პოლიტიკასაზოგადოება

ხერსონის უბრძოლველად აღება სასწაულს გავს, მაგრამ – ზამთარი მოდის!

0

დენიელ დევისი – ყოფილი ამერიკელი სამხედრო და თავდაცვის საკითხების უფროსი მკვლევარი

6 აგვისტოს, აქ, 19FortyFive-ზე, მე გამოვაქვეყნე სტატია სამხედრო თემაზე სათაურით, „რუსი სამხედროების ხერსონიდან გასაძევებლად უკრაინას სასწაული სჭირდება,“ რომელშიც ვამბობდი, რომ კიევს ხერსონის ოლქის ასაღებად სამი სასწაული დასჭირდებოდა. უკრაინის მიერ ქალაქ ხერსონის დაბრუნების ფონზე, უპრიანია ჩემი არგუმენტები გადავამოწმო იმის გათვალისწინებით, თუ მოვლენები მას შემდეგ როგორ განვითარდა. ალბათ უფრო მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, ამის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს.

ხერსონისთვის ბრძოლის განმარტება

მისდა საქებრად უნდა ითქვას, რომ უკრაინამ სამი საჭირო სასწაულიდან ერთი მოახდინა და, არსებული სირთულეების მიუხედავად, ქალაქი ხერსონის დაბრუნება მოახერხა. თუმცა, ხერსონის ოლქის დანარჩენი ნაწილის ასაღებად კიევს ორი სხვა სასწაული დასჭირდება, რომელთაგან თითოეული უკანასკნელზე უფრო რთულია.
იმ სამი სასწაულიდან პირველი, რომლებიც უკრაინას სჭირდებოდა, იყო ის, რომ რუსეთს სამხრეთში უკრაინის შეტევის შესაჩერებლად საჭირო ცვლილებები და კორექტირებები ვერ უნდა განეხორციელებინა იმისათვის, რომ ზელენსკის ჯარებს მედგარი რუსული დაცვის გარღვევა მოეხერხებინა. სულ რაღაც ორი კვირის წინ ყველაფერი თითქოს იმაზე მიუთითებდა, რომ რუსეთმა ხერსონზე უკრაინის შეტევის შესაჩერებლად საჭირო ცვლილებები  განახორციელა და ეს იმით დასტურდებოდა, რომ რუსეთმა გაზარდა დნეპრის დასავლეთ სანაპიროს დამცავი კონტინგენტის რაოდენობა და, როგორც იტყობინებოდნენ, ქალაქ ხერსონში და მის შემოგარენში მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობები აღმართა.
25 ოქტომბრამდე, ზელენსკის ერთ-ერთმა უფროსმა მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა, განაცხადა, რომ „ხერსონში ყველაფერი ნათელია. რუსები იქ თავიანთ დაჯგუფებას ავსებენ, აძლიერებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ გასვლას არავინ აპირებს. პირიქით, ხერსონისთვის ყველაზე მძიმე ბრძოლა გაიმართება.“ სამი დღის შემდეგ, უკრაინულმა მედიამ განაცხადა, რომ ხერსონის დასაცავად დამატებით 1,000 ჯარისკაცი გაიგზავნა და ქალაქის დამცველთა საერთო რაოდენობა, დაახლოებით 30,000-ს გაუტოლდა.

ასეთი ძალით რუსეთს შეეძლო ისეთი თავდაცვითი პოზიცია დაეკავდბინა, რომლითაც ის შეტევაზე გადმოსულ ძალას ძვირ ფასს გადაახდევინებდა. ერთ-ერთი მიზეზი, რაც რუსი გენერლის სერგეი სუროვიკინის თქმით ჯარების გაყვანას აუცილებელს ხდიდა, ხერსონში რუსული გარნიზონის მომარაგებაში არსებული სირთულე იყო. მართლაც, ივლისიდან, როცა უკრაინამ პირველად HIMARS რაკეტების გამოყენება დაიწყო მდინარე დნეპრზე ხიდების დასაბომბად, რომლებსაც რუსეთი ქალაქის მომარაგებისთვის იყენებდა, ლოგისტიკა მართლაც სერიოზულად შეფერხდა.
მაგრამ  სულ ცოტა ივლისიდან ზელენსკი მიანიშნებდა, რომ მის ძალებს ხერსონის აღება ჰქონდათ დაგეგმილი. პირველი სასწაული, რაც უკრაინელებს ამ ოლქის დაბრუნების ოცნების ახდენისთვის ესაჭიროებოდათ, იყო ის, რომ რუსეთს სერიოზულად არ მიეღო ეს მუქარა, განსაკუთრებით დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე მის ჯარებთან დამაკავშირებელ ლოგისტიკურ მარშრუტებზე განხორციელებული თავდასხმები. რუსეთს ეს მუქარა რომ სერიოზულად მიეღო, ისინი უკვე ზაფხულიდან დაიწყებდნენ ბრძოლისთვის საჭირო ყველა საკვანძო მარაგის, განსაკუთრებით საკვების, წყლის, საბრძოლო მასალებისა და საწვავის ქალაქში შეტანას.

