კონსერვატიული პორტალი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პროფესორ პაატა ჩხეიძესთან. ბატონი პაატა არის ანგლო-ამერიკული ლიტერატურის სპეციალისტი, მთარგმნელი, კონსერვატიზმის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი უზენაესი საბჭოს წევრი.
რესპოდენტთან ვსაუბრობთ თემაზე – რა სჭირს ევროპას?
ძალიან რთული და მრავალმნიშვნელოვანი შეკითხვაა. ევროპას სჭირს ის, რომ ევროპა შორდება ევროპას! ევროპას სჭირს ის რომ ევროპის მთავარ სახელმწიფოებში არის კრიზისი, ეს კრიზისი დაკავშირებულია რა თქმა უნდა უკრაინის კონფლიქტთან და ევროპაში ეკონომიკურ/ენერგეტიკულ პრობლემებთან. ევროპას სჭირს ის რომ, ევროპის ქვეყნებში მოძლიერებულები არიან რადიკალური მემარცხენე/ლიბერალური ძალები, რომლებიც არაევროპულ ღირებულებებს აყენებენ წინა პლანზე. მათთვის მნიშვნელოვანია აი ეს ახალი Woke-ისტული(გამოღვიძების იდეოლოგია) და სხვა იდეები და მსოფლმხედველობა; აი ეს ჭირს ევროპას. ევროპას სჭირს ის რომ ევროპა შორდება ევროპას, მაგრამ თვითონ ევროპა კი არ შორდება არამედ ევროპის გარკვეული საზდოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები შორდებიან ევროპულ ღირებულებებს. მათ ევროპულ ღირებულებებად მიიჩნიეს ადამიანის უფლებები და ეს ადამიანის უფლებები გახადეს ერთგვარ ფეტიშად, ოქროს კერპად, მათ ევროპული კულტურისა და ათასწლოვანი სამართლის ბედი კი არ აღელვებთ, არამედ სხვა რამ: ადამიანის აბსტრაქტული უფლებები, ინკლუზიურობა, ეთნიკური და სქესობრივი უმცირესობანი, და ა.შ და ა.შ. მათთვის ევროპული კულტურა, უძველესი, ტრადიციული ევროპული კულტურა, არის მხოლოდ და მხოლოდ ისტორია, ოღონდ არა ცოცხალი ისტორია, არამედ სამუზეუმო, რომელსაც მოექცევიან ისე როგორც სურთ. გაბატონებულია სუბიექტივიზმი არ სცნობენ აბსოლუტურ ღირებულებებს, შორდებიან ქრისტიანულ კულტურას.
-ლიბერალური იდეოლოგია, როგორც გლობალიზაციის ინტრუმენტი თუ პირიქით – გლობალიზაცია, როგორც ლიბერალიზმის გაბატონების ინსტრუმენტი? როგორ დავინახოთ ეს? კიდევ რა დგას ამ ყველაფრის უკან? ერთმმართველობა, ძალაუფლება…?
