კონსერვატიული პორტალი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გთავაზობთ ინტერვიუს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან.
8 ნოემბერს, ამერიკაში გამართული შუალედური არჩევნები, მისი შედეგების განხილვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტში.
– როგორც ვხედავთ, ვერ შედგა რესპუბლიკელების მიერ დაანონსებული ე.წ. “Red Wawe”, წინასაარჩევნო პერიოდში ისინი უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას პროგნოზირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებმა მოახერხეს უმრავლესობის მოპოვება კონგრესში, მოსალოდნელია, რომ სენატში ფაქტობრივად სტატუს კვო შენარჩუნდება. ამ დროის მონაცემებზე დაყრდნობით, რისი თქმა შეგიძლიათ, რამ გამოიწვია მოლოდინების შეუსაბამობა შედეგებთან?
– წინასაარჩევნო კვლევები აჩვენებდა რესპუბლიკელების საკმაო უპირატესობას, როგორც კონგრესში ასევე სენატში, თუმცა რა თქმა უნდა სოციოლოგიურ კვლევებში ყოველთვის რაღაც ცდომილებები უნდა გავითვალისწინოთ და ასევე გარკვეული სხვა ფაქტორებიც, რაც დაგვამახსოვრა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა. მაგ:ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების ფაქტორი და ა.შ. როდესაც მესამეჯერ და ყველაზე უფრო მკაფიოდ დადგა საარჩევნო სისტემის საზოგადო ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ ფონზე, როდესაც ეს გამოცდილება გვაქვს, მე მაინც ამ შუალედურ არჩევნებს აღვიქვამ როგორც სერიოზული წარმატება, იმიტომ რომ აღმოჩნდა ტრამპის გამარჯვება 2016 წელს არ ყოფილა შემთხვევითი ან ერთჯერადი და აი, ამ მძიმე ფონზე, როდესაც ხელისუფლებას აქვს სერიოზული ბერკეტები, ასეთი რეზულტატი შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს აჩვენებს ერთის მხრივ, ამერიკული საზოგადოების პოლარიზაციას და ამავე დროს გვიჩვენებს რესპუბლიკური(კონსერვატიული) ტრენდის ძალას რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
– არსებული პირველადი მონაცემები, იძლევა თუ არა მოლოდინის საფუძველს, რომ იქნება ცვლილებები პოლიტიკის განხორციელებაში, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში? თუ მოცემული ძალთა ბალანსი არ ქმნის ამისათვის ხელსაყრელ პირობებს? მაგალითად: რესპუბლიკელების ერთ ერთი მთავარი დაპირება იყო რომ ისინი გადახედავდნენ უკრაინის დაფინანსების საკითხს. რესპუბლიკელების დევიზი იყო „USA FIRST“ – საკუთარი ქვეყანა პირველ რიგში და შემდეგ ყველა სხვა. სწორედ ეს განასხვავებდა მათ დემოკრატებისგან. როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით თუ იქნება რაიმე ძირეული ცვლილებები?
