მთავარი ამბავი

საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისათვის – ფილიპ რიკერი

0

„მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით. ეს ქვეყანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირისთვის. როდესაც გასულ წელს აქ ვიყავი, მჭიდროდ ვმუშაობდი საქართველოს ლიდერებთან ერთად, თქვენს მეზობლებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობის მიზნით.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეუფასებელი როლი ითამაშა დაკავებულების გათავისუფლებასა და საბრძოლო ზონებში დანაღმული ტერიტორიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლაში. ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების მხარდაჭერით, საქართველო რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანას აგრძელებს და მოხარული ვარ, რომ კვლავ ვხვდები პრემიერ-მინისტრს რეგიონული საკითხების განსახილველად.

ოქტომბერში გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აშშ-ის დელეგაციას ვხელმძღვანელობდი. ვიზიტის დროს, მე განვიხილავ, როგორ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს ხელი შეუწყონ საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციის პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას და მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები.

ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისე, როგორც ამას ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ. ეს მოიცავს ჩვენს მყარ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვამაყობ, რომ ვდგავართ საქართველოს გვერდით მაშინ, როცა თქვენ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვით. აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა დაგეხმაროთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში, რადგან ეს არის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს.

ბოლოს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ ხალხს – თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის და აშშ-სთან პარტნიორობისთვის. თუ სტუმარი, როგორც ქართველები ამბობენ, არის ღვთის საჩუქარი, მაშინ საქართველო ნამდვილად არის საჩუქარი ისეთი სტუმრებისთვის, როგორიც მე ვარ“, – აცხადებს ფილიპ რიკერი.