ეს ყველაფერი უკავშირდება გლობალისტურ ტენდენციებს, თქვენ სწორად გამოიცანით ძალაუფლების საკითხთან მიდის და ასევე იმ ეპოქასთან რომელშიც შევდივართ და რომელსაც ქვია „პოსტჰუმანური“ ეპოქა. როგორც ევროპელი მოაზროვნეები ამბობენ, მე ვგულისხმობ ჭეშმარიტ ევროპელ მოაზროვნეებს, ვთქვათ როგორიც იყო როჯერ სკრუტონი, ჩვენ გამოვდივართ, გამოვედით პოსტმოდერნისტული ეპოქიდან და შევდივართ პოსტჰუმანურ ეპოქაში. აი ეს პოსტჰუმანური ეპოქა რა იქნება, ცოტა ძნელი გამოსაცნობია, საკმაოდ რთული საკითხია. დღეს, ძალაუფლების მპყრობელ ძალებს ევროპაში საამაყოდ მიაჩნიათ ის, რომ თავი დააღწიეს ტრანსცედენტული ძალების მორჩილებას, ანუ ღვთის მორჩილებას, ასე ვთქვათ, რელიგიურ წესრიგს და ადამიანი დარჩა ადამიანად, ადამიანი დარჩა თავის თავთან. ადამიანი დარჩა სუბიექტურ ურთიერთობაში, სუბუექტივიზმი მძლავრობს დღეს ევროპაში. თავის დროზე დიდი მწერალი და მოაზროვნე კლაივ სტეპლ რუისი, ცნობილი „ნარნიას ქრონიკების“ ავტორი, აფრთხილებდა მთელს საზოგადოებას, მთელ ევროპას, გვიახლოვდება სუბიქტივიზმის შხამი და სუბიექტივიზმი მოშხამავს ყველაფერსო და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია იმასთან, რომ გლობალისტურ ძალებს, ეს ყველაფერი სჭირდებათ ძალაუფლებისთვის; ყველაფერი ბოლოს ძალაუფლებას უკავშირდება.
-ჩვენნაირი პატარა ერებისთვის სადაა ადგილი ამ დროებაში? გადავრჩებით? ასეთ მსოფლიო წყობაში ჩვენი ადგილი არის? შევძლებთ კი, რომ გადავრჩეთ და ჩვენი იდენტობა შევინარჩუნოთ ამ ძალების შერკინებაში?
მე ვფიქრობ, რომ ევროპაში დღეს საკმაოდ მოძლიერდა მემარჯვენე ძალები. ტენდენცია იქით მიდის, რომ ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებსა და ჭეშმარიტ კულტურას აფასებენ. ქრისტიანული კულუტრა არის ევროპული კულტურის განმსაზღვრელი და ქრისტიანული ღირებულებები უნდა იყოს დომინანტური ევროპაში. ჩვენისთანა ერების გადარჩენის გზა არის ჩვენს რჯულში და ჩვენს სჯულში. ჩვენი რჯული არის ჩვენი რელიგია და ჩვენი სჯული არის ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი სამართალი. ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩვენს სამართალში ჩვენ, ასე ვთქვათ, როგორც მცველები ქრისტიანული კულტურისა, ქრისტეს კვართისა უნდა დავრჩეთ კონსტიტუციის ფარგლებში, რასიც იგულისხმება ტრადიციული რელიგია, კულტურა და სამართალი. ჩვენ უნდა შევეცადოთ და არ ვიცხოვროთ მიზანშეწონილობაში, რომ აი აი ახლა ასეა მიზაშეწონილი და ამიტომ ასე უნდა მოხდეს. არა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს უძველესი ევროპული გამონათქვამი „Fiat iustitia, et pereat mundus.”
ანუ „აღსრულდეს სამართალი თუნდაც დაიქცეს ქვეყანა“ ანუ ქვეყნას სამართლის აღსრულება გადაარჩენს. ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ გაძლიერდეს ქართული სამართალი, დაეფუძნოს ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს, ქრისტიანულ ღირებულებებს; აი, ამ ჩვენს უძლიერეს იარაღს უნდა მოვეჭიდოთ. სწორედ ამის საშუალებით ჩვენ შევძლებთ რომ გადავრჩეთ.
-სიტყვა Christmas ანუ შობის ამოღება, ღმერთის He ნაცვალსახელით მოხსენების გადახედვა, ლგბტ ქორწინების დაკანონება და ა.შ. რას ემსახურება და რითი ეხმარება ეს ზემოთ ხსენებულ მიზნებს?
