“ღმერთო გვიხსენი სახალხო ფილოსოფიისა თუ ფილოსოფიის ხალხურობისაგან!” ამბობდა კოლრიჯი თავის “საერო ქადაგებებში”. თავის თავში ჩაღრმავებული ადამიანი პერიოდული პრესისა და მიმოქცევაში მყოფი ბიბლიოთეკის დამოძღვრით არ იზრდება; რადგან წინასწარგანზრახვით გაპოპულარულებული იდეები იდეოლოგიებად გადაიქცევა, რამაც ევროპა 1789 წლის ალში გაახვია. როცა ათი ათასი ადამიანი ერთხმად ლაპარაკობს, ეს ჭეშმარიტად გულიდან ამოძახილი ხმაა, მაგრამ ღვთის სიტყვაა თუ ეშმაკით შეპყრობილის ღრიალი, იმ საკითხად დარჩება, რაც მღვდელმა და ფილოსოფოსმა უნდა გადაწყვიტონ. სემუელ ტეილორ კოლრიჯმა იცოდა ეს და არასოდეს ესწრაფოდა ხალხის წინამძღოლი გამხდარიყო. რა თქმა უნდა, არ არსებობს საფრთხე, რომ ეს ფილოსოფია _ გადმოცემული სპაზმოდურად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად, მჭევრმეტყველების კუთხით მეჩვიდმეტე საუკუნის ღვთისმეტყველებს უფრო უახლოვდება, ვიდრე მეცხრამეტე საუკუნის რეფორმატორებს _ ოდესმე პოპულარული გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლის მწვდომი ოსტატია ინგლისური ენისა, კოლრიჯი (თუ მის ფილოსოფიურსა და პოლიტიკურ ნაშრომებზე ვისაუბრებთ) არასოდეს წაუკითხავთ ისე ფართოდ, როგორც ბენთამის ტრაქტატები, ვინც, რაც უფრო ბევრს წერდა მით უფრო შემაცბუნებელი აჩქარებით იძირებოდა პედანტურ არათანამიმდევრულობაში. კოლრიჯი საუბრობს იდეათაAანუ განუსაზღვრელთა შესახებ, ბენთამი კი საუბრობს მატერიათა ანუ სტატისტიკის შესახებ, და ინდუსტრიალიზმისა და წარმოების ეპოქამ ბენთამის არგუმენტები მიიღო.
და მაინც, ჰაიგეიტელმა მეოცნებემ დაამტკიცა, რომ ბენთამი მისი ფარდი არ იყო; ლონდონის უნივერსიტეტის ექსცენტრიული დამფუძნებელი, ჯ. ს. მილი აცხადებდა, კოლრიჯსა და ბენთამში მეცხრამეტე საუკუნის ორ დიად, მესაძირკვლე გონებას ვხედავო; და, მიუხედავად იმისა, რომ ბენთამისა და ჯეიმზ მილის უტილიტარული ავტორიტეტებისაკენ გადაიხარა, ახალგაზრდა მილის სიმპათიები მეტწილად მაინც კოლრიჯმა მოინადირა. რაკი ფილოსოფიური რადიკალიზმის ნაკადი სწრაფად იწრიტება კოლექტივიზმის სერბონულ ჭაობში, მეტაფიზიკოს რომანტიკოსთა იდეალისტურმა წანამძღვრებმა და პოეტურმა ინტუიციამ შეიძლება გამარჯვება მოიპოვონ საკამათო საკითხში, რაზეც, მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე, ორი სკოლა ედავებოდა ერთმანეთს. ბენთამმა თავისი სისტემა დააფუძნა მშრალ, მექანიკურ რაციონალიზმზე ლოკისა, ჰართლისა და ფილოსოფების დამცინავ სკეპტიციზმზე. კოლიჯი იყო ეკლესიის მამებისა და პლატონის მიმდევარი და აცხადებდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მეთვრამეტე საუკუნე განმანათლებლებმა დაიკავეს, მაინც განმანათლებლურ სიცარიელეს მოუცავსო. ბენთამის სისტემა უარყოფის ირგვლივ ჩამოყალიბდა, ხოლო კოლრიჯისა იმედის გარშემო; და რაც არ უნდა სწრაფი პოპულარობა მოეპოვებინა დესტრუქციულ ფილოსოფიას, შორსმჭვრეტელი ფილოსოფია დაძლევდა მას, თუკი ცივილიზაციის ქსოვილი თვითონ არ დაირღვეოდა.
კოლრიჯი, როგორც ფილოსოფოსი, ინგლისური ქრისტიანული აზროვნების დიდებულ რიგში დგას: იგი აგრძელებს ტრადიციას ჰუკერისა, მილტონისა, კემბრიჯელი პლატონისტებისა, ბატლერისა და ბერკისა, რომლებიც თავისი გზებით უერთდებოდნენ ამ აზროვნებას. კანტისა და შლეგელის გავლენა კოლრიჯზე მეორეხარისხოვანი იყო; ჯონ სტიუარტ მილი იბნეოდა, რადგან კოლრიჯის მეტაფიზიკური სისტემა გერმანიიდან შემოტანილი ეგონა. აქ ვერ შევძლებთ კოლრიჯის მეტაფიზიკის შესაბამის განხილვას და, თანაც, გონებანათელმა ბეიზილ ვილეიმ დაგვიწერა საუკეთესო მოკლე მიმოხილვა კოლრიჯის ნააზრევისა.* ჯონ სტიუარტ მილის თუ დავესესხებით, როცა ბენთამი შემხვედრ მოსაზრებებს განიხილავდა, კითხულობდა ხოლმე, “ეს მართალია?” ხოლო როცა კოლრიჯი უპირისპიდებოდა იგივე მისაზრებას, კითხულობდა, “რას ნიშნავს ეს?” ბერკმა ანდერძად დაიტოვა, არასოდეს დაგმოთ წინასწარრწმენები იმიტომ, რომ წინასწარრწმენაა, არამედ გასინჯეთ, როგორც ადამინური მოდგმის კოლექტიური ვერდიქტი და შეეცადეთ გამოააშკარაოთ მისი დაფარული მნიშვნელობაო. ბანთამს სწამდა, რომ მხოლოდ მეცნიერულ ანალიზსა და სტატისტიკურ მეთოდს დაეჯერება, მაგრამ კოლრიჯი დაიჟინებდა, ვერასოდეს შევთანხმდებით “მართალია” თუ არა შეხედულება აბსტრაქტულ საკითხზე თუ მას ადამიანური კონტექსტიდან გავაცალკევებთო; ყველა უძველესი შეხედულება შეიცავს სიმართლეს; უნდა შევეცადოთ ჩავწვდეთ და ავხსნათ, რადგან შეცნობა, რასაც რწმენა და ინტუიცია აკლდება, ვერასოდეს იკმარებს ადამიანთათვის სიბრძნის მოსატანადო. კოლრიჯი განასხვავებს “შეცნობას” _ “რაც უბრალო აღქმითი ნიჭია, დამოკიდებული განცდებსა და ფიზიკურ შეგრძნებებზე, რამაც შეიძლება ცდომილება გამოიწვიოს _ “გონისაგან”, რაც უმაღლესი ნიჭია, ჩვენი ინტუიციის ძალებს, უმაღლესი მგრძნობელობის ორგანოს რომ იყენებს. შეცნობა ზრუნავს საშუალებებზე, გონი _ შედეგებზე. რადიკალი ფილოსოფოსები თავისი გათვლების მიღმა გამოტოვებენ ცოდნის მთელ ჰიპერბორულ გარემოს, რაც ხორცს გარეთაა და ამით გმობენ ჰუმანიზმს, ათეიზმისა და სიკვდილის ფილოსოფიის სახელით, აბინძურებენ სულიერ სიცოცხლეს, რაც ხორციელ სიცოცხლეს ასატანს ხდის. კაცობრიობის უმაღლესი ინსტინქტების განადგურება დაიწყეს დანტემ და ლოკმა, ხოლო ბენთამის მიმდევრები შეეცადნენ მიეყვანათ ეს უაღლეს წერტილამდე, უღმერთო და უმიზნო დეტერმინიზმისა.