– ამ მომენტისთვის, ჩვენ არ ვიცით საბოლოოდ რა რეზულტატი იქნება სენატში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკის განხორციელებისათვის, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკისათვის. შეიძლება ძირეული ცვლილებები, რომელიც სწრაფად აისახება არ მოგვცეს, მაგრამ თავისთავად ის რომ არის რესპუბლიკელების უპირატესობა კონგრესში და ჯერ კიდევ გადასაწყვეტია სენატის ბედი, სადაც ასევე შესაძლოა მივიღოთ მცირე, მაგრამ რესპუბლიკელების უპირატესობა, ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში, მოსალოდნელია ვიხილოთ, დემოკრატიული ტრენდის სერიოზული კორექცია, რომელმაც რა თქმა უნდა შეცვალა ტრამპის პოლიტიკა, როგორც შიგნით ასევე გარეთ. ის 2 წლიანი მწვანე შუქი, რაც ჰქონდათ დემოკრატიულ ისტებლიშმენტს და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა ასე აღარ იქნება. მკაფიო რეზულტატები არ გვექნება, გამომდინარე იქიდან, რომ არ ჩანს გამოკვეთილი უპირატესობა სენატში. მაგრამ საბოლოო ჯამში, შედეგები უნდა დავინახოთ 2024 წლის არჩევნების კონტექსტში, რადგან ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პრელუდია, ანუ დიდ დროში ვნახავთ ამ არჩევნების რეალურ შედეგს. ამ ეტაპზე, შეიძლება უეცარი გარდატეხა ვერ მოხდეს პოლიტიკისა, ვერც შიგნით და ვერც გარეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს, საგრძნობლად აისახება ამერიკის მთლიან სისტემურ პოლიტიკაზე და თვითონ ქვეყნის საზოგადო მდგომარეობაზე და გარკვეულ მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს 2024 წლის არჩევნებში. რომ შევაჯამო, მე ამ შედეგის შეფასებისას ვითვალისწინებ დემოკრატების ორწლიან მმართველობას, მედია, ფინანსურ და სხვა რესურსებს და ამ ყველაფრიდან გამომდინარე განვიხილავ, როგორც დიდი წარმატება.
– წინასაარჩევნო კამპანია წარიმართა მძიმე ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ამერიკაში მაღალი ინფლაციაა, საწვავზე და სხვა ენერგო რესურსებზე ფასები იზრდება, აღნიშნულ კრიზისს, რესპუბლიკელები ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ. ამავე დროს, ეკონომიკური საკითხების მიღმა, იყო უფრო ღრმა, იდეოლოგიური თემები – ტრამპი , დესანტისი, რესპუბლიკელების სხვა კანდიდატები როგორც კონგრესსა და სენატში, ასევე გუბერნატორები, საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიაში ხშირად გამოდიოდნენ აბორტის საწინააღმდეგო ლოზუნგებით, უპირისპირდებოდნენ ბავშვებში სქესის შეცვლის უფლების დაკანონებას… საბოლოო ჯამში ეს იყო ეს ღირებულებითი არჩევნები და იყო მოლოდინი(შეიძლება სურვილი დავარქვათ), რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებდა ის ძალა, რომელიც ოჯახის, ტრადიციული ინსტიტუტების მომხრეა, მაგრამ ასეთ მკაფიო უპირატესობას არჩევნების პირველადი მონაცემებით ვერ ვხედავთ. რას უკავშირებთ თქვენ ამ შედეგს?
