქნება თუ ცხენის დაჭედვა, კრედიტის აღება თუ კომპანიის დაფუძნება, თევზის გაყიდვა თუ კლიენტის დაზღვევა, გემის აგება თუ კოსტუმის შეკერვა, ხორბლის დათესვა თუ კარტოფილის ამოღება, ნავსადგურის მოწყობა თუ ხერგილის აგება _ ყველა ამ შემთხვევაში სავსებით შესაფერისია მოსახმარი იარაღებისადმი კონსერვატული დამოკიდებულება. თუკი დიდ პროექტს ვახორციელებთ, მხოლოდ იმ კაცს ჩავაბარებთ, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს და მოველით, რომ ისეთ ხალხს აიყვანს სამუშაოზე, ვინც საქმეს იცნობს და იარაღების ხმარებაშიც გაწაფულია. ამ იარაღის მომხმარებელთა იერარქიის გარკვეულ მომენტში შეიძლება გაჩნდეს რჩევა, ამ საქმეს სხვა უფრო გაუმჯობესებული იარაღებიც უნდა დაემატოსო; ასეთი რჩევა უფრო სადღაც იერარქიის შუაგულიდან უნდა მოდიოდეს; არ უნდა ველოდეთ, რომ დიზაინერი გვეტყვის, “უნდა წავიდე და ჩავატარო ისეთი ფუნდამენტური გამოკვლევა, რაც ხუთ წელიწადს გასტანს, სანამ საქმეს დავუბრუნდები”, (მისი ცოდნის წყარო მისი იარაღების ჩანთაა და მოველით, რომ მარჯვეა და იცის თავისი საქმე); და არც იმას მოველით, რომ იერარქიის დაბალ საფეხურებზე მყოფი კაცი ისეთ იარაღებს გაიჩერებს, რაც არ გამოადგება ამ საქმეში და თუნდაც რჩევა მიიღოს და მიჰყვეს კიდეც, დანარჩენი, ძველი იარაღების მიმართ მაინც კონსერვატულ განწყობას შეინარჩუნებს. ცხადია, არც ერთი სამუშაო არ შესრულდებოდა, ბიზნესი ერთი გაჯითაც კი ვერ წაიწევდა წინ, თუ ჩვენი განწყობა იარაღების მიმართ, ზოგადად, კონსერვატული არ იქნებოდა.  და რაკი რაიმეგვარი ბიზნესის წარმოება მოიცავს მთელ ჩვენ დროს და რაიმეგვარი იარაღების იარაღების გარშე ვერაფერს გავხდებით, კონსერვატული განწყობა აუცილებლად დიდ ადგილს იკავებს ჩვენს ხასიათში.
დურგალი შესაძლოა ისეთ საქმეს შეუდგეს, რომლის მსგავსიც არასოდეს შეხვედრია; მიუსედავად ამისა, იგი თავის ჩვეულ იარაღებს მოიტანს ჩანთით და ერთადერთი შანსი სამუშაოს შერულებისა ოსტატობაა, რითაც ხელთ არსებულ იარაღებს იყენებს. იარაღების მოსატანად წასულ სანტექნიკოსს ალბათ ჩვეულებრივზე მეტად დაუგვინდებოდა, თუკი მიზნად ახალი აირაღების გამოგონებას ან ძველის გაუმჯობესებას დაისახავდა. არავის აეჭვებს ფულის ღირებულება ბაზარზე. არანაირი საქმიანი გარიგება არ შედგება, ყველის აწონა იქნება თუ ლუდის ჩამოსხმა, მანამდე სანამ ზომა-წონის კონკრეტულ ერთეულებს დაწვრილებით არ შეუდარებენ ერთმანეთს. შუა ოპერაციის დროს, ქირურგი იარაღების ფორმის შეცვლას არ მოინდომებს. Mჩჩ  ჩოგანის სიბრტყის, ბურთის წონის, ან კარის სიგრძის შეცვლას არ შეუდგება ტესტ მატჩის დროს ან კრიკეტის შუა სეზონში. თუ შენს სახლს ცეცხლი მოეკიდება,  კვლევით სადგურს არ დაუკავშირდები, ხანძრის ჩასაქრობად ახალი ხელსაწყოს შესაძენად და როგორც დიზრაელი ამბობს, თუ გიჟი არა ხარ, სამრევლო სახანძრო მანქანის მოსაყვანად გაგზავნი კაცს. მუსიკოსს შეუძლია  იმპროვიზაციას მიმართოს, მაგრამ ნორმალურად ვერ ჩაითვლება, თუ  შესრულებისას ინსტრუმენტის იმპროვიზაციას მოინდომებდა. მართლაც, როცა განსაკუთრებით საკირკიტო  საქმეა გასაკეთებელი, ხშირად, იმ იარაღს ამჯობინებს, რომელსაც შეჩვეულია და არა იმას, ჩანთაში რომ უდევს, ახლებური ყაიდისაა, მაგრამ მის ხმარებაში ჯერ არ დაოსტატებულა. რადიკალიზმი, უეჭველია, დროს იხელთებს და ყველგან შეიჭრება, იქადაგებენ განახლებას და გააუმჯობესებენ იარაღებს, მაგრამ, რაც ჩამოვთვალე ის შემთხვევებია, კონსერვატული განწყობის ქმედებას რომ გვიჩვენებს.
ხოლო ის რაც ზედგამოჭრილია საზოგადოდ ხელსაწყო იარაღების მიმართ, განსხვავებით პროექტებისაგან, უფრო მეტად შეეფერება ერთგვარ იარაღს, რასაც საყოველთაოდ იყენებენ და ქცევის საერთო წესებს ვუწოდებთ. თუკი ცვლილებებისადმი შედარებითი იმუნიტეტის შესაძენად წარმოქმნილი შეჩვევა-გაშინაურება ჩაქუჩებთან, გაზებთან, ჩოგნებთან და ბურთებთან შეიძლება, მაშინ საოფისე რუტინასთან გაცილებით უფრო მეტადაა შესაძლებელი. საოფისე წესრიგისათვის, ეჭვგარეშეა, მიუღებელია გაუმჯობესებანი; მაგრამ რაც უფრო შევეჩვევით, მით უფრო სასარგებლო ხდება. კონსერვატული განწყობის არქონა რუტინის მიმართ აშკარა სისულელე იქნებოდა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შეიძლება მოვალეობისაგან განთავისუფლება მოიწადინო, მაგრამ გადახრა კონსერვატორობისაკენ და არა რეფორმატორობისკენ, როცა საქმე დადგენილ წესებთან გვაქვს, უეჭველად სწორია. გავიხსენოთ სახალხო კრების წარმართვის წესი, დებატების წესი თემთა პალატაში ან სასამართლო პროცედურა. მთავარი ღირსება ამ უწყებებისა ის გახლავთ, რომ დადგენილია და გაშინაურებული; აქ ფუძნდება და აქ სრულდება გარკვეული პირობა, დაშვებულია და ნებადართულია საუბარი შესაბამისი წესრიგის მიხედვით, აკრძალულია განყენებული კამათი და დაზოგილია ადამიანური ენერგია. ეს ტიპიური იარაღებია უფლებამოსილი ინსტრუმენტები, დიდად მრავალფეროვანი, მაგრამ შესაბამისი სამსახურებისათვის. ისინი განსჯისა და არჩევანის შედეგია, მათში არაფერია საკრალური, საეჭვოა მათი შეცვლა და გაუმჯობესება; ხოლო თუ მათდამი ჩვენი განწყობა არ იქნება ზოგადად კონსერვატული, თუ საიმისოდ განვეწყობით, რომ გავაკრიტიკოთ და შევცვალოთ ყოველ ჯერზე, მაშინვე დაკარგავს ღირებულებას. და თუმცა, იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს მათი შეჩერება, უაღრესად შეუფერებელი იქნებოდა განახლება და გაუმჯობესება მაშინ როცა მუშაობს. ან, თუნდაც, ავიღოთ თამაშის წესები; ესეც ხომ განსჯისა და არჩევანის შედეგია და არის შემთხვევები, როცა საჭიროა მათი გადააზრება ახალი გამოცდილების შუქზე; მაგრამ სრულიად შეუფერებელი იქნებოდა თუ ამ საქმეს მხოლოდ კონსერვატული განწყობით არ მივუდგებოდით და ერთიანად ჩავყრიდით სადნობ ქურაში, ყალიბის შესაცვლელად; და სრულიად შეუფერებელი იქნებოდა თამაშის წესების გამოცვლა ან გაუმჯობესება გახურებული თამაშის დროს. მართლაც, რაც უფრო მეტად უნდა თვითეულ მხარეს გამარჯვება, მით უფრო ფასეულია შეუცვლელი თამაშის წესები. თამაშის დროს, მოთამაშეებს, შეუძლიათ შეიმუშაონ ახალი ტაქტიკა, მოიგონონ დაცვისა თუ შეტევის ახლი მეთოდები, შეუძლიათ ყველაფერი მოიმოქმედონ მოწინააღმდეგის დასაძლევად, გარდა ახალი წესების მოგონებისა. ამის გაკეთება მხოლოდ თამაშების მერე, სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება.