პლატონმა უფრო მეტი იცოდა, ვიდრე ყველა ამ სერიოზულმა სტატისტიკოსმა, ვისაც მეცნიერება ხილული ფენომენების მშრალ ჩაწერამდე დაჰყავს. ადამიანი თვითონ არ აღიძვრის; იგი არ მიისწრაფის ზნეობრივი არსებობისაკენ, ჰართლისეული ასოციაციის სასაცილო ინსტრუმენტის საშუალებით. არა, ადამიანს აღძრავს მის გარეთ არსებული ძალა, რაც იდეების მეოხებით მოქმედებს. იდეა მუდმივი სულიერი სიმართლეა, რაც ადამიანთან ინტუიციის ნიჭის ძალით მიდის: რელიგიური რწმენის დოგმები, ზნეობრივი პრინციპები, მათემატიკის წესები და წმინდა მეცნიერების კანონები მიიწვდომება ინტუიციის საშუალებით (ეს ძალა სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვანაირია) და ამ ცოდნას ვერანაირი სხვა გზით ვერ შეიძენ. იდეები უბრალო შეცნობის მიღმა მდებარეობს. და იდეეები, ცუდად თუ კარგად მოხელთებული იდეები, მართავს მსოფლიოს. ბენთამის მიმდევრის გონება, პოლიტიკური ეკონომისტის გონება სასარგებლო, მაგრამ შეზღუდულ შეცნობაზე უფრო ღრმად ვერ წვდება და ამიტომ ვერასოდეს აღწევს საერთო სიმართლეს, არამედ მხოლოდ ცალკეულ მეთოდებსა და საშუალებებთან მიდის. თუ რწმენა არ შეაკავებს შეცნობას
(და რწმენა ჭეშმარიტი გონის პროდუქტია), კაცობრიობა მორჩილად ჩათვლის, რომ ჯერ კვდება სული და მერე სხეული. კოლრიჯი თავის მეორე “საერო ქადაგებაში” ხატავს კარიკატურას უტილიტარელისა, თვალებდაშრეტილი ბებერი ფილოსოფოსისა, ღრმად რომ ჩაჰფიქრებია მიზეზ-შედეგობრიობის უსაზღვრო რიგს, რაც როგორც ირკვევა, მხოლოდ ბრმა ადამიანების მწკრივია, ერთმანეთს რომ მისდევენ, თვითეული წინამავალის მოსასხამს ჩაჭიდებული, და გულდაჯერებულნი მიიწევენ წინ. “ვინ მიუძღვის წინ?” იკითხავს კოლრიჯი; და ბრძენი მიუგებს ათვალწუნებით, _ “არავინ; მწკრივი ბრმებისა მიდის ყოველგვარი საწყისის გარეშე: რადგან თუმცა ბრმა ადამიანი ნაბიჯს ვერ გადაადგამს წაუბორძიკებლად, სრული სიბრმავე მხედველობის მოთხოვნილებას მაინც ენაცვლება.”*
ეს თეორია მხოლოდ მეორე მხარეა იანუსისთავიანი ცრურწმენისაო, აღმოხდება კოლრიჯს სიცოცხლის ყოველი ფორმა გაცოცხლებულია ძალის მიერ, რაც მასთან ერთად არ წარმოიშობა; ის განსწავლის გზით ვითარდება. “ყველაზე უფრო დაბალ კავშირში, ყველაზე უფრო ფართო და საიდუმლეობით მოცულ ჯაჭვში ყოფიერებისა, არის ძლივს შესამჩნევი მცდელობა გაპიროვნულობისა, მაგრამ ის თითქმის მთლიანადაა ჩაკარგული მდაბალ ბუნებაში. ცოტა უფრო მაღლა პიროვნებაა გამოკვეთილი და გამოცალკევებული, მაგრამ ადამიანის შიგნით არსებულ ყველანაირ ძალას ემორჩილება; და გარკვეულ დროს ცხოველი აღიძვრის თანახმად ადამიანის ყველაზე უფრო მდაბალი ბუნებისა. ჩვენს ბუნებრივ ვნებათაგან, მხოლოდ ზოგიერთი რჩება სრულყოფილ მდგომარეობაში დედამიწაზე, როგორც საშუალება უმაღლესი ძალების მოქმედებისა”* მიზანი, ნება გამოედინება ღვთისაგან; ეს ნება ჰქმნის ჩვენს ადამიანურობას და წარგვმარტავს იმ გზებით, რასაც ვერ ვწვდებით, იმ დასასრულისაკენ, რასაც ჩვენი გონებაც კი ვერ გაიაზრებს ნათლად. განგება მოქმედება ჩვენს სუსტ სხეულზე ინსტინქტებისა და ინტუიციის საშუალებით. ამრიგად, კაცი, ვინც მატერიალისტს, მექანისტს, უტილიტარისტს დაუჯერებს და მოძღვრად აქცევს, თავისი ცხოვრების გზისა, საცოდავი სულელია.
