ავტორი სორაბ ამარი, 24 აპრილი, 2023 წ.
ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების მთავრობამ სანქციები დაუწესა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს (IIB), რუსულ მრავალმხრივი განვითარების ორგანიზაციას, რომელიც ბუდაპეშტში მდებარეობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაშინგტონმა მიზანში ამოიღო ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ორგანიზაცია. როგორც ჩანს, ეს ახალი კრიტიკული ნიშნულია აშშ-სა და უნგრეთის ურთიერთობებში. IIB-ის სავაჭრო ოპერაციები „შეუძლებელი გახდა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, და თავისი მთავრობა აიძულა, რომ 25-პროცენტიან წილზე უარი ეთქვა.
IIB-ის განიარაღება და გეგმები, რომლებიც ორბანის წრისთვის უფრო ფართო სანქციების დაწესებას უკავშირდება, იმაზე მიუთითებენ, რომ ვაშინგტონის ხელში უზარმაზარი ფინანსური ძალაუფლებაა თავმოყრილი. ეს არის ძალაუფლება, რომელსაც ფედერალური მთავრობის ჩინოვნიკები ფლობენ. ეს ახირებული ადამიანები ახალ აღმოსავლურ ბლოკთან იდეოლოგიურ კონფლიქტზე უარის თქმისთვისაც კი სჯიან მოკავშირეებს. ახალი აღმოსავლური ბლოკი ეს არის სახელმწიფოების ამომავალი თანავარსკვლავედი ჩინეთიდან სამხრეთ აფრიკამდე და ბრაზილიიდან რუსეთამდე, რომლებიც უარს ამბობენ ამერიკულ უნიპოლარულ ჰეგემონიაზე.
საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი შედარებით უმნიშვნელო ინსტიტუტი იყო, ძველი აღმოსავლური ბლოკის გადმონაშთი, რომელსაც ცივი ომის წლებში განვითარებისა და ვაჭრობის ხელშეწყობისთვის იყენებდნენ. ეჭვგარეშეა, რომ IIB-ს გარკვეული კავშირები ჰქონდა რუსეთის უშიშროებასთან, ისევე როგორც ამერიკული ტექნოლოგიური თუ კორპორატიული გიგანტები ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურთან. „აპარატჩიკებს“ სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ სამუშაოთი უზრუნველყოფენ, სადაც ძველ მიზნებს ახორციელებენ.
უფრო საგანგაშოა ორივე პარტიის გეგმები, რომლებიც ორბანსა და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული რამდენიმე ცნობილი პირისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ პირველად რადიო თავისუფლებამ განაცხადა. „კანონი გასული წლიდან მზადდება და მოსალოდნელია, რომ კონგრესს მომავალ თვეს წარუდგნენ, სადაც, სავარაუდოდ, ფართო მხარდაჭერას მოიპოვებს“, ამტკიცებს „გარდიანი“. ჯერ კიდევ უცნობია, რა კონკრეტულ დანაშაულებს გულისხმობენ. დიდი ალბათობით ისინი ისეთ საკითხებს ჩამოთვლიან, როგორიცაა – კორუფცია, „კანონის უზენაესობა“ და ლგბტ უფლებები – თუმცა ყველამ კარგად უწყის, რომ ნამდვილი მიზეზი ანტირუსულ ესკალაციასთან დაკავშირებით ბუდაპეშტის თავშეკავებული პოზიციაა.
როგორც სოციალისტი მწერალი თომას ფაზი წერს „დანაშაულები, რომელთა გამოც უნგრეთს ადანაშაულებენ უნიკალური არ არის“ უნგრეთისთვის. „პოლიტიზებული სასამართლოები“? თუ სადმე არაპოლიტიკური სასამართლოები არსებობს, ისინი აკადემიურ სახელმძღვანელოებში უნდა შეიტანონ.
კორუფცია? არასამთავრობო ორგანიზაცია ‘საერთაშორისო გამჭვირვალობის’ თანახმად, უნგრელები თავიანთ მთავრობას კორუფციაში დიდად არ ადანაშაულებენ, რასაც ვერ ვიტყვით რუმინეთზე, სლოვაკეთზე, ბულგარეთზე, მათ შორის ესპანეთზე, პორტუგალიასა თუ იტალიაზე.
პრესის თავისუფლება? დიახ, ორბანმა მოკავშირე ოლიგარქების დახმარებით არაერთ მედიაორგანიზაციაზე კონტროლი გააძლიერა. მაგრამ ისევე, როგორც შეერთებულ შტატებში, მეინსტრიმმედიის დიდ ნაწილს რამდენიმე ოლიგარქი – უკაცრავად ‘მეწარმე’ – აკონტროლებს. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ ოლიგარქების მფლობელობაში არსებული ჩვენი მედიასაშუალებები დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ბასტიონებია, გაგახსენებთ ერაყის ომს, პირბადეებს, ‘ლოქდაუნებსა’ და ჰანტერ ბაიდენის ბინძური სურათებით სავსე ლეპტოპს.
ლგბტ უფლებები? დიახ, „ფიდესმა“ (Fidesz) მიიღო კანონები, რომლებიც უნგრეთის სკოლებში გენდერული იდეოლოგიის სწავლებას ზღუდავს, რაც ქვეყნის კონსერვატიულ, კულტურულ დამოკიდებულებებს ასახავს. ამის მიუხედავად, უნგრეთი საუდის არაბეთი არ არის. ორბანის ზნეობრივი პოლიცია გეებზე არ ნადირობს. და მაინც, შეერთებული შტატები სანქციებით ემუქრება ‘ფიდესს’ და არა საუდის არაბეთის მმართველ დინასტიას.
უნგრეთის ნამდვილი დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ სჯერა, რომ ქვეყნებს დამოუკიდებელი მოქმედების უფლება აქვთ; შესაძლოა, ევროპისთვის არც ისე კარგი იდეაა რუსეთთან პოტენციური ბირთვული დაპირისპირების გამწვავება; და უკრაინის მსგავსი კონფლიქტი უკეთესია განიხილონ რეალისტური, გეოპოლიტიკური კუთხით და არა ჰიპერიდეოლოგიური კუთხით.
„ვეთანხმებით და გვესმის, რომ განსხვავებულ პოზიციებს წარმოვადგენთ“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. „მაგრამ არ გვესმის, რატომ უნდა განახორციელო სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლა მათ შესაცვლელად“. მართლაც, რატომ.
წყარო: https://www.theamericanconservative.com/the-imperium-targets-hungary/