გაცილებით მეტის თქმა შეიძლებოდა კონსერვატული განწყობის შესბამისობასა და შესატყვისობაზე თვით ისეთი ხასიათისათვის როგორიც ჩვენია, გამუდმებით მეტოქეობისათვის რომ არის განწყობილი. მე არაფერი მითქვამს ზნეობაზე და არაფერი მითქვამს რელიგიაზე; მაგრამ, ალბათ, საკმარისი ვთქვი  იმის საჩვენებლად, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატული განწყობა ჩვენი აზროვნების წყობისათვის ყოველთვის არ არის ჩვეული და ხშირად ისე უცხოა, რომ ვერც კი ვიგებთ თუ რა უნდა იყოს, მაინც ჩვენი საქმიანობების ნაწილში, არათუ დასახმარებლად ვუხმობთ და ამხანაგად გავიხდით, არამედ უფროს ამხნაგადაც ვაღიარებთ და ზოგიერთ საქმიანობაში სამართლიანად ვცნობთ ბატონად.
ახლა ისა ვთქვათ თუ როგორ განვმარტავთ კონსერვატულ განწყობას პოლიტიკის სფეროში? და ამ ძიების პროცესში მაინტერესებს განწყობა არა საერთოდ ყველა ვითარებაში, არამედ ჩვენს კონკრეტულ ვითარებაში.
მწერლები, ვინც ამ საკითხს შეეხებიან, ჩვენს ყურადღებას ზოგადად ქვეყნად გავრცელებული რწმენებისაკენ მიაქცევენ, მიაქცევენ ზოგადად ადამიანებისაკენ, სამყაროს ზოგადი წარმოდგენებისაკენ; და გვეუბნებიან, რომ კონსერვატულ განწყობას პოლიტიკაში სწორად განვმარტავთ მხოლოდ მაშინ, როცა ამგვარ რწმენებს გავიზიარებთ. მაგალითად, ამბობენ, რომ კონსერვატიზმი პოლიტიკაში საწინააღმდეგოა იმისა, რასაც კონსერვატულ განწყობად მივიჩნევთ ზოგადად ადამიანურ ქცევაში. ამბობენ, რეფორმისტობა ბიზნესში, ზნეობასა, რელიგიაში და კონსერვატორობა პოლიტიკაში, ერთდროულად შეუთავსებელი და წარმოუდგენელიაო. ამბობენ, კონსერვატორობა პოლიტიკაში გარკვეული რელიგიური რწმენების შენარჩუნების უნარიაო; მაგალითად, ბუნებრივი კანონის რწმენისა, რაც ადამინური გამოცდილებიდან გვეძლევა, და უზენაესი წესრიგის რწმენისა, როცა ღვთაებრივი ბუნებასა და ადამიანურ ისტორიაში აირეკლება, რასაც ადამიანმა თავისი ქცევა უნდა დაუმორჩილოს, და რისგან გადახვევაც უსამართლობასა და უბედურობას მოიტანს. ამას გარდა, ამბობენ, რომ კონსერვატული განწყობა პოლიტიკაში ეხმაურება ადამიანური საზოგადოების, ეგრეთწოდებულ, “ორგანულ” თეორიას; რომელშიც გაერთიანებულია რწმენა ადამიანის პიროვნების აბსოლუტური ღირებულებისა და რწმენა ადამიანის პირველქმნილი მიდრეკილებისა ცოდვისადმი. ინგლისელების “კონსერვატიზმი” კი მუდამ უკავშირდებოდა როიალიზმსა და ანგლიკანიზმს.
თუკი ამ მცირე შენიშვნებს უკუვაგდებდით, რაც შეიძლება კაცმა ამგვარ ვითარებაში გამოთქვას, მგონია, რომ ერთ დიდ ნაკლს თავს მაინც ვერ დავაღწევდით, მართალია, რომ უმრავლესობა ამ რწმენათაგან იმ ადამიანებს აქვთ, ვინც სწორედ პოლიტიკურ საქმიანობაში ამჟღავნებს კონსერვატულ განწყობას და ისიც მართალია, რომ ხალხს სჯერა, რომ ამგვარი განწყობა მტკიცედაა ჩანერგილი მათში; მაგრამ, მე ვფიქრობ, კონსერვატული განწყობა პოლიტიკაში არ ნიშნავს ვამტკიცოთ ამ რწმენების ჭეშმარიტება, ანუ გვეგონოს, რომ მათშია ჭეშმარიტება. და არც ის მგონია, რომ ეს რწმენები უკავშირდებოდეს რომელიმე კონკრეტულ რწმენას სამყაროს შესახებ, ზოგადად მსოფლიოს ან ზოგადად ადამიანის ქცევის შესახებ. კონსერვატული განწყობა პოლიტიკაში მიბმულია მართვის ინსტრუმენტებსა და მართულთა საქმიანობაზე და სწორედ აქ უნდა ჩავწვდეთ მასში და არა სხვაგან. და იმისათვის, რომ მოკლედ გადმოვცე ჩემი თვალსაზრისი, მანამდე სანამ დავხვეწავდე, თუ როგორ უნდა ჩავწვდეთ კონსერვატულ განწყობას პოლიტიკაში, უნდა აღვნიშნო, რომ აქ არაფერი გვესაქმება არც ბუნებრივ კანონთან, არც ზნეობასთან და არც რელიგიასთან; საქმე გვაქვს ჩვენი მიმდინარე ცხოვრების ყაიდაზე დაკვირვებასთან, რაც ერწყმის რწმენას (ჩვენი თვალთახედვით მხოლოდ ჰიპოთეზად რომ უნდა მივიჩნიოთ), რომ მართვა სპეციფიური და შეზღუდული საქმიანობაა, სახელდობრ, შემუშავება და ზედამხედველობა ქცევის საერთო წესებზე, რაც უნდა გავიაზროთ არა როგორც გეგმა არსებითი, შთამაგონებელი საქმიანობისა, არამედ როგორც ინსტრუმენტები, რის საშუალებითაც ადამიანები მიჰყვებიან იმ საქმიანობას თვით რომ აირჩიეს და მინიმალურ იმედგაცრუებას იწვნევენ; ეს კი სწორედ რომ შესაფერისია კონსერვატორობისათვის.