მანათობელი რწმენა და გამჭრიახი გონება კოლრიჯისა, არასრულად გადმოცემული ზემოთმოტანილ ნაწყვეტში, მისი მეტაფიზიკური დოქტრინიდან, მთავარ ძალად გადაიქცა ბრიტანული რელიგიური რწმენის განახლება-გაძლიერებისა, რაც დასუსტებულ-დაქანცული იყო (გარდა უესლეიზმის ანტიინტელექტუალური ქარიშხალისა) მეთვრამეტე საუკუნის რაციონალიზმის ხელში გამოვლილი გვემის შემდგომ. კოლრიჯი წინ უსწრებდა კებლისა და ნიუმენის მოღვაწეობას; მან გადაარჩინა სარწმუნოება, სასოება და ტრასცენდენტური მეტაფიზიკა ჰიუმისაგან; იგი გაუძღვა ბიბლიაში თავშეფარებულ, დაუცველ სამღვდელოებას იდეალიზმის სიმაგრისაკენ. და უფრო შორსაც წავიდა; მან ბერკზე უკეთესად უჩვენა, რომ რელიგია და პოლიტიკა განუყოფელია, რომ მათგან ერთის დაქვეითებას მეორის დაქვეითება მოჰყვება. ჩვენი ზნეობრივი წესრიგის შენახვა უნდა წარიმართოს ჩვენი პოლიტიკური წესრიგის პარალელურად. ეკლესია (რისი “იღბლიანი შემთხვევაცაა” ქრისტიანობა, ანუ ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ თვით ეკლესიის იდესი იდენტური არ არის) ცოცხლობს არა მხოლოდ პარტნიორობით სახელმწიფოსტან, არამედ მასთან ერთად ჰქმნის მთლიანობას. მიზანშეწონილობისა და მოხერხებულობის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მთავრობის ყოვლედღიური ქმედება საეკლესიო ავტორიტეტისაგან; მაგრამ საფუძველში, ეკლესია და სახელმწიფო მუდამ ერთიანია. საოგადოება ვერ იცოცხლებს მანმადე სანამ მისი შემადგენელი ელემენტები არ იყვავილებს.
ასე მივდივართ კოლრიჯის სოციალურ კონსერვატიზმამდე. იგი არ იყო რიგითი “ქრისტიანი პოლიტიკოსი”; თავს ესხმოდა ატომისტურ ინდივიდუალიზმსა და სტატისტიკურ მატერიალიზმს ბენთამისტებისა, რადგან იცოდა, რომ თუ უტილიტარელები წარმატებას მიაღწევდნენ სახელმწიფოს რელიგიური განათლების დისკრედიტაციაში, წაშლიდნენ წესრიგის იდეას; და თუ წარმატებას მიაღწევდნენ კაცის დარწმუნებაში, მხოლოდ ნასკვები ვართ შეგრძნებათა კავშირებშიო, დააბრმავებნენ ადამიანს და იგიც ვეღარ შეზლებდა ზებუნებრივი და მარადიული იმედებისა და მიზნების აღქმას. წმინდა წყლის პრაქტიკოსი დემოკრატი ათეისტია: უარჰყოფს კანონის ღვთაებრივ ბუნებასა და სულიერი იერარქიის ღვთებრივ საფუძვლებს, იგი კაცობრიობის განადგურების გაუცნობიერებელი ინსტრუმენტია სატანური ძალების ხელში. შეკვეცე ადამიანური ცხოვრების საზეიმო მისტერია და უსაზღვრო მრავალფეროვნება უმრავლესობის დიდი ბედნიერების ფსევდომათემატიკურ პრინციპამდე და მსოფლიოში პედანტების ტირანიას, მსოფლიო სულის ჯოჯოხეთურ მარტოობას დააფუძნებ. “თქვენი მოდელი ბედნიერებისა მე დამაბეჩავებს. იმ გზიტ წასვლა, რომ იმდენი სიკეთე მოვუტანოთ რამდენიც შესაძლებელია და იმდენ ადამიანს, რამდენიც შესაძლებელია, მართლაც საუკეტესო მიზანი იქნებოდა, რასაც ადამიანი შეუდგებოდა; მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხვებისათვის გამიზნულ ნამდვილ სიკეთესა და ბედნიერებას შენს კონკრეტულ შეხედულებებს არ დაუმორჩილებდი, რაც იქნებ სრულიად განსხვავებულია მეზობლის შეხედულებებისაგან, მაგრამ მაინც გააკეთებდი იმას, რაც საყოველთაოდაა მიჩნეული სიკეთედ ყველასათვის.. ამშემთხვევაში თქვენი მშვენიერი მაქსიმა იმდენადაა ჭეშმარიტება, რამდენადაც უბრალო ტრუიზმია.” როდესაც ფილოსოფოსი რადიკალები უარჰყოფენ ინტუიტიური გონის არსებობას, ისინი კარგავენ ყოველგვარ საფუძველს იმის განსასაზღვრად თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი და, ამიტომ, ალბათ ვერ შეძლებენ გაიგონ, თუ რა არის კარგი ხალხისათვის, ან როგორ უნდა ეძიონ თავისი საკუთარი სიკეთე. ადამიანების პოლიტიკა, განსაკუთრებით პოლიტიკა ახირებული პოლიტიკოსებისა, შეესაბამება მათსავე რელიგიას.
