ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ერთ-ერთი “ნავთობის ქვეყანა,” რომელშიც მედიის ცნობით კატარი იგულისხმება, ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. კერძოდ, ქვეყანა, რომელსაც ბელგიის ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, ცდილობდა ევროპარლამენტზე ზეგავლენის მოხდენას „დიდი თანხის გადახდით და დიდი საჩუქრების შეთავაზებით იმ ოფიციალური პირებისთვის, რომელთაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური და/ან სტრატეგიული პოზიცია აქვთ ევროპარლამენტში“.
ოპერაციის შედეგად დაკავებულია ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი ევა კაილი. კორუფციისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია კიდევ 4 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი, იტალიის მოქალაქე მამაკაცი, ევა კაილის პარტნიორია.
სამართალდამცავებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე განახორციელეს. ჩხრეკა ჩატარდა ბელგიელი სოციალისტების წევრი ევროპარლამენტარების მარია არენასა და მარკ ტარაბელას ოფისებსა და სახლებშიც. ამოღებულია დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.
ევროპარლამენტის “სოციალ-დემოკრატების” ჯგუფმა ევა კაილის სასწრაფოდ შეუწყვიტა ფრაქციის წევრობა, ასევე პანელინურმა სოციალისტურმა მოძრაობამ (PASOK) განაცხადა, რომ განვითარებული მოვლენების გამო ევა კაილი პარტიიდან გარიცხეს.
ევროპარლამენტის პრესცენტრის ცნობით “ევროპარლამენტი სამართლებრივ პროცედურებზე კომენტარს არ გააკეთებს.” მათი ცნკბით, ევროპარლამენტი მჭიდროდ ითანამშრომლებს გამოძიებასთან.