სწორედ იმისთვის, რაც მოგახსენეთ: ადამიანი, ერი რომელსაც იდენტობა ეკარგება, ეკარგება ტრადიციული თვითმყოფადობა, იოლად სამარავი ხდება. ეს ყველაფერი არის ძალაუფლებისთვის, რა თქმა უნდა, გლობალური ტენდენციებისთვის, რაც უფრო ნაკლებად ხართ დამოკიდებული საკუთარ თვითმყოფადობაზე, რაც უფრო ნაკლებად თვითმყოფადი ხარ, მით უფრო ერთვები ამ საერთო ფერხულში. ფერხულში იმ ძალებისა, რომლებიც ამ იდეებს ქადაგებენ, ერთსქესიან ქორწინებას, რაღაც გაუგებარ იდეებს, კურიკულმებიდან ამოღებას, ვთქვათ შექსპირისა, ჩვენშიც გაისმა აქ რამოდენიმე ხნის წინათ ვეფხისტყაოსანშიც ძალადობააო აღწერილი და ა.შ და ა.შ. ძალიან ბევრი ანტიქრისტიანული და ანტიევროპული იდეები შემოდის და ამას საფუძვლად უდევს სწორედ ის, რომ ადამიანი უნდა იყოს ასე ვთქვათ თავისუფალი და უნდა ჰქონდეს უფლებები; თავისუფლება უკვე აღარ არის გაგებული ისე როგორც თავის დროზე ლიბერალებმა განაცხადეს, უფრო დიდ რადიკალიზმში გადავარდა. ლიბერალები ამბობდნენ, რომ ადამიანის თავისუფლება არის არჩევანის თავისუფლება, დღეს უკვე არჩევანის თავისუფლებაზე აღარ არის ლაპარაკი, შენ უნდა იყო ისეთი, როგორიც მე მინდა რომ იყო, და თუ არ იქნები – დაისჯები, გაირიყები. ასეთი იდეები მძლავრობენ დღეს ევროპულ პოლიტიკურ ძალებში და საზოგადოებრივ წრეებში, მაგრამ, საბედნიეროდ, ევროპაში არის სხვა ძალებიც ,არის კონსერვატიული საზოგადოება, არის მემარჯვენე ძალები, არიან მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ევროპაზე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ პოლონელი პროფესორი ლეგუტკო, რომელიც გამოვიდა ევროკავშირში სესიაზე და სიმართლის 10 თუ 20 წუთი წაუკითხა ევროპის პარლამენტარებს, რაც მათ ძალიან არ ესიამოვნათ. ასეთი პიროვნებანი არიან და არიან საკმაოდ ავტორიტეტულნი და ძლიერინი. ჩვენთან სულ სხვებს ახსენებენ და უწევენ პოპულარიზაციას, ჩვენი ინტერნეტ და მასმედიის საშუალებები. ამ დროს სწორედ ეს კაცი, აი ეს პოლონელი პარლამენტარი იმსახურებს ყურადღებას. მისნაირი ადამიანები არიან საჭირო ჩვენთვისაც და თავისივე ქვეყნისათვის და ასეთი ადამიანები ცოტანი არ არიან, მე მჯერა. არ ვარ ძალიან პესიმისტურად განწყობილი, მე ვიცი რომ ჩვენ ენთროპიულ მდგომარეობაში ვართ, რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო უარესდება ადამიანური ყოფა და ძალიან მძიმე კრიზისში ვართ, მაგრამ არ შეიძლება ხელების ჩამოშლა და დანებება. ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს სჯულზე.
-აშკარაა რომ გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ არსებული მსოფილიო წესრიგი თავდაყირა დადგა. ჩანს თუ არა ახალი წესრიგის კონტურები და როგორი შეიძლება იყოს ის?