კოლრიჯი ლაღად და ბუნებრივად გადადის თეოლოგიასა და მეტაფიზიკაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილიდან, ნაშრომიდან “დამხმარე განაზრებათათვის” (1825), უმთავრეს რელიგიურ-პოლიტიკურ ნაშრომზე, “კონსტიტუცია ეკლესიისა და სახელმწიფოსი” (1830). რელიგია და საზოგადოება არასოდეს ყოფილა განცალკევებული ფენომენები კოლრიჯის აზროვნებაში, მაშინაც კი, როცა ყმაწვილკაცობისას აღტაცებული მიესალმა ფრანგულ თავისუფლებას; 1817 და 1818 წლებში კი, როცა “საერო ქადაგებანი” გამოაქვეყნა, უკვე იცოდა, რომ სახელმწიფო იარსებებს მხოლოდ რელიგიურ გრძნობებთან კავშირით და ეკლესი შენარჩუნდება მხოლოდ გადარჩენით სახელმწიფოსი, რომელმაც ეკლესიის ზნეობრივი არსი იცის. “თავისი შეხედულებები მთლიანად ტორებს ანუ კონსერვატორებს შესთავაზა ორი მიზეზის გამო: პირველი ზოგადია და იმას გულისხმობს, რომ კოლრიჯი დარწმუნებული იყო, თავისუფლებასა და ჭეშმარიტებას სერიოზულ საფრთხეს უმზადებს დემოკრატიული სულიო, სულ უფრო და უფრო ცოფიანი რომ ხდებოდა და უეწველად მოყოლიებდა ტირანიას; მეორე კი კონკრეტული გახლავთ და იმაში მდგომარეობს, რომ კოლრიჯისათვის ეროვნული ეკლესია იყო კიდობანი, მისი საყვარელი ქვეყნის შეკავშირებისა და ხედავდა, რომ ვიგები თანახმა იყვნენ გარიგებოდნენ მათ, ვინც აღიარებდნენ ყოველივე ძვირფასის დასანგრევად მომარჯვებულ პრინციპებს.*
კრეინ ბრინტონი გამჭრიახად გამოარჩევს სამი სახის კონსერვატიზმს: სალექსიკონო კონსერვატიზმს, სადაც საგნები ისეა აღბული, როგორიც არის; ხორციელ კონსერვატიზმს, როცა სძულთ ცვლილებები და აიდეალებენ წარსულს; და ფილოსოფოს კონსერვატორს, ვინც დაამუშავებს პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანისათვის დამახასიათებელ, თანამიმდევრულსა და მარადიულ განზოგადებას.* ბერკის მოწაფე, კოლრიჯი, კეთილშობილი წარმომადგენელია ამ უკანასკნელი ტიპისა; და სისტემური წარმოჩენა იდეებზე დაფუძნებული კონსერვატიზმისა გადმოცემულია “საერო ქადაგებებში”.
ქადაგებანი, დაწერილი შუა ეკონომიკური დეპრესიის დროს, რაც ნაპოლეონის ომებს მოჰყვა, მოუწოდებდა მაღალ და საშუალო კლასებს ამაღლებულიყვნენ ბენთამურ რადიკალიზმზე მაღლა. ვერც ერთი წესრიგი ვერ იარსებებს თუკი იდეებიდან არ მოდის; და დღევანდელი უთანხმოების დროს საზოგადოების წინამძღოლებმა მიზანშეწონილობა პრინციპებით უნდა გაამაგრონო. იდეების გარეშე, “გამოცდილება, თავისთავად, წარსულით მოჯადოებული ციკლოპების უკან-უკან სიარულსა ჰგავს: და ვალში ვართ გარე ვითარებისა და შესაძლებლობების იღბლიანი დამთხვევის წინაშე, თუნდაც ყველაფერი დაითვალოს ისეთ დროში, როგორიც ახალანდელია, თუკი ეს ცალთვალა გამოცდილება არ აცდუნებს თაყვანისმცემელს და პრაქტიკულ ანაქრონიზმში არ შეიყვანს.”* კოლრიჯი ალბათ ბერკზე უფრო შორს მიდის პრინციპის ძებნისას; იგი ეჭვობს, რომ ისტორიის წინამძღოლობა საკმარისი იყოს; კაცი მხოლოდ წარსულის ცოდნას ვერ დაეყრდნობა, პოლიტიკის მიზანსაც უნდა ჩაწვდეს, იმ დასასრულს, რასაც განგება უმზადებს სახელმწიფოს და ეს მიზანი შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ საზოგადოების იდეას, რის ბუნდოვან გარჩევასაც ჩვენი ინტუიცია შეგვაძლებინებს. პოლიტიკური იდეის ყალბი კონცეფცია იყო დიადი მიზეზი საფრანგეთის რევოლუციისა; მხოლოდ ჭეშმარიტი კონცეფცია იხსნის ბრიტანეთს გამათანასწორებელი შეცდომებისაგან: “ადამიანთა დიდი უმრავლესობისათვის, ცივილიზებულ ქვეყნებსიც კი, სპეკულატური ფილოსოფია ყოველთვის იყო და მარად დარჩება ტერრა ინცოგნიტა –დ. და მაინც, ისიც მართალია, რომ ყველა ეპოქის ჩამომყალიბებელი რევოლუცია ქრისტიანულ სამყაროში, რელიგიური და სამოქალაქო რევოლუციები, ერების სოციალურ და საშინაო საქმეებში მომხდარი გადატრიალებები დაემთხვეოდა ხოლნე მეტაფიზიკური სისტემების ამაღლებასა და დაცემას. ასე რომ, მცირერიცხოვანია გონებანი საზოგადოების მანქანას რომ მართავენ და შეუდარებლად მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანია არაპიდაპირი შედეგები მოვლენათა, ვიდრე მათი წინასწარგანჭვრეტილი და პირდაპირი ეფექტები.” იმ დროს, როცა ვცდილობთ მოვიხელთოთ იდეები, რაც არ უნდა იყოს, უნდა შევეცადოთ დიდი კეთილგონიერება გამოვიცინოთ, რადგან აბსტრაქციებისათვის პრაქტიკული საკითხების ჩამოშორება იაკობინელტა ძირეული შცდომა იყო, “აბსტრაქტული გონი მიუყენეს გონი მიუყენეს იმ საგნებს, რაც მთლიანად გამოცდილებიდან და მიხვედრიდან მოდიოდა.”
