პოლიტიკასხვადასხვა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი პოლონეთს ევროკავშირის თავდასხმებისგან იცავს და ამბობს, რომ ევროკავშირში „მეორეხარისხოვანი“ წევრები არ უნდა არსებობდნენ

0

„რა შეტყობინებას ვუგზავნით რუსეთს, როცა ვამბობთ, რომ პოლონეთი ჩვენი მეგობარი არ არის?“
არ შეიძლება ევროკავშირი პირველი და მეორე კლასის წევრ ქვეყნებად დაიყოს, განაცხადა ჯორჯა მელონიმ, ოთხშაბათს, რომში პარლამენტის ზედა პალატაში გამოსვლისას. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ეფექტური ენერგეტიკული პოლიტიკის გატარებაც მოითხოვა. მელონი პრემიერის რანგში პირველად დაესწრება ევროკავშირის სამიტს, რომელიც 15-16 დეკემბერს გაიმართება.
„(ვხედავ, რომ) კვლავ განახლდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს პირველი და მეორე კლასის ევროპა. კოლეგებო, არასოდროს დავეთანხმები ამ შეხედულებას. არც მიმაჩნდა და არც ახლა მიმაჩნია, რომ ევროპა ბლოკია, რომელშიც ზოგი კარგი და ლამაზია, ზოგიც მახინჯი და ცუდი და, ამიტომ, ისინი ამ ბლოკის გარეთ უნდა იყვნენ. მე ამ საკითხს ასე არ ვუყურებ“, – განაცხადა მელონიმ.
იტალიის პრემიერი პოლონეთსაც შეეხო, რომელსაც ბრიუსელი მრავალმილიარდიან დაფინანსებას შეუმცირებს თუ ვარშავა მოთხოვნებს არ შეასრულებს და მათ შორის დროებით არ შეაჩერებს სასამართლო რეფორმას.
„მუდმივად მესმის, რომ პოლონეთს შენიშვნებს აძლევენ, აღვნიშნავ, რომ უკრაინელი ლტოლვილების ტვირთი ყველა სხვა ქვეყანაზე მეტად პოლონეთს დააწვა. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში იგი ფრონტის წინა ხაზზე დგას. ნატოში ფიქრობენ, რომ პოლონეთი შეიძლება რუსეთის მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდეს, თუ მოსკოვი გაფართოებას შეეცდება. რა შეტყობინებას ვუგზავნით რუსეთს, როცა ვამბობთ, რომ პოლონეთი ჩვენი მეგობარი არ არის?“, – განაცხადა მელონიმ.
იტალიის პრემიერის თქმით, ევროკავშირი მთავარ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით „წინდაუხედავად იქცევა“, მაგალითად კი მოჰყავს უკრაინის ომი და ენერგეტიკული კრიზისი. მისი თქმით, უფრო ეფექტური ენერგეტიკული პოლიტიკა უნდა გატარდეს, ევროკავშირი კი „შეცდომებს უშვებს, როდესაც სწრაფად არ რეაგირებს“.
მელონის მიაჩნია, რომ უკრაინის ომთან მიმართებით ევროკავშირმა ერთიანი პოზიცია უნდა დაიკავოს. „არ ვიცი, რამდენად გონივრულია თუ ასეთ რთულ ვითარებაში ერთმანეთს შევეჯიბრებით“.
უნგრული საინფორმაციო გამოცემა Magyar Nemzet-ის ინფორმაციით, იტალიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინაც კი თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარს არ დაუჭერდნენ და მას „ძალიან სუსტად“ ჩათვლიდნენ, რუსეთი უკრაინაში მაინც შეიჭრებოდა.
„მე მხარს ვუჭერ სუვერენული სახელმწიფოს უფლებას დაიცვას თავისი სუვერენიტეტი (…). ამ მომენტში მოლაპარაკების წარმართვის ერთადერთი საშუალება დაპირისპირებულ მხარეებს შორის ძალთა ბალანსია, მშვიდობის დასამყარებლად კი უკრაინას უნდა დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა.
მელონის თქმით, მისი ქვეყანა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს, რადგან უახლოეს მომავალში რუსული ინტერვენციის დასრულებას პირი არ უჩანს.
„ცეცხლის შეწყვეტის ალბათობა ძალიან მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევას მხარს ვუჭერთ, ამავდროულად უკრაინის სრული მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“.
მელონი, რომელმაც პრემიერის პოსტზე მარიო დრაგი შეცვალა, რუსული ინტერვენციის თაობაზე თავისი წინამორბედის აზრს იზიარებდა, თუმცა ენერგეტიკისა და მიგრაციის შესახებ ევროკავშირის პოზიციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიამ უკრაინაში გაგზავნილ იარაღთან დაკავშირებული დეტალები არ გაამხილა, პრემიერმა განაცხადა, რომ კიევს სამხედრო ტვირთებს ამ წლის ბოლომდე მიაწვდიან.
სამშაბათს იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ, საუბარში აღნიშნა, რომ ახალი გადაზიდვების დეტალებიც, რომლებსაც უახლოეს პერიოდში შეათანხმებენ, კონფიდენციალური იქნება.
მელონის პროუკრაინულ პოლიტიკას კრიტიკოსები გამოუჩდნენ. ოპოზიციური პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ ევროპას მოუწოდებს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტონ. მელონის თავისივე კოალიციაშიც აკრიტიკებენ. მემარჯვენე პარტიები ‘ლიგა’ და ‘წინ იტალია’, რომლებიც წარსულში მხარდაჭერას უცხადებდნენ რუსეთის ლიდერს, დროდადრო პუტინის მიმართ გულწრფელ აღტაცებას გამოხატავენ.
რაც შეეხება იტალიას, ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ რომში მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის ჩამოყალიბების გამო ცრურწმენები არსებობდა: „ზოგი ფიქრობდა, რომ მელონის მთავრობა, მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა, იტალიას იზოლაციაში მოაქცევდა, როგორ შეიძლება, რომ ევროკავშირისა და ნატოს დამფუძნებელმა სახელმწიფომ იზოლირების პოლიტიკა აირჩიოს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ფუნდამენტურ როლს ასრულებს“.
სენატის იმავე სხდომაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარიო მონტიმ, განაცხადა, რომ ჯორჯა მელონის მთავრობასა და ევროკავშირს შორის ჯერჯერობით დადებითი ურთიერთობაა. მონტის თქმით, მელონის და მის მთავრობას შეუძლიათ ევროპაში წამყვანი როლი შეასრულონ, „თუმცა ზოგჯერ წამყვანი როლი საუკეთესო არჩევანი არ არის“.

წყარო:
1. https://is.gd/3PrU89
2. https://is.gd/HKepQq