3 ივლისი, 2023 წ.
ანგელა მერკელმა თანამდებობა 2021 წლის 8 დეკემბერს დატოვა…
ანგელა მერკელს, რომელმაც კანცლერის თანამდებობა 2021 წლის 8 დეკემბერს დატოვა, მოგზაურობისას ყოველთვის ახლავს შტატგარეშე პარიკმახერი, რომლის ხარჯებსაც გადასახადის გადამხდელები ანაზღაურებენ. ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის გადასახადის გადამხდელთა ასოციაცია, ამ ხარჯებს აკრიტიკებს.
აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც გერმანულმა გაზეთმა Tagesspiegel-მა მოიპოვა, „ინფორმაციის თავისუფლების აქტი“ (IFG) ფარგლებში გავრცელდა.
ეს ქალბატონი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, ყოველთვის ახლავს 68 წლის მერკელს სხვადასხვა მოგზაურობის დროს, − ვკითხულობთ მის ვებგვერდზე. ამ პარიკმახერის კლიენტებს შორის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერსაც (SPD) შეხვდებით. დღემდე უცნობია, შრიოდერი თავისი ჯიბიდან იხდის მომსახურების საფასურს თუ გადასახადის გადამხდელები ანაზღაურებენ მის ხარჯებს.
Welt-ის სტატიის თანახმად, გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტი რაინერ ჰოლცნაგელი მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეებისთვის ასეთი სერვისები ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს, განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებიც კანცლერის თანამდებობას აღარ იკავებენ.
„რთულია აუხსნა გადასახადის გადამხდელებს, რომ პოლიტიკოსების ვიზაჟისტებისა და პარიკმახერების ხარჯებიც მათ უნდა გასწიონ“, − აღნიშნა ჰოლცნაგელმა. მისი თქმით, ასეთი სერვისები უნდა შემცირდეს ან „მინიმუმამდე უნდა დავიდეს და ეჭვის შემთხვევაში თავად გადაიხადონ მომსახურების საფასური“.
მერკელი ყოველთვე სოლიდურ პენსიას − 15 000 ევროს იღებს.
მიმდინარე წლის დასაწყისში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად რამდენიმე გერმანელი მაღალჩინოსანი, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი პირადი ფოტოგრაფებისა და ვიზაჟისტების მომსახურებაზე უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ.
ეს ხდება მაშინ, როცა გერმანელებს ინფლაციის გამო ქირის, კომუნალური გადასახადების გადახდა თუ საკვები პროდუქტების ყიდვა მძიმე ტვირთად აწვებათ.