მოდით იქიდან შევუდგეთ, რაც შესაბამის დასაწყისად მიმაჩნია; არა ემპირიიდან, არამედ ჩვენივე თავიდან, იქიდან თუ როგორ მოვედით აქამდე. მე, ჩემი მეზობლები, ნაცნობები, თანამემამულენი, მეგობრები, მტრები და ისინიც, ვისაც არაფრად ვაგდებ, მრავალფეროვან საქმიანობაში ვართ ჩაბმულნი. მიდრეკილნი ვართ გადავსინჯოთ მრავალი მოსაზრება ყოველ ხელმისაწვდომ საგანზე და განწყობილნი ვართ შევცვალოთ რწმენები თუ თავს მოგვაბეზრებს და გამოუსადეგრად მოგვეჩვენება. თვითეული ჩვენთაგანი თავის გზას მიჰყვება, და არ დაიძებნება თუნდაც ერთი შეუსრულებელი პროექტიც კი, ვიღაცამ ხელი რომ არ მოჰკიდოს, და ერთი ბრიყვული წამოწყებაც კი, ვინმე რომ არ შეუდგეს. არიან ადამიანები, რომლებიც მთელ ცხოვრებას იმაში ატარებენ, რომ ცდილობენ ინგლისური კატეხიზმოს წიგნები მიჰყიდონ ებრაელებს. და მსოფლიოს ერთი ნაწილი ცდილობს მეორე ნაწილს მოანდომოს ის, რაც მას არასოდეს მოუსაკლისებია. ჩვენ დიდი გზნებით ვეკიდებით საკუთარ საზრუნავს, ნივთების დამზადება იქნება თუ მათი გაყიდვა, ბიზნესი იქნება თუ სპორტი, რელიგია თუ სწავლა-განათლება, პოეზია, სასმელი თუ ნარკოტიკი. თვითეულ ჩვენგანს თავისი მოსწონს. ზოგიერთისათვის არჩევანის გაკეთება (რისი უამრავი შემთხვევაც ეძლევა) მეტად იოლია; სხვები ნაკლები სიხარულით ეგებებიან და მძიმე ტვირთადაც კი აწევთ. ზოგი ოცნებობს ახალსა და უკეთეს მსოფლიოზე; სხვები კი არჩევენ ნაცნობ ბილიკებს გაუყვნენ ან სულაც უქმად დარჩნენ. ზოგი წუხს სწრაფი ცვლილებების გამო, სხვებს კი _ მოსწონთ; თუმცა კი ყველანი აღიქვამენ სწრაფ ცვლილებებს. ხანდახან ვიღლებით და გვეძინება; რა დალოცვილი შვებაა შეიხედო მაღაზიის ვიტრინაში და ვერაფერი დაინახო, რაც გჭირდება; მადლობელი რჩები სიმახინჯისა, რადგან ყურადღებას არ იქცევს. მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, ბედნიერებას ვესწრაფით იმით, რომ ვეძიებთ სურვილების დაკმაყოფილებას, რაც დაუსრულებლად ჩნდება ერთმანეთის მიყოლებით. ვიფლობით ურთიერთობებში, სადაც შემოდიან ინტერესები და ემოციები, კონკურენცია, პარტნიორობა, მზრუნველობა, სიყვარული, მეგობრობა, ეჭვიანობა, სიძულვილი, მტრობა და ამათგან ზოგიერთი უფრო გამძლეა ვიდრე დანარჩენი. ერთმანეთთან შეთანხმებებს ვდებთ და ერთმანეთისაგან შესაბამის ქცევას მოველით. რაღაც მოგვწონს, რაღაც სულერთია, რაღაც არ მოგვწონს. საქმიანობის სიმრავლე და მოსაზრებათა მრავალგვარობა დაპირისპირებას იწვევს: ჩვენი მიმართულებები სხვებისას კვეთს, რომელთა ქცევის წესი არ მოგვწონს. მიუხედავად ამისა, ძირითადად, ვახერხებთ არ შევეჯახოთ ერთმანეთს; ხან გზას დავუთმობთ, ხან გავასწრებთ, ხან შევჯერდებით. ჩვენი ქმედება შედგება საქმიანობისაგან, რაც შეთანხმებულია სხვებთან, მცირე და უმეტესად გაუცნობიერებელი, შეუმჩნეველი ხერხებით.
მთავარი ის არ არის თუ რატომ ხდება ასე; და არც ხდება ასე, აუცილებლად. ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ ადამიანური ყოფის სხვაგვარი პირობები და ისიც ვიცით, რომ სხვაგან და სხვა დროში საქმიანობა ნაკლებ მრავალფეროვანია, ან ნაკლებად მრავალფეროვანი, ნაკლებად ცვალებადი და მოსაზრებებიც ნაკლებად განხვავებული ყოფილა და ნაკლებად იწვევდა შეჯახებებს; ასეა თუ ისე, ვაღიარებთ, რომ ასეთია ჩვენი ყოფა. ეს გახლავთ შეძენილი მდგომარეობა, თუმცა არავის განუსაზღვრავს და არც სპეციალურად გამოურჩევია ის სხვებისაგან. ეს გახლავთ არა “ადამიანური ბუნების” პროდუქტი, არამედ იმ ადამიანებისა, არჩევანის სიყვარულს რომ აქეზებენ საკუთარ თავში. და იმდენივე ვიცით იმის შესახებ თუ საით მიგვიძღვება, რამდენიც ქუდების მოდისა და ავტომობილის დიზაინისა ვიცით რამე, ოცი წლის მერე რომ უნდა შემოვიდეს.
ადამიანური ცხოვრების სცენის მიმომხილველთ ხშირად წააქეზებს წესრიგისა და ერსულოვნების ვერდანახვა და ამას მიიჩნევენ ადამიანური ყოფის წარმმართველ თვისებად; უქნარობას, უნიათობას, ადამიანური ენერგიის ფლანგვას ბუნებრივად თვლიან და ფიქრობენ არათუ წარმმართველი მიზანი, არამედ რაიმე გარკვეული მისწრაფებაც კი არ გაგვაჩნიაო. აქედან წარმოიშვება ისეთი აღგზნება, ავტორბოლისას რომ არის ხოლმე; მაგრამ არ მოაქვს ისეთი კმაყოფილება, როგორც კარგად წარმართულ ბიზნესს. ასეთი ხალხი მიდრეკილია არსებული უწესრიგობის გაზვიადებისაკენ; გეგმის არქონა ისეთი დამაჯერებელია, რომ მცირედი გაუმჯობესებანი ან თუნდაც უფრო ფართო მოწესრიგება, რაც აოკებს ქაოსს, არაფრისმომცემად ეჩვენებათ; უწესრიგობა კი არ ეჯავრებათ, არამედ მისგან წარმოშობილი უხერხულობანი. მაგრამ ნიშანდობლივია არა მათი აღქმის უნარის შეზღუდულობა, არამედ მათი ფიქრის მიმართულება. ისინი გრძნობენ, რომ უნდა იყოს რაღაც, უნდა გაკეთდეს რაღაც, რომ ეს ქაოსი წესრიგად გარდაიქმნას, რადგან არ შეიძლება, რომ გონიერი ადამიანი ასე ცხოვრობდეს. და აპოლონივით კი არ მოიხიბლებიან, ყელზე უწესრიგოდ თმებშემოხვეული დაფნა რომ დაინახა, ამოიოხრებენ და ჩაილაპარაკებენ: “რა იქნებოდა სწორად რომ დაევარცხნაო”. უფრო მეტიც, ისინი გვეუბნებიან, რომ სიზმარში უნახავთ ბრწყინვალე, უხინჯო წესი მთელი კაცობრიობის ცხოვრებისა, და ამ სიზმარზე დაყრდნობით, სურთ გამოძებნონ ჩვენი ცხოვრებისათვის დამახასიათებელი, მრავალნაირი კონფლიქტების მოგვარების გზები. რა თქმა უნდა, მათი სიზმრები ერთმანეთს არა ჰგავს, მაგრამ საერთო ისა აქვთ, რომ თვითეული ხედავს კონფლიქტური შემთხვევებისაგან გათავისუფლებულ ადამიანურ ყოფას, ხედავს ერთი მიმართულებით წარმართულ და კოორდინირებულ ადამიანურ ქმედებას და ყველა რესურსის სრულად გამოყენებას. და ასეთი ხალხი, შესაბამისად გაიაზრებს მთავრობის საქმიანობას, ქვეშევრდომებში, მათ მიერ ნაოცნებარი, ადამიანური ყოფის პირობების ჩასანერგად. მართვა კერძო სიზმრის საზოგადოებრივ და სავალდებულო ცხოვრების წესად გადაქცევაა. ამრიგად, პოლიტიკა გადაიქცევა სიზმრებისა და ქმედებათა შეხვედრად; მთავრობამ ამგვარად უნდა გაიაზროს თავისი საქმიანობა და აღიჭურვოს შესაბამისი ინსტრუმენტებით.
