პოლიტიკასხვადასხვა

ისრაელმა გაეროს რეზოლუცია უგულებელყო

0

15 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად ღაზაში საბრძოლო მოქმედებები დროებით უნდა შეჩერდეს. ამ გადაწყვეტილების შესახებ თელ-ავივში განაცხადეს, რომ ხანმოკლე მშვიდობისაკენ მოწოდება „არარეალურია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.
ზემოხსენებული რეზოლუცია გაეროს ყველაზე გავლენიანმა ორგანომ 12 ხმით ნულის წინააღმდეგ მიიღო. შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ხმა არ მისცეს ამ წინადადებას, რადგან იგი „ჰამასს“ არ გმობს. რუსეთმა თავი შეიკავა და შეშფოთება გამოთქვა, რომ რეზოლუცია არ შეიცავს საკმარის მოწოდებას მშვიდობისაკენ. მისი წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი ტექსტიდან სიტყვა „ცეცხლის შეწყვეტის“ ამოღებაზე არის პასუხისმგებელი.

„მძევლების გათავისუფლებისთვის საბრძოლო მოქმედებები რომც შევაჩეროთ, ბრძოლას იმ დრომდე არ შევწყვეტთ, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ“

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ღაზა სასწრაფოდ საჭიროებს ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა დახმარება აღმოუჩინონ პალესტინის მშვიდობიან მოსახლეობას და „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს „ჰამასისა“ და სხვა ჯგუფების მიერ დაკავებული ყველა მძევალი, განსაკუთრებით ბავშვები, აგრეთვე უზრუნველყონ ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა“. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ (AP) ინფორმაციით, რეზოლუცია შერბილებულია.
ღაზის ომის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული პირველი რეზოლუციის საპასუხოდ, თელ-ავივში განაცხადეს, რომ ჰუმანიტარული პაუზის შესახებ მოწოდებას არ გაითვალისწინებდნენ. „გადაწყვეტილება არარეალურია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, − განაცხადა ისრაელის ელჩმა გაეროში გილად ერდანმა, − „ისრაელი ღაზაში საერთაშორისო სამართლის მიხედვით მოქმედებს, „ჰამასის“ მებრძოლები კი უგულებელყოფენ ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, მისი მიხედვით არ იმოქმედებენ. ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს, ვიდრე „ჰამასს“ არ გაანადგურებს და გატაცებულებს არ გამოიხსნის“.
თელ-ავივმა წინააღმდეგობა გაუწია ყველა მოწოდებას ან შეთანხმებას, თუნდაც დროებით შეეჩერებინა საბრძოლო მოქმედებები. „ვაისნიუსის“ (VICE News) ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარი თქვა მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე, რადგან სურდა, რომ ისინი ისრაელელ სამხედროებს გამოეხსნათ.
„ცხადია, რომ ისრაელს სახმელეთო ოპერაციის დაწყება ამ წინადადების განხილვამდე სურდა, რომელზეც კონფლიქტის დაწყების პირველივე დღეებიდან მსჯელობდნენ“, − განაცხადა ერთ-ერთმა რეგიონულმა დიპლომატმა.

ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს, ვიდრე „ჰამასს“ არ გაანადგურებს და გატაცებულებს არ გამოიხსნის“

NATO-ს წარმომადგენელმა „ვაისნიუსს“ განუცხადა: „ნეთანიაჰუს ახლა შეუძლია ისრაელის საზოგადოებას მიმართოს და უთხრას, რომ სახმელეთო ოპერაციით სურს მძევლების გათავისუფლება“. „ნეთანიაჰუ მოკლევადიან პოლიტიკურ სარგებელს იღებს, როდესაც ამტკიცებს, რომ ამ თავდასხმით „ჰამასს“ დათმობაზე წასვლა აიძულა. თუმცა, როგორც ჩანს, არ ეშინია იმის ახსნის, რომ საჰაერო თავდასხმებს შესაძლოა მძევლების სიცოცხლე შეეწიროს, ამ დროს კი მსგავსი შეთანხმება არსებობდა“, − დასძინა წყარომ.

ოთხშაბათს „ნიუ იორკ თაიმსმა“ (The New York Times) განაცხადა, რომ თელ-ავივმა იერიში მიიტანა ალ-შიფას ჰოსპიტალზე, რომელიც ღაზაში უდიდესი და ყველაზე თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებაა, რათა „ჰამასი“ ისრაელის პირობებზე იძულებით დაეთანხმებინა. თელ-ავივს მძევლების გათავისუფლება სურს.
ბენი განცის თქმით, რომელიც ისრაელის ე.წ. ომის კაბინეტის წევრია, თელ-ავივი ღაზაში სამხედრო ოპერაციების დროებით შეჩერებას რომც დათანხმდეს, იგი მაინც სამხედრო ძალის გამოყენებას მიანიჭებს უპირატესობას.
„მძევლების გათავისუფლებისთვის საბრძოლო მოქმედებები რომც შევაჩეროთ, ბრძოლას იმ დრომდე არ შევწყვეტთ, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ“, − განაცხადა ისრაელის ყოფილმა ალტერნატიულმა პრემიერ-მინისტრმა.

https://www.zerohedge.com/geopolitical/israel-ignores-un-res-pause-gaza-fighting-calls-it-disconnected-reality