პოლიტიკასლაიდერისხვადასხვა

ჯორჯა მელონი: ევროპის მომავალი სასწორზე დევს

0

იტალიის პრემიერ-მინისტრი არალეგალური მიგრაციის ზრდის გამო იმედგაცრუებას ვერ მალავს

 გასულ კვირას იტალიის სამხრეთით მდებარე კუნძულ ლამპედუზაზე კონტრაბანდისტებმა ჩრდილოეთი აფრიკის სანაპიროდან ათასობით არალეგალი მიგრანტი გადასხეს. ამ ფაქტმა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის შეშფოთება გამოიწვია. მისი თქმით, თუ არალეგალური მიგრაცია გაგრძელდება, „ევროპის მომავალს საფრთხე დაემუქრება“.

AFP-ის ინფორმაციით, ალყაშემორტყმულ კუნძულზე ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერმა უკონტროლო მიგრაციით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ევროკავშირს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„სასწორზე ევროპის მომავალი დევს, რადგან ევროპის მომავალი დამოკიდებულია მის შესაძლებლობებზე, წინ აღუდგეს სერიოზულ გამოწვევებს“, – აღნიშნა მელონიმ.

გაეროს მიგრაციის სააგენტოს ცნობით, ორშაბათიდან ოთხშაბათამდე ლამპედუზას 199 გემით დაახლოებით 8,500 ადამიანი მიადგა, რაც კუნძულის მცხოვრებთა რიცხვს აშკარად აღემატება. ლამპედუზა აფრიკასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე იტალიის მატერიკულ ნაწილთან. დიდი ხანია, რაც კუნძული უკანონო მიგრანტების სამიზნედ იქცა.

„არალეგალური იმიგრაცია ევროპის გამოწვევა, რასაც ევროპამ პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და ბლოკის სხვა წევრებს მიგრანტთა ნაწილის მიღებისკენ მოუწოდა.

იტალიის წითელი ჯვრის ინფორმაციით, რომელიც ლამპედუზაზე მოქმედ მიგრაციის ცენტრს მართავს, კვირას მათთან 1,500 მიგრანტი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 400 ადამიანის ადგილი იყო.

AFP-ის სტატიაში ნათქვამია, რომ აეროპორტში ჩასულ ოფიციალურ პირებს მიგრანტების მასობრივი „სტუმრობით“ უკმაყოფილო ადგილობრივები დახვდნენ, რომლებიც მათი ავტოკოლონის ბლოკირებით იმუქრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს იტალიაში ნავით დაახლოებით 126 ათასი ადამიანი ჩავიდა, 2022 წელს 66 ათასი, 2021 წელს კი 42 ათასი.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მიმდინარე წელს შეიძლება 2016 წლის რეკორდი განმეორდეს, როდესაც სექტემბრის მიწურულს იტალიას დაახლოებით 132 ათასი მიგრანტი „ესტუმრა“. AP-ის ინფორმაციით, 2016 წელს ზღვით მიგრანტების ჩასვლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 181 ათასი ადამიანი.

14 სექტემბერს იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ადამიანთა უკონტროლო შემოდინება უნდა შეჩერდეს. მელონი აღიარებს, რომ ლეგალური მიგრაცია ევროპის ეკონომიკებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს, თუმცა უკონტროლო მიგრაცია კონტინენტის დემოგრაფიული კრიზისისთვის გამოსავალი არ არის.

„როიტერსის“ (Reuters) ცნობით, ჯორჯა მელონიმ ამ თემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ბუდაპეშტში მოკავშირე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

https://www.breitbart.com/europe/2023/09/17/italys-pm-meloni-despairs-at-illegal-migrant-surge-warns-future-of-europe-is-at-stake/

https://www.france24.com/en/live-news/20230917-italy-s-pm-calls-for-eu-help-after-island-migrant-surge