პოლიტიკასხვადასხვა

კიევი საბრძოლო მასალების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის

0

 8 მაისი, 2023 წ.
ევროკავშირი 3 მილიარდ ევროს გამოყოფს, უკრაინაში საბრძოლო მასალების დეფიციტის აღმოსაფხვრელად
კიევი საბრძოლო მასალების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირი 3 მილიარდ ევროს გამოყოფს. სხვადასხვა სქემის მეშვეობით, 12 თვის განმავლობაში, უკრაინამ დაახლოებით 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი უნდა მიიღოს.
პრესრელიზში, რომელიც 3 მაისს გამოქვეყნდა, ევროკომისიამ განაცხადა, რომ საბრძოლო მასალების წარმოებისთვის 500 მილიონ ევროს გამოყოფს, რაც წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა ევროპული ფონდით სარგებლობის საშუალებას მისცემს, რათა წარმოების გაზრდის მიზნით იარაღის მწარმოებელი კომპანიები წაახალისონ. პრესრელიზში ვკითხულობთ: „დღეს კომისიამ ‘საბრძოლო მასალების წარმოების მხარდამჭერი (ASAP)’ კანონი მიიღო, რათა უკრაინას სასწრაფოდ მიაწოდოს საბრძოლო მასალები, რაკეტები და წევრ სახელმწიფოებს მარაგების შევსებაში დაეხმაროს“.
თუმცა ევროკავშირის ბოლო სქემა, რომელიც ASAP-ის სახელით არის ცნობილი, ჯერ ევროპარლამენტმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.
მთლიანობაში ევროკავშირი 3 მილიარდ ევროს გამოჰყოფს, რაც ევროპის თავდაცვის მრეწველობას „სამხედრო ეკონომიურ რეჟიმში გადასვლის“ საშუალებას მისცემს, აღნიშნა ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა, ოფიციალურ განცხადებამდე ერთი დღით ადრე.
ბრეტონი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპაში მოქმედ საბრძოლო მასალების მწარმოებელ ქარხნებს ამოწმებდა, იმედოვნებს, რომ ASAP-ს ზაფხულამდე დაამტკიცებენ.
უკრაინის ევროპელი მხარდაჭერები შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ კიევს საბრძოლო მასალები ეწურება, ყველაზე დიდი პრობლემა კი 155 მმ-იანი ჭურვებია, რომლებიც საარტილერიო ომში ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა.
გასულ ზამთარში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ უკრაინა იმდენ ჭურვს ისვრის, რომ დასავლეთი მათ წარმოებას ვერ აუდის.
ცივი ომის დასრულების შემდეგ მოთხოვნილებამ იკლო, შესაბამისად წლების განმავლობაში ევროპის თავდაცვის მრეწველობა შესუსტდა. ბრეტონმა ქარხნების მონახულებისას განაცხადა: „ევროკავშირში საბრძოლო მასალების მწარმოებელი მთავარი ადგილები მოვინახულე. ევროპას თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი წარმოების სიმძლავრეები აქვს. დღესდღეობით იგი უსაფრთხოების საჭიროებების მხრივ უკრაინასა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
ამჟამად საარტილერიო ჭურვებს ევროკავშირის მხოლოდ 11 წევრი სახელმწიფო აწარმოებს.
მიმდინარე წლის მარტში, როცა კიევს საბრძოლო მასალების პრობლემა დაუდგა, ევროკავშირი ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად სამეტაპიანი გეგმის განხორციელებას შეუდგა.
ევროკავშირმა იმ ქვეყნებისთვის 1 მილიარდი ევრო გამოჰყო, რომლებიც საკუთარი არსენალიდან უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალებს უგზავნიან. ეს თანხა ამ სახელმწიფოებისთვის ერთგვარი კომპენსაცია, რათა დაცარიელებული იარაღის საწყობები შეავსონ.
საარტილერიო ჭურვების ერთობლივი შეძენისთვის კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოიყო. შესყიდვის პროცესში უპირატესობა ევროპელ მწარმოებლებს მიანიჭეს.
გეგმის მესამე ნაწილი საშუალოვადიან პერიოდში ევროპაში წარმოების სიმძლავრეების გაზრდას ითვალისწინებს.
წყარო: https://is.gd/YiskFD