როცა მართვა გააზრებულია, მე არ მოგიწოდებთ გავაკრიტიკოთ ნახტომი საზეიმო პოლიტიკისაკენ, როგორც გამუდმებული მცდელობა ადამიანური ენერგიის რესურსების დაგროვებისა, მათი ერთადერთი მიმართულებით წარსამართავად; ეს არ არის გაუგებარი ქმედება და მრავალი რამ განაპირობებს. ჩემი მიზანია მივანიშნო, რომ არსებობს მართვის სრულიად განსხვავებული გააზრებაც, არანაკლებ მისაწვდომი და, რაღაც აზრით, უფრო შესაფერისი ჩვენი ვითარებისათვის.
მართვისა და მმართველობის ინსტრუმენტების განსხვავებული განწყობის წყარო, წყარო კონსერვატული განწყობისა, უნდა ვეძიოთ იქ, სადაც ვაღიარებთ, რომ ადამიანური ყოფას ახასიათებს მიდრეკილება საკუთარი არჩევნების გაკეთებისადმი, რათა ამით ბედნიერება ვპოვოთ; მიდრეკილება, ბეჯითად წარვმართოთ მრავალფეროვანი წარმოება, გვქონდეს განსხვავებული რწმენა და გვწამდეს, რომ ეს ერთადერთი ჭეშმარიტებაა; მიდრეკილება, გამომგობელობისადმი, ცვალებადობისადმი და დიადი ჩანაფიქრების არქონისადმი, ზედმეტობისადმი, საქმეში ზომიერების დარღვევისადმი და არაფორმალური კომპრომისებისადმი. მთავრობა იმას კი არ უნდა ისახავდეს მიზნად, რომ განსხვავებული რწმენა და საქმიანობა მოახვიოს თავს ქვეშევრდომებს, რომ დამოძღვროს და განათლება მისცეს, გამოსწორებისა თუ სხვაგვარი ბედნიერებისათვის; არც იმას უნდა ცდილობდეს, რომ წარმართოს და სამოქმედოდ წააქეზოს ქვეშევრდომები, უწინამძღვროს და დამწყემსოს, კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად. მთავრობის საქმე მხოლოდ მართვაა. ეს გახლავთ სპეციფიური და შეზღუდული საქმიანობა, იოლად ეფლობა კორუფციაში თუ სხვას შეერწყა და ზოგჯერ ეს აუცილებელიც კია. მმართველი მოსამართლეს უნდა ჰგავდეს, ვისი საქმეცაა თამაშის წესების დაცვა, ან კრების თავმჯდომარეს, ვინც დებატებს ხელმძღვანელობს, მაგრამ თვითონ არ მონაწილეობს მასში.
ამრიგად, კონსერვატული განწყობის ხალხის მიერ დაცული საზოგადო რწმენა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს ადამიანური ყოფის არსებული პირობები ისეთი, როგორიც არის და შეუხამოს გარკვეულ ზოგად იდეებს. ისინი ამტკიცებენ, რომ არსებობს აბსოლუტური ღირებულება ადამიანური არჩევანის თავისუფლებისა, რომ კერძო საკუთრება (სიმბოლო არჩევანისა) ბუნებრივი უფლებაა და, რომ მხოლოდ განსხვავებული შეხედულებითა და საქმიანობით ტკბობაში მიიღწევა ჭეშმარიტი რწმენა და სწორად სვლა საკუთარი თავის შესაცნობად. მაგრამ, ჩემი აზრით, კონსერვატული განწყობა ამ ან მსგავსი შეხედულებებით ვერ გახდება გასაგები. რაღაც უფრო მცირე  და ნაკლებად პრეტენზიულია საჭირო: საჭიროა დანახვა, რომ ეს არის, ფაქტიურად, მიმდინარე პირობა ადამიანური მდგომარეობისა და ჩვენ ვისწავლეთ მისით ტკბობა და მისი მართვა; რომ არა ვართ ინ სტატუ პუპილლარი მდგომარეობაში მყოფი ბავშვები, არამედ ზრდასრული ადამიანები, რომელთაც არ მიაჩნიათ, რომ მოვალენი არიან გაამართლონ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი; და რომ ადამიანური გამოცდილება ვერ შეძლებს დაიჯეროს, რომ ისინი, ვინც მართავენ, დაჯილდოვებულნი არიან უმაღლესი სიბრძნით, რაც მათ მეტ თავდაჯერებულობას, საქმიანობის უნარსა და ძალაუფლებას ანიჭებს, რითაც თავს უნდა მოახვიოს თავის ქვეშევრდომებს განსხვავებული ცხოვრების წესი. მოკლედ, თუ კონსერვატული განწყობის ადამიანს ჰკითხავ: რატომ უნდა შეეგუონ მთავრობები შეხედულებათა და საქმიანობათა მრავალგვარობას და არ უნდა მოახვიონ ქვეშევრდომებს თავს საკუთარი ოცნებებიო? მოკლედ გიპასუხებს, რატომაც არაო? განა მათი ოცნებანი განსხვავებულია სხვათაგან? და თუ მოსაწყენია უსმინო სხვათა ოცნებებს, აუტანელი იქნება გაიძულონ იმოქმედო მის მიხედვით. ჩვენ ვითმენთ მონომანიაკებს; ჩვეულებით მოგვდგამს ასე; მაგრამ რატომ უნდა გვმართონ მათ? ნუთუ (იკითხავს კონსერვატული განწყობის კაცი) მთავრობამ ვერ უნდა შეძლოს დაიცვას თავისი ხელქვეითები იმ მომაბეზრებელი პირებისაგან, ვინც მთელ თავის ენერგიასა და ქონებას ახმარს რაღაც წვრილმან ახირებულობას, ცდილობს თავს მოახვიოს ყველას, არა იმით, რომ თავისი საქმიანობა სხვების, თავის მსგავსთა სასარგებლოდ წარმართოს, არამედ იმით, რომ ზღვარს უწესებს სხვათა ხმამაღალ სიტყვას.
მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატული განწყობის კაცის დამოკიდებულება მთავრობისადმი ამგვარია, იგი არ ფიქრობს, რომ მთავრობა უსაქმოდ უნდა იჯდეს. იგი მიიჩნევს, რომ გასაკეთებელი ბევრია და უნდა გაკეთდეს ქველობით, არსებული რწმენის მიღებით, იმიტომ რომ რწმენა აწმყოში არსებობს, მიმდინარე საქმიანობათა მიღებით, იმიტომ, რომ აწმყოში საქმიანობენ. და, მოკლედ, კონსერვატული განწყობის კაცი მთავრობისაგან მოითხოვს მოაგვაროს ზოგიერთი ის დაპირისპირება, რაც რწმენებისა და საქმიანობისაგან წარმოიშობა, შეინარჩუნოს მშვიდობა არა იმით, რომ აკრძლვა დააწესოს არჩევანსა და მრავალგვარობაზე, რაც გარჩევის საშუალებას გვაძლევს, არა იმით, რომ თავს მოგვახვიოს არსებითი ერთფეროვნება, არამედ იმით, რომ დააწესოს საერთო პროცედურული წესები, თანაბრად ყველა ქვეშევრდომისათვის.
