პოლიტიკასხვადასხვა

ისრაელის მხარდამჭერთა რიცხვი მცირდება, რადგან ამერიკელთა 68% ცეცხლის შეწყვეტას ემხრობა

0

„რეიტერ“/„იფსოსის“ (Reuters/Ipsos) ახალი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 68% მიიჩნევს, რომ ისრაელმა „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნდა განაცხადოს და მოლაპარაკებების დაწყება სცადოს „ჰამასთან“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანები ღაზაში სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან. ამ შეხედულებას იზიარებდა დემოკრატების დაახლოებით სამი მეოთხედი და რესპუბლიკელთა ნახევარი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოება დეესკალაციის მომხრეა.

შეკითხვას, თუ რა როლი უნდა შეასრულოს შეერთებულმა შტატებმა კონფლიქტში, გამოკითხულთა 32%-მა  უპასუხა, რომ „აშშ-მა უნდა მხარი დაუჭიროს ისრაელს“. ოქტომბრის შუა რიცხვებში Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში ისრაელს ამერიკელთა 41% უჭერდა მხარს. როგორც ჩანს, ერთ თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა ისრაელის მხარდამჭერთა რიცხვი.
კიდევ ერთი შესამჩნევი ცვლილება დაფიქსირდა: 39%-მდე გაიზარდა იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომლებიც ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტში ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ. წინა გამოკითხვისას კი მხოლოდ რესპონდენტთა 27% ფიქრობდა ასე.
გამოკითხვამ, რომელშიც 1006 ზრდასრული ამერიკელი მონაწილეობდა, ასევე ნათელი მოჰფინა საკითხს, თუ რა დოზით უნდა ჩაერთოს შეერთებული შტატები ამ კონფლიქტში. პალესტინას გამოკითხულთა მხოლოდ 4% უჭერს მხარს, 15% კი ამბობს, რომ აშშ ამ კონფლიქტში არ უნდა ჩაერთოს. ეს ციფრები მეტ-ნაკლებად შეესაბამება წინა გამოკითხვის შედეგებს.

კონფლიქტის დაწყების მიზეზები

7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე „ჰამასის“ მებრძოლების თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების განადგურების მიზნით სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ძალადობამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. კონფლიქტს ორივე მხრიდან უამრავი ადამიანი შეეწირა.
გამოკითხვის შედეგები ამ საკითხთან მიმართებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციას ეწინააღმდეგება. არაბული ქვეყნების ლიდერების, მათ შორის პალესტინელების, მოწოდებების მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელზე ზემოქმედება არ განუხორციელებია, რათა თელ-ავივს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიეღო. ამავდროულად, ისრაელისთვის იარაღის გაგზავნის იდეას გამოკითხულთა მხოლოდ 31% უჭერს მხარს, 43% კი ეწინააღმდეგება. იარაღის გაგზავნის იდეამ დიდი მხარდაჭერა პოვა რესპუბლიკელებში, დემოკრატების დაახლოებით ნახევარმა კი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.

უკრაინასთან შედარება

რაც შეეხება უკრაინას, გამოკითხვამ ცხადყო, რომ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნის იდეას რესპონდენტთა 41% უჭერს მხარს, 32% კი ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ დემოკრატებს უკრაინისთვის უფრო ემეტებათ იარაღი, ვიდრე ისრაელისთვის.

დებატები კონგრესში

„რეიტერის“ (Reuters) ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის ცვლილება კონგრესში მიმდინარე დებატებზეც აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ზომიერი შეხედულებების მქონე დემოკრატთა უმეტესობა, როგორც წესი, მხარს უჭერდა ისრაელისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, პარტიის ზოგიერთი ახალი წევრი პირობითი დახმარებისა და გაზრდილი ყურადღების აუცილებლობის შესახებ შეკითხვებს სვამს.

https://www.reuters.com/world/us-public-support-israel-drops-majority-backs-ceasefire-reutersipsos-2023-11-15/

https://www.zerohedge.com/geopolitical/support-israel-drops-68-americans-want-ceasefire-negotiations