კეთილგონიერი გამოკვლევა დღევანდელი უთანხმოებისა, აგრძელებს კოლრიჯი, გამოავლენს თუ საიდან მოდის ერის გასაჭირი, ეს გახლავთ “გადაწონვა კომერციული სულის მიერ, იმის გამო, რომ სუსტია მისი გამაწონასწორებელი.” სწორად წარმართული კომერცია, თავისთავად, განუყოფელია ერისაგან; მაგრამ უტილიტარული სული გადაგვარდება და უმართავ სიხარბედ იქცევა, კომერციის ზნეობრივი საზღვრები დაარღვია “საერთო უარყოფამ მკაცრი სწავლებისა; ხანგრძლივმა და ავისმომასწავებელმა სიბნელემ ფილოსოფიაში; ფიზიკური და ფსიქოლოგიური ემპირიზმის მიერ პატივსაცემი სახელის უზურპაციამ, განათლებული და ფილოსოფიური საზოგადოების არარსებობამ, რაც ალბათ ერთადერთი გაურყვნელი ფორმაა იმპერიუმ ინ იმპერიო-სი”. არისტოკრატული ადათების დაქვეითება ხარბი მისწრაფების წინააღმდეგ ბრძოლაში, ორთოდოქსული წრისტიანული რწმენის (რაც გაუმაძღრობას კრძალავს) ძირის გამოთხრა რადიკალური, მარგინალური სექტების მიერ, მთის დაცლა, სოფლის მეურნეობის გადაგვარება, მზარდი ფუსფუსი ფულის საშოვნელად _ ეს ცალკეული ასპექტები ფართო და მოუპირავი მისწრაფებით მოგებისადმი, უამრავ მაგალითს გვაძლევს ღირებულებათა ნამდვილი აღრევისა. ერთი პოლიტიკური ეკონომისტი ეუბნებოდა კოლრიჯს, “ამ რევოლუციის შედეგად შესაძლებელი გახდა უფრო მეტი პროდუქციის გამოშვება და თუ ცხვრის ხორცი ყველგან შეიძლება შეიჭამოს, რა მნიშვნელობა აქვს თუ სად შეჭამენ? თუ სამი კაცი მანჩესტერში გამოიკვებება, იმ ორის ნაცვლად, გლენქოში ან ტროსაქში რომ უნდა დაპურებულიყო, ადამიანური კმაყოფილების სასწორი მანჩესტერის მხარეს გადაწონის.” კოლრიჯი თვალს ადევნებდა თუ რა “ხდებოდა” ფაბრიკებში და არ ეთანხმებოდა ასეთ სწავლულებს. “კაცნო, მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა აიწონოს და არა დაითვალოს. მათი ღირებულება უნდა იყოს საბოლოო შეფასების საფუძველი.”
სოფლის მეურნეობა, სახელმწიფოს მართვასავით, მოითხოვს ცოდნას მიზეზებისა და შედეგებისა. სოფლის მეურნეობის პრინციპები არ არის მსგავსი ვაჭრობისა; აქ მესაკუთრის უფლებები დაბალანსებულია მოვალეობებით. სოფლის მეურნეობის საფუძვლები იგივეა, რაც სახელმწიფოსი. არსებობს ორი უარყოფითი შედეგი სახელმწიფოსი: მისი უსაფრთხოება, პიროვნებისა და საკუთრების დაცვა. მათგან მომდინარეობს სამი დადებითი შედეგი: თვითეული პიროვნებისათვის არსებობის გაადვილება; უკეთესობის იმედის შენარჩუნება ყველასათვის და მათი შვილებისათვისაც; განვითარება იმ უნარებისა, რაც არსებითია ადამიანისათვის, როგორც მოაზროვნე და ზნეობრივი არსებისათვის. და რაკი ამ შედეგების შესახებ ვიცით, უნდა შევცვალოთ ჩვენი მიმართულებები, გადავანაცვლოთ საზომები და უკეთესი ადამიანები გავხდეთ. “მოდით შევუმსუბუქოთ თუ ვერ განვკურნავთ, უკეთ ვამყოფოთ თუ ვერ გავუშვებთ; და დანარჩენზე მეფეთა მეფის დაპირებას ვენდოთ, თავისი წინასწარმეტყველის პირით რომ წარმოთქვა: დალოცილი ხართ, ვინც თესთ წყალთა გვერდით”.
მორისისა და კინგსლის ქრისტიანული სოციალიზმის ჩაგდებული თესლი კი ამ მოჩანს, მაგრამ კოლრიჯი თვითონ არასოდეს იზიარებდა იმ მგზნებარებას, რაც საუთის ახასიათებდა, კეთილდღეობის მომტანი სახელმწიფოს მიმართ. კოლრიჯი ამბობდა წარმოება რეგულირებული უნდა იყოსო; სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეფორმის იმედი მდგომარებს საზოგადოების ყველა კლასის ზნეობრივ რეფორმაში, ქრისტიანულ განათლებასა და მატერიალისტური თეორიებისაგან ხსნაში. თუ როგორ უნდა გავიდეთ ზნეობრივი ხსნის გზაზე, აღწერილია წიგნში “კონსტიტუცია ეკლესიისა და სახელმწიფოსი, თვითეული თავისი იდეის მიხედვით.”
სათაურის ქვეწყობილი ნაწილის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება; კოლრიჯი არ წერდა თავისი დროის ან სხვა რომელიმე ეპოქის კონსტიტუციაზე ინგლისის ისტორიაში; იგი წერდა ეკლესიისა და სახელმწიფოს იდეაზე, კონსტიტუციაზე, რომელიც უნდა იყოს “შექმნილი თვითეულის უმაღლესი მიზნის ცოდნითა და შეგრძნებით.” იდეები არსებობენ ისე, რომ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვრულად გადმოსცეს ანდა გაცნობიერებული ჰქონდეს მათი არსებობა. ადამაინთა მცირე რაოდენობა ფლობს იდეებს; ადამიანების უმრავლესობა მათ მფლობელობაშია. დასაწყისში, წინასწარმეტყველება მოგვიწოდებს კონსტიტუციის განვითარებას და ჩვენ შეგვილია ბუნდოვნად დავინახოთ სახელმწიფოს დასასრული მის საწყისებსა და განვითარებაში; პროცესი გვაძლევს გასაღებს. ამრიგად, იდეა, თავისი ბუნებით, წინასწარმეტყველებაა. რუსოს, იდეები თეორიებსა და მოვლენებში ერეოდა და შეცდომა დაუშვა, როცა დაიჯერა, რომ სოციალური ხელშეკრულება ისტორიული შემთხვევითობა იყო. ასეთი რამ არ მომხდარა; სოციალური ხელშეკრულება ჭეშმარიტებაა იმ აზრით, როგორც ბერკს ესმოდა _ ღმერთს, ადამიანსა და საზოგადოების მრავალ ელემენტს შორის არსებული იდეა “მარადგანახლებადი” ხელშეკრულებისა, სულიერი რეალობა, რომლის წვდომაც მხოლოდ სულიერი წვდომით შეიძლება..