თუმცა, როცა ოქტომბერში გენერალი სუროვიკინი უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურად დაინიშნა, მან მიანიშნა, რომ მის ჯარებს შეიძლება საბოლოო ჯამში ხერსონი დაეტოვებინა, როცა განაცხადა, რომ შეიძლებოდა „რთული გადაწყვეტილებების“ მიღება გამხდარიყო საჭირო. ბევრმა პრორუსულმა ომის ბლოგერმა და სამხედრო ანალიტიკოსმა დაუშვა, რომ რუსეთი ხერსონს გადააქცევდა თანამედროვე „სტალინგრადად,“ სადაც ისინი, რადაც უნდა დაჯდომოდათ, ქალაქის შესანარჩუნებლად იბრძოლებდნენ.

თუ გავითვალისწინებთ მაშველი ჯარების რაოდენობას და იმ დროს, რაც რუსეთს მარაგების შესატანად ჰქონდათ, ვშიშობდი, რომ ისინი მართლაც „სტალინგრადის“ გზას დაადგებოდნენ. ახლა ვიცით, რომ მათ ეს არ გააკეთეს და ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით უკრაინას სამიდან პირველი სასწაული მოევლინა იმით, რომ მათ ხერსონი უბრძოლველად დაიბრუნეს. მაგრამ ზელენსკის მიერ დადებული მთელი ოლქის დაბრუნების პირობის შესრულება რომ გაგრძელდეს, კიდევ ორი სასწაულია საჭირო.

როგორც ჩემს 6 აგვისტოს ანალიზში იყო აღნიშნული, მეორე სასწაული, რომელიც უკრაინას სჭირდება, გეოგრაფიული სირთულეების დაძლევაა. თუმცა ერთის მხრივ მდინარე დნეპრის ზურგში მდებარეობა რუსეთს ხერსონში თავისი ჯარების მომარაგებაში ხელს უშლიდა,  მეორეს მხრივ მდინარე დნეპრი უკრაინისთვის აღმოსავლეთისკენ წინსვლის გზაზე სერიოზული დაბრკოლება იყო.
სწორედ რომ ირონიაა ის, რაც მე 6 აგვისტოს დავწერე: „უკრაინამ ყველა დაბრკოლება რომც გადალახოს და რუსეთი ქალაქ ხერსონიდან გაყაროს, მას მაინც დასჭირდება მდინარე დნეპრის გადაკვეთა იმისათვის, რომ რუსეთი ამ რეგიონიდან გააძევოს. თუ პუტინის ჯარების ხერსონიდან გაძევება მოხდება, ქალაქის დატოვებისას ისინი ხიდებს უთუოდ ააფეთქებენ.”

ეს სწორედ ასე მოხდა. რუსებმა, როგორც კი ჯარების უკანასკნელი შენაერთები გადაიყვანეს, დნეპრზე გამავალი სამი დარჩენილი ხიდიც ააფეთქეს. ახლა უკრაინას დიდი შრომა დასჭირდება იმისათვის, რომ დნეპრზე გადასასვლელები აღადგინოს, მაგრამ ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის არმიას ასეთი ოპერაციის დაწყებისთვის საჭირო ფიზიკური ძალა ჰქონდეს. ამრიგად, ჯერჯერობით, რუსეთი ალბათ შეინარჩუნებს კონტროლს მის მიერ დაკავებული ხერსონის ოლქის დაახლოებით 70%-ზე.