– მოდი ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა მეორე ამერიკა, რომელსაც ე.წ. “Deep State”-ისგან განსხვავებით ჩვენ მას ვუწოდებთ – “Deep Country” ანუ ღრმა ქვეყანა (შიდა ამერიკა) უფრო მეტია და უფრო დიდია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები როგორებიცაა: ელიტები, კრეატიული კლასი, მედია და ბევრი სხვა გარემოება, რომელიც საშუალებას არ აძლევს ამ, მრავალრიცხოვან ამერიკას წარმოჩინდეს ისე, როგორც საჭიროა. ასევე, 30 წლიანი გადახრა, ტრადიციული ხაზიდან, რომელიც საბოლოო ანგარიშით როლანდ რეიგანის შემდეგ იწყება, ტრენდი, რომელსაც შეიძლება მემარცხენე ლიბერალური ან მემარცხენე პროგრესისტული ვუწოდოთ. რეიგანის მრჩეველი პატრიკ ბიუკენენი აღწერს, ეს იყო გადახვევა ტრადიციული ამერიკული კურსიდან, როდესაც გლობალიზმის ტენდენციამ გაიმარჯვა. რომელსაც ასევე, ახასიათებდა დემოკრატიის თავსმოხვევა და გატანა გარეთ ექსპორტზე და რაც მთავარია, მორალურ საკითხებზე არატრადიციული მიდგომა. ამიტომ, ამ 30 წლიანი გადახრის ფონზე, ის, რომ რესპუბლიკელებმა მოახერხეს და მორალური საკითხები დააბრუნეს დღის წესრიგში, ეს უკვე დიდი რეზულტატია. გამოჩნდა ძალა, რომელიც უპირისპირდება მსოფლიო ტრენდს და ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. მე ესე ვიტყოდი, რომ თავის დროზე დონალდ ტრამპმა, პანდორას ყუთი გახსნა. ის საკითხები, რომლებიც ტაბუირებული იყო და თითქოს ეს იყო სამუდამოდ და გვეჩვენებოდა, რომ ნეოლიბერალური, პოსტ-მოდერნული ტენდენციები იყო პროგრესი და უალტერნატივო მომავალი, აღმოჩნდა, რომ ესე არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გაისმა მეორე დისკურსი, ტრამპმა გამოაღვიძა ის, რასაც მე ვუწოდებდი – ტრადიციულ საღ აზრს. ეს უკვე არის გლობალისტური, სისტემური დისკურსის და პოლიტიკის სერიოზული შეფერხების საფუძველი. მოდი, ვთქვათ მარცხიც, იმიტომ რომ დაახლოებით 20 წლის წინ ამას ვერც წარმოვიდგენდით, რომ აი ეს ტრადიციული ხმა, ტრადიციული ღირებულებები ასე გახმოვანდებოდა.
– როგორც თქვენ უწოდებთ – ეს შეფერხება გადაედება სხვა ქვეყნებსაც? ამერიკა, გვინდა არ გვინდა, მოგვწონს, არ მოგვწონს დიდწილად განსაზღვრავს მსოფლიო ტრენდებს, ესე ვთქვათ იქიდან უბერავს ხოლმე, როგორც კარგი ისე ცუდი სიო. ევროპის და ასევე საქართველოს კონტექსტში როგორ ხედავთ, ამ ტრადიციული საღი აზრის გავრცელებას? ევროპიდანაც გვესმის ხმა, მაგ:იტალია, უნგრეთი, საფრანგეთი(ლე პენი) და ა.შ. როგორ ფიქრობთ, იქცევა ეს ახალ ტრენდად?
– თქვენ სიტყვებში ძალიან კარგად გამოჩნდა ზუსტად ის ახალი ტენდენცია რომელიც რა თქმა უნდა, უკავშირდება აშშ-ში მომხდარ შემობრუნებას, რაზეც ზემოთ მივუთითებდი. წარმოიდგენდა ვინმე, 20 წლის წინ, რომ იტალიაში გაიმარჯვებდნენ კონსერვატორები, ესე გაცხადებულად, გააზრებულად, ასეთი სიმტკიცით დააყენებდნენ ტრადიციული ღირებულებების საკითხს? და თანაც, იტალია არ არის აღმოსავლეთ ევროპა, ის არის ევროპის ერთ-ერთი საყრდენი და ის, რომ პირველად ასეთი ტრიბუნიდან ისმის ხმამაღალი განცხადებები ოჯახზე, ქრისტიანობაზე, ღირებულებებზე ეს არის ძალიან სერიოზული ნიშანი. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გატყდა… შეიძლება ეს რამდენიმე წელიწადში ხელშესახებად არ გამოიკვეთოს, მაგრამ ყველა ხედავს რომ ის რაც გვეგონა რომ წარსულია და ვაკვირდებოდით ე.წ “პროგრესის” შეუჩერებელი ტემპით სვლას და რომ თითქოს მისი შეცვლა შეუძლებელი იყო, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, აქ უნგრეთის, იტალიის მაგალითები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამერიკა, როგორც ლიდერი, მისი ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ასე მგონია, რომ ამერიკის მაგალითმა ბიძგი მისცა ევროპის ქვეყნებსაც, სხვა ქვეყნებსაც და ეს არის იმედისმომცემი.