მე არ ვარ წინასწარმეტყველი და მე არ შემიძლია ამის გამოცნობა. უკრაინის ომი არც პირველია და სამწუხაროდ არც უკანსკნელი. ეს ომი ძალიან რთული ფენომენია და ძალიან ბევრი ძალებია მასში ჩართული, მე არ მინდა ახლა ანალიზის გაკეთება, თუნდაც იმიტომ, რომ ვუთანაგრძნობ უკრაინელ ხალხს. საქმე სწორედ იმაშია, რომ ეს ბრძოლაც და ომიც სწორედ იმ კონტექსტშია განსახილველი, რაც ჩვენს სამყაროს საფრთხეს უქმნის, ჩვენს ევროპულ, ქრისტიანულ კულტურას უქმნის საფთხეს. აი, მაგალითად, გამოჩნდა ასეთი ავტორი იუვალ ნოა ჰარარი. მისი წიგნები ითაგრმნება ქართულად და საკმაოდ დიდი ტირაჟით იყიდება. ასეთ ავტორებს ეწევა პოპულარიზაცია ჩვენში და მსოფლიოშიც ძალიან პოპულარულია ეს ავტორი და სწორედ იმ იდეებს ქადაგებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის თვითმყოფადობას. იგი ამბობს, რომ ადამიანი უბრალოდ ბიოლოგიური არსებაა, ერთგვაროვანი და ერთფეროვანი. ასეთი წიგნები ითარგმნება და არავინ არ უკვეთავს მტარგმნელებს, მაგალითად, სულ რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი როჯერ სკრუტონის წიგნებს. როჯერ კრუტონი სწორედ ის ავტორი იყო, ის ფილოსოფოსი და მოაზროვნე მწერალი, რომლის ფიქრებიც დაკავშირებული იყო ევროპის გადარჩენასთან. ის თანაუგრძნობდა ევროპულ სახელმწიფოებს და ცხადია მის სამშობლოს – დიდ ბრიტანეთს, რომლის ერთ – ერთ მთავარ პრობლემად მიაჩნდა ის, რომ, ვთქვათ, ბრიტანეთში ასი სასამართლო პროცესიდან, რომელშიც მონაწილეობს ადგილობრივი ბრიტანელი ადამიანი და ახალი ჩამოსული ემიგრანტი, ან სქესობრივი უმცირესობის წარმომადგენელი, უმრავლეს შემთხვევაში (80 %-ში მაინც,) სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ემიგრანტის ან ლგბტ მხარის სასარგებლოდ. ჩვენ სწორედ ასეთი ხალხი გვჭირდება, ასეთი ავტორები, მათთან ურთიერთობა გვჭირდება, მათი ლექციები გვჭირდება აქ. სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენი უნივერსიტეტები გლობალისტურ ტენდენციებს უწყობენ ფეხს, რაც ჩემის აზრით სიკეთის მომტანი ნამდვილად არ არის. ჩვენ არ უნდა ჩავეფლოთ და ჩავერთოთ ამ კუდიანების შაბაშში, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში არის მოძლიერებული, საბედნიეროდ ისე მოძლიერებული არ არის, რომ ვთქვათ, დავიღუპეთ და კატასტროფაა და გამოსავალი არ არისო.
– საქართველოს, როგორც პატარა სუვერენული ქვეყნისათვის რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობის შენარჩუნება, რას გვაძლევს მშვიდობა და გვეხმარება თუ არა გავზარდოთ ჩვენი როლი?
მუხედავად იმისა, რომ შეეიძლება ბევრი სამართლიანი შენიშვნა მქონდეს ხელისუფლებასთან, ბევრი რამ არ მომწონდეს, უნდა ითქვას, რომ საქართველომ და ქართულმა ხელისუფლებამ ბოლო წლის და ბოლო წლების განმავლობაში მოახერხა შეენარჩუნებინა სწორი პოზიცია და მეტ-ნაკლებად მიყოლოდა თავის კანონს და კონსტიტუციას და არ ეხელმძღვანელა, არ ემოქმედა მსოფლიო მიზანშეწონილობით. ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფერხულში არ ჩავებმებით, რადგან გვაქვს ჩვენი ინტერესები. საქართველოს ჰყავს ბევრი პარტნიორი და მეგობარი, მაგრამ ჩვენი საკუთარი ინტერესები დგას ყველაზე მაღლა.
-საქართველო უპირველეს ყოვლისა?!
