პოლიტიკასხვადასხვა

კატარგეტი: პანცერის ელექტრონული სამაჯურით დროებით გათავისუფლებამ, ციხეში მყოფი ევა კაილი გააღიზიანა

0

ავტორი სარატის მიკალოპულოსი, 10 აპრილი 2023 წ.

ციხეში მყოფი ბერძენი ევროპარლამენტარი ევა კაილი უარყოფითად გამოეხმაურა კატარგეიტის სკანდალის სავარაუდო სულისჩამდგმელის, პიერ ანტონიო პანცერის, გათავისუფლებას. ევროპარლამენტის ყოფილმა ვიცე-პრეზდიენტმა განაცხადა, რომ დანაშაულს არ აღიარებს, როგორი ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს მასზე ბელგიის ხელისუფლებამ.
„არასოდეს ვაღიარებ იმ დანაშაულებს, რომლებიც არ ჩამიდენია, თუნდაც ნაწილებად დამამსხვრიონ“, – განუცხადა კაილიმ ბერძნულ ტელეარხ Ant1-ს.
ბერძენი სოციალ-დემოკრატი ევა კაილი უკვე ოთხი თვეა ციხეშია და კატარგეიტის კორუფციულ სკანდალის გამო, რომელმაც მთელი ევროპარლამენტი შოკში ჩააგდო, სასჯელი ემუქრება.
გასულ კვირას ბელგიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყოფილი ევროპარლამენტარისა და სკანდალის სავარაუდო სულისჩამდგმელისთვის, პიერ ანტონიო პანცერისთვის,  შინაპატიმრობა შეეფარდებინა. მისი გათავისუფლება იანვარში დადებული საპროცესო შეთანხმების ნაწილია, რომლის თანახმადაც პანცერიმ პირობა დადო, რომ ბელგიის ხელისუფლებას არაერთ გვარ-სახელსა და ინფორმაციას გადასცემდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პანცერიმ სკანდალის ერთ-ერთ ფიგურანტად სწორედ ევა კაილი დაასახელა, თუმცა მისი ადვოკატების თქმით, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
„პანცერის გათავისუფლება გარიგების შედეგია. […] იგი დათანხმდა, რომ ევა კაილის შესახებ იცრუებდა და სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ. ის არის კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი, მაგრამ ქალბატონი კაილი ამ სკანდალში არ მონაწილეობს“, – განაცხადა კაილის ადვოკატმა, მიხალის დიმიტრაკოპულოსმა, რომელიც ათენში ცხოვრობს.
თებერვალში კაილის პარტნიორი ფრანჩესკო ჯორჯიც გაათავისუფლეს ელექტრონული სამაჯურით, ხოლო კაილის სოციალისტი კოლეგა ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელა, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, დღემდე ციხეში რჩება.
13 აპრილს ბელგიელი მოსამართლე კიდევ ერთხელ განიხილავს კაილის მოთხოვნას დროებით გათავისუფლების შესახებ, სანამ სასამართლო პროცესი დაიწყება.
ადვოკატი სპიროს პაპასი, რომელიც ევა კაილის ევროპარლამენტის ფონდების არასწორ მართვასთან დაკავშირებით იცავს, EURACTIV-ს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ციხეში დარჩენის საფუძველი არ არსებობს.
„ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობისა და ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიების შემდეგ ევროპარლამენტარი კაილი ციხეში რჩება, თუმცა მისი გათავისუფლებისთვის მეტი მიზეზი არსებობს. გარდა ამისა, ჯერჯერობით მისთვის არანაირი დასაბუთებული ბრალდება არ წაუყენებიათ“, – განუცხადა პაპასმა EURACTIV-ს.

წყარო: https://is.gd/Hd0WiB