ამრიგად, სახელმწიფოს იდეა არის “სხეული პოლიტიკური, მის შიგნით არსებული ერთიანობის პრინციპით”; და მისი ერთიანობა შედეგია “დიადი საპირისპირო ინტერესების წონასწორობისა და ურთიერთდამოკიდებულებისა . . . მათი მდგრადობისა და განვითარებისა.” მდგრადობა მომდინარეობს მიწათმფლობელობის ინტერესიდან; განვითარება კი _ კომერციული, მწარმოებელი, გამანაწილებელი, პროფესიული კლასებიდან. დიდი და მცირე ბარონები _ პერები, რაინდები და ფრანკლინები _ აყალიბებენ ინგლისის მარადიულ ინტერესებს, ბურჯუაზია კი განვითარებას უწყობს ხელს; ორივე აუცილებელია სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის. ეს კლასები შეადგენენ პარლამენტის ორ პალატას, მეფე კი მათი შემაერთებელი სხივია. (მაგრამ მეფე უფრო მეტია; იგი ეროვნული ეკლესიისა და სამღვდელოების მეთაურია, ერის მცველი და უმაღლესი მსაჯული, მეთაური და უდიდებულესობა მთელი ერისა).
ამ ორი სამფლობელოს გარდა, არსებობს მესამეც: სასულიერო პირები ანუ სამღვდელოება, ერის ეკლესიის მსახურნი. მათი მოვალეობაა დაამუშაონ და გაანაყოფიერონ ხალხის ზნეობრივი ნიადაგი. მათი შესაწირისათვის გადადებულია ნაწილი სახელმწიფოს სიმდიდრისა, რასაც კოლრიჯი ეროვნულს უწოდებს, განსხვავებით კერძო საკუთრებისა თუ მფლობელობისაგან. სამღვდელოების მოვალეობის ერთი ნაწილი თეოლოგიის სამსახურია; ხოლო მეორე მხარე ერის განათლების სამსახურში დგომაა. ამ სამფლობელოს ერთი ნაწილი შესწავლითა და განაზრებით უნდა დაკავდეს, უმრავლესობამ კი ცოდნა უნდა შეიტანოს ხალხში, თუმცა ქრისტიანულ ეკლესიასაც აქვს ეს ფუნქცია, მაინც მხოლოდ ქრისტიანული რელიგიის საკუთრება არ არის; ხალხის განათლება ყველა ერისა და აღმსარებლობის ეკლესიის მოვალეობაა. სამღვდელოება ემსახურება კულტურისა და განათლების დანერგვას და მისი მზრუნველობის საგანს, ერს, უფლება არა აქვს გაუცხოვდეს ეკლესიისაგან. ეროვნული ქონების დიდი ნაწილი მიიტაცეს მეფემ და აზნაურებმა, რეფორმაციის დროს და ეს წონასწორობა უნდა აღსდგეს, რათა გაგრძელდეს ეროვნული ზნეობისა და ხასიათის დანერგვა. (ტიუდორბის მიერ ჩატარებული კონფისკაციის მხილებაში, კოლრიჯი _ კობეთის ერთგვარი მხარდაჭერით _ პირველია მოაზროვნეთა შორის; მას მოსდევს დიზრაელი და დიზრაელს _ ბელოკი. ასეთია იდეა კონსტიტუციისა. ინგლისში არსებული ვითარება მხოლოდ ოდნავი მიახლოებაა იდეალთან, უამრავი ლაქებისა და დისჰარმონიის თანხლებით; ბრძენი რეფორმატორის ამოცანაა კი არ დაამხოს არსებული წესრიგი, არამედ გააუმჯობესოს და ასე უფრო ახლოს მივიდეს ეკლესიისა და სახელმწიფოს იდეასთან.
კოლრიჯის ოცნებაა ერი, რომლის საქმეებს წარმართავენ წარჩინებულნი და სამღვდელოება, მაღალი ზნეობრივი პრინციპებით; ეს უნდა იყოს ერი, სადაც საკუთრების მფლობელნი აღიარებენ თავიანთ მოვალეობას, რაც მიბმულია მიწაზე და შესაბამისი უფლებებითაა აღჭურვილი. ეს უნდა იყოს არისტოკრატული საზოგადოება, იერარქიულიც კი; მაგრამ სამართალმა და სიბრძნემ გაცილებით მეტი სივრცე უნდა მოიცვას, ვიდრე დღეს უკავია. კოლრიჯის საოცნებო მთავრობაში კლასები ფრთხილი შერჩევით უნდა შესულიყვნენ და ასევე ფრთხილად უნდა შეცვლილიყო იმდროინდელი უპირატესობა მიწათმფლობელური ინტერესებისა. ეროვნულს უნდა დაბრუნებოდა თავისი წილი, რასაც თანდათან ჰკარგავდა მესაკუთრეობის სასარგებლოდ; აღდგენილიყო ადამიანთა მასების ზნეობრივი და ჰუმანური დამოძღვრა და სახელმწიფოებრივი ეკლესიის იდეა აღორძინებულიყო, უბრალო სექტის დონეზე დაქვეითებულ ინგლისის ეკლესიაში. საუკუნის შემდეგ ეს პროგრამა გახდა შთამაგონებელი დიზრაელისა და კონსერვატორი რეფორმატორებისათვის.