ამრიგად, კონსერვატორის აზრით, მთავრობამ იმით კი არ უნდა დაიწყოს, რომ ახალი, განსხვავებული და უკეთესი მსოფლიო წარმოისახოს, არამედ იმით, რომ დააკვირდეს თვითმმართველობას, წარმართულს მიზანსწრაფული კაცის მიერ, თავისი საწარმოს გაძღოლისას; იმით უნდა დაიწყოს, მოარიგოს ისინი, ვისი ინტერესებიც ერთმანეთს ეჯახება და ორივე მხრივ ჩააქროს დაპირისპირება. ხანდახან, მორიგება იმაში მდგომარეობს, რომ ორი პარტია შეთანხმდება, ერთმანეთს გზიდან ჩამოვეცალოთო; ხანდახან კი, მორიგებას უფრო ფართო და ხანგრძლივი ხასიათი აქვს, ვთქვათ, საერთაშორისო წესები ზღვაზე დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. მოკლედ, მთავრობის შინაარსში უნდა ვეძიოთ რიტუალში და არა რელიგიასა და ფილოსოფიაში; მშვიდობიანი და მოწესრიგებული ურთიერთობით ტკბობაში და არა ჭეშმარიტებასა თუ სრულყოფილების ძიებაში.
მაგრამ მიზანსწრაფული და ენერგიული კაცის თვითმმართველობა სწორედ მაშინ ირღვევა ხოლმე, როცა ყველაზე მეტადაა საჭირო. მას შეიძლება დასჯერდე წვრილმან ინტერესთა შეჯახების მოგვარებისას, მაგრამ ამის ზემოთ მისი ნდობა არ შეიძლება. უფრო ზუსტი  და ნაკლებად კორუმპირებული რიტუალია საჭირო დიდი შეჯახებების გასაშველებლად, რასაც ჩვენი ცხოვრების ყაიდა წარმოშობს და დიდი ხელმოცარვებისაგან გადასარჩენად, რაშიც თავს ამოვყობთ ხოლმე. ამ რიტუალის მცველი “მთავრობაა” და მის მიერ დაწესებული წესები კი _ “კანონი”. შეიძლება წარმოიდგინო, რომ მთავრობა ასრულებდეს არბიტრის მოვალეობას, ინტერესთა შეჯახების დროს, მაგრამ თავის მოვალეობას ასრულებდეს კანონების დაუხმარებლად, ან წარმოიდგინო თამაში წესების გარეშე და წარმოიდგინო მოსამართლე, ვისაც მიმართავენ და ვინც ყოველი ცალკეული საქმისათვის იგონებს ად ჰოც გზას, რათა მოკამათენი იხსნას ორმხრივი იმედგაცრუებისაგან. მაგრამ ამგვარი მოწესრიგების არაეკონომიურობა იმდენად ცხადია, რომ მხოლოდ მათ შორის შეიძლება მოხდეს, ვინც იჯერებს, რომ მმართველი ზებუნებრივი ძალითაა შთაგონებული და ვინც წინამძღოლისაგან სრულიად განსხვავებული მოვალეობის შესრულებას მოითხოვს _ წინამძღოლისა, მოძღვარისა თუ წარმმართველისა. რაც არ უნდა იყოს, კონსერვატული განწყობა მთავრობის მიმართ დაფუძნებულია რწმენაზე, რომ როცა მთავრობა ითვალისწინებს თავისი ქვეშევრდომების მიმდინარე საქმიანობასა და შეხედულებებს, ერთადერთი შესაფერისი ფორმა მართვისა ქმედების წესების შემუშავება და დანერგვაა. მოკლედ, მთავრობის კონსერვატულობა იგივეა, რაც კონსერვატიზმად მივიჩნიეთ ქცევის წესების განხილვისას. ამრიგად, მართვა, კონსერვატული გაგებით, ვინცულუმ ჯურის* მოწოდებაა იმ დროისათვის, როცა ქცევის ფორმები ვეღარაფერს აწყობს ინტერესთა შეჯახების დროს, რათა მდგომარეობა გამოუსწორდეთ და ანაზღაურება მიიღონ მათ, ვინც იმათგან დაზარალდა, ვინც განსხვავებულად იქცეოდა; იმ დროისათვის, როცა, ხანდახან, იმათი დასჯაა საჭირო, ვინც თავისი ინტერესების განხორციელებისას კანონებს არაფრად აგდებს; და, რა თქმა უნდა, საჭიროა საკმაო ძალაც, ამგვარი მსაჯულობისათვის საჭირო ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამრიგად, მთავრობისათვის განკუთვნილია სპეციფიური და შეზღუდული საქმიანობის სფერო; არა წარმოების გაძღოლა, არამედ იმათი მართვა, ვინც ჩართულნი არიან მათ მიერვე არჩეულ მრავალფეროვან წარმოებაში. მთავრობა უძღვის არა ცალკეულ პიროვნებებს, არამედ საქმიანობას და თანაც მხოლოდ იმ კუთხით, რომ ერთმანეთს არ შეეჯახონ. მას არ ეხება მორალური სისწორე და სიმრუდე, მისი საქმე არ არის ადამიანის კეთილ გზაზე დაყენება ან, თნდაც, გაუმჯობესება; ამას იმიტომ კი არ აკეთებენ ხოლმე, რომ “კაცობრიობა ბუნებრივად გადაგვარებულია”, არამედ _ მათი იმჟამინდელი განწყობის ექსტრავაგანტულობის გამო; მთავრობის საქმეა მშვიდობიანობა ჩამოაგდოს თავის ქვეშევრდომებს შორის, რათა მათ შეძლონ მიჰყვნენ იმ საქმიანობას, რაშიც ბედნიერებას ეძებენ; და თუ რომელიმე ზოგადი იდეა უნდა გამომდინარეობდეს ამ თვალსაზრისიდან, ალბათ ის, რომ მთავრობა, რომელიც მშვიდობის ჩამოგდებას ვერ შეძლებს ქვეშევრდომებს შორის, გამოუსადეგარია; და, როცა ერთი მთავრობა, რომელიც (ძველი პურიტანული ფრაზა რომ მოვიშველიოთ) “სიმართლისაკენ მოგვიწოდებს” ვერ ამყარებს მშვიდობას, (რადგან მისი ქვეშევრდომების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მთავრობა “ცრუობს”), მეორე არც “სიმართლეს” აგდებს არაფრად და არც “შეცდომას” და მხოლოდ მშვიდობას ეძიებს, დაუბრკოლებლად მოიპოვებს საჭირო ერთგულებას.