საქართველო უპირველეს ყოვლისა! რა საკვირველია! ეს დიდი პოეტის ნათქვამია და პოეტმა სწორედ განსაზღვრა მაშინ: საქართველო არის უპირველესი – ქართული კულტურა, ქართული ტრადიცია, ქართული ეკონომიკა, ქართული სჯული, სწორედ რომ სჯული, რომლის მცველებიც უნდა ვიყოთ პირველ რიგში.
საბედნიეროდ, რაღაც მონახაზი ამ მხრივ გამოკვეთილია, თუმცა საკმარისი არ არის. ძალიან ბევრია სამუშაო და მტკიცედ დგომაა ამ მხრივ საჭირო.
იცით რა, ცხელ თავებს, ჩვენში, რაღაც ძალიან ეხალისებათ საუბარი ქართულ შემართებაზე, ქართულ გამარჯვებებზე რაღაც სიებს ადგენენ, მგზნებარე სიტყვები მესმის ხოლმე მასმედიიდან და სოცქსელებიდან, ვკითხულობ და მიკვირს გონიერი ხალხის დაკვირვებლობა. ეს აღარ არის ის ვითარება, როდესაც შენ შეგიძლია ერთ ბრძოლაში გაიმარჯვო. ქართველს შეუძლია იბრძოლოს და მოკვდეს ამის უნარი და ნამდვილად გვაქვს, შეგვიძლია თავგანწირვა, მაგრამ საქართველოს არ აქვს რესურსი, რომ აწარმოოს ხანგრძლივი ომი. საქართველოს არ გააჩნია და არა მარტო ახლა არ გააჩნია, საუკუნეთა მანძილზე ჩვენი პრობლემა სწორედ ის იყო რომ საქართველოს არ ქონდა რესურსი, არ ქონდა საამისო შესაძლებლობა. დღეს, ერეკლე II -ს რომ აკრიტიკებენ, ალბათ არ იციან, რომ არსებობს წერილები, რომლითაც იგი მიმართავს რომის პაპს, მიმართავს გერმანიის იმპერატორს, დახმარებას სთხოვს, ფულს სთხოვს, რომ ორი ევროპული ყაიდის პოლკი მოამზადოს ოსმალებთან საბრძოლველად. „გეორგიევსკის ტრაქტატამდე“ ხდება ეს, მაგრამ არ დაეხმარნენ, მარტოდ-მარტო დარჩა გავეშებული ოსმალების და რუსული ვეშაპის წინაშე. ჩვენ, უნდა გვახსოვდეს ერთი რამ – ჩვენ შეგვიძლია ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არ შეგვიძლია დიდხანს ვიომოთ. ეს არის სამწუხარო რეალობა. თქვენ ალბათ იცით, რომ თანამედროვე ზებგერითმა თვითმფრინავმა რომ გადაიფრინოს საქართველოს თავზე, ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე, სულ რაღაც 10 წუთამდე დასჭრდება, შეიძლება უფრო ნაკლებიც. ხოლო, თბილისის თავზე რომ გადაიფრინოს დაბალ სიმაღლეზე, არც ერთი მთელი შუშა არ დარჩება თბილისში, აღარ ვამბობ, რას მოიტანს დაბომბვა. ჩვენ 2008 წელს ვნახეთ თუ რა შეუძლიათ მათ. აი ჩვენ ამ თვითმფრინავების გასამკლავებლად არაფერი არ გაგვაჩნია. არც იმ რაკეტებისა, რომლითაც აღმოსავლეთ უკრაინა და მეტიც გაანადგურეს რუსებმა და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ აუცილებლად. ქართველი ხალხის შეგონებაა: სადაც არა სჯობს, გასცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგანო.
თორემ, შეგვიძლია გავიდეთ და ვიბრძოლთ, რა მოხდა, ჰა! გავალთ ერთხელ, ვიბრძოლებთ და დავიხოცებით – მერე ქვეყანას ვის ვუტოვებთ, იმას, ვისაც დიდი ხანია უნდა საქართველო, ოღონდ, უქართველებოდ … ?!