კენტერბერის არქიეპისკოპოსის, ჯასტინ უელბის, განცხადებით, მას „საპარლამენტო ქმედებებით ემუქრებოდნენ“, რათა ინგლისის ეკლესიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაეშვა.
განაში გამართულ გლობალურ ‘ანგლიკანურ საკონსულტაციო საბჭოს’ (ACC) შეხვედრაზე ბ-ნმა უელბიმ განაცხადა, რომ ეკლესიის ბოლოდროინდელი რეფორმებით გამოწვეული მისი შეშფოთება გენერალური სინოდის ბევრმა წევრმა „არ გაიზიარა“.
არქიეპისკოპოსმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ინგლისის ეკლესიის საკანონმდებლო ასამბლეამ, გენერალურმა სინოდმა, წამოაყენა წინადადება, რომ ამ თვის დასაწყისში სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფი ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის კურთხევა მიეცათ.
ACC-ის მე-18 პლენარულ სხდომაზე ბ-ნმა უელბიმ განაცხადა, რომ „ინგლისის ეკლესიაში სექსუალობის შესახებ წესები“ დიდ ბრიტანეთში მზარდი ათეიზმის გამო წარადგინეს განსახილველად.
განას დედაქალაქ აკრაში გამართულ შეხვედრაზე კენტერბერის არქიეპისკოპოსმა განაცხადა, რომ გლობალურ ჩრდილოეთში „საზოგადოებისა და ურთიერთპასუხისმგებლობის ქრისტიანული ღირებულებები“ თითქმის ინდივიდუალიზმმა ჩაანაცვლა.
ბ-ნი უელბის თქმით, როდესაც მას ის ქრისტიანები მიმართავენ, რომლებიც შიშობენ, რომ „ევროპას ისლამი დაიპყრობს“, იგი პასუხობს, რომ „უფრო დიდ საფრთხეს“ მზარდი ათეიზმი წარმოადგენს. ადამიანებს, რომლებსაც ღმერთის არსებობის არ სწამთ, კენტერბერის არქიეპისკოპოსი უწოდებს „არავინ“.
„ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებსაც, როდესაც რწმენის შესახებ ეკითხებიან, პასუხობენ: „არა“. მე არ მწამს.
„შედეგი სახეზეა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვსაუბრობდი ქრისტიანებთან ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებაზე, არა მხოლოდ ანგლიკანებთან, განსაკუთრებით გლობალურ სამხრეთში მცხოვრებ ადამიანებთან, რომლებსაც სხვა რელიგიური შეხედულებები აქვთ.
„ამის გამო ორჯერ დამიბარეს პარლამენტში და დამემუქრნენ საპარლამენტო ქმედებებით, რათა დაგვეშვა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რასაც ინგლისში თანასწორ ქორწინებას უწოდებდნენ.
„როდესაც ვსაუბრობ იმაზე თუ რა გავლენას მოახდენს ინგლისის ეკლესიის ქმედებები იმ ადამიანებზე, რომლებიც საზღვარგარეთ ანგლიკანურ ერთობაში იმყოფებიან, ამ შეშფოთებას გენერალური სინოდის ბევრი წევრი, ყველა არა, არ ეთანხმება“.
ბ-ნი უელბის სიტყვით, ინგლისის ეკლესიაში გენერალურ სინოდს არქიეპისკოპოსები არ ხელმძღვანელობენ და არც დებატების ორგანიზებას ეწევიან.
„დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ადამიანთა უმრავლესობა რწმენის გარეშე ცხოვრობს. ისინი არც ქრისტიანები არიან, არც მუსულმანები, არც წარმართები, არც ებრაელები, არც ინდუსები. ისინი არავის მიეკუთვნებიან“, – განაცხადა კენტერბერის არქიეპისკოპოსმა.
„ფინანსურად მდიდარ სამყაროში ვცხოვრობთ, ჩვენ გარშემო სრულიად განსხვავებული კულტურაა. 30 წლის წინ ასე არ იყო.
„მორალი და ქრისტიანული რწმენა ჩვენს სხეულზე პირადი კონტროლით ჩავანაცვლეთ. შორს არ არის ის დრო, როდესაც გენეტიკურად წინასწარ დაგეგმილი ჩვილები დაიბადებიან“, – განაცხადა უელბიმ.
„ბევრს მიაჩნია, რომ გვაქვს უფლება ავირჩიოთ როდის და როგორ მოკვდეთ. ჩემი ერთ-ერთი წინამორბედი ჯორჯ კერი საკანონმდებლო ორგანოებში, ლორდთა პალატაში გამოსვლისას თვითმკვლელობას უჭერდა მხარს.
„გლობალური ჩრდილოეთის თანამედროვე ევროპული მორალი ეს არის მორალი მდიდრებისთვის, გავლენიანი და მაღალი განათლების მქონე ადამიანებისთვის. ეს არის მორალი, რომელსაც არ სჯერა ადამიანის ცოდვისა და წარუმატებლობის, არ სჯერა პატიების, არ სჯერა იმედის. აი, სად იბრძვის ეკლესია“, – დასძინა კენტერბერის არქიეპისკოპოსმა.
წყარო: https://is.gd/xzAMEY