ახლა ხომ გასაგებია, რომ ამგვარად მოაზროვნე ადამიანს არაფრად ეპიტნავება განახლება: მთავრობა უზრუნველჰყოფს ქცევის წესებს და შინაურულობა უაღრესად მნიშვნელოვანი ღირსებაა მართვის დროს. მიუხედავად ამისა, მას სხვა ფიქრებისათვისაც რჩება ადგილი. ადამიანური ურთიერთობის თანამედროვე პირობებში ახალი წამოწყებანი (ხშირად ახალი გამოგონებიდან წამოჭრილი) მუდმივად ჩნდებიან და წინ გამოდიან, რწმენა კი ამ წამოწყებაში გამუდმებით იცვლება ან ქრება; ახალი წამოწყებებისათვის ძველი წესები შეუთვისებებლია, რწმენა კი უცხოც არის და უსარგებლოც. მაგალითად, მრავალგვარმა გამოგონებებმა და ბიზნესის წარმართვაში მომხდარმა ცვლიელებებმა, საავტორო უფლებების არსებული კანონი შეუსაბამო გახადა. და ისიც შესაძლოა, რომ არც გაზეთი, არც ავტომობილი და არც თვითმფრინავი ჯერ კიდევ ჯეროვნად აღიარებული არ არის ინგლისის კანონმდებლობის მიერ; მათ გამო აღძრული უთანხმოებანი ჯერაც არ გარკვეულა და მოგვარებულა. ან, თუნდაც, გასული საუკუნის ბოლოს ჩვენმა მთავრობებმა დაიწყეს გამალებული კოდიფიკაცია ჩვენი კანონების დიდი ნაწილისა და ამ პერიოდში ორივე ახლოს მივიდა თანამედროვე რწმენებთან და წეს-ჩვეულებებთან და შეუხამეს საერთო კანონმდებლობისათვის დამახასიათებელ რეგულირებას. მაგრამ მრავალი სტატუტი მაინც უიმედოდაა მოძველებული. და უფრო ძველი აქტებიც არსებობს პარლამენტისა (ვთქვათ სავაჭრო გადაზიდვების აქტები) რითაც დიდი და მნიშვნელოვანი განყოფილებების საქმიანობა წარიმართება, რომლებიც კიდევ უფრო მეტად არ შეესაბამება თანამედროვე ვითარებას. ამრიგად, შეიძლება განახლება ვუწოდოთ იმას, რომ წესები უნდა შეესაბამებოდეს იმ საქმიანობას, რასაც წარმართავს. მაგრამ კონსერვატორს მიაჩნია, რომ წესების მოდიფიკაციამ ყოველთვის უნდა აირეკლოს და არასოდეს არ უნდა დააძალოს ცვლილებანი იმ საქმიანობასა და რწმენებში, რომლებიც მას ემორჩილება, და არასოდეს არ უნდა იყოს ისეთი ყოვლისმომცველი, რომ დაანგრიოს ერთიანობა. აქედან გამომდინარე, კონსერვატორი არ მიიღებს იმ განახლებებს, რომლებიც ჰიპოთეტური სიტუაციისათვის იქმნება; ამ დროს მას ურჩევნია ძველ წესს მიჰყვეს, ვიდრე ახალი მოიგონოს; იგი ფიქრობს, რომ უმჯობესია თავი შეიკავოს ცვლილებებისაგან, ვიდრე ნათელი არ გახდება, რომ ვითარება, რისთვისაც ცვლილება ხდება, აუცილებლად მოვა და ერთხანს დარჩება; იგი ეჭვით უყურებს ვითარებათა მიერ წამოჭრილ ზედმეტი ცვლილებების შემცველ წინადადებებს, ეჭვით უყურებს მმართველებს, ვინც განსაკუთრებულ ძალაუფლებას ითხოვს, რათა დიდი ცვლილებები განახორციელონ, ეჭვით უყურებს ზოგად მოწოდებებს “საერთო სიკეთისა” და “სოციალური სამართლიანობის” გამო, ეჭვით უყურებს საზოგადოების მცველებს, ვინც ჭედს ჯავშანს და ურჩხულის მოსაკლავად ემზადება; კონსერვატორი სათანადოდ აწონ-დაწონის განახლების ეტაპს და ფრთხილად მიუდგება; მოკლედ, იგი განეწყობა პოლიტიკასადმი, როგორც საქმიანობისადმი, სადაც დრო და დრო განაახლებენ საჭურველს და მუდამ საბრძოლო წესრიგში აქვთ, და არ მიიღებს პოლიტიკას, როგორც გამუდმებული გადაიარაღების შესაძლებლობას.
ყოველივე ამით ვაცნობიერებთ კონსერვატორის დამოკიდებულებას
მთავრობისადმი; შეგვიძლია, მაგალითისათვის, გამოვყოთ რომელიმე დეტალი, რათა დავინახოთ თუ როგორ ხედავს ამ განწყობის კაცი მთავრობის ერთ-ერთ უდიდეს საქმეს, საგარეო პოლიტიკის წარმართვას; რათა დავინახოთ თუ რატომ აყენებს იგი ყველაზე მაღლა რთულ არგუმენტებს “კერძო საკუთრების ინსტიტუტის” დასაცავად; რათა დავინახოთ თუ რატომ უარჰყოფს თვასაზრისს, რომ პოლიტიკა ეკონომიკის ჩრდილია; რათა დავინახოთ თუ რატომ სჯერა, რომ უმთვრესი (ალბათ ერთადერთი) სპეციფიურად შესაფერისი საქმიანობა მთავრობისათვის ფულის სტაბილური კურსის შენარჩუნებაა. მაგრამ ამ ვითარებაში, ვფიქრობ, კიდევ რაღაც შეიძლება ითქვას.
მავანთ “მთავრობა” წარმოუდგენიათ, როგორც ძალაუფლების უზარმაზარი ავზი, რაც აღაგზნებს მის წარმოსახვას თუ რაში გამოიყენოს ეს მთავრობა. მათ აქვთ სხვადახვა განზომილების პროექტები, რაც გულწრფელად სჯერათ, რომ კაცობრიობას გამოადგება და, თუ საჭირო გახდება, სურთ ხელში ჩაიგდონ და გაზარდონ ძალაუფლება, რათა თავისი სანუკვარი პროექტები თავს მოახვიონ თანამოქლაქეებს და ამას ხალხის მართვისას განცდილ თავგადასავლად მიიჩნევენ. ამგვარი განწყობის ადამიანები მთავრობას აღიქვამენ ვნების დამაკმაყოფილებელ იარაღად; პოლიტიკის ხელოვნება იმისათვის არსებობს მათთვის, რომ ააგზნოს და მიმართოს სურვილი. მოკლედ, მმართველობა აღქმულია ისეთივე საქმედ, როგორიც სხვა საქმიანობაა _ საპნის დამზადება და გაყიდვა, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების მოპოვება, ან ბიზნესის განვითარება _ ოღონდ აქ (უმეტეს შემთხვევაში) ძალაუფლება უკვე მობილიზებულია და ეს საწარმო მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ მონოპოლიას ისახავს მიზნად და წარმატება გარანტირებული აქვს, რადგან ძალუფლების წყარო ხელთ უპყრია. რა თქმა უნდა,  ამგვარი, საქმოსანი პოლიტიკოსი ვერსად გაიხარებდა დღესდღეობით, რომ არ არსებობდნენ ისეთი ბუნდოვანი მოთხოვნილებების ადამიანები, რომლებიც თვითონ უკარნახებენ თუ რა უნდა შესთავაზოს, ან ისეთი მონური მოთხოვნილების მქონენი, რომელთაც ურჩევნიათ უზრუნველყოფილ ცხოვრებას დაჰპირდნენ და არა საკუთარი არჩევანისა და შანსის უფლებას. მაგრამ ამ კურსით არც ისე იოლია ცურვა, როგორც ეჩვენებათ: ხშირად, ამგვარი პოლიტიკოსები მცდარად აფასებენ ვითარებას და დემოკრატიულ პოლიტიკაშიც კი მალე ვიგებთ, თუ რას ფიქრობს აქლემი თავის მხედარზე.