მესამე სასწაული, რომელიც 6 აგვისტოს ანალიზში აღვნიშნე, იყო ის, რომ უკრაინას უნდა შეძლებოდა საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის მხრივ რუსეთის მნიშვნელოვანი უპირატესობის დაძლევა. თუმცა დასავლეთისგან მილიონობით საარტილერიო ჭურვებისა და ჰაუბიცების მიღებით უკრაინამ ეს სხვაობა შეამცირა, უპირატესობა მაინც რუსეთს რჩება. მაგრამ ის, რაც ალბათ შემდეგ მოხდება, შეიძლება ყველაზე გადამწყვეტი იყოს.

უკრაინის ომში რუსეთის სიტუაციის გაუარესებაზე პასუხის ფარგლებში, პუტინმა სექტემბერში 300,000 რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა.  მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი რუსეთის სახელმწიფომ მნიშვნელოვანი გართულებებით და ნაკლოვანებებით წარმართა და, როგორც იტყობინებიან, 700,000-მდე რუსმა მამაკაცმა სამხედრო სამსახურში გაწვევის თავის ასარიდებლად ქვეყანა დატოვა, ახლა 200,000-ზე მეტი ახალი ჯარისკაცი (300,000 მობილიზებული რეზერვისტიდან 80,000 უკვე უკრაინაშია განთავსებული) იმ ზამთრის შეტევისთვის ემზადება, რომელმაც ამ ომის ხასიათი შეიძლება სრულად შეცვალოს.
ქალაქი ხერსონის უბრძოლველად დათმობით და დნეპრზე გადასასვლელი ხიდების აფეთქებით, სუროვიკინმა საუკეთესოდ გაწვრთნილი და გამოცდილი 30,000 ჯარისკაცი მომავალი შეტევისთვის შეინარჩუნა და სამხრეთის ფრონტი უკრაინის ჯარების მიერ ფლანგიდან შეტევის რისკისგან დააზღვია. გარდა ამისა, მას მალე ბრძოლაში ჩასაბმელად მრავალრიცხოვანი ახალი ძალა ეყოლება (მომავალ კვირას ახალ ანალიზს გამოვაქვეყნებ, სადაც ამ შეტევის პოტენციურ მიზნებზე ვისაუბრებ).

როგორც კი ეს ძალა პუტინის ზამთრის შეტევაში მონაწილეობის მისაღებად მზად იქნება (სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში, როცა მიწა გაყინული იქნება), ამ შეტევის პრელუდია იქნება ახალი მასიური შეტევა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე ქვეყნის ჩასაბნელებლად, მისი ელექტროფიცირებული რკინიგზის სისტემის გადარჩენილი ნაწილის გასათიშად, უკრაინის ხელისუფლებისთვის ჯარების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების უნარის მნიშვნელოვნად დასაქვეითებლად, ბრძოლის ველზე ჯარის გადაადგილების უნარის შესაზღუდად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლის ველზე მყოფ ჯარებსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ხარისხის გასაფუჭებლად.

ჯერ კიდევ საკითხავია, რუსეთის ეს ახალი ძალები ისწავლიან თუ არა იმ (მნიშვნელოვანი) შეცდომებიდან, რომლებიც მათ ამ ომის პირველი ცხრა თვის განმავლობაში დაუშვეს. შეიძლება არ ისწავლონ. მაგრამ არსებული გარემოებები მათ სასარგებლოდ არის, რადგან სასწორის ისარი მაინც მოსკოვის მიმართულებით იხრება.

უკრაინამ უნდა იზეიმოს ის, რაც ქალაქ ხერსონის აღებით მიაღწია, მაგრამ ისიც და დასავლეთში მისი მომხრეებიც უნდა მიხვდნენ იმას, რომ რუსეთის დანაკარგი ფატალური ჭრილობა არ ყოფილა. ზელენსკის ძალებისთვის უდიდესი საფრთხე მომდევნო ერთ-ორ თვეში იჩენს თავს, როცა მიწა გაიყინება და რეზერვისტები ბრძოლაში ჩასაბმელად მზად იქნებიან. მხოლოდ მაშინ გვეცოდინება, შეძლო თუ არა უკრაინამ დანარჩენი ორი სასწაულის მოხდენაც.