მთავარი ამბავი

„კარგი პოლიციელი – ცუდი პოლიციელის” სტრატეგია ჩინელებზე გავლენას ვერ ახდენს

0

ავტორი ტრისტან ვენჰიუკოლომი, 8 აპრილი 2023 წ.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვერ დაარწმუნეს, რომ პეკინს მოსკოვსა და კიევს შორის, მედიატორის როლი მხოლოდ დასავლეთის პირობებით ეტვირთა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პეკინში შეხვდნენ ჩინეთის ლიდერს, რომელსაც უნდა ითქვას, რომ ამის დიდი სურვილი არ გამოუხატავს.
ხუთშაბათს ემანუელ მაკრონმა, რომელიც სის გვერდით იდგა, პრესკონფერენცია შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „უკრაინაში რუსულმა აგრესიამ სტაბილურობას [მსოფლიოში] დარტყმა მიაყენა. ვიცი და ვიმედოვნებ, რომ რუსეთს გონზე მოიყვანთ და ყველას მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნებთ“, – უთხრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგას.
გალური შარმის გამოყენებით მაკრონმა თავაზიანად შეახსენა ჩინეთს მისი როლის შესახებ მსოფლიოში და პოტენციური მედიატორის როლის შესრულებაც კი შესთავაზა. ეს მაკრონის მხრიდან მეტისმეტად თამამი ნაბიჯი იყო. სის, როგორც წესი, ემოციები არ გამოუხატავს.
პეკინში კარგად ესმით, რომ ევროპის ქვეყნები – შეერთებული შტატების გავლენის გამო – დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმართვისას მეტწილად შებოჭილნი არიან.
ბუნდოვანი საუბრისას სის დიდი ინტერესი არ გამოუვლენია მაკრონის, სინამდვილეში კი შეერთებული შტატების სამოქმედო გეგმის მიმართ.
„რაც შეიძლება მალე უნდა განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები და გაეროს წესდების შესაბამისად, ყველა მხარის გონივრული მოთხოვნები, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება, გათვალისწინებული უნდა იყოს“,  – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
ჩინეთი კონფლიქტის გრძელვადიანი, სტაბილური გადაწყვეტის გზებს ეძებს, დასძინა სიმ.
უკრაინის კრიზისზე საუბრისას ჩინეთის პრეზიდენტს ერთხელაც არ უხსენებია რუსეთი. მისი განცხადებით, დაცული უნდა იყოს მშვიდობიანი მოსახლეობა, არ უნდა გამოიყენონ ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღი და ჩინეთი ყველა პარტნიორისგან თავშეკავებას მოელის.
ცხადია, პეკინის მოსკოვისგან დისტანცირებაზე რაიმე მინიშნება არ გაკეთებულა.
სის ორივე ევროპელი ლიდერი ცალკე ესაუბრა, შემდეგ კი ერთობლივი შეხვედრა გამართეს. ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ „საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ პრეზიდენტმა სიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ზელენსკისთან საუბრის მზადყოფნა“ და ასეთი საუბარი შეიძლება მაშინ შედგეს, როდესაც „ამის პირობები და დრო იქნება“. თავის შენიშვნებში სის არ აღუნიშნავს, რომ ასეთი გეგმა შეიმუშავეს.
ფონ დერ ლაიენს ჩინეთი არაერთხელ გაუკრიტიკებია. მართლაც, პეკინში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპას მკაცრი ტონით მოუწოდა, რომ კიდევ უფრო გაძლიერებული ჩინეთისგან წამოსული შესაძლო რისკებისგან თავი დაიზღვიოს.
ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობები შენარჩუნდება, თუმცა ტექნოლოგიებით ვაჭრობასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება, რაც შეიძლება სამხედრო ან სადაზვერვო მიზნებს ემსახურებოდეს.
ეს სიტყვები პეკინში არ მოეწონათ. ევროკავშირში ჩინეთის ელჩის, ფუ კონის, თქმით, „ბევრი მცდარი ინფორმაცია და არასწორი ინტერპრეტაცია“ გაჟღერდა, რაც „განზრახ ამახინჯებს ჩინეთის პოზიციებს“.
ფონ დერ ლაიენმა პეკინში ვიზიტისას ეს სტრატეგია პრემიერ ლისა და პრეზიდენტ სისთან განიხილა. „მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ სისთან საუბარი იმის შესახებ თუ რატომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია რისკების შემცირება და არა ურთიერთობების გაწყვეტა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
მაკრონმა და ფონ დერ ლაიენმა სის განუცხადეს, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას მეყსეული და მტკიცე პასუხი მოჰყვება. „აგრესორის შეიარაღება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა“, – განაცხადა ევროკომიის პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ ასეთი ქმედება „მნიშვნელოვნად დააზარალებს ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებს“.
უფრო მეტიც, თებერვალში, ფონ დერ ლაიენი ჩინეთის 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას არ დაეთანხმა, რომელიც უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას ითვალისწინებდა. გერმანელმა პოლიტიკოსმა მას „შერჩევითი“ უწოდა, რომელიც უსაფრთხოების ინტერესების „არასწორ“ იდეებს ეფუძნებოდა, ხოლო აგრესორისა და მსხვერპლის როლები ბუნდოვანი იყო.
ზოგიერთი დიპლომატი, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი (რომელმაც მომავალ კვირას ჩინეთში ვიზიტი დაგეგმა) მიიჩნევს, რომ პირადად ჩინეთი ამ ომის მიმართ დიდ სიფრთხილეს იჩენს.
ამავდროულად, კრემლი არასაიმედოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებას, თუნდაც მედიატორის როლი ჩინეთმა შეასრულოს. „ჩინეთს შუამავლობის ძალიან ეფექტური და შთამბეჭდავი პოტენციალი აქვს და მისი ბოლო დიპლომატიური წარმატებები მკაფიოდ მეტყველებს ამაზე, – განაცხადა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„თუმცა უკრაინაში სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია, ჯერჯერობით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს. გასათვალისწინებელია „ოფიციალური და არაოფიციალური პოზიცია, რომელსაც კიევს გადასცემენ“, მოსკოვს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელების გარდა სხვა გზა“ არ დარჩა, დასძინა რუსმა დიპლომატმა.
დიპლომატიური საკითხების გარდა ვიზიტის დღის წესრიგი საფრანგეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის საკითხსაც მოიცავდა. ამ სფეროში საფრანგეთის შედეგი მოკრძალებული იყო. ფრანგულმა ავიმშენებელმა კომპანია ‘ერბიუსმა’ (Airbus) ჩინეთის ტერიტორიაზე Airbus A320-ის კონვეიერული წარმოების შექმნისთვის ახალ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ატომური ელექტროსადგურების მსხვილმა ოპერატორებმა – ფრანგულმა სახელმწიფო კომპანია EDF-მა და ჩინურმა კომპანია CGN-მა ხელი მოაწერეს ხანგრძლივი პარტნიორობის განახლების შესახებ შეთანხმებას. EDF-მა და China Energy Investment Corporation-მა ოფშორული ქარის პროექტების შესახებაც დადეს ხელშეკრულებები.
გარდა ამისა, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ჯერ ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, კვლავ შეჩერდა. ფონ დერ ლაიენის თქმით, ჩინეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისას ეს „ყოვლისმომცველი შეთანხმება ინვესტიციების შესახებ“ არც კი განუხილავს. კითხვაზე, წარუმატებელი ხომ არ აღმოჩნდა ეს შეთანხმება, ევროკომისიის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის უნდა „გადაიხედოს“.

წყარო: https://is.gd/9G3YaD