კოლრიჯმა იცოდა, რომ მოდერნიზმის ნაკადი ემუქრებოდა მის სქემას რესტავრაციისა და კონსერვატული გაუმჯობესებისა. სამღვდელოების იურისდიქციისაგან მოგლეჯილ განათლებაში რეფორმა ჩატარდა ბეკონური დევიზიით, რომ ცოდნა ძალაა _გარდაიქმნა ემპირიული და უტილიტარული პრინციპების მიხედვით, შეიკვეცა მექანიკურ ხელოვნებასა და მატერიალურ მეცნიერებამდე, ეთიკა კრიმინალური კანონის დაიჯესტამდე და სანიტარიაში ჩატარებულ ლექციებამდე დაკნინდა. გაბატონებულმა სიხარბემ ეროვნული ეკონომიკა ერთგვაროვანი ინდუსტრიალიზაციის ყალიბში ჩამოასხა, ღარიბთა დახმარების სპინჰემლენდის ინსტრუმენტალობის სისტემის, ბამბის ფაბრიკებისა და “მდიდარი კაცების წარმოებისათვის მოსახლეობის მანქანებად გადაქცევის” გავლით; ამას მოსდევს დაქვეითება ეროვნულობისა, სიმდიდრისა, რაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია საზოგადოების კულტივირებისათვის და მიწათმფლობელები და ბროკერები მოიხელთებენ. ძველი ჭეშმარიტებანი იცვლებიან “მექანიკური, კორპუსკულარული თეორიით, მექანიკური ფილოსოფიის წოდებამდე რომ ამაღლდა” და “ბუნებრივი ყოფა ანუ ადამიანის წარმოშობის ორანგუტნაგური თეოლოგია ჩაენაცვლება დაბადების წიგნის პირველ ათ თავს”. ჯინი ღარიბების პრეროგატივად გადაიქცა, დანაშაულებანი გაოთხმაგდა, მთავრობა ხელოსანთა კლუბების მორჩილი გახდა და მოვალეობას ჩამოშორებული უცილობელი უფლებების აბსტრაქტული თეორიის მიხედვით მოქმედებს. პარლამენტის ლიბერალი და უტიტლიტარი ლიდერები ვერ ჩაწვდნენ დიად კონცეფციას “ეროვნული სამღვდელოებისა თუ ეკლესიისასწორად ჩამოყალიბებული ერის არსებითი ნაწილისა, რის გარეშეც ვერც უსაფრთხოება მიიღწევა, ვერც მუდმივობა და ვერც განვითარება;” ისისნი მიენდნენ სახელშეკრულებო ორგანიზაციებს, ლანკასტერულ სკოლებსა და “სალექციო ბაზრებს, აბსურდული სახელი რომ შერქმეოდათ _ უნივერსიტეტები”. სახელმწიფო დაკნინდა და დაემორჩილა ყოვლისშემძლე პარლამენტს, რომელსაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ შეზღუდვას, სძულს ერის სხვა ელემენტების პრეროგატივები და სამართლიანობის იდეა ჩაანაცვლებს რიცხობრივი უმრავლესობის იმპულსით. თქვენ მონდომებით ქადაგებთ სწავლის გავრცელებას, ამუნათებდა კოლრიჯი ბენთამელებს, და მაინც ვერ ჩაწვდომიხართ ცოდნის იდეასო:
“თუმცა საყოველთაო გაცისკროვნებას ისახავთ მიზნად, თქვენ წააქეზებთ და შეაიარაღებთ მხოლოდ საზოგადოების ქვედა ფენას; ჰაანათლებთ მოწინავე საზოგადოების რიგებს პერ ასცენსუმ აბ იმის. ამისათვის, შეუდგებით მეცნიერების პოპულარიზებას, მაგრამ მხოლოდ მის გამდაბიურებას მიაღწევთ. შეცდომაა იფიქრო, რომ ყველას ან ბევრს გააფილოსოფოსებ ან თუდაც მეცნიერებას აზიარებ და სისტემურ ცოდნას მისცემ. მთავარი ის არის და სიბრძნეც ის იქნება, რომ რაც შეიძლება ბევრი გახდეს ღრმად და მტკიცედ რელიგიური; იმდენად, რამდენადაც ზნეობა, რასაც სახელმწიფო მოითხოვს თავისი მოქალაქეებისაგან, სახელმწიფოსავე კეთილდღეობისა და იდეალური უკვდავებისათვის, ისე, რომ არ შეეხება მათ პიროვნულ სულიერ საჭიროებებს, შესაძლებელია არსებობდეს ხალხში მხოლოდ რელიგიის ფორმით. მაგრამ ჭეშმარიტი ფილოსოფია _ ანუ უნარი და ჩვევა იდეის იშვიათ სარკესთან მთლიანობაში მყოფ მოაზროვნე რჩეულებისა _ მხოლოდ ერების წინამძღოლთა და მასწავლებელთა შორის გვხდება და განუყოფელია ჯანსაღი რელიგიისაგან, რაც ყოველ კლასში არსებობს. და ბოლოს, რელიგია, ყალბი თუ ჭეშმარიტი, იყო და ყოველთვის იქნება სამყაროს მიზიდულობის ცენტრი, რასაც ყველა და ყველაფერი უნდა შეერწყას და შეეხამოს.”
ასეთი იყო ეპოქის სული. და მაინც ჭეშმარიტი იდეები, რომელთაც მიეახლებოდნენ ის მცირეოდენნი, ვინც ნათლად აღიქვამდა მათ, დროთა განმავლობაში ჩაედინებოდნენ ადამიანთა მასაში, რომელთა შორისაც ჯანსაღ ადათებად გადაიქცეოდნენ; თუკი კონსტიტუციის იდეები, ეკლესია და სახელმწიფო განმტკიცდება საზოგადოების წინამძღოლთა გონებაში, შესაძლებელი გახდება შეჩერდეს საზოგადოების საქმიანობისა და პირადი სულის გადაგვარება. ჩვენ გვეიმედება არა ეს თაობა, არამედ შემდგომი ან იმის შემდგომი თაობა.
“კონსტიტუციას ეკლესიისა და სახელმწიფოსი” არ მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა იმდროინდელ მოვლენათა მსვლელობაზე. მისი გამოქვეყნებიდან ორი წლის შემდეგ პარლამენტი დაჰყვა რეფორმების ხმაურიან მთხოვნელებს, ერლის გრაფსა და ლორდ ჯონ რასელს, რომელთაც გაიტანეს 1832 წლის რეფორმების კანონი, ჯიუტი არაფრადჩაგდება ინგლისური კონსტიტუციის იდეისა; რეფორმატორებს დაავიწყდათ, რომ სწორად აღქმული იდეა სახელმწიფოსი არისტოკრატიააო, ამბობდა კოლრიჯი; დემოკრატია ჯანსაღი სისხლია, რაც მიმოიქცევა სისტემის ვენებში, მაგრამ არასოდეს არ უნდა გამოჩნდეს გარეთ. წარმომადგენელთა საკითხი პარლამენტში, მართლაც გადაუდებლად მოითხოვდა რეფორმას; მაგრამ 1832 წლის რეფორმამ მხოლოდ ახალი ბოროტება მოიტანა: “ახლა, როცა ვიცით ნაკლოვანებისა და მოტხოვნილების შესახებ, ჩვენ უნდა დავჯერდეთ იმას, რაც საკითხის საჭიროებამ თავისთავად შემოგვთავაზა და ხელახლა მივუბრუნდეთ წარმომადგენელთა მკაცრად განსაზღვრულ ტერიტორიულ გეგმას!” ეს იქნებოდა არაფრადჩაგდება საპარლამენტო რეფორმის რეალური საჭიროებისა და აღიარება ახალი ბრიტანეთის იმპერიული ინტერესებისა, რაც მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში განვითარდა.