ამრიგად, კონსერვატული განწყობა პოლიტიკის მიმართ წარმოაჩენს სრულიად განსხვავებულ თვალსაზრისს მართვის საქმეში. ამგვარი განწყობის კაცი მთავრობის საქმედ მიიჩნევს არა ვნების გაღვივებას და მისი დაცხრომისათვის საკბილოს ძიებას, არამედ, თავისთავად უკვე ვნებააღძრული ხალხის საქმეებში თავშეკავების წილის შეტანას; დაოკებას, დაშოშმინებას, დამორჩილებასა და შერიგებას; არა სურვილების ცეცხლის გაღვივებას, არამედ მის ჩაქრობას. და ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ვნება ცოდვაა და ზომიერება სიქველე, არამედ იმიტომ, რომ ზომიერება აუცილებელია რათა ვნებასაყოლილი ადამიანები გადაურჩნენ საერთო იმედგაცრუების ჩიხში მომწყვდევას. ამგვარ მთავრობას არ გავიხილავთ კეთილი მომავლის მაცნედ, ზნეობრივი კანონის მცველად, ან ღვთებრივი წესრიგი სიმბოლოდ. ამგვარმა მთავრობამ მხოლოდ ის უნდა შეძლოს, რომ მისმა ქვეშევრდომებმა (თუკი ისინი ჩვენნაირი ხალხია) ადვილად ამოიცნონ საკუთარი მნიშვნელობა_ღირებულება; მართლაც, ეს სწორედ ის გახლავთ, გარკვეული ზომით, რისთვისაც ისინი თავიანთი ბიზნესისა თუ სიამოვნების გზას ირჩევენ ხოლმე. მათ სრულიად არ სჭირდებათ შეხსენება მთავრობის აუცილებლობისა, ისე როგორც სექსტუს ემპირიკუსი მოგვითხრობს ძველ სპარსლებზე, რომელთაც პერიოდულად შეახსენებდნენ ხოლმე მეფის სიკვდილს, და ამ დროს ყველა კანონს გვერდზე გადადებდნენ და თმების მოშვების ხუთდღიან ადათს ასრულებდნენ. ზოგადად, ისინი უარს არ იტყვიან მოკრძალებული ხარჯი გაიღონ ამგვარი საქმისათვის; და კარგად ესმით, რომ ამგვარი ხელისუფლებისადმი შესაბამისი დამოკიდებულება გარკვეული სახის ერთგულებაა (ხან შეგნებული ერთგულება და ხანაც, ალბათ, სიდნი გოგდოლპინიებური გულდამძიმებული ერთგულება), პატივისცემა და ერთგვარი ეჭვი, და არა სიყვარული, თავდადება თუ მგზნებარება. ამრიგად, მართვა უნდა გავიგოთ, როგორც მეორადი საქმიანობა; მაგრამ უნდა გავიაზროთ, აგრეთვე, როგორც სპეციფიური საქმიანობა, იოლად რომ არ აგვერვა სხვაში, რადგან სხვა საქმიანობებს (გარდა სუნამოების უბრალო ყნოსვა-განცდისა) თან ახლავს არჩევანი, რომ რომელიმე მხარეს უნდა დადგე და შესაბამისად დამორჩილდე (ამ მიმართულებით), როგორც მოსამართლეს, ასევე კანონმდებელსაც, ვინც სათავეში უდგას სამართლებრივ იურიდიულ სამსახურს. ამგვარი მთავრობის ქვეშევრდომები მოითხოვენ, რომ მთავრობა იყოს ძლიერი, ფხიზელი, მტკიცე ნების მქონე, ეკონომიური და არა ზედმეტად ემოციური და ახირებული; მათ არ სჭირდებათ მსაჯი, ვინც თამაშს წესების მიხედვით ვერ წარმართავს, რომელიმე მხარეზე დგება, თავის თამაშს თამაშობს ან გამუდმებით უბერავს სასტვენში; ბოლოს და ბოლოს, თამაში საქმეა და თუ ვთამაშობთ არც გვჭირდება და არც განწყობილნი ვართ კონსერვატულად.
მაგრამ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე უბრალო შეკავებაა, შეიძლება აღმოვაჩინოთ მართვის ამგვარ სტილში, წარმოჩენილი შეჩვეული და შესაბამისი წესების საშუალებით. რა თქმა უნდა, მოსაწონი არ უნდა იყოს მართვა რჩევებით, მოთაფვლით ან რაიმე სხვა საშუალებით და არა კანონით; არც ის ვარგა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ნათლია იყოს და არ ის რომ სასტიკი კანცლერი თუ ხაზინადარი გვყავდეს. მაგრამ თუ გამოჩნდება, რომ ხელისუფალი არაფრად აგდებს თავისი ქვეშევრდომების რწმენასა და ჩვეულ საქმიანობას, შეიძლება ეჭვი გაჩნდეს. ჩვენი ურთიერთობების ორომტრიალში, რწმენების მგზნებარე შეხლის დროს, მგზნებარე მცდელობისას გადავარჩინოთ ჩვენი მეზობლებისა თუ კაცობრიობის სულები, ამგვარი ყაიდის მთავრობას შემოაქვს ნაწილაკი არა გონიერებისა (არც უნდა ველოდეთ ამას), არამედ ირონიისა, რითაც აწონის და გააწონასწორებს ვითარებას ლაღი და ექსტრავაგანტურობას მოკლებული მსჯელობით, სიბრძნეს რომ არ იჩემებს და ხუმრობს რათა გაფანტოს დაძაბულობა, და ინერცია და სკეპტიციზმი შემოიტანოს; უნდა ითქვას, რომ ამგვარი მთავრობა იმისათვის გვჭირდება, რომ ის სკეპტიციზმი გააჩინოს ჩვენში, რისთვისაც არც დრო გვაქვს და არც ხალხი გვყავს. ეს იგივეა, რომ ყინულოვანი მთის სიგრილე შეიგრძნო თაკარა ზაფხულის დღეს. ან მეტაფორებს თავი დავანებოთ და ვთქვათ, რომ ისეთი მმართველია, მანქანის დეტალების სისწრაფეს რომ აკონტროლებს, მანქანის მთლიანად დამსხვრევისაგან გადსარჩენად.
ამიტომაც, მხოლოდ სულელური ახირება არ არის, რომ კონსერვატული განწყობა თავისი თვასაზრისით უდგება მთავრობის საქმიანობას; არც პრეტენზიული მეტაფიზიკური განაზრებები ესაჭიროება ამ თვალსაზრისის წასაქეზებლად და ასახსნელად. მასში გასარკვევად, უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ რომელიმე საწარმოს საქმიანობას, რომელსაც აუცილებლად ეყოლება მოქიშპე საწარმო, მის შეჩერებას რომ ცდილობს და ამისათვის აუცილებლად გამოიყენებენ კორუფციას (რა თქმა უნდა აკრძალულს), როცა მასთან გარიგებული ძალაუფლება მხარს უჭერს ფავორიტის პროექტებს. მსაჯი რომელიც იმავე დროს მოთამაშეც არის, მსაჯი არ გახლავთ; “წესები”, რომლისადმიც კონსერვატულად არ განვეწყობით, წესები კი არ არის, არამედ უწესრიგობის სტიმულია;; მმართველობისა და ოცნების შეკავშირება წარმოშობს ტირანიას.
                            *   *   *
ამრიგად, პოლიტიკური კონსერვატიზმი სრულებითაც არ არის გაუგებარი იმ ადამიანებისათვის, ვისაც იზიდავს თავგადასავალი და ახალი წამოწყებანი; ადამიანებისათვის, ვისაც უყვართ ცვლილებები და ჩვევად აქვთ გააზრებულად წარმართონ თავისი გრძნობები “პროგრესის” პირობებში. და სრულებითაც არ არის საჭირო იფიქრო, რომ რწმენა “პროგრესისა” ყველაზე უფრო დაუნდობელი და უსარგებლოა რწმენათა შორის, აღვიძებს სიხარბეს და ვერ აკმაყოფილებს მას, და ძალადაუტანებლად ფიქრობ, რომ შეუფერებელია მთავრობისათვის შესამჩნევად “პროგრესული” რომ იყოს. მართლაც, კონსერვატული განწყობა მთავრობის მიმართ გამორჩეულად უნდა ახასიათებდეს კაცებს, ვისაც შეუძლიათ რაღაც გააკეთონ და მოიფიქრონ დამოუკიდებლად; ვისაც აქვს ნიჭი საქმიანობისა ან ინტელექტუალური უნარი შემოქმედებისა; უნდა ახასიათებდეს იმ ხალხს, ვის გრძნობებსაც გამოცოცხლება არ სჭირდება, ვის სურვილებსაც არ სჭირდება წაქეზება და ვისი ოცნებაც უკეთესი მსოფლიოს გამო კარნახის გარეშე ჩნდება. ასეთმა ადამიანებმა იციან ფასი მართვისა, რაც მდგომარებს წესრიგში და არ დირექტივებში წარმოებისადმი; წესრიგში, რაც ისე ჩამოაყალიბებს და შეჰკრავს მოვალეობებს, რომ ლაღად ამოსუნთქვის ადგილსაც ტოვებს. ეს ხალხი მზად არის დაემორჩილოს კანონიერად დაფუძნებულ საეკლესიო წესრიგს, და არა იმიტომ, რომ სწამთ, რომ ეს ეკლესია ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებას ქადაგებს, არამედ იმიტომ, რომ ზღუდავს სექტების უწმაწურ დოღს და (როგორც ჰიუმი იტყოდა) აოკებს მეტისმეტად მგზნებარე სასულიერო პირებიდან მომდინარე საფრთხეს.
