ახალი ამბებისხვადასხვა

კიევი მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ქონებას ჩამოართმევს

0

უკრაინამ, მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც ზელენსკი რუსეთის მოკავშირედ მიიჩნევს კამპანია გააძლიერა. ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის შვიდ სასულიერო პირს ქონებას ჩამოართმევენ და ეკონომიკურ და სამართლებრივ საქმიანობასაც აუკრძალავენ.
კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, შვიდ ადამიანს სანქციები დაუწესდება“. ზელენსკიმ ისიც დასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია „ყველაფერს აკეთებს, რათა აგრესორ სახელმწიფოს უკრაინული საზოგადოების მანიპულაციის ბერკეტი არ ჰქონდეს“.
Reuters-ის ინფორმაციით, ახალი სანქციები იმას ნიშნავს, რომ შვიდ სასულიერო პირს „ქონებას დაუყადაღებენ და ეკონომიკურ/სამართლებრივ საქმიანობას აუკრძალავენ, ასევე აუკრძალავენ მოგზაურობას“.
უკრაინელთა დიდი უმრავლესობა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკუთვნება და იმ ეკლესიების მრევლია, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება. დეკემბერის დასაწყისში ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი რუსეთთან დაკავშირებული ყველა რელიგიური ინსტიტუტის განდევნას შეეცდება. მისი მტკიცებით, ეს ნაბიჯი „რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების უკრაინაში ფუნქციონირებას შეუძლებელს გახდის“.
უკრაინის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საფრთხეს უქმნის უკრაინულ კულტურას: „არავის მივცემთ უფლებას, რომ უკრაინულ სულში იმპერია ააშენოს“. ზელენსკიმ ის უკრაინელებიც გაკიცხა, რომლებიც თითქოსდა რუსეთის კონტროლირებულ ეკლესიებში დადიან და „ბოროტების ცდუნებას“  ემორჩილებიან.
კიევი, რომელიც არა ერთ მართლმადიდებელ ეკლესიას მოულოდნელად დაესხა თავს, ამტკიცებს, რომ უკრაინის მთავრობის დამხობის მსურველი სასულიერო პირები გამოავლინა, თუმცა თავისი განცხადებების გასამყარებლად მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.
ამის მიუხედავად, კიევმა გასულ კვირას ათ ზემდგომ სასულიერო პირს სანქციები დაუწესა, თითქოსდა ისინი „უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ ემუქრებოდნენ.

წყარო:
1. https://is.gd/jGl4Uc 
2. https://is.gd/5ZmXbn