“ყველაზე უფრო მდაბალი ტენდენცია, ჩვენი ეროვნულობის დანგრევაა, რაშიც იგულისხმება ეროვნული წარმომადგენლობითი მთავრობის დამაკნინებელი გარდაქმნა სახალხო წარმომადგენლობად. ხალხის ერთობა მხოლოდ ეროვნულ ინტერესთა გამოხატვაში მდგომარეობს; ცალკეულ პირთა სურვილებისა და ვნებების დელეგაცია კი ქვიშის თოკსა ჰგავს”. 1832 წლის რეფორმამ პრივილეგიები წაართვა აზნაურებს, ერის ნამდვილ პატრიოტებს და პოლიტიკური ძალაუფლება გადაწონა კლასებს შორის ყველაზე ნაკლებად პატრიოტებისა და კონსერვატორებისაკენ, მედუქნეებისაკენ. ლორდთა პალატეს დათრგუნვის მეთოდების საშუალებით, რეფორმატორებმა ძირი გამოუთხარეს დიადი წესრიგის დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ ჰარმონიას. “ხმის მიცემის უბრალო გაზრდა არ არის ბოროტება: ვისურვებდი უფრო მეტად გავრცობილიც მენახა; ამას არ მოაქვს დიდი ზიანი პერ სე; მავნებლობა მაშინ ხდება, როცა ხმის უფლება ნომინალურად არის გავრცობილი, მაგრამ ისეთ კლასებში და იმგვარად, რომ პრაქტიკულად ხმის უფლება წაერთმევათ ყველას მაღალ კლასებში და უკმაყოფილნი რჩებიან დაბალი კლასები, ხოლო ფავორიტი კლასი გამარჯვებულია და კმაყოფილია შედეგებით.” წლების შემდეგ კი ხელთ შეგვრჩება რელიგიურ კურთხევას მოკლებული, გაველურებული დემოკრატია, რასაც თანდათანობით მოჰყვება პირდაპირი, პიროვნული დესპოტიზმი; მერე კი ბრბოს ხელთ შერჩება ნანგრევები და გაპარტახება მიწის უძველესი ინსტიტუტებისა.
ინგლისის უძველესი იდეალები ბირჟის მაკლერებისა და თანამედროვე პოლიტიკური ეკონომისტების ხელში ჩავარდა, იმ კლასის წარმომადგენელთა ხელში, საზოგადოების დენაციონალიზაციას რომ ახდენს, იმ ხალხის ხელში, ქვანახშირის საძირკველს რომ გამოაცლის ეფესოს ტაძარს, რათა ორთქმავალის საწვავად გამოიყენოსო, მოთქვამდა კოლრიჯი. (ასოცი წლის შემდეგ, ქვანახშირის ეროვნულმა საბჭომ მსგავსი მანიპულაცია ჩაუტარა ჰამილტონის სასახლეს, ვენტვორტ ვუდჰაუსს და სხვა ძეგლებს ერის არისტოკრატული წარსულისა.) სახელმწიფოს რომ დაიმორჩილებენ, ეკლესიას, “ჩვენი ეროვნულობის უკანასკნელ ნაშთს”, მიადგებიანო; საეკლესიო პირები, მღვდელი იქნება თუ მასწავლებელი, მათხოვრებად გადაიქცევიან უტილიტარულ საზოგადოებაში.
“გახსოვთ, ნეკერმა სთხოვა ხალხს მოსულიყვნენ და დახმარებოდნენ არსტოკრატიასთან ბრძოლაში; ხალხი სწრფად შეიკრიბა მის დაძახილზე; მაგრამ ასე იყო თუ ისე, როცა საქმეს მორჩნენ წასვლა აღარ უნდოდათ. იმედი მაქვს ლორდი გრეი და მისი მეგობრები არ აღმოჩნდებიან იმ ჯადოქარის სავალალო ყოფაში, ვინც უსაზღვრო წვისა და დაგვის ფასად გამოიძახა ეშმაკები, დახმარების სათხოვნელად; ისისნი მოვიდნენ, გარს შემოერტყნენ ღრენით, ქირქილით, ცეკვითა და გრძელი კუდების სატანური ტყლაშუნით; და როცა ჰკითხეს რას მოითხოვოო, საბალო კუდიანმა შიშისაგან თავგზა დაჰკარგა და ძლივძლივობით ამოღეღა, _ “გევედრებით, მეგობრებო, უკანვე ცაბრუნდით!” ამაზე ეშმაკებმა ერთხმად უპასუხეს, _
დიახ! დიახ! უკანვე ჩავალთ! უკანვე ჩავალთ!
მაგრამ შენც თან წაგიყვანთ, რათა იცურო ან ჩაიძირო!”
ბენთამისა და რეფორმატორების უსიცოცხლო ატომისტური ინდივიდუალიზმი მჟავე ანგარიშიანობას რომ ქადაგებდა ხალხში, ამტკიცებდა, განათლებული თავკერძობა ყოველნაირ ძველთაძველ ღვთისმოსაობას ჩაენაცვლებაო, ამგვარ დასასრულამდე მივა; მისგან გაღვიძებული რეაქცია იყო მწარე კოლექტივიზმი, ისეთივე დაცლილი იდეალებისაგან, როგორც უტილიტარული სისტემა. ბენთამისა და მანჩესტერის სკოლის რადიკალური ლიბერალიზმი მკვდარია; ხოლო აზროვნების კონსერვატული სისტემა ცოცხლობს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ კოლრიჯი წვდებოდა იდეების რეალურობას, წარმოსახვის როლსა და კონსტიტუციების სიწმინდეს.