მიუხედავად იმისა, გონივრული და შესაფერისი გვეჩვენება თუ არა ეს რწმენები ჩვენი მდგომარეობისა და შესაძლებლობებისათვის, იმისათვის, რომ დავინახოთ ეს რწმენებიც და მათი მსგავსნიც მათში, ვინც გვმართავს, ჩემი აზრით, სწორედ ეს რწმენები და მათი მსგავსნი გვიხსნის კონსერვატული განწყობის აზრს პოლიტიკის მიმართ. თუ როგორი შესაგუებელი იქნებოდა ეს განწყობა, არა ჩვენს მიერ აღწერილ შემთხვევებში, არამედ მაშინ, როცა ხალხი იქნებოდა უხალისო, ზარმაცი, სულმოკლე, და მთავრობას კონსერვატორობა იგივე პირობას წაუყენებდა, გახლავთ შეკითხვა, რაზეც პასუხის გაცემა არ უნდა ვცადოთ. ჩვენი თავი გვაწუხებს ისეთი, როგორებიც ვართ. ვფიქრობ ეს განწყობა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა ყველა შემთხვევაში, მაგრამ იმედი მაქვს ნათელი მოვფინე, რომ არ იქნებოდა არათანამიმდევრულობა, რომ კონსერვტორები ვყოფილიყავით მთავრობის საკითხსი და რადიკალები _ სხვა, თითქმის ყველა საქმიანობაში. და ჩემი შეხედულებით, ამ განწყობის შესახებ, უფრო მეტი შეიძლება ვისწავლოთ მონტენის, პასკალის, ჰობსისა და ჰიუმისაგან, ვიდრე ბერკისა და ბენთამისაგან. იმ აღსანიშნავი ნაკადებიდან, რაც ამ შეხედულებას მოჰყვება, ერთს გამოვარჩევდი, სახელდობრ იმას, რომ პოლიტიკა ის საქმიანობაა, რაც ახალგაზრდობას არ შეეფერება, არა მათი ნაკლოვანებების გამო, არამედ იმის გამო, რასაც მათ ღირსებად მივიჩნევ.
ვერავინ დაიქადნებს, რომ იოლია შეითვისო ან განამტკიცო განურჩევლობის განწყობილება, რასაც ამგვარი პოლიტიკა მოითხოვს. ძალზე ძნელი მისაღწევია, მართო საკუთარი რწმენებითა და სურვილებით, შეიცნო საგანთა მიმდინარე აღმაგობა, იგრძნო საგანთა წონასწორობა შენს ხელში, შეიწყნარო ის, რაც საძაგელია, განასხვავო დანაშაული და ცოდვა, პატივი სცე ფორმალობას მაშინაც კი, როცა აშკარად ჩანს, რომ შეცდომისაკენ მიგიძღვის; და წარმოვიდგენელია, რომ ანას ახალგაზრდა მიაღწევს.
ახალგაზრდობის დღეები ყველასთვის ოცნებაა, დამატკბობელი სიგიჟეა, ტკბილი ეგოისტური უმანკოებაა; არაფერს აქვს დასრულებული ფორმა, არაფერს აქვს უცვლელი ფასი; ყველაფერი შესაძლებელია და ბედნიერად ვცხოვრობთ კრედიტით. ვერ ვხედავთ ვერავითარ ვალდებულებებს; არა გვაქვს წარსადგენი არავითარი ანგარიშები, არაფერია წინასწარ განსაზღვრული, ყველაფერი ის არის, რაც შეიძლება იყოს. მსოფლიო სარკეა, სადაც ჩვენი სურვილების ანარეკლს ვხედავთ. დაუძლეველია მძაფრი გრძნობების საცდური. როცა ახალგაზრდები ვართ, არავითარ დათმობაზე არ მივდივართ მსოფლიოს წინაშე, ვერასოდეს ვერც ერთი ნივთის წონასწორობას ვერ ვგრძნობთ ჩვენს ხელში, გარდა კრიკეტის ჩოგანისა. არ გვსურს განვასხვავოთ თუ რა მოგვწონს და რას ვაფასებთ; ჩვენთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია სწრაფი ქმედება; და ადვილად ვერ ვიგებთ, რომ ერთფეროვნება დასაგმობი არ არის. არ შეგვიძლია თავშეკავება და, შელივით, მზად ვართ ვირწმუნოთ, რომ ჩვეულებისათვის დამორჩილება დამარცხებას ნიშნავს. ასეთია, ჩემი აზრით, ჩვენი სიქველენი, როცა ახალგაზრდები ვართ; მაგრამ ეს სიქველენი ძალზე შორს გახლავთ კონსერვატული განწყობისაგან, იმ ყაიდის მთავრობაში მონაწილეობის მისაღებად, აქ რომ აღვწერე. რაკი ცხოვრება სიზმარია, ვამტკიცებთ (ვითომდა სწორი, მაგრამ სინამდვილეში მცდარი ლოგიკით), რომ პოლიტიკა ოცნებების ახდენაა და ჩვენი ოცნებების ასრულებაც აქვე გვსურს. ზოგიერთი უიღბლო ადამიანი, მაგალითად პიტი (დაცინვით “ახალგაზრდას” რომ უწოდებდნენ), მოხუცებად იბადებიან და შეუძლიათ პოლიტიკაში ჩაბმა აკვნიდანვე; სხვები, ალბათ უფრო იღბლიანები, ეწინააღმდეგებიან გამოთქმას ახალგაზრდობა ერთხელ გვეძლევაო და არასოდეს ბერდებიან. მაგრამ გამონაკლისი. უმრავლესობისათვის ისაა, კონრადმა რომ “ჩრდილოვანი ხაზი” უწოდა, რასაც, როგორც კი გავცდებით, გადაგვეხსნება სამყარო მდგრადი საგნებისა, თვითეულს თავისი უცვლელი აღნაგობა რომ აქვს, თვითეულს თავისი წონასწორობის წერტილი და თვითეულს თავისი ფასი; სამყარო ფაქტებისა და არა პოეტური ხატებისა, სადაც, რასაც ერთ ნივთში გავიღებთ მეორეს ვერ დავახარჯავთ; მსოფლიო, სადაც ჩვენს გარდა სხვებიც ცხოვრობენ, ვინც ვერ დასჯერდება მხოლოდ ჩვენი ემოციების ანარეკლებს. და როცა ამ სამყოფელში შინ ვუგრძნობთ თავს, სამყარო მოგვცემს ცოდნას (როგორსაც ვერ მოგვცემს “პოლიტიკური მეცნიერება”), თუკი ვესწრაფით და სხვა უკეთესი საფიქრალი არა გვაქვს, ჩავებათ იმაში, რასაც კონსერვატული განწყობის ადამიანი პოლიტიკურ საქმიანობას უწოდებს.