ავტორები ლეილა ბასამი და აზიზ ელ იაკობი, 31 მარტი
ბეირუთი/ერ-რიადი, 23 მარტი (Reuters) – სამი კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, სირია და საუდის არაბეთი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ. დამასკოსა და ერ-რიადს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ათ წელზე მეტი ხნის წინ გაწყდა. ეს ნაბიჯი, რომელიც მკვეთრ ცვლილებად შეფასდა, დამასკოს არაბულ წიაღში დააბრუნებს.
ერ-რიადსა და დამასკოს შორის კონტაქტების აღდგენის შესახებ საუდის არაბეთსა და ირანს შორის ისტორიული მნიშვნელობის მქონე შეთანხმების დადების შემდეგ ალაპარაკდნენ. თეირანი პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირეა.
ერ-რიადსა და დამასკოს შორის კავშირების აღდგენა არაბული სახელმწიფოების მიერ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რათა ასადთან ურთიერთობები მოაწესრიგონ. 2011 წელს სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ სირიის პრეზიდენტთან ურთიერთობას მრავალი დასავლური და არაბული სახელმწიფო გაურბოდა.
დამასკოსთან დაკავშირებულმა მეორე რეგიონულმა წყარომ “Reuters-ს” განუცხადა, რომ ორი სახელმწიფო „ურაზა-ბაირამის შემდეგ საელჩოების ხელახალი გახსნისთვის ემზადება“. ურაზა-ბაირამი მუსულმანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც აპრილის მეორე ნახევარი იმართება.
ერთი რეგიონალური წყაროსა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოს ერთი დიპლომატის თქმით, ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთში სირიის დაზვერვის მაღალჩინოსნთან გამართული მოლაპარაკებების შედეგია.
საუდის არაბეთის მთავრობის საკომუნიკაციო სამსახურმა, სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სირიის მთავრობამ კომენტარის შესახებ კითხვებს არ უპასუხეს.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საკონსულო მომსახურების აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ინფორმატორებმა ვინაობის გამხელა არ ისურვეს.
აშკარად მოულოდნელმა გარღვევამ შეიძლება მიანიშნოს, რომ თეირანსა და ერ-რიადს შორის საერთო ენის გამონახვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს რეგიონში არსებულ სხვა კრიზისებზეც, სადაც მათ შორის არსებულმა მეტოქეობამ კონფლიქტებს, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომს, დაუდო სათავე.
ამერიკის შეერთებული შტატები და მისი რამდენიმე რეგიონალური მოკავშირე, მათ შორის სუნიტების მართული საუდის არაბეთი და კატარი, ზოგიერთ სირიელ მეამბოხეს უჭერდნენ მხარს. ასადმა შიიტური ირანისა და რუსეთის მნიშვნელოვანი დახმარებით ქვეყნის უმეტეს ნაწილზე ამბოხებულების დამარცხება შეძლო.
საუდის არაბეთის მოკავშირე შეერთებული შტატები ასადთან ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით რეგიონის ქვეყნების პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ამერიკელები ხაზს უსვამენ კონფლიქტის დროს ასადის მთავრობის გამოვლენილ სისასტიკეს.
როდესაც დაახლოების შესახებ კითხვა დაუსვეს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ აშშ-ის „პოზიცია ნორმალიზებასთან დაკავშირებით უცვლელია“ და ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს ასადთან ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით დახმარებას არ გაუწევს.
სირიას არაბული ლიგის წევრობა დროებით შეუჩერეს
ასადთან ურთიერთობის ნორმალიზებას არაბთა გაერთიანებული საამიროებიც ესწრაფვის, რომელიც შეერთებული შტატების ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. ცოტა ხნის წინ ასადი მეუღლესთან ერთად აბუ დაბის ეწვია. თუმცა საუდის არაბეთი ბევრად უფრო ფრთხილია.
სპარსეთის ყურის ქვეყნის ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, სირიის დაზვერვის მაღალჩინოსანი ერ-რიადში „რამდენიმე დღე დარჩა“ და საელჩოების „ძალიან მალე“ გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
ერთ-ერთი რეგიონული წყაროს ინფორმაციით, იგი სირიის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელი ჰასამ ლუქაა. ინფორმატორმა ისიც განაცხადა, რომ მოლაპარაკებები იორდანიასთან სირიის საზღვრის უსაფრთხოებასა და კაპტაგონის კონტრაბანდასაც ეხებოდა. ეს არის ამფეტამინი, რომელიც სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში სირიიდან შედის
2011 წელს, როდესაც ასადმა საპროტესტო აქციები სასტიკად ჩაახშო, სირიას არაბთა ლიგის წევრობა დროებით შეუჩერეს.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა, ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ასადთან ურთიერთობის აღდგენამ შეიძლება სირია არაბულ ლიგაში დააბრუნოს, თუმცა ამჟამად ამ საკითხის განხილვა ნაადრევია.
დიპლომატის თქმით, არაბული ქვეყნების სამიტზე, რომელიც, სავარაუდოდ, აპრილში საუდის არაბეთში გაიმართება, დამასკოსა და ერ-რიადს შორის მოლაპარაკებებმა შეიძლება სირიისთვის წევრობის აღდგენის საკითხზე კენჭისყრის ჩატარება უზრუნველყოს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელმაც 2018 წელს დამასკოში საელჩო ხელახლა გახსნა, აცხადებს, რომ სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად არაბულმა სახელმწიფოებმა უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგან.
მიუხედავად იმისა, რომ ასადმა იმ არაბულ სახელმწიფოებთან, რომლებიც ოდესღაც მასთან ურთიერთობას თავს არიდებდნენ, კონტაქტები განაახლა, ამერიკული სანქციები დღემდე მთავარ გამართულებელ ფაქტორად რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კომერციული კავშირების გაფართოებას ცდილობენ.
წყარო: https://is.gd/NKqvUF