1 მაისი, 2023 წ.
ორშაბათს შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა, განაცხადა, რომ თუ კონგრესი ვალის ლიმიტის საკითხს არ მოაგვარებს, აშშ 1-ლი ივნისისთვის ვალს ვერ გადაიხდის.
კონგრესმენებისთვის მიწერილ წერილში აშშ-ის მთავარი ხაზინადარი წერს: „წარსულის მაგალითზე ვისწავლეთ, რომ ვალის ლიმიტის შეჩერების ან გაზრდის ბოლო წუთამდე ლოდინით შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობას. ეს გაზრდის მოკლევადიანი სესხის ხარჯებს და უარყოფითად იმოქმედებს შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგზე“.
იელენი ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია იმის ზუსტი განსაზღვრა თუ როდის ამოიწურება ნაღდი ფული, თუმცა კონგრესს, „რაც შეიძლება სწრაფი მოქმედებისკენ“ მოუწოდებს.
სესხის ლიმიტის მიღწევა იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ვეღარ შეძლებს მეტი ფულის სესხებას. ამჟამად შეერთებული შტატების სესხის ზღვარი 31,4 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ საკითხთან დაკავშირებით 9 მაისს კონგრესის ლიდერების შეხვედრა მოიწვია. სესხის ლიმიტის გაზრდის სანაცვლოდ, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ხარჯების მკვეთრ შემცირებასა და პრეზიდენტ ბაიდენის პროგრამის ზოგიერთი ნაწილის დაპირების, მათ შორის სტუდენტური სესხების ჩამოწერის პროგრამის, მწვანე ენერგიისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვას ითხოვენ, რაზეც ჯო ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ეს საკითხები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.
1960 წლიდან შეერთებული შტატების სესხის ლიმიტი 78-ჯერ გაიზარდა, გახანგრძლივდა ან გადაიხედა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების ისტორიაში მოსალოდნელმა პირველმა დეფოლტმა, შესაძლოა გლობალური ფინანსური ბაზრები შეარყიოს და ძირი გამოუთხაროს შეერთებული შტატების, როგორც გლობალური ბიზნესპარტნიორის მიმართ ნდობას, ხოლო ქვეყნის შიგნით რეცესია და უმუშევრობის ზრდა გამოიწვიოს.
წყარო: https://is.gd/jiuvZJ