ყარაბაღის კონფლიქტმა კვლავ მწვავე ფაზაში გადაინაცვლა. დღეს, დაახლოებით 13 საათზე მხარეებს შორის ცეცხლის გახსნას მოჰყვა აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მიერ სომხეთის სამხედრო და სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა.
აზერბაიჯანული და სომხური საინფორმაციო საშუალებები მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
აზერბაიჯანული მედიის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ შუშას დაბომბვის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ამის საპირისპიროდ, სომხური მედია იუწყება, რომ აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ანარ ეივაზოვის განცხადებით, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით ნადგურდება სომხეთის შეიარაღებული ძალების ფრონტისპირა, სიღრმისეული და საცეცხლე პოზიციები.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ჰიქმეთ ჰაჯიევი აცხადებს, რომ „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ მთავარი მიზნები დასრულების სტადიაზეა. მისი თქმით, ძირითადი სამხედრო სამიზნეები განეიტრალებულია.
როგორც ჰაჯიევი აღნიშნავს, ბაქო მზად არის მთიან ყარაბაღთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა ამისთვის მათ იარაღი უნდა დაყარონ.
აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხური მოსახლეობის წარმომადგენლები ბევრჯერ მიიწვიეს რეინტეგრაციის საკითხების განსახილველად, თუმცა ისინი ყველა ჯერზე უარს ამბობდნენ.
„ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაწყვეტად, უკანონო სომხურმა ფორმირებებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ იარაღი, უკანონო რეჟიმმა კი თავი დაითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“, – აცხადებს ჰაჯიევი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გარკვეული ძალები სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობენ. მისი თქმით, სომხეთი არ მისცემს საშუალებას არც შიდა და არც გარე ძალებს, ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ.
ყოველივე ეს ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული „ანტიტერორისტული ოპერაციის“ საპასუხოდ განაცხადა.
„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დაბომბვა დაიწყეს, პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე, ასევე გარკვეული დროის წინ დაიწყეს ოპერაცია მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზის გასარღვევად და პოზიციების, გარკვეული მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების ასაღებად.
აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის. სომხეთს არავისთვის მიუნიჭებია მანდატი მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად. გარკვეული ძალები, როგორც შიდა, ისე გარე, სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არ არიან. მათ ეს არ გამოუვათ, როგორი რთულიც უნდა იყოს. კერძოდ, ემოციური თვალსაზრისით, ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა გარკვეულ ძალებს − არც შიდას და არც გარეს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამავე დროს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სომხეთმა უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, მათ შორის უნდა გახსნას ზანგეზურის დერეფანი. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის, როგორც ეს საერთაშორისო საზოგადოების მიერაა აღიარებული, ხოლო ტერიტორიის შემდგომი სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ამის შესახებ შარლ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„დღეს გამანადგურებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“, – წერს მიშელი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღში სიტუაციის მკვეთრი ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთი დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, ყარაბაღში სისხლისღვრა შეწყდეს და ორივე ქვეყანა კონფლიქტის დიპლომატიურ დარეგულირებას დაუბრუნდეს.
ამასთან, ზახაროვას თქმით, რუსი მშვიდობისმყოფელები ყარაბაღში თავიანთი ფუნქციების შესრულებას განაგრძობენ.
ამ მომენტისათვის ერევანში გამოსვლებია. შეკრებილი მოქალაქეები ნიკოლ ფაშინიანს მხდალსა და მოღალატეს უწოდებენ. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებისგან რადიკალურ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
პარლამენტთან შეკრებილმა მოსახლეობამ სომხეთის პრემიერს გადადგომისთვის ვადა ღამის 12 საათამდე მისცა. ქვეყნის მოქალაქეები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ყველა სახელმწიფო და სტრატეგიულ შენობას დაიკავებენ.
მომზადებულია geo-first.com-ის მიერ