პოლიტიკასხვადასხვა

კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად ორივე მხარეს მიაქციეთ ყურადღება

0

ჰიკმეტ ჰაჯიევი საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველია

როდესაც უკრაინის ომი შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს ყურადღებას უფანტავს, ეს პრობლემას გვიქმნის ჩვენ, რომლებიც მსოფლიოს სხვა მხარეში ვცხოვრობთ. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ თვალწინ მიმდინარე კონფლიქტები დასავლური მთავრობების დერეფნებსა და გაზეთების სვეტებში ბოლომდე გააცნობიერონ?

მაგალითისთვის მოვიყვან ყარაბაღში არსებულ მდგომარეობას. აზერბაიჯანის ეს რეგიონი 30 წელი მეზობელ სომხეთს ჰქონდა ოკუპირებული.1990-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებული სასტიკი ომის შემდეგ, რომლის დროსაც დაახლოებით 1 მილიონი აზერბაიჯანელი ეთნიკური ნიადაგის საფუძველზე საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნეს, სომხეთის საოკუპაციო ძალებმა ათასობით კვადრატული მილის ტერიტორია დანაღმეს. აზერბაიჯანში დარჩენილი ეთნიკური სომხები ისტორიულ სამშობლოს ერთი სახმელეთო მარშრუტით – ლაჩინის დერეფნით – უკავშირდებოდნენ.

უკანონობის გამომხატველი და დანაღმული ეს „ნაცრისფერი ზონა“ უკანონოდ არსებობდა, სანამ სამი წლის წინ აზერბაიჯანმა 44-დღიანი კონფლიქტის დროს ყარაბაღის ტერიტორიის დიდი ნაწილი არ დაიბრუნა.

იურიდიული და მორალური თვალსაზრისით, ადამიანები, რომლებიც ამ ნაცრისფერ ზონაში ცხოვრობენ, აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრიც საჯაროდ აღიარებს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა იქ მცხოვრებ ადამიანებზე უნდა იზრუნოს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც, თუ უახლოეს ისტორიას გავითვალისწინებთ.

აზერბაიჯანის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს ლაჩინის დერეფანზე უფრო ახლო და უფრო სწრაფი გზებით მიაწვდიდა საკვებს, მედიკამენტებს და ა.შ. აზერბაიჯანის შეთავაზებული სახმელეთო მარშრუტები მოიწონა ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა. ამ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ორივე დერეფნის დაუყოვნებლივი და ერთდროული გახსნის“ მოწოდებით გამოვიდა.

თუმცა საერთაშორისო მედიაში სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა. ის მოსაზრება, რომ მეზობელ აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური სომხები მხოლოდ სომხეთმა უნდა მოამარაგოს ერთი მონოეთნიკური მარშრუტით, გარკვეულწილად მისაღებია საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიისთვის.

ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი სხვა კონფლიქტებისგან განსხვავდება, რადგან ჩვენი ისტორიის გამო სომხები და აზერბაიჯანელები ერთ ქვეყანაში გვერდიგვერდ ვერ იცხოვრებენ. თუმცა თუ წარსულსა და აწმყოს თვალს გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ყარაბაღის პირველ ომამდე აზერბაიჯანელები და სომხები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ამ რეგიონში. დღესდღეობით აზერბაიჯანში 30 ათასი ებრაელი სახლობს. იზრდება ევანგელისტური ქრისტიანული თემი. მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ აზერბაიჯანში ბინადრობენ ქართველები, რუსები, უკრაინელები. ეს შეიძლება და უნდა ეხებოდეს ყარაბაღში მცხოვრებ სომხებსაც.

ამის მიუხედავად, სომხეთში არსებობენ ისეთი ძალები, რომლებსაც არ სურთ ამ მდგომარეობის შეცვლა ან ამ ამბის ფართოდ გავრცელება. ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელები ის პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებიც ყარაბაღის სეპარატისტულ ტერიტორიას მართავდნენ. მათ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადება არ სურთ.

მეზობელ აზერბაიჯანთან ვაჭრობამ შეიძლება სომეხი ხალხის მდგომარეობა გააუმჯობესოს, თუმცა ამ ლიდერებს არსებობის მიზეზს მოუსპობს. გავლენის შესანარჩუნებლად დაწყებული ბრძოლისას მათ აზერბაიჯანის შეთავაზებული გზების, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობა უნდა მოემარაგებინათ, დაკეტვა და ბლოკირება მოითხოვეს.

ის თავის ტკივილი, რომელიც ამ მონოეთნიკურმა ნაციონალისტებმა საკუთარ ქვეყანასა და მთლიანად რეგიონს შეუქმნეს, რთული აღსაქმელია დასავლელებისთვის, რომელთა ბოლო თაობამ შედარებით მშვიდად იცხოვრა.

ჩემთან მუშაობენ სომხეთში დაბადებული და გაზრდილი აზერბაიჯანელები, რომლებიც 30 წლის წინ, როდესაც ომი დაიწო, იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ. ყველა ჩვენგანი ვიღაცას იცნობს – ძმას, დას, ბიძაშვილს, მეგობარს, კოლეგას – რომლებმაც ომის დროს იძულებით დატოვეს ყარაბაღი და ლტოლვილის სტატუსით გააგრძელეს ცხოვრება. და რა მოიტანა ამ ომმა? დანგრეული ცხოვრება, ტკივილი, იმისთვის, რომ დღევანდელი მონოეთნიკური სომხეთი შექმნილიყო და ყარაბაღში მონოეთნიკური ნაცრისფერი ზონისთვის მხარი დაეჭირათ. ამას ბოლო უნდა მოეღოს.

აზერბაიჯანელებს მშვიდობა სურთ. გვინდა რესტიტუცია, შერიგება და, შესაძლოა, ერთ დღეს ჩვენს მეზობელთან მეგობრული ურთიერთობაც კი დავამყაროთ. მოვლენების საპირისპირო ინტერპრეტირება ხელს არ უწყობს მშვიდობის დამყარებასა და მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმების მიღწევას. მათი პრომულგაციის მიზანი დაპირისპირებული მხარეების კიდევ უფრო გაუცხოებაა. აქ უკვე პოლიტიკაა, თავად სომხეთის პოლიტიკა.

https://www.politico.eu/article/to-clinch-peace-in-the-caucasus-pay-attention-to-both-sides/?utm_source=Twitter&utm_medium=social